Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-17(კ-24) 13 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ.ნ-ე, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.ნ-ემ 2023 წლის 25 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და 2023 წლის 08 ივნისს სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა: დ.ნ-ის სასარგებლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის მორალური ზიანის 50 000 ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის 50 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას დ.ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

მიყენებული მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა.

მოცემულ შემთხვევაში, პალატამ ყურადღება გაამახვილა დ.ნ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან გამომდინარე მის მიერ განცდილი სტრესის, შიშის და უარყოფითი ემოციების ხარისხზე. პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 6 თვის განმავლობაში და მიიჩნია, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 5 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია, თანხის ოდენობა ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში აღნიშნავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. აგრეთვე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. შესაბამისად, გატარებული საგამოძიებო მოქმედებები, კასატორის მოსაზრებით, არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.

კასატორი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას. ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი/გამამართლებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას.

კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ემალებოდა გამოძიებას და თავისუფლება შეზღუდული არ ჰქონია, იგი მხოლოდ 11 წლის შემდეგ იქნა დაკავებული და რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწია ციხეში ყოფნა, რა დროსაც მას არ ჰქონია ასაკი, გართულებული ჯანმრთელობა ან სხვა განსაკუთრებული ინდივიდუალური მახასიათებელი, რომელიც გააუარესებდა მის მდგომარეობას ციხეში ყოფნის დროს. ასევე, მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული, რომ თავის დროზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა 11 წლის შემდეგ მოწმეებმა ვეღარ შეძლეს იმავე გარემოებების დადასტურება სააპელაციო ინსტანციაში და აღნიშნულმა გამოიწვია მოსარჩელის გამართლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობით (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანით).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ.ნ-ეს ბრალად დაედო ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 06 ნოემბრის განაჩენით დ.ნ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის და 6 თვის ვადით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ დ.ნ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო დაკავების მომენტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ.ნ-ეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 06 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 8 წელი და 6 თვე და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 06 ნოემბრის განაჩენში. დ.ნ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდა; დ.ნ-ე გათავისუფლდა დაუყოვნებლივ; ამავე განაჩენით დ.ნ-ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის №611აპ-20 განჩინებით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი, თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხ.) არის გათვალისწინებული (სუსგ 2015 წლის 4 ივნისის საქმე №ბს-485-474(2კ-14)). მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს შეადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.

პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი.).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებლი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დ.ნ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა, წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში დ.ნ-ის სასარგებლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერებას.

რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას, იმ პირობებში, როდესაც ერთი მხრივ, მოსარჩელის მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა (საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლო პროცესები), აგრეთვე, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა შეფარდებული და იგი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო მეორე მხრივ, მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 5 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. კასატორი ვერ ასაბუთებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობის არაპროპორციულობას დარღვეულ უფლებასთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე