Facebook Twitter

№ბს-1233(კ-23) 20 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ი.კ-ის და ა.ა.ბ.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - კასპის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 7 ოქტომბერს ი.კ-ემ და ა.ა.ბ.ა-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ი.კ-ისა და ა.ა.ბ.ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) 2022 წლის 26 ივლისის განცხადების საფუძველზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; კასპის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2022 წლის 26 ივლისის განცხადების საფუძველზე ი.კ-ისა და ა.ა.ბ.ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ერთი ერთეული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა 2022 წლის 26 ივლისის განცხადებაზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება მეორე სტადიის - მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონმდებლობის თანახმად მშენებლობის ნებართვა გაცემულად ითვლებოდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ი.კ-ემ, 2022 წლის 26 ივლისს მიმართა კასპის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის (II კლასი) მშენებლობის ნებართვა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 948 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, № ... საკადასტრო კოდით, 2021 წლის 22 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ა.ა.ბ.ა-ის (2/3 წილი) და ი.კ-ის (1/3 წილი) სახელზე (ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი ...). ი.კ-ემ, წარმომადგენლის მეშვეობით, 2022 წლის 8 ივლისს განცხადებით მიმართა კასპის მუნიციპალიტეტის მერიას, განაცხადი გააკეთა მშენებლობის ნებართვის 1-ლი სტადიის გავლაზე და მოითხოვა ამ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 14 ივლისის №ბ82.82221955 ბრძანებით დამტკიცდა ამ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები: ა) სასოფლო-სამოსახლო ზონა (შზ-1); ბ) განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი - კ1 - 0.5; გ) განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი - კ2 - 0.8; დ) გამწვანების კოეფიციენტი - კ3 - 0,3; ბრძანებით განიმარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ ითვალისწინებდა სამშენებლო სამუშაოების დაწყებას და ძალაში იყო 3 წლის განმავლობაში.

ი.კ-ემ 2022 წლის 26 ივლისს განცხადებით მიმართა კასპის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის (II კლასი) მშენებლობის ნებართვის გამოცემა. ამ განაცხადთან ერთად წარდგენილი იქნა საინჟინრო-გეოლოგიური, პროექტის კონსტრუქციული და სხვა საექსპერტო შეფასება, საცხოვრებელი სახლის პროექტი, ფოტოები და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია. შესაბამისად, განაცხადი გაკეთდა მშენებლობის ნებართვის მე-2, ბოლო სტადიის გავლაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლის 1-ლი - მე-4 ნაწილების თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნუსხასთან შესაბამისობისა და ხარვეზის დადგენისთვის გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული წესები. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მშენებლობის ნებართვის გაცემის ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს 20 სამუშაო დღის ვადაში. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ამ მუხლის მე-3 ნაწილით ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრულზე მეტი ვადა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ამ ვადის გასვლამდე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არაუმეტეს 20 სამუშაო დღით, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის შემთხვევაში − არაუმეტეს 30 სამუშაო დღით გაგრძელების თაობაზე.

ი.კ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული 20 სამუშაო დღე სრულდებოდა 2022 წლის 23 აგვისტოს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ი.კ-ეს 2022 წლის 19 აგვისტოს აცნობა, რომ უახლოეს პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იგეგმებოდა მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება. იმის გამო, რომ მიწა დაყოფილი იყო რამდენიმე ათეულ ნაკვეთად, ი.კ-ეს ეთხოვა მათი ხედვა- კონცეფციის წარდგენა ამ მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებით, რათა შემდგომ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული ყოფილიყო მისი განაშენიანების პარამეტრები. ამასთან, განმცხადებელს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ, თუ დაგეგმილი იქნებოდა მთლიანი ტერიტორიის განაშენიანება, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, ქალაქგარეთ 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების (მათ შორის, სასტუმროს და მასთან დაკავშირებული ნაგებობების) მშენებლობა საჭიროებდა სკრინინგის პროცედურის გავლას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2022 წლის 19 აგვისტოს მიმართვა არ წარმოადგენდა ხარვეზის დადგენის შესახებ აქტს, რამდენადაც, არც შინაარსობრივი და არც ფორმალური თვალსაზრისით, შეიცავდა ხარვეზის დადგენის შესახებ აქტის რეკვიზიტებს. მასში არ იყო მითითებული, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რა დოკუმენტს ან ინფორმაციას ითხოვდა მერია, რაც აუცილებელი უნდა ყოფილიყო საქმის გადაწყვეტისათვის.

ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ უახლოეს პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იგეგმებოდა მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება და იმის გამო, რომ მიწა დაყოფილი იყო რამდენიმე ათეულ ნაკვეთად, ი.კ-ეს ეთხოვა მათი ხედვა-კონცეფციის წარდგენა, არ წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული მეორე სტადიის გადაწყვეტისათვის საჭირო და აუცილებელ წინაპირობას. ამგვარი ინფორმაცია წარდგენილი იქნებოდა თუ არა განმცხადებლის მიერ, ეს გარემოება მშენებლობის ნებართვის გაცემასა თუ მასზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა.

2022 წლის 19 აგვისტოს მიმართვა, არც შინაარსობრივი და არც ფორმალური თვალსაზრისით, ასევე არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მიმართვით ამგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნული მიმართვით ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუჩნევია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, არ ქმნიდა მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველს და ადმინისტრაციულ ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ განცხადების წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში ამ მიმართვით არ მიუღია.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

ადმინისტრაციულ ორგანოს 2022 წლის 26 ივლისის განცხადებაზე კანონით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაში არ მიუღია დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება, რის გამოც, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ (2022 წლის 23 აგვისტო), მშენებლობის ნებართვა გაცემულად ითვლებოდა. ადმინისტრაციულ ორგანოს „დუმილი“ მიიჩნეოდა არა უარის თქმად, არამედ პირიქით - მშენებლობის ნებართვის გაცემად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ შეფასდებოდა, შეესაბამებოდა თუ არა 2022 წლის 26 ივლისს წარდგენილი სანებართვო დოკუმენტაცია კანონმდებლობით განსაზღვრული მე-2 (ბოლო) სტადიის დადებითად დასრულებისათვის აუცილებელ პირობებს. ამ საკითხზე მსჯელობა ვერ განხორციელდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ დასმულა.

სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ვითარება, როდესაც, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 23 აგვისტოსთვის, არაუგვიანეს 2022 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, უკვე გაცემულად ითვლებოდა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო არ გასცემდა ფორმალურ-იურიდიული შედეგის ამსახველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთ ვითარებაში, მოპასუხის უმოქმედობით, იქმნებოდა მდგომარეობა, როდესაც, კანონმდებლობით, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ითვლებოდა, ფორმალური საბაბით მოპასუხე არ გამოსცემდა შესაბამის აქტს.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი.კ-ისა და ა.ა.ბ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, თუ ქალაქთმშენებლობითი გეგმა შემუშავების პროცესშია, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს შეუძლია დასაბუთებული უარის საფუძველზე შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული შეზღუდვის ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ქალაქთმშენებლობითი გეგმა ამ ვადის გასვლამდე დამტკიცდა, ადმინისტრაციული წარმოება განახლდება გეგმის დამტკიცების თარიღიდან. შეზღუდვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესში მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე უზრუნველყოფდა ადამიანის ცხოვრების, საქმიანობისა და რეკრეაციისათვის ღირსეული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით დასახლებებისა და სხვადასხვა ტიპის ტერიტორიების ქალაქთმშენებლობითი გეგმის მიხედვით განვითარებას.

განსახილველ შენმთხვევაში დადგენილი იყო, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება. აღნიშნულის თაობაზე არაერთგზის აცნობა მოსარჩელეებს, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეებს 2022 წლის 26 ივლისის განცხადების პასუხად (მოთხოვნა,- ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის (II კლასი) მშენებლობის ნებართვა), კანონით განსაზღვრულ ვადაში (20 სამუშაო დღე), ეცნობათ, რომ უახლოეს პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იგეგმებოდა მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება, ამასთან, ეთხოვათ მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებით მათი ხედვა - კონცეფციის წარდგენა, რათა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული ყოფილიყო მისი განაშენიანების პარამეტრები. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ მოსარჩელეებს, დამატებით მიმართვებზე (2022 წლის 04 ოქტომბრისა და 16 ნოემბრის განცხადებები), განმეორებით ეცნობათ, რომ ვინაიდან კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი იყო მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ტერიტორიის ქაოსური განაშენიანება და ა. შ. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 48-ე მუხლის შესაბამისად, შეაჩერა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება და დღეის მდგომარეობით მოკლებული იყო შესაძლებლობას ერთი ერთეული ინდივიდუალური სახლის პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი რეგულირების ფარგლებში მშენებლობის ნებართვის გაცემულად მიჩნევასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნულ პოზიცია და მიიჩნია, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი რეგულირება არ იყო რელევანტური განსახილველ საქმესთან მიმართებით. შესაბამისად, არ არსებობდა ამ მიმართებით, მოსარჩელის არგუმენტების გაზიარებისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.კ-ემ და ა.ა.ბ.ა-იმ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. თუ ასეთ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ დაწყებული მშენებლობა არ ითვლება უნებართვო მშენებლობად. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვითა და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. როგორც აღინიშნა, 2022 წლის 19 აგვისტოს, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა არ წარმოადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლის 1-ლი - მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ რომელიმე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს 2022 წლის 26 ივლისის განცხადებაზე კანონით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაში არ მიუღია დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება, რის გამოც, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ (2022 წლის 23 აგვისტო), მშენებლობის ნებართვა გაცემულად ითვლება. თუ 2022 წლის 19 აგვისტოს მიმართვა მიჩნეული იქნება ხარვეზის დადგენის შესახებ აქტად, განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარდგენილი იქნა 2022 წლის 23 აგვისტოს და ხარვეზის საფუძველი აღარ არსებობდა. ადმინისტრაციულ ორგანოს ამის შემდეგ მაინც უნდა მიეღო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება, რაც არ მიუღია.

2022 წლის 26 ივლისის განცხადებაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხი გაცემული უნდა ყოფილიყო 20 სამუშაო დღის ვადაში - 2022 წლის 23 აგვისტომდე (ჩათვლით). გადაწყვეტილება არათუ 2022 წლის 23 აგვისტომდე, არამედ 2022 წლის 23 აგვისტოდან კიდევ დამატებით 20 სამუშაო დღის შემდეგაც არ მიღებულა (2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით).

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის 19 აგვისტოს მიმართვით მოთხოვნილი ხედვა-კონცეფციის წარდგენა, ამ მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებით, რაიმე სახის კავშირში განმცხადებლების მიერ მოთხოვნილ ერთბინიან, ერთი ერთეული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მე-2 (ბოლო) სტადიით გათვალისწინებულ მშენებლობის ნებართვის გაცემასა თუ მასზე უარის თქმასთან რაიმე სახის უშუალო კავშირში არ არის. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულია სამშენებელო საქმიანობაში მოქმედი პრინციპი, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონით დადგენილ ვადაში არ იქნება გამოცემული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, ანუ ადმინისტრაციული ორგანო „დუმს“, ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობა არ ხდის მშენებლობის ნებართვის მაძიებელს ადმინისტრაციულ ორგანოზე დამოკიდებულს და „დუმილი“ მიიჩნევა არა უარის თქმად, არამედ პირიქით - მშენებლობის ნებართვა გაცემულად ითვლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.კ-ის და ა.ა.ბ.ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.კ-ის და ა.ა.ბ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს კასპის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ი.კ-ისა და ა.ა.ბ.ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, ი.კ-ისა და ა.ა.ბ.ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 14 ივლისის № ბ82.82221955 ბრძანებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები: ა) სასოფლო- სამოსახლო ზონა (შზ-1); ბ) განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი - კ1 - 0.5; გ) განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი - კ2 - 0.8; დ) გამწვანების კოეფიციენტი - კ3 - 0,3; განიმარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები - არ ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოების დაწყებას და ძალაში იყო 3 წლის განმავლობაში.

ი.კ-ემ 2022 წლის 26 ივლისს განცხადებით მიმართა კასპის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის (II კლასი) მშენებლობის ნებართვა. ამ განაცხადთან ერთად წარდგენილი იქნა საინჟინრო-გეოლოგიური, პროექტის კონსტრუქციული და სხვა საექსპერტო შეფასება, საცხოვრებელი სახლის პროექტი, ფოტოები და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ი.კ-ეს, 2022 წლის 26 ივლისის განცხადების პასუხად 2022 წლის 19 აგვისტოს აცნობა, რომ უახლოეს პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იგეგმებოდა მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება. იმის გამო, რომ მიწა დაყოფილი იყო რამდენიმე ათეულ ნაკვეთად, ი.კ-ეს ეთხოვა მათი ხედვა-კონცეფციის წარდგენა, მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებით, რათა შემდგომ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული ყოფილიყო მისი განაშენიანების პარამეტრები. ამასთან, განმცხადებელს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ, თუ დაგეგმილი იქნებოდა მთლიანი ტერიტორიის განაშენიანება, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, ქალაქგარეთ 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების (მათ შორის, სასტუმროს და მასთან დაკავშირებული ნაგებობების) მშენებლობა საჭიროებდა სკრინინგის პროცედურის გავლას.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 19 აგვისტოს №82-822223146 მიმართვის პასუხად ი.კ-ემ და ა.ა.ბ.ა-იმ 2022 წლის 23 აგვისტოს განცხადებით მიმართეს მერიას, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი გეგმავდნენ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაყიდვას, რომლის შეძენის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს (გარდა რუსეთის მოქალაქეებისა) - საქართველოს მოქალაქეებისათვის შეღავათიან ფასებში. ისინი არ გეგმავდნენ ამ მიწის ნაკვეთებზე არანაირი დასასვენებელი კომპლექსური დასახლების (მათ შორის, სასტუმროსა და მასთან დაკავშირებული ნაგებობების) მშენებლობას. ისინი მშენებლობას გეგმავენ და ნებართვას ითხოვენ მხოლოდ ერთ ერთეულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე მათი ოჯახების საჭიროებისათვის, რომ თავისუფალ დროს ოჯახის წევრებს შეძლებოდათ იქ მისვლა და დასვენება. ი.კ-ემ და ა.ა.ბ.ა-იმ კვლავ მიმართეს განცხადებით კასპის მუნიციპალიტეტის მერიას 2022 წლის 4 ოქტომბერს, სადაც მიუთითეს, რომ მერიის 2022 წლის 19 აგვისტოს წერილზე პასუხი გაეცათ 2022 წლის 23 აგვისტოს, თუმცა მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო. მათ ითხოვეს მშენებლობის ნებართვის გაცემა.

ი.კ-ემ და ა.ა.ბ.ა-იმ კვლავ მიმართეს განცხადებით კასპის მუნიციპალიტეტის მერიას 2022 წლის 4 ოქტომბერს, სადაც მიუთითეს, რომ მერიის 2022 წლის 19 აგვისტოს წერილზე პასუხი გაეცათ 2022 წლის 23 აგვისტოს, თუმცა მშენებლობის ნებართვა გაცემული ამ დრომდე არ იყო და ითხოვეს მშენებლობის ნებართვის გაცემა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 4 ოქტომბრის განცხადებაზე, 2022 წლის 13 ოქტომბერს ადრესატს აცნობა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილი იყო მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება გეგმის დამტკიცებამდე. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 28 ნოემბერს განმცხადებლებს ასევე აცნობა, რომ ვინაიდან გაზრდილი იყო მიმართვები სოფელ ...ში მშენებლობების ნებართვასთან დაკავშირებით, ხოლო იმ ეტაპზე არ არსებობდა მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმა, რათა არ მომხდარიყო მომავალში ტერიტორიის ქაოსური განაშენიანება, სამშენებლო განვითარება უზრუნველყოფილი ყოფილიყო სათანადო ინფრასტრუქტურით, სრულყოფილი მისასვლელი გზებით და ა. შ., მუნიციპალიტეტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ერთი ერთეული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ადგენს: ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (მუხლი 1.1). შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მუხლი 93.1). II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას (მუხლი 94.2).

მითითებული კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 101-ე მუხლის 1-2 ნაწილების თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება; ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება.

კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამასთან, 105 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მოქმედების ვადაა მათი დამტკიცებიდან 3 წელი სანებართვო წარმოების II სტადიის დაწყებამდე.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. ამავე მუხლის 2-4 ნაწილების თანახმად, წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნუსხასთან შესაბამისობისა და ხარვეზის დადგენისთვის გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული წესები. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მშენებლობის ნებართვის გაცემის ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს 20 სამუშაო დღის ვადაში. სამსტადიიანი წარმოების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ამ მუხლის მე-3 ნაწილით ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრულზე მეტი ვადა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ამ ვადის გასვლამდე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არაუმეტეს 20 სამუშაო დღით, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის შემთხვევაში − არაუმეტეს 30 სამუშაო დღით გაგრძელების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 107-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დებულებების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონით დადგენილი ვადებით და ასევე იმ ადმინისტრაციული პროცედურული უფლებამოსილებებით, რაც განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესისთვის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით. აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და დაინტერესებული პირის ინტერესების დაცვას და მისთვის გარანტიის შექმნას, რომ ნებართვის გამცემი ორგანოს მხრიდან განზრახ ან დაუდევრობით კანონისმიერი ვადების გაჭიანურების, უმოქმედობის შემთხვევაში, დაკმაყოფილდება ნებართვის მაძიებლის ინტერესი და სამშენებლო ნებართვა ჩაითვლება გამოცემულად. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოსთვისაც წინასწარ ცნობილია, რომ უმქომედობის, მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად გადაწყვეტილების კანონით განსაზღვრულ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში, ნებართვა გაცემულად ითვლება. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაიცული წარმოების ვადის გაშვების შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა გაცემულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უმოქმედობა, დუმილი და არა ისეთ დროს, როდესაც მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, იღებს შუალედურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, ან როდესაც კანონის შესაბამისი მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს მშენებლობის განხორციელების, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროებით შეუძლებლობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის №ბს-479-459(კ-10) განჩინება).

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 48-ე მუხლის (ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესში მშენებლობის ნებართვის გაცემის დროებითი შეზღუდვა) თანახმად, 1. თუ ქალაქთმშენებლობითი გეგმა შემუშავების პროცესშია, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს შეუძლია დასაბუთებული უარის საფუძველზე შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული შეზღუდვის ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ქალაქთმშენებლობითი გეგმა ამ ვადის გასვლამდე დამტკიცდა, ადმინისტრაციული წარმოება განახლდება გეგმის დამტკიცების თარიღიდან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით. 3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ არ განახლდა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად გონივრული ვადით გამოაცხადოს ტერიტორიების განვითარების შეზღუდვა.

მითითებული განმარტებებისა და საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს არა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, არამედ დისკრეციულ უფლებამოსილებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას კი ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს ამავე დისკრეციული უფლებამოსილებით აღმჭურველი და სამართალურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებითა და პრინციპებით.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ამოცანებია: ა) საქართველოს მთელი ტერიტორიისა და მისი ნაწილების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგება საჯარო ინტერესებისა და კერძო ინტერესების შეჯერების საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მეშვეობით; ბ) ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის ღირსეული გარემოს შექმნა, სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; გ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფოს მიერ არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; ე) სახელმწიფოს მიერ არქიტექტორის შემოქმედებითი თავისუფლების და არქიტექტურული განათლების განვითარების უზრუნველყოფა; ვ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმტკიცესთან, მდგრადობასთან, საიმედოობასთან, სეისმომედეგობასთან, ცეცხლმედეგობასთან, ენერგოეფექტიანობასთან და ხმაურისაგან დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნების დადგენა; ზ) ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა, სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება და მშენებლობის ხარისხის ამაღლება; თ) მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გამარტივებითა და მშენებლობის ზედამხედველობის ეფექტიანობის ამაღლებით სტაბილური საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა.

საქმეზე დადგენილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ი.კ-ეს, 2022 წლის 26 ივლისის განცხადების პასუხად 2022 წლის 19 აგვისტოს აცნობა, რომ უახლოეს პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იგეგმებოდა მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება. იმის გამო, რომ მიწა დაყოფილი იყო რამდენიმე ათეულ ნაკვეთად, ი.კ-ეს ეთხოვა მათი ხედვა-კონცეფციის წარდგენა, ამ მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებით, რათა შემდგომ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული ყოფილიყო მისი განაშენიანების პარამეტრები. ამასთან, განმცხადებელს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ, თუ დაგეგმილი იქნებოდა მთლიანი ტერიტორიის განაშენიანება, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, ქალაქგარეთ 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების (მათ შორის, სასტუმროს და მასთან დაკავშირებული ნაგებობების) მშენებლობა საჭიროებდა სკრინინგის პროცედურის გავლას.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 4 ოქტომბრის განცხადებაზე, 2022 წლის 13 ოქტომბერს აცნობა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილი იყო მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება გეგმის დამტკიცებამდე. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 28 ნოემბერს განმცხადებლებს აცნობა, რომ ვინაიდან გაზრდილი იყო მიმართვები სოფელ ...ში მშენებლობების ნებართვასთან დაკავშირებით, ხოლო იმ ეტაპზე არ არსებობდა მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმა რათა არ მომხდარიყო მომავალში ტერიტორიის ქაოსური განაშენიანება, სამშენებლო განვითარება უზრუნველყოფილი ყოფილიყო სათანადო ინფრასტრუქტურით, სრულყოფილი მისასვლელი გზებით და ა. შ., მუნიციპალიტეტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ერთი ერთეული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

საქმეზე დადგენილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 25 ნოემბრის ბრძანებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ 2022 წლის 14 ივლისის № ბ82.82221955 ბრძანების დამატებით შესწავლის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა ნებართვის გაცემის პროცესი დროებით უარი ეთქვა ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უმოქმედობას ან/და ბრალეულად ვადის გაჭიანურებას, რადგან კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავებისა და აღნიშნული საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების გადავადების აუცილებლობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს უარი არ უთქვამს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, თუმცა გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, წარმოების შეჩერებისა და გადაწყვეტილების მიღების გადავადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ასეთ უფლებამოსილებას ანიჭებდა ადმინისტრაციულ ორგანოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ.თ-ს საკასაციო საჩივარზე 04.12.2023 წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.კ-ის და ა.ა.ბ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

3. თ.თ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.12.2023 წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე