Facebook Twitter

ბს-412(კ-23) 18 მარტი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ.ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2023წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ს-მა 29.06.2021წ. სარჩელით მიმართა რუსთავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.06.2021წ. №08/122/2021 განკარგულების ბათილად ცნობა და გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 11 580კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.

რუსთავის რაიონული სასამართლოს 21.07.2021წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ აღიარების კომისიასთან ერთად მოპასუხეებად დაასახელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და დამატებით მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.08.2021წ. №1/6-143 ბრძანების, საჯარო რეესტრის 12.08.2021წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 11 580 კვ.მ. ნაკვეთზე მოსარჩელის მესაკუთრედ რეგისტრაციის საჯარო რეესტრისთვის დავალება.

რუსთავის რაიონული სასამართლოს 05.10.2022წ. გადაწყვეტილებით, გ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.06.2021წ. №08/122/2021 განკარგულება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.08.2021წ. №1/6-143 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული 12.08.2021წ. №... რეგისტრაციის გადაწყვეტილების თაობაზე მსჯელობა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და გ.ს-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2023წ. გადაწყვეტილებით, გ.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის 05.10.2022წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის მიმართ არსებული მოთხოვნები გამორიცხავს ერთმანეთს, ვინაიდან აღიარების კომისიის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე გ.ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში, აღნიშნული იმთავითვე წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის ნაკვეთის გ.ს-ის სახელზე რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.08.2021წ. №1/6-143 ბრძანება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 12.08.2021წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა სახელმწიფო, მხარის იურიდიული ინტერესის და საკითხის მომწესრიგებელი საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, ზიანს არ აყენებს მოსარჩელე მხარეს, შესაბამისად, აღნიშნული აქტების გასაჩივრებას არ ჰქონდა იურიდიული მნიშვნელობა, ამასთან, საჯარო რეესტრს 12.08.2021წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე მსჯელობა დაევალა, ამ აქტის ბათილად ცნობის გარეშე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისთვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დასადასტურებლად კანონი არ ეყრდნობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის, მოწმეებთან ერთად სახეზე უნდა იყოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტიც, რაც განსახილველ შემთხვევაში აპელანტის (მოსარჩელის) გ.ს-ის მიერ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარდგენილი. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით. საქმეში არსებული მასალების შესწავლა, მტკიცებულებების გამოკვლევა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა ცხადყოფს, რომ გ.ს-ს არ გააჩნია/არ გააჩნდა საპირწონე მტკიცებულებები. საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.ს-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ აღიარების კომისიის სადავო განკარგულებაში მითითებული არ არის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული აქტი ეწინააღმდეგება სზაკ-ით დადგენილ მოთხოვნებს. კომისიის განკარგულებაზეა დამოკიდებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.08.2021წ. ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებული 12.08.2021წ. გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. კასატორმა მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნტებზე, 51.3 მუხლზე და აღნიშნა, რომ მის მიერ შესრულდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეთქვა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს. მოცემულ შემთხვევაში გ.ს-ი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით. მითითებული კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში უკეთუ დასტურდება კანონის ამოქმედებამდე მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება. დასახელებული წინაპირობების არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი, მოწმის ჩვენება კი არის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე (2.1 მუხ. „თ“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს მოწმეთა შ.ჯ-ის, ა.ბ-ის და გ.ხ-ის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც მოწმეები ადასტურებენ სადავო მიწის ნაკვეთის გ.ს-ის მიერ 1998 წლიდან ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. საქმის მასალებში დაცული საქართველოს საპატრიარქოს ...ის 1997 წლის მიწათსარგებლობის გეგმიდან საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ამონარიდის თანახმად, აღნიშნული ტერიტორია აღრიცხული იყო როგორც ორგანიზაციების მიწები. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, ასაღიარებელი ნაკვეთი შემოსაზღვრულია ბეტონის ფილებით, მასზე განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობები, რომელიც არ ფუნქციონირებს, ქონებას ფლობისა და სარგებლობის კვალი არ ეტყობა, ობიექტი იყო ..., რომელიც 90-იანი წლებიდან აღარ ფუნქციონირებს. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლების დასადასტურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებს და სხვა სახის, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51.3 მუხლიდან გამომდინარე, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სადავო ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ვერ დადგინდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა განცხადებებით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მეზობლების განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში სამი პირის წერილობითი განმარტება არ ცვლის საქმის გარემოებას (სუსგ 23.03.2020წ. საქმე №ბს-1338(კ-18)). აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის მიერ ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს, არ წარმოადგენენ ასაღიარებელი ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებს ან/და მფლობელებს. საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის 07.05.2021წ. სამსახურებრივი ბარათი, ასევე გ.ს-ის დაკვეთით შესრულებული 18.03.2021წ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ტ. 1, ს.ფ. 74-75) შეიცავს ინფორმაციას ასაღიარებელი უძრავი ნივთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 193-194), მათ შორის მითითებული არ არიან ის პირები (მოწმეები), რომლებიც გ.ს-ის მიერ ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს ადასტურებენ. აღნიშნული გარემოება ასევე დგინდება სიტუაციური ნახაზით (ტ. 2, ს.ფ. 270), სადაც ასახულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და იმ ნაკვეთის ურთიერთგანლაგება, რომელზეც თანასაკუთების უფლება მოწმეებს შ.ჯ-ს, ა.ბ-ს გააჩნიათ (ტ. 1, ს.ფ. 209-210). ამდენად, იმის გარდა, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ არის საკმარისი დოკუმენტი ნაკვეთზე საკუთრების უფლების ასაღიარებლად, ასევე არ დგინდება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ, მომიჯნავედ ან/და მიმდებარე ტერიტორიის არეალში აღნიშნულ პირთა (მოწმეთა) საკუთრება ან/და მფლობელობა. აღნიშნული გარემოება, სხვა მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით, უფრო ნაკლებად ქმნის მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოდ მიჩნევისა და გაზიარების საფუძველს. სასკ-ის 17.1 მუხლის შესაბამისად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და სასამართლოში წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს (მოსარჩელეს) საქმეზე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე. ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები ადასტურებენ თვითნებურ ფლობას სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომლითაც სადავო ნაკვეთის თვითნებური დაკავება დადასტურდებოდა.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული კომისიის განკარგულებაზეა დამოკიდებული სადავო სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს 11.08.2021წ. ბრძანებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.08.2021წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონი ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. მითითებული კანონი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ითვალისწინებს ამავე კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ერთ-ერთ პირობას შეადგენს პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის მართლზომიერად დაუფლება ან თვითნებურად დაკავება (მე-2 მუხ., „ა“, „გ“ ქვ.პ.), შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არებული მიწის ნაკვეთები. სწორედ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის ფაქტი განაპირობებს კონკრეტულ შემთხვევაში „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის გავრცელების შესაძლებლობას. უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელ გარემოებას. თუ პირი აკმაყოფილებს საკუთრების უფლების აღიარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი წესითა და პროცედურების დაცვით, ხორციელდება მისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა (სუსგ 18.09.2023წ. საქმე №ბს-732(2კ-21)). ამდენად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების მოთხოვნა, დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო გ.ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2023წ. გადაწყვეტილება;

3. გ.კ-ას (პირადი ნომერი...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.07.2023წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა