საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
Nბს-1145 (კ-23) 22 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებით გ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 12.07.2022წ. გადაწყვეტილება გ.მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.მ-ის მიერ.
უზენაესი სასამართლოს 17.11.2023წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა გ.მ-ის წარმომადგენელი მ.ნ-ე (ამასთან, ხელმოწერა ასლი იყო და არა დედანი), თუმცა საქმეში არ არის დაცული გ.მ-ის მიერ მ.ნ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა. ამასთანავე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კასატორს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 300 ლარს. კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში უთითებდა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია კანონის საფუძელზე, თუმცა არ უთითებდა შესაბამის სამართლებრივ საფუძველზე ან მტკიცებულებაზე. ამდენად, კასატორს განესაზღვრა 7-დღიანი ვადა და დაევალა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა.
დადგენილ ვადაში გ.მ-მა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. კასატორმა აღნიშნა, რომ არის პენსიონერი, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, ასევე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორის მიერ არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობის გამომრიცხავი უტყუარი მტკიცებულებები, ამასთანავე, პენსიონერის სტატუსი იმთავითვე არ ქმნის პირისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან გათავისუფლების საფუძველს, საკასაციო სასამართლოს 08.02.2024წ. განჩინებით კასატორს - გ.მ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2024წ. განჩინება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 06.03.2024წ.. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა ამოიწურა 13.03.2024წ. 24 საათზე (ოთხშაბათი). დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, გ.მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებაზე გ.მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა