ბს-281(კ-23) 18 მარტი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მა 19.06.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 17.04.2018წ. №A13079232-039/001 განკარგულების ბათილად ცნობა. 23.07.2018წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაება ა. ა-ი, მ. ქ-ე, გ. კ-ი და თ. რ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.2021წ. გადაწყვეტილებით, ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 17.04.2018წ. №A13079232-039/001 განკარგულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მ. ქ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022წ. განჩინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მ. ქ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებები ნ. კ-ს ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით. სააღსრულებო წარმოების მასალებს არ ერთვის სათანადო მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დასტურდება აღნიშნული აქტების სხვა გზით ადრესატისთვის ჩაბარების შეუძლებლობა. №A13079232 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უძრავი ქონების მესაკუთრეს - ნ. კ-ს შეტყობინება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გაეგზავნა ორჯერ - 24.01.2018წ. და 29.01.2018წ., თუმცა ადრესატს გზავნილი არ ჩაბარებია, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შპს „... ფოსტის“ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები (ტ. I, ს.ფ. 199, 204) არ შეიცავენ ინფორმაციას ფოსტის მუშაკის ადრესატის (ნ. კ-ი) მისამართზე ვიზიტის თარიღის და დროის შესახებ, ასევე, აღნიშნულ დოკუმენტებში არ არის მითითებული გზავნილების (გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ 24.01.2018წ. და 29.01.2018წ. შეტყობინება) ადრესატისთვის ჩაუბარებლობის კონკრეტული მიზეზი. №A18005605 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უძრავი ქონების მესაკუთრეს - ნ. კ-ს შეტყობინება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გაეგზავნა ორჯერ - 18.01.2018წ. და 29.01.2018წ., თუმცა ადრესატს გზავნილი არ ჩაბარებია. ამ შემთხვევაშიც შპს „... ფოსტის“ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტებით (ტ. II, ს.ფ. 159, 176) ვერ დგინდება ფოსტის მუშაკის ადრესატის (ნ. კ-ი) მისამართზე გამოცხადების თარიღი, დრო და ადრესატისთვის გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი, აღნიშნულის თაობაზე არ არის მითითებული „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“ განკარგულებებშიც.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. კ-ის მისამართზე კურიერის ვიზიტის დროისა და გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზების თაობაზე ინფორმაცია მოძიებულ იქნა სასამართლო წარმოების დაწყების შემდეგ, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს არ ერთვის ინფორმაცია გზავნილის ჩაუბარებლობის თაობაზე. შპს „... ფოსტის“ წერილით ირკვევა, რომ საქმეში დაცული უკუგზავნილები არის „ხარვეზიანი“. სააღსრულებო წარმოების მასალებს ერთვის ნ. კ-ის განცხადება (ტომი I, ს.ფ. 416), სადაც გარდა მისამართისა, ასევე მითითებულია მისი ტელეფონის ნომერი, თუმცა არ დგინდება გზავნილის ჩაბარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს ან/და კურიერის მიერ ტელეფონის მეშვეობით ადრესატთან დაკავშირება. წინადადების ჩაბარების მიზნით, აღმასრულებლის მხრიდან ადრესატებთან რაიმე ფორმის (მაგ. სატელეფონო) დამატებითი კომუნიკაციის მცდელობა არ განხორციელებულა. ვინაიდან არ შესრულდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ გზავნილი ,,ადრესატს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე“, არ არსებობდა მოპასუხის მიერ ნ. კ-ისთვის შეტყობინების საჯაროდ გავრცელების განხორციელების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოების მასალების თანახმად, ქონების მესაკუთრეს აღმასრულებლის შეტყობინება თითოეულ სააღსრულებო საქმეზე გაეგზავნა ორჯერ. მოცემულ შემთხვევაში კურიერი რამდენჯერმე იყო ადრესატის მისამართზე, თუმცა ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა მისამართზე არ ყოფნის გამო. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.6 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, შესაბამისად, აღმასრულებელმა საჯარო შეტყობინება განათავსა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე. ამდენად, შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად სსკ-ს 78-ე მუხლით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში აღმასრულებელმა შეასრულა მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნები, კერძოდ, ფოსტის მეშვეობით გზავნილის პირველ შემთხვევაში ჩაუბარებლობის შემდგომ, მეორედ გააგზავნა კორესპოდენცია სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ აღნიშნული ქმედებების შემდეგ იქნა მიღებული განკარგულება წინადადების საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. დაუშვებელია აღმასრულებლისთვის იმაზე მეტი ვალდებულების დაკისრება, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული (საქმე №ბს-551-538(3კ-14)). უსაფუძვლოა იმ გარემოებაზე მითითება, რომ №13079232 და №18005607 სააღსრულებო წარმოებების ერთ წარმოებად გაერთიანების დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს საქმეების ერთ კატეგორიად გაერთიანებას, თუმცა კანონით დეტალურადაა გათვალისწინებული იძულებითი წესით ქონების რეალიზაციის ჩატარების პროცედურული საკითხები. იპოთეკით დატვირთული მოთხოვნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი ადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის განაწილების წესს. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორისთვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად (822.2 მუხ., 822.3 მუხ.). ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს, აღსრულების ხარჯს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ (69.3 მუხ.). აღნიშნული ნორმა ცალსახად განსაზღვრავს, რომ აუქციონის გამოცხადებამდე სააღსრულებო წარმოების კრედიტორები უნდა დაკმაყოფილდენენ ამონაგები თანხით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო დოკუმენტია, რომელიც იძულებით აღსრულებას ექვემდებარება. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით („ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სანოტარო აქტების - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებისა და კრედიტორების თ. რ-ის და მ. ქ-ის განცხადებების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება დაიწყო ორ სააღსრულებო საქმეზე. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებული იყო შ. კ-ი, რომელიც გარდაიცვალა სააღსრულებო წარმოების პერიოდში. სააღსრულებო ფურცლებში ნოტარიუსის მიერ ცვლილების შეტანის შედეგად მესაკუთრის შ. კ-ის ნაცვლად მიეთითა მისი მემკვიდრე ნ. კ-ი (მოსარჩელე). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ მოვალის ინფორმირება წარმოადგენს აღმასრულებლის ინიციატივით მოვალისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.7 მუხ.), თუმცა იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დროის და ადგილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით აღმასრულებელს არ ეკისრება. სააღსრულებო წარმოების მხარეებს თავად შეუძლიათ გაეცნონ იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დროის და ადგილის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ზრდის აღმასრულებლის მიერ აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის ინფორმირების ვალდებულების ზედმიწევნით კანონის მოთხოვნათა დაცვით შესრულებას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.6 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. სსკ-ის 71-ე მუხლის მიხედვით, უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე (1 ნაწ.), თუ პირს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება (მე-2 ნაწ.). ამავე კოდექსის 73.1 მუხლის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში მართალია ორივე სააღსრულებო საქმეზე ქონების მესაკუთრეს - ნ. კ-ს შეტყობინება გაეგზავნა ორჯერ, თუმცა საფოსტო უკუგზავნილები არ შეიცავს რაიმე სახის ინფორმაციას კურიერის ვიზიტის თარიღის, დროის, ადრესატისთვის გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზების თაობაზე. 01.08.2019წ. „... ფოსტის“ წერილში მითითებულია, რომ გზავნილებზე ჩაუბარებლობის მიზეზების (გარემოებების) მიუთითებლობა წარმოადგენს ხარვეზს, „მისამართზე გამოცხადების დროს“ გასწვრივ მითითებული უნდა ყოფილიყო ადრესატის მისამართზე კურიერის ვიზიტის განხორციელების წელი, თარიღი, საათი, „ვერ ჩაბარების მიზეზის“ ჩამონათვალში შემოხაზული უნდა ყოფილიყო ჩაუბარებლობის და გზავნილის უკან დაბრუნების მიზეზი, გრაფაში „შენიშვნა“ უნდა დაფიქსირებულიყო პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში უფლებამოსილმა პირმა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უკიდურესი საშუალება - საჯარო შეტყობინება (სსკ-ის 78-ე მუხ.) გამოიყენა მოვალის ინფორმირების სსკ-ის 73.1 მუხლით გათვალისწინებული წესის მოთხოვნათა დაცვის გარეშე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შეტყობინება მხარეს ან მის წარმომადგენელს შესაძლებელია ჩაბარდეს არამარტო ფოსტის, არამედ ტექნიკური საშუალების (ტელეფონის, ფაქსის) გამოყენებით, რის შესახებაც უნდა შედგეს სათანადო აქტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის შეტყობინების ჩაბარებას (სსკ-ის 73-ე მუხ.), შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ დგინდება გზავნილის ჩაბარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს ან/და კურიერის მიერ ტელეფონით ადრესატთან დაკავშირება, ამასთან, აღნიშნულ ნაწილში კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საქმის მასალებში დაცული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.07.2019წ. გადაწყვეტილებით, ნ. კ-ის სარჩელი თ. რ-ის და მ. ქ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. რ-ს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6 500 აშშ დოლარი, ხოლო მ. ქ-ეს - 3 000 აშშ დოლარის ანაზღაურება. საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის მონაცემებით თ. რ-ის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე მიუთითებს. სამოქალაქო დავაში ნ. კ-ი მიუთითებდა, რომ თ. რ-ის მიმართ მის მიერ ვალდებულება სრულად შესრულდა, ხოლო მ. ქ-ის მიმართ - ნაწილობრივ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით 2015 წლის აგვისტოში ნ. კ-მა თ. რ-ს გადაუხადა 6500 აშშ დოლარი, აღნიშნული ვალდებულება შესრულდა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ. სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. რ-მა ერთი ვალდებულების ანგარიშში შესრულება მიიღო ორჯერ - ერთხელ ნაწილობრივ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ოდენობით, ხოლო მეორედ - სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული სრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობით, აღნიშნულის გამო მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან მიღებული 6500 აშშ დოლარი დაექვმდებარა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით მოსარჩელისთვის დაბრუნებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოვალის ინფორმირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ მხრივაც, რომ სააღსრულებო წარმოების თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდგომ მოვალეს გააჩნია შესაძლებლობა ინფორმაცია მიაწოდოს სააღსრულებო ბიუროს კრედიტორის მიმართ მის მიერ შესრულებული ვალდებულების თაობაზე. აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სააღსრულებო წარმოების სამართლებრივ შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ინფორმირების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს სრულად არ გამოუყენებია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები, კასატორი ვერ ასაბუთებს სსკ-ის 73.1 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების ფაქტს. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს სააღსრულებო საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანებას, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეფუძნება მითითებულ გარემოებას და აღნიშნული არ გამხდარა სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022წ. განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.10.2022წ. №41779 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა