საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-20(კ-24) 13 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ქ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ქ-ამ 2021 წლის 16 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და 2022 წლის 10 ნოემბერს სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 მარტის N03/3411 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, დ. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების კრიტერიუმების გარეშე განხილვის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 მარტის N03/3411 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე დ. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვა კრიტერიუმების გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. პალატის მითითებით, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე შენობა (...ს შენობა) არის ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 03 დეკემბერს სხდომაზე (ოქმი N77) განხილულ იქნა მითითებულ შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი და მოხდა მათი განსახლება კრიტერიუმების გარეშე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 09 აგვისტოს N03-7800 სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ დ. ქ-ას ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი არ განხილულა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, მისი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის არცხოვრება ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქუჩა N...-ში (...ს შენობა). პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტულ დღეს, სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე, არ ადასტურებს აღნიშნულ შენობაში მისი არცხოვრების ფაქტს, მით უფრო იმ პირობებში, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მისი ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი.
რაც შეეხება სააგენტოს მითითებას, რომ გასაჩივრებული აქტი ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტია და არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ან უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სწორედ გასაჩივრებული აქტით ეცნობა მოსარჩელეს, რომ მისი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი არ განხილულა, აღნიშნული კი წარმოადგენდა სწორედ კრიტერიუმების გარეშე განსახლებაზე უარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის მითითებით, სასამართლოების ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივად მაცხოვრებელს - დ. ქ-ა 2020 წლის 26 ივნისს ობიექტის აღწერის დროს სადავო მისამართზე არ იმყოფებოდა, ამდენად, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მოსარჩელის განსახლების საკითხის განხილვის საფუძველი. სააგენტო თვლის, რომ საქმეში დაცული და სასამართლოების მიერ გაზიარებული მტკიცებულებები არ ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტზე ცხოვრების ფაქტს. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, განსახილველ ეტაპზე არ არსებობს დ. ქ-ას ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხის განხილვის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე დ. ქ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დ. ქ-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა N..., მე-... სართული.
2021 წლის 23 თებერვალს დ. ქ-ამ N8461 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მიუთითა, რომ ზუგდიდში, ნგრევადი ობიექტებიდან გაყვანილ იქნენ ბინით დაკმაყოფილებული მოქალაქეები. ვინაიდან იგი ვერ მოხვდა აღნიშნულ სიაში და არც უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებაზე, მოითხოვა ბინით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზის წერილობით განმარტება.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 მარტის N03/3411 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის N77 ოქმის შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვის მიზნით, განხორციელდა მათში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განსახლება. დ. ქ-ას ოჯახის ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N77) არ განხილულა, ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ამავე აქტში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა განხორციელდება შევსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადისა და მინიჭებული ქულების შესაბამისად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საქმეში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 ნოემბრის N007929319 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე შენობის (...ს შენობა) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას, წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის N77 ოქმითაც დასტურდება, რომ ქ. ზუგდიდში, ...ს ქ.N...-ში მდებარე ობიექტი წარმოადგენს ნგრევად, სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს. ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მოსარჩელე დ. ქ-ას დევნილი ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მათი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო და ამდენად, არ მოახდინა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
კასატორი მიუთითებს, რომ დ. ქ-ა 2020 წლის 26 ივნისს ობიექტის აღწერის დროს სადავო მისამართზე არ იმყოფებოდა, ამდენად არ არსებობდა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მოსარჩელის განსახლების საკითხის განხილვის საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე, კონკრეტული მონიტორინგის დროს, ობიექტური მიზეზით იმყოფებოდა სხვა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვასა და ბინით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. საცხოვრებლად უვარგის ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ასეთ ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება, როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტს ადასტურებს საქმის მასალებში დაცული ქ. ზუგდიდის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 22 მარტის N20 ცნობა, რომლის თანახმად, დ. ქ-ა 2000 წლიდან ცნობის გაცემის თარიღამდე ნამდვილად ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ს ქ. N...-ში მდებარე ობიექტში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სს „ე...ს“ აბონენტის ბარათიდან ამონაწერით დასტურდება, რომ დ. ქ-ას სახელზე რეგისტრირებულ N... აბონენტის ნომერზე, მისამართი: ზუგდიდი, ...ს ქუჩა N..., ...ს შენობა (...), 2014 წლის 18 ივლისიდან 2021 წლის 23 მარტამდე, ფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარება. საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 30 მარტის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დგინდება აგრეთვე, რომ ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა N...-ში (...ს შენობა) მცხოვრები დ. ქ-ას მეზობლები ადასტურებენ დ. ქ-ას 2000 წლიდან სადავო მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ამასთან, დ. ქ-ას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულის გასაქარწყლებლად რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია.
საქმეში დაცული დოკუმენტაციით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში სხვა საცხოვრებლის არსებობა, შესაბამისად, არსებობს კრიტერიუმების გარეშე დ. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის შეუძლებლობა, მისი ბინით დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დ. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების კრიტერიუმების გარეშე განხილვის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე