Facebook Twitter

ბს-661(კ-23) 18 მარტი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2023წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-მა 28.09.2020წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის აჭარის ა.რ. პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით 15060,3 ლარის და არაქონებრივი (მორალური) ზიანის სახით 2000 ლარის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2022წ. გადაწყვეტილებით, ი. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს პროკურატურას, აჭარის ა.რ. პროკურატურას მოსარჩელე ი. გ-ის სასარგებლოდ ქონებრივი (მატერიალური) ზიანის სახით გადასახდელად დაეკისრა 6068.40 (ექვსი ათას სამოცდარვა ლარი და 40 თეთრი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს პროკურატურას, აჭარის ა/რ პროკურატურას მოსარჩელე ი. გ-ის სასარგებლოდ არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 1000 (ათასი) ლარი, სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. გ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2023წ. გადაწყვეტილებით, ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.2022წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს პროკურატურას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას მოსარჩელე ი. გ-ის სასარგებლოდ ქონებრივი (მატერიალური) ზიანის სახით გადასახდელად დაეკისრა ჯამურად 10,651,6 (ათი ათას ექვსასორმოცდათერთმეტი ლარი და 60 თეთრი) ლარის (სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული ხარჯის - 5500 ლარის, ავტოსადგომის მომსახურების ხარჯის - 980 ლარის, ავტომობილის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებელი ხარჯის (4032 ლარი) ნაწილის - 420 ლარის, გზავნილის ხარჯის - 37,7 ლარის, აუდიტისა და ექსპერტიზების საფასურის - 3713, 9 ლარის) ანაზღაურება, ადმინისტრაციულ საქმეზე წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯიდან - 2500 ლარიდან 602 ლარის ანაზღაურება და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა, ი. გ-ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2023წ. განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.05.2023წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და გადაწყვეტილების 3.1. და 3.2 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: საქართველოს პროკურატურას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას მოსარჩელე ი. გ-ის სასარგებლოდ ქონებრივი (მატერიალური) ზიანის სახით გადასახდელად დაეკისრა ჯამურად 10 651.6 (ათი ათას ექვსასორმოცდათერთმეტი ლარი და 60 თეთრი) ლარის (სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული ხარჯის - 4500 ლარის, ავტოსადგომის მომსახურების ხარჯის - 980 ლარის, ავტომობილის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებელი ხარჯის (4032 ლარი) ნაწილის - 420 ლარის, გზავნილის ხარჯის - 37,7 ლარის, აუდიტისა და ექსპერტიზების საფასურის - 4713.9 ლარის) ანაზღაურება, საქართველოს პროკურატურას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას მოსარჩელე ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადმინისტრაციულ საქმეზე წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯიდან - 2500 ლარიდან 506.064 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რეაბილიტირებული პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11.01.2018წ. განაჩენით ი. გ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. გამამართლებელი განაჩენი თავისთავად წარმოადგენს გადაწყვეტილებას პირის რეაბილიტაციის თაობაზე, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, ანუ იწვევს მის რეაბილიტაციას. სკ-ის 1005.3 მუხლის საფუძველზე, რეაბილიტირებული პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ექსპერტ ინდმეწარმე ჰ. ნ-ის 20.01.2017წ. დასკვნით დადგენილია, რომ ავტომანქანა „მერსედესზე“ დაზიანებები განვითარებულია პირუტყვზე (ცხენი) შეჯახების შედეგად, ხოლო აღნიშნული თავის მხრივ განპირობებულია მეხრეს, პირუტყვის გამრეკის მხრიდან „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა დარღვევით, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობას, შესაბამისად ამ დაზიანებათა აღდგენა-გამოსწორების მიზნით მოსარჩელისთვის შესაბამისი საფასურის გადახდის ვალდებულებას. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.01.2017წ. დასკვნაც გამორიცხავს მასში მითითებული „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანის აღწერილ დაზიანებებთან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს რაიმე სახის მიზეზობრივ კავშირს. საექსპერტო დასკვნათა ურთიერთშეჯერებისა და ავტოსადგომზე ი. გ-ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ღია ცის ქვეშ, უმოძრაო მდგომარეობაში განთავსების დროის გათვალისწინებით, ავტომანქანის აღდგენაზე გასაწევი ხარჯიდან (4032.00 ლარი) მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მხოლოდ 4 ცალი საბურავის (200 ლარი), უკანა 2 ცალი მაშუქის (120 ლარი) და ძრავის ამძრავი მოწყობილობის, ე.წ. „სტარტერის“ (100 ლარი) ღირებულების, ჯამში სულ 420 (ოთახასოცი) ლარის ანაზღაურება, ხოლო ავტომანქანის სხვა სახის დაზიანებათა აღდგენისთვის გათვალიწინებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ დაეკისრება, რადგან ამ დაზიანებების წარმოშობა მიზეზობრივ კავშირში არ არის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასთან და განპირობებულია სხვა პირის არამართლზომიერი ქმედებით. ი. გ-ის მატერიალური ზიანის მოცულობას უნდა დაემატოს ასევე ავტოსადგომის მომსახურების ხარჯი - 980 ლარი, საფოსტო გზავნილებში ი. გ-ის მიერ ჯამში გადახდილია - 37.7 ლარი, ხოლო რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ი. გ-ის შვილის - დ. გ-ის სახელზე გაფორმებულ ... სარგებლობის სამგზავრო დოკუმენტებს, ეს დოკუმენტები არ იქნა მიჩნეული ი. გ-ის საქმესთან კავშირში მყოფ მატერიალური ზიანის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საერთო ჯამში სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების სახით (4500 ლარი), ასევე აუდიტისა და ექსპერტიზების ჩატარების მიზნით (4713,9 ლარი) ი. გ-ის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ისთვის მიყენებულმა ქონებრივმა (მატერიალურმა) ზიანმა შეადგინა 10651,6 ლარი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე პატიმრობაში არ იმყოფებოდა, თუმცა ამის მიუხედავად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ვადა აღემატება სამ წელს, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს ნეგატიურ და მძიმე განცდებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე. მოსარჩელის უკანონო ბრალდება წარმოადგენს მორალურ ზიანს, ამასთან, დადგენილია მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მორალური ზიანის სახით 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობა, აბსოლუტურად გონივრულია, წარმოადგენს მოსარჩელის სამართლიან მოთხოვნას და ექვემდებარება დაკმაყოფილებას. პირს, რომლის სასარგებლოდაც გადაწყდა დავა, უნდა აუნაზღაურდეს სასამართლო წარმოების ფარგლებში წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობა არაუმეტს დავის საგნის ღირებულების 4 %-ისა, რაც განსახილველ შემთხვევაში უნდა გამოანგარიშდეს არა სარჩელით წარდგენილი მოთხოვნის, არამედ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მოცულობიდან. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული თანხა შეადგენს 506,064 ლარს, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ოდენობის გაზრდისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ი. გ-ი ბრალდებული იყო გაუფრთხილებლობით დანაშაულში, არ ყოფილა დაკავებული, შეფარდებული ჰქონდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება და ამ მხრივ მისი უფლებების შეზღუდვა განხორციელდა მინიმალური ფორმით. საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.2022წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. კასატორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საერთო სასამართლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ანალოგიურ საქმეებზე დადგენილი პრაქტიკა. ი. გ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 2000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს.

კასატორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მატერილური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა მხოლოდ იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში იქნა გაღებული მოსარჩელის მიერ უდანაშაულობის დასამტკიცებლად, კერძოდ, ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯები და სისხლის სამართლის საქმის განხილვის პერიოდში მოსარჩელის ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ხარჯები, რამაც საერთო ჯამში 6068,4 ლარი შეადგინა. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დააკისრა დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულება 420 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავდა დაზიანებული ავტომობილის საბურავების, უკანა მაშუქებისა და ძრავის ამძრავის შეკეთების ღირებულებას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მანქანის დაზიანება ძირითადად გამოწვეული იყო ავტოსატრანსპორტო შემთხვევით, რაშიც პროკურატურას ბრალი არ მიუძღვის, ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მანქანის ავტოსადგომზე გაჩერებისას მას უკვე არ ჰქონდა დაზიანებული მითითებული ნაწილები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თუნდაც ხსენებული დაზიანებების ავტოსადგომზე დგომის პერიოდში მიღების დადასტურების შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნები შეიძლება მიემართებოდეს საჯარიმო ავტოსადგომის კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც უშუალოდ სახელშეკრულებო ურთიერთობა გააჩნდა ხსენებულ საჯარიმო ავტოსადგომთან, შესაბამისად, დაზიანების აღდგენის ხარჯების პროკურატურისთვის დაკისრება დაუსაბუთებელია.

კასატორმა აღნიშნა, რომ შიდა ეროვნული და ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადგენს გონივრულობისა და ადეკვატურობის კრიტერიუმებს. მხედველობაში მიიღება ადვოკატის მიერ გაწეული საქმიანობა, სხდომათა რაოდენობა, საქმის განხილვის ფორმა და ა.შ.. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ი. გ-ი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართლდა და დაცვის მხარემ ძირითადი სამუშაოები სწორედ ამ ეტაპზე გასწია. სააპელაციო სასამართლოში არ მომხდარა მტკიცებულებათა გამოკვლევა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ პროკურორის საჩივრის დასაშვებობის საკითხი მხარეთა მონაწილეობის გარეშე შეამოწმა. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული თანხის გაზრდა 4500 ლარამდე საფუძველსაა მოკლებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფიდა, მოპასუხის (კასატორის) მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორის ძირითად პრეტენზიებს შეადგენს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობის გაზრდა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ შეადგენს მარებილიტირებელი გარემოების არსებობის გამო სკ-ის 1005.3 მუხლის საფუძველზე კასატორის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა და მოპასუხის მიერ მოსარჩელის უფლებების დარღვევის ფაქტი. საქმის მასალებში დაცული ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11.01.2018წ. განაჩენით, ი. გ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ სსკ-ის 276.3 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა, ასევე მას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ. აღნიშნული განაჩენი ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.03.2019წ. განჩინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის მიმართ ბრალდების წარდგენას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხ.) არის გათვალისწინებული (სუსგ 04.06.2015წ. №ბს-485-474(2კ-14)). განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო ბრალდება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან ბრალდებულად ცნობის მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისთვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ.). სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას, შესაბამისად, კასატორის (მოპასუხის) მითითება სხვა საქმეებზე, უსაფუძვლოა. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. გასაჩივრებულის გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას ასევე არ მქნის კასატორის მიერ იმ გარემოებებზე მითითება, რომ ი. გ-ს ბრალი წარედგინა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის, გამოყენებული იქნა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება და სხვ.. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს მოპასუხის მიერ იმ მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია მარეაბილიტერებელი გარემოებით - მოსარჩელის მიმართ საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენის მიღებით, ამასთანავე, კასატორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა დარღვეული უფლების არაპროპორციულია, შესაბამისად არ არსებობს მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნივთიერი მტკიცებულება არის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს (სსკ-ის 3.25 მუხ.). ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს, დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები (77.2 მუხ.). ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას (79.1 მუხ.). სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას ნივთიერი მტკიცებულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს ითვალისწინებს სსკ-ის 81-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11.01.2018წ. განაჩენით დადგინდა ნივთიერი მტკიცებულების - შპს „...-ის“ სპეციალურ ავტოსადგომზე განთავსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონით დადგენილი წესით მესაკუთრისთვის დაბრუნება. სსკ-ის 81.3 მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. საქმის მასალებში დაცული 27.01.2017წ. ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და 20.01.2017წ. ინდმეწარმე ჰ. ნ-ის მიერ მომზადებული ექსერტის დასკვნები შეიცავს ინფორმაციას ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ი. გ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისთვის მიყენებული დაზიანებების თაობაზე. კვლევისთვის ექსპერტ(ებ)ს ავტომობილი წარედგინათ საჯარიმო ავტოსადგომის ტერიტორიაზე. ექსპერტის დასკვნებში აღწერილია ბლაგვ რბილგარსიან, ასევე ბლაგვ მკვრივგარსიან საგნთან კონტაქტის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული დაზიანებები, თუმცა მითითებული არაა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საბურავების, ძრავის ამძრავი მოწყობილობის (ე.წ. „სტარტერის“) ან უკანა მაშუქების დაზიანების შესახებ. აღნიშნული ნაწილების დაზიანების თაობაზე ასევე არაა მითითებული „...ის“ 28.02.2017წ. ექსპერტიზის დასკვნაში. ექსპერტი ჰ. ნ-ი მის დასკვნაში მიუთითებს, რომ ავტომობილი შემთხვევის მომენტში იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. აღნიშნული გარემოება მითითებულია ასევე 28.02.2017წ. ექსპერტიზის დასკვნაშიც. ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.08.2019წ. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავტომობილს აღენიშნება უკანასკნელ პერიოდში ღია ცის ქვეშ დგომისთვის დამახასიათებელი კვალი, დაზიანებულია ოთხივე საბურავი (საბურავის დაზიანება გამოიწვია სავარაუდოდ ავტომობილის დიდ ხნით უმოძრაოდ დგომამ), ღია ცის ქვეშ, მზის სხივებზე დიდი ხნით ყოფნის შედეგად გახუნებულია ავტომობილის ძარის საღებავი, ბზარები შეინიშნება უკანა მარჯვენა და მარცხენა უკანა მაშუქ ფარებზე, ავტომობილის ხანგრძლივად დგომის გამო გაჭედილია ძრავის ამძრავი მოწყობილობა (ე.წ. „სტარტერი“). ანალოგიური კვლევაა ასახული ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.09.2019წ. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ამასთანავე, შპს „...-ის“ ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტებში (სატრანსპორტო საშუალების მიღებისას გარეგნული დაზიანებების შესაბამის გრაფაში) მითითებული არაა ისეთი გარეგნული დაზიანებების შესახებ, როგორიცაა მაგ. საბურავები და უკანა მაშუქი ფარები. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ ავტომობილი, რომელსაც ი. გ-ი მართავდა ავტოსაგზაო შემთხვევისას, წარმოადგენდა ნივთიერ მტკიცებულებას იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ბრალი წარედგინა მოსარჩელეს სსკ-ის 276.3 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, შესაბამისად, სპეციალურ ავტოსადგომზე ავტომობილი მთელი პერიოდის განმავლობაში განთავსებული იყო უკანონო ბრალდების გამო, რასაც საბოლოოდ ბრალდებულის გამართლება და მესაკუთრისთვის ნივთიერი მტკიცებულების (ავტომობილის) დაბრუნება მოჰყვა. მოცემულ შემთხვევაში კასატორი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ვერ აქარწყლებს ზემოთ მითითებულ ექსპერტის დასკვნებში მითითებულ გარემოებებს საჯარიმო ავტოსადგომზე ავტომობილის ხანგრძლივი დგომის შედეგად განვითარებული დაზიანებების შესახებ, ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ კასატორი მიიჩნევს, რომ ავტომანქანამ დაზიანებები საჯარიმო კომპანიის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიიღო, ის უფლებამოსილია რეგრესის წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა კასატორი არ მიუთითებს ისეთი სახის მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა საჯარიმო კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო ზემოთ მითითებული ნაწილების დაზიანებას ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ ავტომსადგომზე ავტომანქანის, როგორც ნივთიერი მტკიცებულების, ხანგრძლივი დგომა გამოწვეულია იმ სისხლისსამართლის საქმის წარმოებით, რომელზეც საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი დადგა, ამასთან, საქმის მასალებში დაცული ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე დაზიანებები (საბურავები და ე.წ. „სტარტერი“) ავტომანქანას განუვითარდა ხანგრძლივი დგომის შედეგად, ხოლო რაც შეეხება უკანა მაშუქ ფარებს, აღნიშნული დაზიანების შესახებ მითითებული არაა ავტომანქანის ავტოსადგომზე განთავსებისას შედგენილ აქტ(ებ)ში, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია ავტომობილის აღდგენისთვის თანხის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.). ამდენად, სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად საფუძვლიანია. ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ი. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოწარმოება მიმდინარეობდა სამივე ინსტანციაში. საქმის მასალებში დაცული საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით დგინდება, რომ პ. შ-ე წარმოადგენდა ი. გ-ის ინტერესებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, ასევე საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია პ. შ-ის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საადვოკატო მომსახურების გაწევის ფაქტი. საქმის მასალებში დაცული წერილობითი მტკიცებულებების (საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლის ორდერები) საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების სახით ი. გ-ის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის შესაბამის დასაბუთებას, დაკმაყოფილებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის დამდგენ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2023წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა