№ბს-339(კ-23) 20 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ. ჩ-ე, მ. ხ-ი, ნ. ჩ-ე, თ. რ-ე, რ. ჩ-ე, ზ. დ-ე, მ. გ-ე
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს მთავრობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ჩ-ემ, მ. ხ-იმა, ნ. ჩ-ემ, თ. რ-ემ, რ. ჩ-ემ, ზ. დ-ემ, მ. გ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 24 აგვისტოს №03/15059 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) მოპასუხე საქართველოს მთავრობას გ. ჩ-ეისა და მ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 ლარის გადახდა; გ) მოპასუხე საქართველოს მთავრობას ნ. ჩ-ეის, თ. რ-ეისა და რ. ჩ-ეის სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 ლარის გადახდა; დ) მოპასუხე საქართველოს მთავრობას ზ. დ-ეისა და მ. გ-ეის სასარგებლოდ სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 ლარის გადახდა.
სარჩელის თანახმად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რეპუბლიკის გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 16 აგვისტოს №1307 მომართვის საფუძველზე, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით ნება დაერთო ხულოს რაიონის ზოგიერთ მაცხოვრებლებს ეროზიის გამო, ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონის ...ს ...ში. აღნიშნული სიის 34 ნომრად მითითებული არიან ნ., თ. და რ. ჩეები, ხოლო 35-ე ნომრად გ. ჩ-ე (მშობლები გარდაიცვალნენ). 1990 წლის 18 ივლისის №1944 გადაწყვეტილებით აღნიშნულ სიას დაემატა ზ. დ-ე და მისი მეუღლე მ. გ-ე. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით შეიცვალა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის ...ს მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისთვის დასახლებული ფართობები, კერძოდ, სოფ. ...ში გამოიყო ჩამოსახლებული 75 ოჯახისთვის 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ასევე, დაევალა გარდაბნის რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, გამოცხადდეს ტენდერი და აჭარიდან სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. ვინაიდან, 1997 წლის №750 პრეზიდენტის ბრძანებულება არ შესრულდა, ჩამოსახლებული ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა აღძრა სარჩელი სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დარეგულირდა აღნიშნული საკითხი. დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულებით დაევალა ,,ლტოლვილთა’’ სამინისტროს გეგმის შემუშავება ოჯახების დასაკმაყოფილებლად, რის შემდეგაც 2017 წლის 9 ივნისს №1182 მთავრობის განკარგულებით სახ. ბიუჯეტიდან გამოიყო 800 000 ლარი 16 ოჯახის საკომპენსაციოდ, რაც მოყვანილ იქნა სისრულეში და თითოეულ ოჯახზე გაიცა 50 000 ლარი. მოსარჩელეებმა 2021 წლის 14 ივლისს განცხადებით მიმართეს საქართველოს მთავრობას, რომელმაც 2021 წლის 15 ივლისს განცხადება გადაუგზავნა მოპასუხეს, თავის მხრივ, მოპასუხემ 2021 წლის 24 აგვისტოს აქტით მოსარჩელეებს განუმარტეს, რომ მათ უნდა მიემართათ სასამართლოსათვის.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ეის, მ. ხ-ის, ნ. ჩ-ეის, თ. რ-ეის, რ. ჩ-ეის, ზ. დ-ეისა და მ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 24 აგვისტოს №03/15059 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების განცხადებასთან დაკავშირებით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების ოჯახი სულ 41 ოჯახთან ერთად შეყვანილ იქნა სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა სიაში; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის ...ს მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის, დასახლებული ფართის შეცვლის მიზნით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ს გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის თაობაზე, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროსთვის გამოეძებნა საჭირო თანხა; გ) მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ითხოვეს განკარგულების გამოცემა, რომლის შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალებოდა მოსარჩელის ოჯახისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, მოსარჩელეების განცხადება, 2021 წლის 15 ივლისს, განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს; დ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 24 აგვისტოს №03/15059 აქტის თანახმად, სააგენტომ განიხილა ზემოაღნიშნული მიმართვა, განმარტა, რომ 1990-იან წლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული ოჯახების ჩასახლება განხორციელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ამათგან, გარკვეულმა ოჯახებმა სამივე ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების საფუძველზე მიიღეს კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით. ანალოგიური სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ნოემბრის №2271 განკარგულების შესაბამისად დღესაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ორი ოჯახის განსახლების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელეების საკითხის გადაწყვეტის მიზნითაც არსებობდეს ანალოგიური სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, იგი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დაზარალებული ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. კერძოდ, შეაფასოს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობების მდგომარეობა, შეისწავლოს მათი საჭიროებები - წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ამასთან, მოიძიოს დამატებითი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის რომ მოსარჩელეები არიან აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მათი ოჯახები ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით, შეყვანილი იქნა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სიაში. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ითხოვეს განკარგულების გამოცემა, რომლის შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალებოდა მოსარჩელის ოჯახისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, მოსარჩელეების განცხადება, 2021 წლის 15 ივლისს, განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის განცხადების საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 24 აგვისტოს №03/15059 გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეებს განემარტათ, რომ განსახლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ განიხილა უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხი, ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მსგავს მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სხვა ეკომიგრანტების სასარგებლოდ, რომელთა შორის მოსარჩელეები არ იყვნენ. ამასთან, არ განუხილავს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ უმსჯელია მოსარჩელეთათვის, როგორც ეკომიგრანტისთვის კომპენსაციის სახით 50000 ლარის გადაცემის საკითხზე, რაც წარმოადგენდა მოსარჩელეების მოთხოვნას. მოპასუხის მითითება სამართლებრივი დოკუმენტის არ არსებობაზე არის უგულებელყოფა იმ აქტების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოების მიერ 1989 წლიდან არის გამოცემული კონკრეტული ეკომიგრანტად აღიარებული პირების მიმართ, რომლებიც უფლებამოსილ ორგანოს ავალებენ საკითხის გადაწყვეტას. გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული ვალდებულებისა, რაც მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აკისრია, არსებობს არაერთი დოკუმენტი, რომელთა საფუძველზეც მას უნდა ემსჯელა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხოლო თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და შესაბამისად, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. იმ შემთხვევაშიც, კი თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობისას მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გარკვეულმა ოჯახებმა სამივე ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების საფუძველზე მიიღეს კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხე მხარე ითხოვს, რომ მოსარჩელეებმაც გაიარონ იგივე სამართლებრივი გზები, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე Nბს-157(კ-21)), სადაც პალატამ განმარტა, რომ 2013 წლის 12 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებას მხარეს არ წარმოადგენდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის N285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილებებით დაზარალებული ყველა ოჯახი, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ ქმნიდა სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სოციალური უფლებების დაცვასა და განხორციელების უზრუნველყოფაზე უარის თქმის წინაპირობას, ასევე, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის არგუმენტაცია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. საქმეზე არსებული ფაქტობრივი მოცემულობისა და თავად სადავო აქტის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე პალატამ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ განიხილა უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხი, ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მსგავს მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სხვა ეკომიგრანტების სასარგებლოდ, რომელთა შორის მოსარჩელეები არ იყვნენ. ამასთან, არ განუხილავს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ უმსჯელია მოსარჩელეთათვის, როგორც ეკომიგრანტისთვის კომპენსაციის სახით 50000 ლარის გადაცემის საკითხზე, რაც წარმოადგენდა მოსარჩელეების მოთხოვნას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის მითითება სამართლებრივი დოკუმენტის არ არსებობაზე არის უგულებელყოფა იმ აქტების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოების მიერ 1989 წლიდან არის გამოცემული კონკრეტული ეკომიგრანტად აღიარებული პირების მიმართ, რომლებიც უფლებამოსილ ორგანოს ავალებენ საკითხის გადაწყვეტას. გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული ვალდებულებისა, რაც მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აკისრია, არსებობს არაერთი დოკუმენტი, რომელთა საფუძველზეც მას უნდა ემსჯელა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლისა და ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციებით და მიიჩნია, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხოლო თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო აქტი და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაავალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები ვერ უთითებენ ვერცერთ ნორმატიულ აქტსა თუ სხვა რაიმე დებულებაზე, რომელიც სააგენტოს ვალდებულებას ან თუნდაც უფლებამოსილებას მიანიჭებდა, რომ მათ ოჯახებზე, როგორც სტიქიით დაზარალებულებზე, გაეცა საკომპენსაციო თანხა. რაც შეეხება, 1990 წლის მთავრობის დადგენილებებს და პრეზიდენტის ბრძანებულებას, სააგენტო არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც ამ აქტების აღსრულების უფლებამოსილება და ვალდებულება გააჩნია. საქართველოს მთავრობის №1182 განკარგულების №1 დანართში მოცემული 16 ოჯახი და №2 დანართში მოცემული 20 ოჯახი დაკმაყოფილდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საგამონაკლისო წესით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სააგენტო მოცემულ სამართალურთიერთობაში არ წარმოადგენდა და ვერც იქნებოდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ვინაიდან 1990-იან წლებში გამოცემული აქტებით, აქტების აღსასრულებლად განსაზღვრულია სხვა ადმინისტრაციული ორგანოები. ამასთან, არც ზემოხსენებული აქტებით და არც მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სტიქიით დაზარალებული ოჯახების უზრუნველყოფა საკომპენსაციო თანხებით. კომპენსაციით უზრუნველყოფა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, კონკრეტული სამართალურთიერთობის შეთანხმების ფარგლებში და ის ვერ გასცდება მოცემული განკარგულებით განსაზღვრულ პირთა წრეს.
კასატორის განმარტებით, გ. ჩ-ეს გააჩნია რამდენიმე უძრავი ქონება, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო მამისგან - დ. ჩ-ეისგან, ... წლის 4 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, კერძოდ: 1) 2012 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მამა - დ. ჩ-ე გახდა უძრავი ნივთის (38 კვ.მ ფართობი) მესაკუთრე მისამართზე გარდაბანი, სოფელი ... (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 8788.00 კვ.მ, სხვა ფართი: შენობა-ნაგებობები: №1 ფართი - 20.02 კვ.მ, №2 ფართი - 651.97 კვ.მ, №3 ფართი -904.43 კვ.მ, №4 ფართი - 49.85 კვ.მ, №5 ფართი - 25.25 კვ.მ, ს/კ ...); 2) გარდაბანი, სოფელი ..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 4000.00 კვ.მ, ს/კ ...; 3) 1994 წლის 2 მაისის მიღება-ჩაბარების №170 აქტის საფუძველზე გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 2002 კვ.მ, ს/კ ....
კასატორის მითითებით მოსარჩელე ნ. ჩ-ეს გააჩნია უძრავი ქონება გარდაბანში, სოფელ ...ში და სოფელ ...ში, კერძოდ: 1) 1994 წლის 2 მაისის მიღება-ჩაბარების №171 აქტის საფუძველზე, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1998.00 კვ.მ, ს/კ ...; 2) 1994 წლის 2 მაისის მიღება-ჩაბარების №171 აქტის საფუძველზე, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 4000.00 კვ.მ, ს/კ ...; 3) 2012 წლის 27 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გარდაბანში, სოფელ ...ში 54 კვ.მ ფართობი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი: 8788.00 კვ.მ, სხვა ფართი: შენობა ნაგებობები: №1 ფართი - 20.02 კვ.მ, №2 ფართი - 651.97 კვ.მ, №3 ფართი - 904.43 კვ.მ, №4 ფართი - 49.85 კვ.მ, №5 ფართი - 25.25 კვ.მ, ს/კ ...); 4) 2021 წლის 22 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ ...ში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 250.00 კვ.მ, ს/კ ....
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე ზ. დ-ეს გააჩნია უძრავი ქონება გარდაბანში, სოფელ ...ში, კერძოდ: 1) 2012 წლის 14 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზ. დ-ემ შეიძინა 54 კვ.მ ფართობი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი: 8788.00 კვ.მ, სხვა ფართი: შენობა-ნაგებობები: №1 ფართი - 20.02 კვ.მ, №2 ფართი - 651.97 კვ.მ, №3 ფართი - 904.43 კვ.მ, №4 ფართი - 49.85 კვ.მ, №5 ფართი - 25.25 კვ.მ, ს/კ ...); 2) გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2000.00 კვ.მ, ს/კ ...; 3) 2006 წლის 13 სექტემბრის ...ს საკრებულოს მიერ გაცემული №390 ცნობის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 4000.00 კვ.მ, ს/კ .... მოსარჩელე მ. გ-ეს გააჩნია ასევე უძრავი ქონება გარდაბანში, სოფ. ...ში, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 600.00 კვ.მ, ს/კ ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 (უფლების დამდგენი დოკუმენტი - საარქივო ცნობა და მუნიციპალიტეტის წერილი).
კასატორის განმარტებით, გ. ჩ-ე და მ. ხ-ი წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს, ნ. ჩ-ე, თ. რ-ე და რ. ჩ-ე - ერთი ოჯახის წევრებს, ხოლო ზ. დ-ე და მ. გ-ე ცალკე ოჯახის წევრებს. საჯარო რეესტრის ამონაწერებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელეები სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებულნი არიან უძრავი ქონებით, კერძოდ, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახებზე ქონების გადაცემა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა სიმბოლურ ფასად და ამგვარი ფორმით ქონების გადაცემა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ქონების პრივატიზების სხვა ფორმას არ ითვალისწინებდა. ამასთან, ქონების გადაცემის საფუძველი, გარდა მითითებული გარემოებისა, არ არსებობდა. შესაბამისად, მოსარჩელეები სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სტიქიით დაზარალებულები, უკვე დაკმაყოფილებულნი არიან ალტერნატიული უძრავი ქონებით და მათი ხელმეორედ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 24 აგვისტოს სადავო წერილით მოსარჩელეებს უარი ეთქვა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივლისის №24733 განცხადების განხილვაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების გამოცემის საფუძველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის №3ბ/453-12 გადაწყვეტილება გახდა, რომელშიც მითითებულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე საქართველოს მთავრობის განკარგულების დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. ამ პირთა შორის მოსარჩელეთა ოჯახები არ იყვნენ მოხსენიებულნი. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, საგამონაკლისო წესით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განეხილა მოსარჩელეთა ოჯახების საკოპენსაციო თანხით დაკმაყოფილების საკითხი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილებითა და 1997 წლის 22 დეკემბრის №750 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მოსარჩელეთათვის, როგორც სტიქიით დაზარალებულებისათვის (სულ 75 ოჯახი), გარდაბნის რაიონის, სოფელ ...ში გამოყოფილ იქნა 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა აეშენებინათ საცხოვრებელი სახლები. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით გარდაბნის რაიონის გამგეობას, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ 1989 წელს აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახის განსახლება. მოცემული ბრძანებულება წლების განმავლობაში არ აღსრულებულა, რასაც მოჰყვა 75 ეკომიგრანტი ოჯახიდან 49 მათგანის მიერ, ჯერ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვა ზემოხსენებული აქტების აღსრულების მიზნით, ხოლო შემდგომ უკვე სასამართლოში გასაჩივრება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 49 ეკომიგრანტი ოჯახის (მათ შორის არ იყვნენ მოსარჩელეები) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მათი დაკმაყოფილების საკითხის განხილვა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულებით სამინისტროს დაევალა ზემოხსენებულ პირთა საკითხის განხილვის შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი განსახლების მიზნით. სამინისტრომ შეისწავლა ზემოხსენებულ პირთა საკითხი და მიაწოდა სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას 2016 წლის 25 მარტის წერილით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებით სამინისტროს დაევალა ზემოხსენებული 49 ეკომიგრანტი ოჯახიდან ნაწილი მათგანის დაკმაყოფილება საკომპენსაციო თანხით, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ. მოსარჩელეების - გ. ჩ-ეის, მ. ხ-ის, ნ. ჩ-ეის, თ. რ-ეის, ზ. დ-ეის და მ. გ-ეის ოჯახები ზემოხსენებულ 49 ოჯახს შორის არ ყოფილან მოხსენიებულნი. შესაბამისად, მათ სასარგებლოდ სააგენტოსათვის არც სასამართლოს და არც საქართველოს მთავრობას, კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა ან/და სამოქმედო გეგმის შემუშავება არ დაუვალებია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით სულ 41 ოჯახს, მათ შორის, ნ. ჩ-ეის (ოჯახის წევრები: რ-ე თ. და თ. ჩ-ე) და გ. ჩ-ეის (ოჯახის წევრები: დ. ჩ-ე, გ. ბ-ე, ნ. ჩ-ე) ოჯახებს ნება დაერთო ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონის ...ს ...ში (ტ.1. ს.ფ. 15-21); ბ) ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 18 ივლისის №194/4 გადაწყვეტილებით ნება დაერთო მოქალაქე ზ. დ-ეს მუდმივ საცხოვრებლად ორგანიზებული წესით გადასულიყო გარდაბნის რაიონში (ტ.1, ს.ფ 22); გ) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის ...ს მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის, დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ს გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის თაობაზე. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროსთვის გამოეძებნა საჭირო თანხა (ტ.1, ს.ფ 23); დ) მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ითხოვეს განკარგულების გამოცემა, რომლის შესაბამისად, შესაბამის უწყებას დაევალებოდა მოსარჩელეთა ოჯახისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით კომპენსაციის გამოყოფა (ტ.1. ს.ფ. 13-14); ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მოსარჩელეების განცხადება 2021 წლის 15 ივლისის №GOV02100024960 მიმართვით განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (ტ.1, ს.ფ 78-79); ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან №GOV02100024960 წერილით გადაგზავნილი განცხადების პასუხად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 24 აგვისტოს №03/15059 მიმართვით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ 1990-იან წლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული ოჯახების ჩასახლება განხორციელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. მათგან, გარკვეულმა ოჯახებმა სამივე ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების საფუძველზე მიიღეს კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით. ანალოგიური სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს №1369 განკარგულების შესაბამისად მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ორი ოჯახის განსახლების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია მოსარჩელეების საკითხის გადაწყვეტის მიზნითაც არსებობდეს ანალოგიური სამართლებრივი საფუძველი (ტ.1, ს.ფ 80).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 14.1 მუხლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. ხოლო, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „აჭარის ასს რესპუბლიკაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 06.05.1989წ. №220 დადგენილების თანახმად, აჭარის მთიან ზონაში თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილმა ზვავებმა და მეწყერმა გამოიწვია მრავალი საცხოვრებელი სახლის დანგრევა და დაზიანება, საავტომობილო გზებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მწყობრიდან გამოსვლა (იხ. აგრეთვე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 29.03.1989წ. №151 დადგენილება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეები არიან 1989 წელს აჭარის მთიან რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები, რომლებსაც ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებისა და ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 18 ივლისის №194/4 გადაწყვეტილების საფუძველზე ნება დაერთოთ ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონში. მოპასუხე სადავოდ არ ხდის აგრეთვე იმ გარემოებას, რომ სახელმწიფომ აიღო ეკომიგრანტების განსახლების, მათთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. „საქართველოს სს რესპუბლიკაში სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 14.06.1989წ. №285 დადგენილებით დამტკიცდა სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა ჩასასახლებლად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დავალებანი (1-ლი პ.), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სახაგრომრეწვის კუთვნილი ყველა ობიექტისა და ნაგებობის მშენებლობის შემკვეთის ფუნქციები დაეკისრა საქართველოს სახაგრომრეწვს (მე-6 პ.), სამინისტროებს, უწყებებსა და სამშენებლო ორგანიზაციებს დაეკისრათ ცენტრალიზებულ კაპიტალურ დაბანდებათა ხარჯზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და ობიექტების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა შესრულება (მე-7, მე-10 პ.). იმის გათვალისწინებით, რომ სტიქიამ საცხოვრებლად უვარგისი და საშიში გახადა აჭარის მთიანი ზონის რიგი დასახლებული პუნქტები, დადგინდა ამ ზონის მოსახლეობის სხვა რეგიონებში განსახლების საჭიროება, მიეთითა, რომ მათთვის უნდა მომხდარიყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დაუყოვნებლივ გამოყოფა, განსახლების რეგიონებს შორის მიეთითა გარდაბნის რაიონი, სადაც უნდა მომხდარიყო 50 ოჯახის ჩასახლება („აჭარის ასს რესპუბლიკაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 06.05.1989წ. N220 დადგენილების მე-4, მე-7 პ.). მოგვიანებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 09.10.1989წ. №497 დადგენილებით განისაზღვრა, რომ გარდაბნის რაიონში, საქართველოს ...ის ...ს ექსპერიმენტული მეურნეობის მიწებიდან გამოყოფილ 20 ჰექტარ ფართობზე გათვალისწინებული 50 ოჯახის ნაცვლად უნდა ჩასახლებულიყო 75 ოჯახი (1-ლი პ.) (ანალოგიურ დებულებას შეიცავს აგრეთვე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 10.04.1999წ. №179 დადგენილების მე-6 პუნქტი და აღნიშნული დადგენილების №1 დანართი).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საფრთხის შემცველი ეკოლოგიური ფაქტორები აიძულებენ ადამიანებს სამუდამოდ დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა ეკომიგრანტების, ანუ იმ პირთა უფლებების დაცვა, რომელთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას არსებული სტიქიური მოვლენების გამო რეალური და მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება, რადგან ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება გულისხმობს, მათ შორის, შესაძლებლობის ფარგლებში მსგავსი საფრთხეების გამორიცხვას, სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარებას და საფრთხის რეალიზების შემთხვევაში დაზარალებული ოჯახების დამდგარი შედეგებისაგან განრიდებას. ამასთანავე, სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულების წინაპირობების არსებობა და ფარგლები ყოველ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებით უნდა შეფასდეს.
საქმეში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 64-77), რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება 49 ოჯახის განცხადებასთან მიმართებით. გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს, რომლებისთვისაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის №285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილებით, როგორც სტიქიით დაზარალებულებისათვის, გარდაბნის რაიონის, სოფელ ...ში გამოყოფილი იქნა 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა აეშენებინათ საცხოვრებელი სახლები. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის 9 ივნისს მიღებული იქნა №1182 განკარგულება 36 ოჯახისათვის (ამავე განკარგულების დანართში მითითებული ოჯახებისთვის) კომპენსაციის მიკუთვნების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელეები სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებულნი არიან უძრავი ქონებით, კერძოდ, მხარესა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახებზე ქონების გადაცემა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა სიმბოლურ ფასად და ამგვარი ფორმით ქონების გადაცემა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ქონების პრივატიზების სხვა ფორმას არ ითვალისწინებდა.
კასატორის შედავებასთან დაკავშირებით (საყურადღებოა, რომ ამავე ფაქტობრივი გარემოების შესახებ მიუთითებდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მის მიერ წარდგენილ შესაგებელში (ტ.1, ს.ფ 141) საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შეფასება არ მისცა მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ: ა) საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე გარდაბანი, სოფელი ..., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა ნომერი - ...), ფართი - 54 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ. ჩ-ეის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი არის - 2012 წლის 26 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება. უძრავი ნივთის გამყიდველად მითითებულია სახელმწიფო (ტ.1. ს.ფ. 232-233). საქმეში ასევე წარმოდგენილია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (გამყიდველი) და ნ. ჩ-ეს (მყიდველი) შორის 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა მყიდველს გადასცა საკუთრებაში 54 კვ.მ ფართი (ს/კ ...) საპრივატიზებო საფასურის - 1 ლარის გადახდის სანაცვლოდ (ტ.2. ს.ფ. 94); ბ) საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე გარდაბანი, სოფელი ..., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა ნომერი - ...), ფართი - 54 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ. დ-ეის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი არის - 2012 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 247-248). საქმეში ასევე წარმოდგენილია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (გამყიდველი) და ზ. დ-ეს (მყიდველი) შორის 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა მყიდველს გადასცა საკუთრებაში 54 კვ.მ ფართი (ს/კ ...) საპრივატიზებო საფასურის - 1 ლარის გადახდის სანაცვლოდ (ტ.2. ს.ფ. 90); გ) საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე გარდაბანი, სოფელი ..., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა ნომერი - ...), ფართი - 38 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ. ჩ-ეის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი არის - 2012 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.2. ს.ფ. 153); საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ დ. ჩ-ე არის მოსარჩელე - გ. ჩ-ეის მამა (ტ.1. ს.ფ. 31), იგი გარდაიცვალა ... წლის ...ს (ტ.1. ს.ფ. 29) და ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსარჩელე გ. ჩ-ე წარმოადგენდა დ. ჩ-ეის ოჯახის წევრს (ტ.1. ს.ფ. 20, №192/15 გადაწყვეტილების №35 პუნქტი);
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გამოურკვევიათ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართების მოსარჩელეთათვის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი, რაც შესაძლებელი იყო პრივატიზებასთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვის გზით, კერძოდ, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებებით ირკვევა, მათი დადების საფუძველია - სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/04 (ზ. დ-ესთან გაფორმებული ხელშეკრულება) და 2012 წლის 25 სექტემბრის №25/09/05 (ნ. ჩ-ესთან გაფორმებული ხელშეკრულება) განკარგულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/04 განკარგულების შესაბამისად, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის, მარნეულის თეთრიწყაროს, დმანისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 სექტემბრის №25/09/05 განკარგულებით, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, განისაზღვრა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, ცაგერის, თერჯოლის, ვანის, ხონის, წყალტუბოს, ონის, ბაღდათის, ტყიბულის, სამტრედიის, ხარაგაულის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების - რუსთავისა და ქუთაისის ტერიტორიაზე მდებარე, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ზემოაღნიშნული ნორმები არ მიუთითებენ პრივატიზების კონკრეტულ საფუძვლებზე, მხოლოდ განსაზღვრავენ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ზოგად მიზანს (10.1 მუხ.), პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღების საჭიროებას (7.3, 18.3 მუხ.), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ქონების მმართველის ინიციატივის ან საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე განხორციელებას (10.2 მუხ.). ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებიდან არ ირკვევა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად პრივატიზების კონკრეტული საფუძველი, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს განკარგვის საფუძვლის დადგენის შეუძლებლობას. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ხოლო იმ პერიოდში მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ პოლიტიკას განსაზღვრავდა და წარმართავდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1.7 მუხ), სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ახორციელებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1.6 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში რომელიმე აღნიშნული ორგანოდან ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან პრივატიზების საფუძვლებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების მცდელობას ადგილი არ ჰქონია, სათანადო ინფორმაცია არ ყოფილა გამოთხოვილი არც საქართველოს პრეზიდენტისაგან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით პრივატიზების საფუძვლებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ იკვეთება ეკომიგრანტობის გარდა რაიმე სხვა საფუძველი, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელი გახდებოდა მოსარჩელეებისათვის ფართების გადაცემა.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 16.09.2010წ. №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ პრივატიზების განხორციელებისას მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის შემდეგ ქონების შემძენთან იდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება (3.1 მუხ.), რომელშიც მიეთითებოდა შეძენილი ქონების დასახელება, შემადგენლობა, მხარეთა ურთიერთვალდებულებები და სხვა მონაცემები, დასადები ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით (3.4 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 11.09.2012წ. №11/09/04 და 25.09.2012წ. 25/09/05 განკარგულებების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების შინაარსი არ შესწავლილა, ხელშეკრულებების მხარის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებები მოსმენილი არ ყოფილა.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი სახლების ან კომპენსაციის მიკუთვნებაზე უარის თქმის გამო ირღვევა თანასწორობის პრინციპი მოკლებულია დასაბუთებას, რადგან ერთი მხრივ სათანადოდ არ გამორიცხულა მოსარჩელეთა, როგორც ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ კომპარატორი ანუ პირთა ჯგუფი, რომელთან შედარებითაც დადგინდება არათანასწორი მოპყრობა, არ იქნა სათანადოდ იდენტიფიცირებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლითა და სზაკ-ის მე-4 მუხლით გარანტირებული თანასწორობის პრინციპი არ გულისხმობს ტოტალურ გათანაბრებას, მისი მიზანია არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან პირიქით. უთანასწორო მოპყრობის საკითხზე მსჯელობისას პირველ რიგში, უნდა დადგინდეს თუ რამდენად წარმოადგენენ პირები (პირთა ჯგუფები) არსებითად თანასწორებს და შესაბამისად, რამდენად განეკუთვნებიან შედარებად კატეგორიებს, ისინი მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ. დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2010წ. №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.2,3).
ამავდროულად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეებზე პრივატიზების განხორციელება, მათ შორის ეკომიგრანტობის საფუძვლის შემთხვევაშიც, იმთავითვე არ გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან შეფასებას საჭიროებს საცხოვრებელი სახლის ფართობისა და ოჯახის წევრთა სულადობის ურთიერთმიმართება. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის გადაჭრილად ჩათვლისათვის უნდა გაირკვეს თუ რამდენად მოხდა პირდაპირი მიყიდვით ფართების მოსარჩელეებისათვის გადაცემით სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების დაკმაყოფილება. ზოგადი წესის მიხედვით, არ განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახის განცხადება, რომელსაც დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვს მიღებული საცხოვრებელი სახლი, თუმცა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას (№779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 2.12 მუხ.). სახელმწიფომ ეკომიგრანტი ოჯახი უნდა უზრუნველყოს არა უბრალოდ საცხოვრებელი ფართით, არამედ სათანადო საცხოვრებლით, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით, სახელმწიფო უზრუნველყოფს პირს არა უბრალოდ საცხოვრებლით, არამედ ღირსეული საცხოვრებლით (საქართველოს კონსტიტუციის 5.4 მუხ.). ამჟამად პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის ქონა იმთავითვე არ გამორიცხავს მისთვის, როგორც ეკომიგრანტისთვის სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას, თუმცა მნიშვნელოვანია თუ რა საფუძვლით აქვს ეკომიგრანტს საკუთრებაში ალტერნატიული ფართი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ეკომიგრანტისთვის სტიქიით მიყენებული ზიანის გამო სახელმწიფოსგან რამდენიმეჯერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახის განცხადება, რომელსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვს მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება, ეკომიგრანტის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა ხორციელდება მხოლოდ ერთხელ (მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 2.81 (ამ ბრძანებით დადგენილი წესით, საცხოვრებელი სახლის დაზიანების ან დანგრევის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა განხორციელდება მხოლოდ ერთხელ) და 2.12 (დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას) მუხლები). აღნიშნული მოწესრიგება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსარჩელეების სახელზე განხორციელებული პრივატიზების საფუძვლის დადგენის აუცილებლობას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ გარემოებას, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ საჭიროებს კვლევას და სათანადო ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, კერძოდ, მოსარჩელეთაგან გ. ჩ-ე და მ. ხ-ი წარმოდგენილი არიან, როგორც ერთი ოჯახის წევრები (ტ.1. ს.ფ. 40). ამასთან, მათი მოთხოვნა უკავშირდება ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებას, რომლითაც გ. ჩ-ეის ოჯახს ნება დაერთო ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყო გარდაბნის რაიონის ...ს ...ში. საყურადღებოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად გ. ჩ-ე არის დ. ჩ-ეის ოჯახის წევრი და მასთან ერთად, ასევე ოჯახის წევრებად მითითებული არიან გ. ბ-ე (გარდაცვლილია ...ს) და ნ. ჩ-ე (გ. ჩ-ეის და, ტ.2. ს.ფ. 227). როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით განსაზღვრულია ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, რაც სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოიცავს ოჯახის შემადგენლობის დადგენას და აღნიშნულის გათვალისწინებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. მითითებული გარემოების მნიშვნელობას ხაზს უსვამს ბრძანების სხვადასხვა მუხლი, მაგალითად, მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით განაცხადში მითითებული ეკომიგრანტი ოჯახის შემადგენლობაში არ არის შეყვანილი ოჯახის რომელიმე წევრი და/ან შეყვანილია ოჯახის არაწევრი პირი, ეკომიგრანტ ოჯახს დეპარტამენტის მიერ წერილობით ეცნობება 1 თვის ვადაში განაცხადის კორექტირების თაობაზე. მითითებულ ვადაში განაცხადში ოჯახის შემადგენლობის არდაზუსტების შემთხვევაში, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, ეკომიგრანტი ოჯახი (მისი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე) ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე სააგენტოს მიერ დადგენილი პირობით.
განსახილველ შემთხვევაში, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილების დანართის შესაბამისად, ნ. ჩ-ე და გ. ჩ-ე არიან ერთი ოჯახის წევრები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, წინამდებარე დავის გ. ჩ-ეის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, როგორი იქნება ნ. ჩ-ეის სამართლებრივი მდგომარეობა, ანუ შეეხება თუ არა ნ. ჩ-ეის სამართლებრივი ინტერესებს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე