№ბს-671(კ-23) 20 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის 10 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ.ნ-ი; მესამე პირები - მ.ნ-ი, კ.ნ-ი; ნ.ნ-ი; გ.ნ-ა; ე.ლ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 30 დეკემბერს ჯ.ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ნ.ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) და 2021 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (რომლითაც გაუქმდა ჯ.ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ.ნ-ი, ხოლო 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით - გ.ნ-ა, მ.ნ-ი, კ.ნ-ი და ე.ლ-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2017 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე ს/კ ... (წინა ნომერი ...) დარეგისტრირდა გ.ნ-ას, კ.ნ-ის და მ.ნ-ის თანასაკუთრების უფლება; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2020 წლის 19 მაისს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, გ.ნ-ამ, კ.ნ-მა და მ.ნ-მა გაყიდეს, ხოლო ჯ.ნ-მა იყიდა, მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2840 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება (ს/კ ...). ჯ.ნ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 მისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე.
2021 წლის 20 ოქტომბერს ნ.ნ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე - ს/კ .... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.10.2021 წ. №... გადაწყვეტილებით, ნ.ნ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (გამყიდველი: გ., მ., კ. ნ-ები, მყიდველი - ჯ.ნ-ი, ნასყიდობის საგანი უძრავი ქონება ს/კ ...).
2021 წლის 5 ნოემბრერს ნ.ნ-მა საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, 2020 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართული იქნენ: გ.ნ-ა, მ.ნ-ი, კ.ნ-ი და ჯ.ნ-ი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი; სსიპ საჯარო რეესტრის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება (საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების 2.2.20 პუნქტის გათვალისწინებით), ასევე, 2020 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების 2.2.19-2.2.20 პუნქტების გათვალისწინებით). სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების 2.2.19 და 2.2.20 პუნქტებში მითითებული იყო, რომ უძრავი ნივთის გასხვისებისას ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა სასამართლოში. შესაბამისად, ნასყიდობის საგანი იყო სადავო. უძრავი ქონების მესაკუთრეების მიერ, აღნიშნული გარემოების ცოდნის მიუხედავად, გასხვისდა უძრავი ნივთი. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრები (დედ-მამა - უძრავი ნივთის გამსხვისებელი და შვილი - შემძენი). გადაწყვეტილებაში აღნიშნულ ფაქტობრივ/სამართლებრივი გარემოებათა გამო, საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი პირის მოსაზრებით, ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა ბოლნისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 21 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე 2020 წლის 21 მაისის N... გადაწყვეტილების, როგორც თანმდევი შედეგის, ბათილად ცნობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე (ს/კ ...) გაუქმდა ჯ.ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ ბათილად იყო ცნობილი ახალი მესაკუთრის (მოსარჩელის) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა მოსარჩელის, როგორც ნივთის კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსზე, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ, როგორც წინა მესაკუთრის ოჯახის წევრმა (შვილმა), იცოდა უძრავ ქონებაზე სასამართლო დავის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელის უფლების რეგისტრაცია ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაინტერესებულ პირთა მიერ სადავოდ არ გამხდარა და კვლავ ძალაში იყო. თუკი საკითხის გადაწყვეტა უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარეა, მასზე მსჯელობა და მისი შეფასება სცდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველ მუხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი. ხოლო, სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო. საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და მითითებული ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დაეთანხმა სასამართლოს დასკვნას, რომ შემძენის კეთილსინდისიერების შეფასება სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე და სამოქალაქო სამართალწარმოების განსჯადი საკითხი იყო. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა შემძენის კეთილსინდისიერება და გაეუქმებინა რეგისტრირებული საკუთრების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ უძრავი ნივთის გასხვისებისას (21.05.2020 წ.) დავა მიმდინარეობდა სასამართლოში. შესაბამისად, ნასყიდობის საგანი იყო სადავო. უძრავი ნივთის მესაკუთრეების მიერ, აღნიშნული გარემოების არსებობის ცოდნის მიუხედავად, გასხვისდა სადავო უძრავი ნივთი. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს (დედ-მამა და შემძენი შვილი) და უძრავი ნივთის შემძენს ასევე უნდა სცოდნოდა, აღნიშნული გარემოების თაობაზე. სააგენტომ ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაავალა ბოლნისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ №... (21.04.2017 წ.) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სააგენტომ ასევე იმსჯელა გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ №... (21.05.2020 წ.) გადაწყვეტილების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებაც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, როგორც თანმდევი შედეგი.
ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №... (06.12.2021 წ.) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრირებული მონაცემების (ს/კ ...) მოქმედების განახლების შესახებ №... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის გაუქმების შესახებ №... (14.12.2021 წ.) გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ამონაწერში დაფიქსირდა სადავო ქონების ძველი მესაკუთრეები: გ.ნ-ა, კ.ნ-ი და მ.ნ-ი. ამასთან, №... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში, 2021 წლის 14 დეკემბრის №... წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, ... კოდის სააღრიცხვო ბარათითა და №... საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების შესახებ. სააგენტოს მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ასევე გაიგზავნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილება (საქმე № 3/109-17; №...), რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №78 და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის და შეფასების შემდეგ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სადავო საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააგენტოს ამავე წერილით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა პოზიციის დაფიქსირება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემობებს. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ საჯარო რეესტრს არ ჰქონდა უფლება გაეუქმებინა „კეთილსინდისიერი შემძენის“ - ჯ.ნ-ის უფლება მაშინ, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულება არ იყო გაუქმებული. სასამართლოს უნდა მოეხდინა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ დაედგინა, შექმნილ ვითარებაში არსებობდა თუ არა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა შედგა 2024 წლის 10 იანვარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2003 წლის 22 იანვრის №... მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით, მ.ნ-ს, მარნეულის რაიონის სოფელ ...ში ერიცხებოდა 0.284 ჰა მიწის ნაკვეთი, ს/კოდით: ....
2016 წლის 7 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განცხადებით მიმართა მ.ნ-მა და მოითხოვა მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების რეგისტრაცია. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ფართობი შეადგენდა 4045 კვ.მ-ს. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, ასევე 2017 წლის 14 თებერვალს წარდგენილ იქნა ახალი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი 2840 კვ.მ-ზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე ს/კ ... (წინა ნომერი ...) დარეგისტრირდა გ.ნ-ას, კ.ნ-ის და მ.ნ-ის თანასაკუთრების უფლება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2020 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გ.ნ-ამ, კ.ნ-მა და მ.ნ-მა გაყიდეს, ხოლო ჯ.ნ-მა იყიდა, მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2840 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება (ს/კ ...). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა ჯ.ნ-ის საკუთრების უფლება.
2021 წლის 20 ოქტომბერს ნ.ნ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მოითხოვა უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, ნ.ნ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა წარედგინა ნასყიდობის ხელშეკრულების (გამყიდველი: გ., მ., კ. ნ-ები, მყიდველი - ჯ.ნ-ი, ნასყიდობის საგანი უძრავი ქონება ს/კ ...) გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2021 წლის 5 ნოემბერს ნ.ნ-მა საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2020 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართული იქნენ: გ.ნ-ა, მ.ნ-ი, კ.ნ-ი და ჯ.ნ-ი; შეჩერდა, ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მოქმედება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი; საჯარო რეესტრის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ, 2017 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილების 2.2.20 პუნქტის გათვალისწინებით, ასევე, 2020 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, გადაწყვეტილების პუნქტების გათვალისწინებით 2.2.19-2.2.20. მოცემული გადაწყვეტილების 2.2.19 პუნქტში მითითებულია, რომ უძრავი ნივთის გასხვისებისას, ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა სასამართლოში. შესაბამისად, ნასყიდობის საგანი იყო სადავო. უძრავი ქონების მესაკუთრეების მიერ, აღნიშნული გარემოების ცოდნის მიუხედავად, გასხვისდა უძრავი ნივთი, ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრები (დედ-მამა - უძრავი ნივთის გამსხვისებელი და შვილი - შემძენი). გადაწყვეტილების 2.2.20 პუნქტში მითითებულია, რომ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ ფაქტობრივ/სამართლებრივი გარემოებათა გამო, საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი პირის მოსაზრებით, ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა ბოლნისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე 2020 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილების, როგორც თანმდევი შედეგის, ბათილად ცნობა.
2021 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ჯ.ნ-მა გაყიდა, ხოლო ე.ლ-მა იყიდა, მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ .... 2021 წლის 21 ოქტომბერს ჯ.ნ-მა, ე.ლ-მა №... განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრს, წარადგინეს ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვეს უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 ოქტომბრის №..., 29 ნოემბრის №..., 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების დასრულებამდე. 2021 წლის 4 ნოემბერს ე.ლ-მა საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2021 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ე.ლ-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, ჯ.ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმდა იმ პირობებში, როდესაც ძალაში იყო უფლების დამდგენი სამართლებრივი დოკუმენტი - 2020 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად კი, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია) – (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550; საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემძენის საკუთრების უფლების და შესაბამისად რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებაა, შემძენის არაკეთილსინდისიერება და მათ შორის, ისეთი შემთხვევა, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი ცნობილია შემძენისათვის. თუმცა, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის პირობებში, შემძენის კეთილსინდისიერებაზე მსჯელობის უფლებამოსილება აქვს არა მარეგისტრირებელ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, არამედ სასამართლოს. სწორედ სასამართლო არის უფლებამოსილი, შესაბამისი სარჩელის არსებობის პირობებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით იმსჯელოს შემძენის კეთილსინდისიერებასა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს და შეაფასა გარემოებები, რომელიც სასამართლოს კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებოდა (ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისა და შემძენის კეთილსინდისიერების შეფასება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 18/07/2023 წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18/07/2023წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
თ. ოქროპირიძე