Facebook Twitter

ბს-333 (კ-23) 18 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ნ-მა 09.08.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 29.07.2022წ. №1000812940 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.09.2022წ. გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 29.07.2022წ. №1000812940 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2023წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. სწორედ ამ ნორმებზე მითითებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაც გახდა სააგენტოს სადავო აქტის გამოცემის საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული. კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მასალების გაცნობის და საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით. ბინადრობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააგენტო ვალდებული იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია გამოეთხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლის წერილითაც დადგინდა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელი იყო. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის პირობებში სააგენტოს არ შეეძლო განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რადგან სააგენტო ვერ მოიპოვებდა განსხვავებულ მტკიცებულებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მ. ნ-ის სახელზე აღრიცხულია ქ. თბილისში, ...ის შესახვევი, N368-ში მდებარე 681 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 390.07 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა. დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ 30.06.2022წ. მომზადებული დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 516 000 ლარს, რაც შეფასების დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით შეადგენს 176 200 აშშ დოლარს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიებს უძრავი ქონების ღირებულებასთან მიმართებით. საქმის მასალებიდან, მათ შორის, სადავო აქტიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა. სსკ-ის 404.1 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 25.07.2022წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. საკასაციო სასამართლოს მიერ 01.12.2023წ. №ბს-333(კ-23) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მ. ნ-ის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსარჩელის სახელზე სააგენტოს ერთხელ უკვე ჰქონდა გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. მართალია, ბინადრობის ნებართვის ადრე გაცემა არ ავალდებულებს ორგანოს ყოველი შემდეგი მოთხოვნისას დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება, თუმცა მნიშნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი იყოს და შესაბამის დასაბუთებას ეფუძნებოდეს. კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას.

კასატორის მითითება, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში იგი ვერ მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას, რადგან მოკლებულია დამატებითი გარემოებების გამოკვლევის შესაძლებლობას, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას, რადგან ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის დასკვნაც არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკლვევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე მიღების შესაძლებლობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის თანახმად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად მიღებას. სასამართლო არ ავალებს სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის რევიზიას ან ამ მიმართულებით ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, თუმცა სააგენტო, სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, როგორც აქტის გამომცემი ორგანო, უნდა იცნობდეს და შეფასებას აძლევდეს დასკვნის დასაბუთებას ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2023წ. განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 14.03.2023წ. №05278 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა