Facebook Twitter

№ბს-1160(კ-23) 20 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. დ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 7 ოქტომბერს თ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ, ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი საპრეტენზიო განცხადების განხილვის თაობაზე 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს №1 გადაწყვეტილების, №19, №20, №21 და №38 დავალებებზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად ცნობა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის, თ. დ-ისთვის, გასაჩივრებულ №19, №20, №21 და №38 დავალებებში თითო ქულის, ჯამურად 4 ქულის მომატების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში წარდგენილი საპრეტენზიო განცხადების განხილვის თაობაზე 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს №1 გადაწყვეტილება, №20 დავალებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. დ-ისათვის გასაჩივრებულ №20 დავალებაში 1 (ერთი) ქულის მომატების თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელე თ. დ-ეს არ გაუსაჩივრებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თ. დ-ემ მონაწილეობა მიიღო 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე, სადაც მისი საბოლოო შეფასება განისაზღვრა 32 ქულით. აღნიშნული ქულით თ. დ-ემ ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი - 32.40-ზე მეტი ქულა. 2022 წლის 19 აგვისტოს, თ. დ-ის მიერ, 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილ საგნობრივ კომისიაში, გასაჩივრებულ იქნა 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები №19, №20, №21 და №38 დავალებების ნაწილში, სადაც მოსარჩელე შეფასდა: №19 დავალება - 2 ქულა, №20 დავალება - 1 ქულა, №21 დავალება - 1 ქულა და №38 დავალება - 1 ქულა. 2022 წლის 31 აგვისტოს, კომისიის №1 გადაწყვეტილებით, თ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საგამოცდო შედეგები გასაჩივრებული №19, №20, №21 და №38 დავალებების ნაწილში.

2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის №20 დავალება ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: „ეტლით მოსარგებლე მოსწავლის დედა ყოველთვის მორიდებით ელაპარაკება სხვა მშობლებს. მასწავლებელთან საუბრისას ბოდიშს იხდის შვილის მდგომარეობის გამო, გამოხატავს მადლიერებას იმისათვის, რომ ამდენ დროს უთმობს მის შვილს და ნაჩქარევად ემშვიდობება“. აღწერეთ სტრატეგია, რომლის გამოყენებითაც მასწავლებელი დაეხმარება შშმ მოსწავლის მშობელს შვილის მდგომარეობისადმი დამოკიდებულების შეცვლაში. დაასაბუთეთ თქვენი პასუხი. მოსარჩელე თ. დ-ემ დავალებას შემდეგნაირად უპასუხა: „მასწავლებელმა უნდა მოაწყოს შეხვედრა შშმ მოსწავლის მშობელსა და ვინმე წარმატებულ შშმ პიროვნებას შორის, წინასწარ დაგეგმილი აქტივობებით და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, მშობელი უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ მისი შვილი და ზოგადად შშმ პირები არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, რომელთაც აქვთ ცხოვრების, სოციუმში ინტეგრაციის, თავის დამკვიდრების და სასურველი მიზნების მიღწევის უფლებები, ისევე როგორც ნებისმიერ რიგით მოქალაქეს“.

მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული დავალება აფასებდა რამდენად სწორად შეუძლია გამოსაცდელს ახსნას და დაასაბუთოს, თუ რომელი სტრატეგია/სტრატეგიები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა, რომ შშმ მოსწავლის მშობელს დაეხმაროს, პრობლემას მიუდგეს უფრო რაციონალურად და არა ემოციურად, ხელი შეუწყოს მას, რომ ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი დამოკიდებულება შვილის შესაძლებლობებისა და საჭიროებების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი თ. დ-ე მიიჩნევდა, რომ მშობლისა და წარმატებული შშმ პირის შეხვედრა საკმარისი იყო იმისათვის, რომ მშობელს შეეცვალოს შვილის მდგომარეობისადმი დამოკიდებულება, იგი არ აღწერდა და არ განმარტავდა, რომელია ის „წინასწარ დაგეგმილი აქტივობები“, რომლითაც მასწავლებელი დაარწმუნებდა შშმ მოსწავლის მშობელს „იმაში, რომ მისი შვილი და ზოგადად შშმ პირები არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები“ და ვერ ასაბუთებდა მის მიერ დასახელებული სტრატეგია, როგორ დაეხმარებოდა მშობელს შვილის მდგომარეობისადმი დამოკიდებულების შეცვლაში. შეფასების სქემის მიხედვით, სწორად დასახელებული სტრატეგია ფასდებოდა 1 ქულით. მოპასუხის განმარტებით, აპლიკანტს საკითხი გააზრებული ჰქონდა, მის მიერ დასახელებული სტრატეგია ადეკვატური იყო, მაგრამ ბუნდოვანი იყო რას გულისხმობდა გამოსაცდელი ,,წინასწარ დაგეგმილ აქტივობებში’’. შესაბამისად, გამომცდელის შეფასება იყო ადეკვატური.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2022 წლის 12 აგვისტოს №102/22 ბრძანებით დამტკიცდა 2022 წლის საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შეფასების სქემები, რომლის №1 დანართით განისაზღვრა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შეფასების სქემა. კერძოდ, აღნიშნული სქემით 3 ქულიანი ღია დავალებების შეფასების სქემა შემდეგნაირად განისაზღვრა: 3 ქულა - პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, მსჯელობა არის სრული, არგუმენტირებული, გამოსაცდელი გასაგებად და ამომწურავად უპასუხებს დავალების ყველა კითხვას/მითითებას. 2 ქულა - პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული, აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან, ზოგადად, პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური. აკლია სიცხადე. 1 ქულა - პასუხში ჩანს, რომ გამოსაცდელს აქვს საკითხის არასრული (ზედაპირული) ცოდნა ან, გამოსაცდელი სქემატურად უპასუხებს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ კომპონენტს. 0 ქულა - გამოსაცდელი ვერ უპასუხებს დავალების მოთხოვნებს. პირობა სწორად არ არის გააზრებული - ნაწერი არ შეესაბამება მოცემულ საკითხს.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მოსარჩელის მიერ გაცემული პასუხი არ იყო სრულყოფილი, თუმცა აღნიშნა, რომ მითითებულ დავალებაში მოსარჩელე არ ითხოვდა უმაღლესი 3 ქულით შეფასებას. ის მიიჩნევდა, რომ დავალების პასუხი უნდა შეფასებულიყო 2 ქულით, რაც გულისხმობდა, რომ პასუხში ჩანდა გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა იყო არასრული და აკლდა დავალების პირობის კომპონენტი. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ გაცემული პასუხისა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული შეფასების სქემის კრიტერიუმების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ თ. დ-ის მიერ გაცემულ პასუხში ჩანდა საკითხის გააზრებული ცოდნა, ხოლო რაც შეეხება მსჯელობის, დასაბუთების არასაკმარისობას, აღნიშნულთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ ღია დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე აპლიკანტს ეძლეოდა თავისუფლება როგორ უპასუხებდა ღია კითხვას ლაკონურად თუ ვრცლად, არსებითია ძირითად საკითხებზე ხაზგასმა. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თ. დ-ის პასუხში ჩანდა საკითხის გააზრებული ცოდნა, რამდენადაც დასახელებული სტრატეგია ადეკვატური იყო, თუმცა დასაბუთების კომპონენტი იყო არასრული, შესაბამისად მოსარჩელის პასუხი აღნიშნულ დავალებაში პასუხობდა შეფასების 2 ქულიან სქემას და მას №20 დავალებაში უნდა მომატებოდა 1 ქულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ტესტურ დავალებაში, შეფასების სქემის შესაბამისად, გამოსაცდელმა მიიღო 1 (ერთი) ქულა. მიღებულ შეფასებასთან დაკავშირებით მან წარადგინა საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადების განმხილველმა შესაბამისმა საგნობრივმა კომისიამ ზემოხსენებული შეფასება დატოვა უცვლელად. თ. დ-ემ მიღებული შედეგები გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მე-20 ტესტურ დავალებასთან დაკავშირებით ცენტრმა განმარტა შემდეგი: გამოსაცდელი მიიჩნევს, რომ მშობლისა და წარმატებული შშმ პირის შეხვედრა საკმარისია იმისათვის, რომ მშობელს შეეცვალოს შვილის მდგომარეობისადმი დამოკიდებულება, იგი არ აღწერს და არ განმარტავს, რომელია ის „წინასწარ დაგეგმილი აქტივობები“, რომლითაც მასწავლებელი დაარწმუნებდა შშმ მოსწავლის მშობელს „იმაში, რომ მისი შვილი და ზოგადად შშმ პირები არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები“ და ვერ ასაბუთებს მის მიერ დასახელებული სტრატეგია როგორ დაეხმარებოდა მშობელს შვილის მდგომარეობისადმი დამოკიდებულების შეცვლაში. შეფასების სქემის მიხედვით, სწორად დასახელებული სტარტეგია ფასდება 1 ქულით. აპლიკანტს საკითხი გააზრებული აქვს, მის მიერ დასახელებული სტრატეგია ადეკვატურია, მაგრამ ბუნდოვანია, რას გულისხმობს გამოსაცდელი „წინასწარ დაგეგმილ აქტივობებში“. შესაბამისად, გამოსაცდელი ადეკვატურად შეფასდა ერთი ქულით.

სქემაში ნათლად არის მოცემული ორი ქულით შეფასების საფუძველი - „პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული. აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან, ზოგადად, პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური. აკლია სიცხადე." გამოსაცდელის პასუხში დავალების ერთი პირობაც (სტრატეგიის აღწერა) არ არის სრული და ამომწურავი. გაცემულ პასუხში თ. დ-ემ მხოლოდ სტრატეგია დაასახელა და არ განუხორციელებია მისი აღწერა. სტრატეგიის, აქტივობის აღწერა სწორედაც იმას გულისხმობს, რომ დეტალურად და ნათლად გადმოსცეს სტრატეგიის/აქტივობის კონკრეტული ნაბიჯები, რაც არ ჩანს აპლიკანტის პასუხში. ხოლო რაც შეეხება დავალების მეორე მითითებას - დასაბუთებას, მოსარჩელეს უნდა აეხსნა, მის მიერ გამოყენებული სტრატეგია რატომ შეუცვლიდა მშობელს შვილისადმი დამოკიდებულებას. მას უნდა ეჩვენებინა მექანიზმი, თუ როგორ მიაღწევდა მასწავლებელი დავალებაში დასახულ მიზანს აქტივობის მეშვეობით, როგორ დაეხმარებოდა მშობელს შვილის მდგომარეობისადმი დამოკიდებულების შეცვლაში. მოსარჩელეს პასუხში კი მოცემულია მსჯელობა, ძირითადად, შშმ პირების უფლებების შესახებ, რომლის ცოდნაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მშობელს შეეცვალოს დამოკიდებულება შვილისადმი. შესაბამისად, შეფასების სქემის მიხედვით გამოსაცდელის პასუხი მოცემულ დავალებაზე იმსახურებს ერთ ქულას.

სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული დასაბუთება. განსახილველ შემთხვევაში აპლიკანტს დასახელებული სტრატეგიის დასაბუთების ნაწილში არათუ ძირითად საკითხებზე არ გაუმახვილებია ყურადღება, არამედ საერთოდ არ წარმოუდგენია დასახელებული სტრატეგიის აღწერა და დასაბუთება. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში განხილვის საგანი უნდა ყოფილიყო სადავო აქტის კანონიერება, სასამართლო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, გადავიდა საკითხის შინაარსობრივ კვლევაზე და თავად შეაფასა გამოსაცდელის პასუხი მოიცავდა თუ არა მსჯელობას არსებით საკითხებზე.

გამომცდელის გადაწყვეტილების სრული სასამართლო შემოწმების დაშვების შემთხვევაში, გამოცდების მიღების ფუნქცია უცილობლად მთლიანად სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი იკისროს გამომცდელის ფუნქცია და შეაფასოს მოსარჩელის სპეციალური ცოდნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, სასარჩელო მოთხოვნას პირველ ეტაპზე წარმოადგენდა ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის თაობაზე 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს №1 გადაწყვეტილების, №19, №20, №21 და №38 დავალებებზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად ცნობა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის, თ. დ-ისთვის, გასაჩივრებულ №19, №20, №21 და №38 დავალებებში თითო ქულის, ჯამში 4 ქულის მომატების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში წარდგენილი საპრეტენზიო განცხადების განხილვის თაობაზე 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს №1 გადაწყვეტილება, №20 დავალებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. დ-ისათვის გასაჩივრებულ №20 დავალებაში 1 (ერთი) ქულის მომატების თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. დ-ეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, №19, №21 და №38 დავალებების ნაწილში, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მხოლოდ №20 დავალებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს სადავო აქტის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, თ. დ-ემ მონაწილეობა მიიღო 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე, სადაც მისი საბოლოო შეფასება განისაზღვრა 32 ქულით და ვერ მოიპოვა გამსვლელი ქულა - 32.40-ზე მეტი ქულა.

2022 წლის 12 აგვისტოს, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2022 წლის საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შეფასების სქემის დამტკიცების შესახებ №102/22 ბრძანებით დამტკიცდა 2022 წლის საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შეფასების სქემები ამ ბრძანების დანართების შესაბამისად, მათ შორის დანართი №1-ით დამტკიცდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შეფასების სქემა. სქემით განისაზღვრა არჩევითპასუხებიანი დავალებების, შესაბამისობის დავალებების და ღია დავალებების შეფასების სქემები. ღია დავალებების (მათ შორის სადავო №19, №20, №21 და №38 დავალებები) სქემის ნაწილში დადგინდა, რომ იმისთვის, რომ გამოსაცდელის პასუხის სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით გასწორდეს ის უნდა შეესაბამებოდეს დავალებაში მოცემულ საკითხს, დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული, ის არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს, დავალება შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით, თუ რომელიმე პირობა არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება - 0 ქულით. ღია დავალების პასუხში დისკრიმინაციული ტერმინის გამოყენებისთვის პასუხი შეფასდება ერთით ნაკლები ქულით. 3 ქულიანი ღია დავალებების შეფასები სქემა განისაზღვრა შემდეგნაირად: 3 ქულა - პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, მსჯელობა არის სრული, არგუმენტირებული, გამოსაცდელი გასაგებად და ამომწურავად უპასუხებს დავალების ყველა კითხვას/მითითებას. 2 ქულა - პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული, აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან, ზოგადად, პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური. აკლია სიცხადე. 1 ქულა - პასუხში ჩანს, რომ გამოსაცდელს აქვს საკითხის არასრული (ზედაპირული) ცოდნა ან, გამოსაცდელი სქემატურად უპასუხებს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ კომპონენტს. 0 ქულა - გამოსაცდელი ვერ უპასუხებს დავალების მოთხოვნებს. პირობა სწორად არ არის გააზრებული - ნაწერი არ შეესაბამება მოცემულ საკითხს.

თ. დ-ეს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე უნდა შეესრულებინა 40 დავალება. საგამოცდო ტესტის ინსტრუქციით გამოსაცდელს ეცნობა, რომ მისი წარმატებით შესრულების შემთხვევაში მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენდა 54-ს და ტესტის შესასრულებლად მას განესაზღვრა 4 საათი. ღია დავალებების ინსტრუქცია მოითხოვდა ღია დავალებაზე არგუმენტირებულ მსჯელობას მოცემული საკითხის შესახებ. გამოსაცდელს ევალებოდა დავალების პირობის და შეკითხვის ყურადღებით წაკითხვა, გათვალისწინება იმისა, რომ პასუხი უნდა ყოფილიყო კონკრეტული და შეკითხვის შესაბამისი. №19, №20, №21 და №38 დავალებების მაქსიმალური შეფასება იყო - 3 ქულა, დავალებები ფასდებოდა ტესტში ღია დავალების წინ არსებული ინსტრუქციის შესაბამისად.

2022 წლის 19 აგვისტოს, თ. დ-ის მიერ 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილ საგნობრივ კომისიაში გასაჩივრებულ იქნა 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები №19, №20, №21 და №38 დავალებების ნაწილში, სადაც მოსარჩელე შეფასდა: №19 დავალება - 2 ქულა, №20 დავალება -1 ქულა, №21 დავალება - 1 ქულა და №38 დავალება - 1 ქულა. 2022 წლის 31 აგვისტოს, 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილ საგნობრივი კომისიის №1 გადაწყვეტილებით, თ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საგამოცდო შედეგები გასაჩივრებული №19, №20, №21 და №38 დავალებების ნაწილში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. ამავე წესის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, საგნობრივი კომისია არის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო, ხოლო ,,ტ“ პუნქტის შესაბამისად, შეფასების სქემა არის, ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება აპლიკანტების ნაშრომების გასწორება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომისიური წესით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება ხშირად გამხდარა სასამართლოს შეფასების საკითხი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით იქნა განმარტებული, რომ დისკრეციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა და სასარჩელო წარმოებით უფლების დაცვა ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

„შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის მე-20 დავალება ფორმულირებული იყო შემდეგი სახით - „ეტლით მოსარგებლე მოსწავლის დედა ყოველთვის მორიდებით ელაპარაკება სხვა მშობლებს. მასწავლებელთან საუბრისას ბოდიშს იხდის შვილის მდგომარეობის გამო, გამოხატავს მადლიერებას იმისათვის, რომ ამდენ დროს უთმობს მის შვილს და ნაჩქარევად ემშვიდობება“. - აღწერეთ სტრატეგია, რომლის გამოყენებითაც მასწავლებელი დაეხმარება შშმ მოსწავლის მშობელს შვილის მდგომარეობისადმი დამოკიდებულების შეცვლაში. - დაასაბუთეთ თქვენი პასუხი. მოსარჩელე თ. დ-ის სადავო პასუხი: „მასწავლებელმა უნდა მოაწყოს შეხვედრა შშმ მოსწავლის მშობელსა და ვინმე წარმატებული შშმ პიროვნებას შორის, წინასწარ დაგეგმილი აქტივობებით და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, მშობელი უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ მისი შვილი და ზოგადად შშმ პირები არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, რომელთაც აქვთ ცხოვრების, სოციუმში ინტეგრაციის, თავის დამკვიდრების და სასურველი მიზნების მიღწევის უფლებები, ისევე როგორც ნებისმიერ რიგით მოქალაქეს“.

მოცემულ დავალებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულმა ორგანოს პოზიციის თანახმად, თ. დ-ემ მიიჩნია, რომ მშობლისა და წარმატებული შშმ პირის შეხვედრა საკმარისია იყო იმისათვის, რომ მშობელს შეეცვალოს შვილის მდგომარეობისადმი დამოკიდებულება, იგი არ აღწერდა და არ განმარტავდა, რომელია „წინასწარ დაგეგმილი აქტივობები“, რომლითაც მასწავლებელი დაარწმუნებდა შშმ მოსწავლის მშობელს „იმაში, რომ მისი შვილი და ზოგადად შშმ პირები არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები“ და ვერ ასაბუთებდა მის მიერ დასახელებული სტრატეგია, როგორ დაეხმარებოდა მშობელს შვილის მდგომარეობისადმი დამოკიდებულების შეცვლაში. შეფასების სქემის მიხედვით, სწორად დასახელებული სტრატეგია ფასდება 1 ქულით. მოპასუხის განმარტებით, აპლიკანტს საკითხი გააზრებული ჰქონდა, მის მიერ დასახელებული სტრატეგია ადეკვატური იყო, მაგრამ ბუნდოვანი, რას გულისხმობდა გამოსაცდელი „წინასწარ დაგეგმილ აქტივობებში“.

2022 წლის 12 აგვისტოს, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2022 წლის საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შეფასების სქემის დამტკიცების შესახებ №102/22 ბრძანებით დამტკიცებული უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შეფასების სქემით (დანართი №1) განისაზღვრული 3 ქულიანი ღია დავალებების შეფასების სქემის შესაბამისად, აპლიკანტს ენიჭება 2 ქულა თუ პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული, აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან, ზოგადად, პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური, აკლია სიცხადე. 1 ქულა - პასუხში ჩანს, რომ გამოსაცდელს აქვს საკითხის არასრული (ზედაპირული) ცოდნა ან, გამოსაცდელი სქემატურად უპასუხებს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ კომპონენტს.

დისკრეციული უფლებამოსილების სწორად გამოყენებისა და სასამართლო კონტროლის შესახებ ზემოთ მოყვანილი სასამართლო განმარტებების, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, №20 დავალების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 1 ქულით შეფასების უსაფუძვლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოყვანილი დასაბუთება, რომლის საფუძველზეც აპლიკანტი 1 ქულით შეფასდა, ქმნიდა წინაპირობებს რომ დავალებაზე გაცემული პასუხი 2 ქულით შეფასებულიყო. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მიუთითებდა, რომ აპლიკანტს საკითხი გააზრებული ჰქონდა, თ. დ-ის მიერ დასახელებული სტრატეგია ადეკვატური იყო, მაგრამ ბუნდოვანი, რას გულისხმობდა გამოსაცდელი „წინასწარ დაგეგმილ აქტივობებში“. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ითხოვდა დავალების არა მაქსიმალური - 3, არამედ 2 ქულით შეფასებას. 3 ქულიანი ღია დავალება ფასდება 1 ქულით, თუ პასუხში ჩანს, რომ გამოსაცდელს აქვს საკითხის არასრული (ზედაპირული) ცოდნა ან, გამოსაცდელი სქემატურად უპასუხებს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ კომპონენტს, ხოლო 2 ქულით ფასდება გამომცდელი, როდესაც პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული, აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან, ზოგადად, პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური. აკლია სიცხადე. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასაბუთება იძლევა პასუხს, თუ რატომ არ შეფასდა გამოსაცდელი 3 (მაქსიმალური) ქულით, თუმცა ვერ ასაბუთებს, რატომ შეფასდა თ. დ-ის პასუხი 1 ქულით და არა 2 ქულით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202198727) საკასაციო საჩივარზე 9.06.2020 წ. საგადახდო მოთხოვნით №12334 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება;

3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202198727) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05/12/2020 წ. №08034 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე