ბს-1240(კ-23) 18 მარტი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. წ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. წ-ემ 03.10.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 05.08.2022წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება ლ. წ-ეის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.2022წ. გადაწყვეტილებით, ლ. წ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 05.08.2022წ. №02/22-1043 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ზეპირი მოსმენით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. წ-ეის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს და ლ. წ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.2023წ. განჩინებით, ლ. წ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.11.2022წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ლ. წ-ეის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2023წ. განჩინებით, ლ. წ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.01.2023წ. განჩინება და ლ. წ-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2023წ. განჩინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოსა და ლ. წ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ შეფასების კრიტერიუმს. ის გარემოება, რომ ლ. წ-ეის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის მისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ასეთი დანაშაულის ჩადენაზე ნასამართლობა არ გამორიცხავს სასჯელის მოუხდელი პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულ ლ. წ-ე ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. იგი არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. მას ჰყავს შვილი, შვილიშვილი და ერთი და, ოჯახის წევრებთან აქვს ურთიერთობა. ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ლ. წ-ე მზაობას ავლენს შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, დასაქმდება საკუთარ კომპანიაში და იზრუნებს ოჯახის კეთილდღეობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი არის დაუსაბუთებული, რამეთუ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას, ხოლო საკითხი მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ოჯახთან ურთიერთობის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში ქცევისა და დამნაშავის რესოციალიზაციის თაობაზე არ არის სათანადოდ შეფასებული. აპელანტის ლ. წ-ეის მოთხოვნასთან (სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე) დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებითაა შესაძლებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. წ-ეის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია სსკ-ის 97.1 მუხლთან, რომლის მიხედვით, საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება საჩივრდება. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილობრივმა საბჭომ დაიწყო წარმოება და კვლავ მიიღო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მართალია, ეს გადაწყვეტილება შემდეგში ბათილად ცნო, თუმცა აღნიშნული გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ საკითხის ხელახლა განსახილველად საბჭოში დაბრუნება სამართლებრივად არასწორია. საკითხის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამან გავლენა უნდა იქონიოს სასჯელზე და არა საკითხი დააბრუნოს ხელახლა განსახილველად საბჭოში, რომელიც არ დაადასტურებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უსწორობას. მოპასუხე სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას ახდენს. ამასთან, ადგილობრივ საბჭოსთან კასატორი აწარმოებს არაერთ დავას, რის გამო საბჭო უარყოფითად იქნება განწყობილი მის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას. საბჭოს არ გააჩნია სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტი ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის უარსაყოფად. კასატორმა მიუთითა სსკ-ის მე-5, მე-6, მე-18, 72-ე, 73-ე, 79-ე, 82-ე და 97-ე მუხლებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. წ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მიხედვით, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი (მე-6 მუხ. „ა“ ქვ.პ.). მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამავე წესის 13.1 მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად საბჭომ 05.08.2022წ. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ლ. წ-ეის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის, მან ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპოვა გამოიწვია, ასევე არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის პოზიცია, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში არც ერთ სოციალურ აქტივობაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც რესოციალიზაციის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. საბჭომ მიიჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, თანმდევი საზოგადოებრივი რისკების, მისი წარსულში ნასამართლობის, დაზარალებულების პოზიციის საკითხის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია და საკითხი დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის, გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. კანონმდებლობა ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სასჯელის მიზნების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისტემური ურთიერთშეჯერების შედეგად, გადაწყვეტილების საფუძვლად მხოლოდ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, დანარჩენი გარემოებების გაზიარებაზე უარის დასაბუთების გარეშე, არ პასუხობს ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის სზაკ-ით დადგენილ სტანდარტს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე და წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუმცა აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად არ ქმნის გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან დანაშაულის ხასიათი და მჯავრდებულის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულის ფაქტი არაა ერთადერთი გასათვალისწინებელი კრიტერიუმი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, არ არის აგრესიული და კონფლიქტური, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება. რაც შეეხება დაზარალებულის პოზიციას, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა. საკასაციო პალატა მიუთითებს სზაკ-ის 97.1 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი. მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლეაბამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს და სხვ.. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით გაერკვია დაზარალებულის პოზიცია, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, იმ გარემოებაზე მითითება, რომ დაზარალებულის პოზიცია საქმეში წარდგენილი არ არის, აღნიშნული გარემოების გამოკვლევის გარეშე, არ ქმნიდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. საბჭო ვალდებულია შუამდგომლობაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სასჯელის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება (სადავო პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსის 116.1 მუხ., მსგავს დანაწესს შეიცავს ამჟამად მოქმედი პენიტენციური კოდექსის 135.1 მუხ.). სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება ემსახურება მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ მიზანს. რესოციალიზაცია გულისხმობს მსჯავრდებულის გამოსწორებას, მის გარდაქმნას, (სისხლისსამართლებრივად) კანონმორჩილ მოქალაქედ ქცევას, საზოგადოებაში ინტეგრაციას. რესოციალიზაცია ასევე ემსახურება დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილებას. პირობით ვადამდე გათავისუფლება მიზნად უნდა ისახავდეს მსჯავრდებულის დახმარებას, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ცხოვრება გარდაქმნას საზოგადოებაში კანონმორჩილ ცხოვრებად გათავისუფლების შემდგომი პირობების შექმნითა და ზედამხედველობით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ამ მიზნის მიღწევას და წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დანაშაულის შემცირებაში (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 24.09.2003წ. რეკომენდაცია Rec(2003)22). სასჯელისაგან ვადამდე გათავისუფლების წინაპირობა არის მოლოდინი იმისა, რომ დამნაშავე სასჯელის მოხდის გარეშე თავს შეიკავებს შემდგომი დანაშაულისგან. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს მსჯავრდებულის პიროვნება, გაირკვეს ვადამდე გათავისუფლების შემდეგ მისი რესოციალიზაციის შესაძლებლობა, თითოეული კრიტერიუმის შეფასებით საბოლოოდ უნდა დადგინდეს მსჯავრდებულის ყოფაქცევის გამოსწორების ფაქტი და მისი გამოსწორებისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის საჭიროება. საქმის მასალებში დაცული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის 13.09.2022წ. სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული და მიმდინარე ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების და აქტივობების შესახებ ინფორმაცია, მათ შორისაა ფსიქო-სოციალური პროგრამები („ბრაზის მართვის პროგრამა“, „პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება“ და სხვ.), საგანმანათლებლო პროგრამები, საინფორმაციო ტრენინგები, პროსოციალური აქტივობები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას ლ. წ-ეის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სოციალური აქტივობებისა და აღნიშნულ აქტივობებში ლ. წ-ეის მიერ მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოებისა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია. სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. №1/2/596 გადაწყვეტილება, II-9). ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად სავალდებულო ხასიათის და ძალის გათვალისწინებით იმ გარემოებაზე მითითება, რომ ადგილობრივი საბჭოს მიერ არ იქნება გათვალისწინებული გადაწყვეტილებაში ასახული მითითები, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული აქტი არ პასუხობს სზაკ-ით დადგენილ დასაბუთების სტანდარტს, დამატებით გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ქმნიდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. რაც შეეხება კასატორის მითითებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 97.1 მუხლზე (საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება), მითითებული ნორმა შეეხება სისხლის სამართლის პროცესის სტადიაზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედებაზე ან გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განმხილველ პირს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების წესი გათვალისწინებულია ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით, შესაბამისად, კასატორის მითითება სსსკ-ის 97.1 მუხლზე არარელევანტურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ლ. წ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. წ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2023წ. განჩინება;
3. დ. ბ-ის (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.11.2023წ. №19287845698 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის და 25.01.2024წ. №20311544720 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის, ჯამში 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა