საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-95(კ-24) 13 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ს-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 10 მაისს გ. ს-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 19 აპრილის №02/23/შ/პ/ზ-026 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის გ. ს-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 19 აპრილის №02/23/შ/პ/ზ-026 გადაწყვეტილება და დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ. ს-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლზე, 43-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4 ნაწილებზე, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6, მე-13 მუხლებზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ იმსჯელა ხუთი ძირითადი კრიტერიუმით დადგენილ ჩარჩოში და შეაფასა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება. საბჭომ მიიჩნია, რომ დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმები.
პალატამ მიუთითა, რომ მართალია სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა პატიმრობის კოდექსი და მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“ იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას. აღნიშნული კი, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საბჭომ, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს ე.წ. მოქმედების ნულოვან თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, რადგანაც არ არსებობს როგორც სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ასევე - სრული მოწესრიგება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)).
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებსა და კანონმდებლის მიზანს, ნაკარნახევი იყოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით მიღებული საუკეთესო შედეგით. პალატის მოსაზრებით, ვინაიდან სადავო საკითხი შეეხება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლას, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების შემოწმება გამკაცრებული ტესტის გამოყენებით ხორციელდება, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ფორმალური მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასა და მისი გამოცემისას კანონით რეგლამენტირებული პროცედურის დაცვაზე, საკმარისი არ არის.
ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, არ ნიშნავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. შესაბამისად, პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საბჭოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას ადგილი არ ჰქონია და ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: გ. ს-ის აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიით ინჟინერი - გზების მშენებელია. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და შვილები, ასევე შვილიშვილები, ხანდაზმული მშობლები. ხშირი კომუნიკაცია აქვს ტელეფონისა და პაემნების მეშვეობით. მისი განმარტებით, აქვს ცვლილებების მოტივაცია, კონსტრუქციული სამომავლო გეგმები, რომელიც ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვას და შრომითი საქმიანობის გაგრძელებას უკავშირდება. აქვს კონკრეტული შემოთავაზებები, რომლის რესურსის გამოყენებას აპირებს გათავისუფლებისთანავე. გ. ს-იმა დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასვლისთანავე გამოხატა სურვილი ჩართულიყო დაწესებულების სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში, კერძოდ, გაიარა ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება, გერმანული ენის სასწავლო კურსი. იგი ჩაერთო შემთხვევის მართვის პროცესში, რომლის ფარგლებში გაეწერა სასჯელის ინდივიდუალური გეგმა. პასუხისმგებლობით ეკიდება პროცესს. გადის ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამას: ,,კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება.’’ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მას დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია. უფრო მეტიც, ის დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. მსჯავრდებულს თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება. ამასთან, იგი წარსულში ნასამართლობის არმქონეა. გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ მართალია სისხლის სამართლის საქმეში გ. ს-ის დაზარალებული არ ჰყავს და ზიანის ანაზღაურება დაეკისრა ორგანიზაციას, თუმცა საქმეში წარმოდგენილია სს საგზაო კომპანია ,,თ...ს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის 2023 წლის 11 აპრილის წერილი, რომლის თანახმად, სააქციო საზოგადოების აქციონერთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თანხმობას აცხადებენ გ. ს-ისთვის მისჯილი სასჯელის ვადის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა წინააღმდეგობაში არ მოდის სასჯელის მიზანთან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გ. ს-ის პიროვნული მახასიათებლების შესახებ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საჭირო აღარ იყო მის მიმართ დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდა და მას უნდა მისცემოდა საცხოვრებელ ადგილზე, ოჯახურ გარემოში სრულყოფილი რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ქმნიდა გ. ს-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძველს. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით დასტურდებოდა, რომ საბჭომ 2023 წლის 19 აპრილის №02/23/შ/პ/ზ-026 გადაწყვეტილების მიღებისას არ დაიცვა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელმაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გონივრული და ობიექტური შეფასების პირობებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეული კრიტერიუმი უნდა შეფასდეს დეტალურად, მათი შინაარსისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების პირობებში. შესაბამისად, თითოეული კრიტერიუმი საქმის ინდივიდუალურობისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მათი შესწავლის პირობებში, ფასდება დადებითად ან უარყოფითად. მხოლოდ დადებითად ან უარყოფითად შეფასებული კრიტერიუმების სიჭარბე/რაოდენობა უპირობოდ და ავტომატურად არ წარმოადგენს გათავისუფლების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. საკითხის სწორად გადაწყვეტა დამოკიდებულია დადებითად ან უარყოფითად შეფასებული კრიტერიუმების შინაარსზე/მნიშვნელობაზე, წონაზე, ხარისხზე და არამხოლოდ ფორმალურად მათ რაოდენობაზე.
კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგილობრივ საბჭოს არ აკისრებს ვალდებულებას სასჯელის ნაწილის მოხდის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენოს მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათები. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი - ფორმალური და მატერიალური კანონიერება. საბჭოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ დადებითი კრიტერიუმების უგულებელყოფას. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საბჭოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საბჭოს შეფასება სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით, გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში (კერძო სექტორში) ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით, ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენში; გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში (კერძო სექტორში) ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება. გ. ს-ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 11 სექტემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. ამასთან, 2022 წლის 12 აპრილის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გ. ს-ის მოსახდელი სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 19 აპრილის №02/23/შ/პ/ზ-026 გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ 2023 წლის 19 აპრილს, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ის დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღება და ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ნასამართლევი არ არის, თუმცა ყურადღება გაამახვილა გ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე, სახეზეა მსჯავრდებულის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება დამამძიმებელ გარემოებებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც მსჯავრდებული საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა. ამასთან, მისი ქმედებით სახელმწიფოსთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა ჯამში შეადგინა 5 337 341 ლარი. საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ არ იკვეთებოდა მსჯავრდებულის ქცევის დადებითი განვითარების დინამიკა, ვინაიდან მართალია იგი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, თუმცა მის მიმართ არც წახალისების რომელიმე ღონისძიება ყოფილა გამოყენებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმები. შესაბამისად, შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ს-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, მოცემულ ეტაპზე, არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი პატიმრობის კოდექსი, ამჟამად მოქმედი პენიტენციური კოდექსი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი” იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას.
პატიმრობის კოდექსის (ძალადაკარგულია პენიტენციური კოდექსის საფუძველზე, 2024 წლის 1 იანვრიდან) პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამსახურის ადგილობრივი საბჭო არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. მითითებული კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველ მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული წესის მე-13 მუხლი განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს. შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება. შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა, არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სასჯელის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია (პირის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართული პროცესი), სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლასთან დაკავშირებული თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, საბოლოოდ უნდა დადგინდეს, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებულის ყოფაქცევა და მისი გამოსწორებისათვის არსებობს თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდის საჭიროება პენიტენციურ დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ხაზგასმულია მსჯავრდებულთან დაკავშირებული არაერთი დადებითი გარემოება.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, გ. ს-ის სასჯელის მოხდა განსაზღვრული აქვს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სასჯელის მოხდის პერიოდში მას დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია, იგი იცავს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ მოვალეობებს, დაწესებულების თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური ურთიერთობა. ამასთან, გ. ს-ი წარსულში ნასამართლევი არ არის. მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიით ინჟინერი, გზების მშენებელია. მსჯავრდებული არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე, შვილები, შვილიშვილი და ხანდაზმული მშობლები. მშობლებს აქვთ ნაწილობრივ შეზღუდული შესაძლებლობები და საჭიროებენ მოვლას. გ. ს-ის სოციალური თანადგომის ქსელთან აქვს მჭიდრო და ძლიერი კავშირი, ხშირი კომუნიკაცია ტელეფონის და პაემნების მეშვეობით. ოჯახს აქვს დამაკმაყოფილებელი მატერიალური მდგომარეობა. მსჯავრდებულს აქვს ცვლილების მოტივაცია და კონსტრუქციული სამომავლო გეგმები, რომელიც ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვას და შრომითი საქმიანობის გაგრძელებას უკავშირდება. მისივე განმარტებით, აქვს კონკრეტული შემოთავაზებები, რომლის გამოყენებას აპირებს გათავისუფლებისთანავე. გ. ს-იმა დაბალი რისკის დაწესებულებაში გადასვლისთანავე გამოხატა სურვილი ჩართულიყო დაწესებულების სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში, გაიარა ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების და გერმანული ენის სასწავლო კურსი. ასევე, იგი მონაწილეობას იღებს ფეხბურთის ტურნირებში და გადის პოლიტოლოგიის კურსს. ჩაერთო შემთხვევის მართვის პროცესში, რომლის ფარგლებში გაეწერა სასჯელის ინდივიდუალური გეგმა. პასუხისმგებლობით ეკიდება პროცესს. ამასთან, იგი გადის ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამას: ,,კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება.“ გარდა ამისა, მსჯავრდებულის განმარტებით, მას დაზარალებული არ ჰყავს, ზარალის ანაზღაურება დაეკისრა ორგანიზაციას (საგზაო დეპარტამენტმა უჩივლა ს.კ. „...ს“ და დაეკისრა ზარალის ანაზღაურება). აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „...ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის 2023 წლის 11 აპრილის წერილი, რომლის თანახმად, საგზაო კომპანია „...ის“ აქციონერთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თანხმობას აცხადებენ გ. ს-ისთვის სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელესთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რატომ მიენიჭა უპირატესობა მსჯავრდებულთან დაკავშირებულ მხოლოდ უარყოფით მხარეს - ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და რატომ ვერ გადაწონა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმები. სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა სათანადო წინაპირობები, არსებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის გათვალისწინებით, დადებითად გადაეწყვიტა გ. ს-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხი. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კასატორმა არ დაიცვა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე