Facebook Twitter

№ბს-1235(კს-23) 20 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება

დავის საგანი - სარჩელის გამოხმობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 20 მარტს მ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №1000650750 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ) გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №1000650750 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა არსებითად მსჯელობა წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აპელანტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა სრულად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მ. ლ-ის შუამდგომლობა სარჩელის გახმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება; მოსარჩელე მ. ლ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, დარჩა განუხილველი, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის გახმობის გამო; მ. ლ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაუბრუნდა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის №03501 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (მიმღები - ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; ბანკის კოდი: TRESGE22.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

იმ გარემოების, გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იყო სარჩელის გამოხმობაზე, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის გამოხმობა გამომდინარეობდა დისპოზიციურობის პრინციპიდან და აღნიშნული მხარის ავტონომიურ საპროცესო უფლებას წარმოადგენდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მ. ლ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ლ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში მან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და აქტუალური გახდა უკვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება და არა მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ თანხმობის გაცემა. აღნიშნულის თაობაზე მან განმარტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც მოწინააღმდგე მხარის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა შესთავაზა სააგენტოსათვის ახალი განცხადებით მიმართვა.

შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან დააყენა შუამდგომლობა სარჩელის გახმობის შესახებ, რათა მიემართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი განცხადებით საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომის შემდეგ, მან შეისწავლა კანონმდებლობა, კერძოდ, სააგენტოსათვის მიმართვის წესი აღმოაჩინა, რომ სააგენტოს წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შეიყვანა შეცდომაში, ვინაიდან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემათვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას და 211 მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს მხოლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე (და არა მიღების შემდეგ) საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ თანხმობის გაცემას, წინასწარ და არა შემდეგ. მეტიც, ასეთ შემთხვევაში ამავე კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, იგი საერთოდ კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ასევე ის გარემოება, რომ განცხადებით მიმართვის შემთხვევაში გადასახადია მოსაკრებელი 1000 ლარის ოდენობით, რაც სააგენტოს წარმომადგენლის მიერ განმარტებული არ ყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომაზე მაშინ, როდესაც მის მიერ სააგენტოსათვის მიმართვის დროისათვის ეს გადასახადი გათვალისწინებული არ იყო.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით მ. ლ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, ხოლო სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2023 წლის 9 მარტის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ. ლ-ემ იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გახმობის თაობაზე. სასამართლო სხდომაზე მ. ლ-ის მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მოთხოვნებს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას ნების გამოვლენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის ან/და სხვა გარემოებების ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული.

კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ მისთვის განმარტებული იყო სარჩელის გამოხმობის თანმდევი შედეგები. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სარჩელის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების შემდგომ, ნამდვილი ნების უარყოფისა და პოზიციის ცვლილების გამო, უკვე მიღებული კანონიერი განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

აქვე, საკასაციო სასამართლო, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, მოსარჩელეს არ ერთმევა სარჩელის ხელახლა წარდგენის უფლება. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს სარჩელით სასამართლოს, იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით და იმავე მხარის მიმართ. ამასთან, სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა, გასაჩივრებისათვის დადგენილი, დარჩენილი ვადის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 831 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე