Facebook Twitter

ბს-942(კ-23) 18 მარტი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2023წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ხ-მა 03.11.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 10.10.2022წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მსჯავრდებულ ვ. ხ-ის მიმართ დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.02.2023წ. გადაწყვეტილებით, ვ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. ხ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2023წ. გადაწყვეტილებით, ვ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.02.2023წ. გადაწყვეტილება, ვ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 10.10.2022წ. №01/22/შ/პ-0267 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია მოსარჩელის მიმართ კანონით (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული წესი) გათვალისწინებული შეფასების რამდენიმე კრიტერიუმიდან მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმითვის - დანაშაულის ხასიათისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი მიუთითებს კანონით გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების (მაგ., მსჯავრდებულის ქცევა, მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება) მისსავე სასარგებლოდ განმარტების შესაძლებლობაზე. სადავო აქტის მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთ-ერთ კრიტერიუმად, მიუხედავად ნასამართლობის გაქარწყლებისა, მიუთითა ვ. ხ-ის მიერ წარსულში არაერთხელ ჩადენილი იგივე ხასიათის დანაშაულზე. სისხლის სამართლის კოდექსის 79.6 მუხლის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, საბჭო არ იყო უფლებამოსილი სადავო საკითხის განხილვისას მხედველობაში მიეღო ვ. ხ-ის მიმართ გაქარწყლებული ნასამართლეობა. სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხემ შესაბამისი შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკვლეულ რიგ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია 13-ჯერ, მიეცა დამატებით სატელეფონო საუბრით და პაემნით სარგებლობის უფლება, აქვს სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღების სურვლი, არის მოტივირებული. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სასჯელის მიზნების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად. გადაწყვეტილების საფუძვლად, მხოლოდ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, უარის დასაბუთების გარეშე, არ პასუხობს ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის სზაკ-ით დადგენილ სტანდარტს. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და

გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საბჭომ სრულად გამოიკვლია და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საკითხის განხილვისას გათვალისწინებული იქნა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, წახალისების ფაქტები და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ასევე გათვალისწინებული იქნა დანაშაულის ხასიათი, კერძოდ, ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაული. საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის მხრიდან წარსულში ჩადენილ დანაშაულზე. მართალია, მსჯავრდებულს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ წარსულში ჩადენილი ფაქტების საბჭოს მიერ გამოკვლევისა და შეფასების შესაძლებლობას. რაც შეეხება სსკ-ის 79.6 მუხლს, აღნიშნული ნორმა არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს გამოიკვლიოს მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობის ფაქტი და გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას. მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელების დაკისრება გამოიწვია, მათ შორის ერთხელ გამოყენებული იქნა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი - „სამარტოო საკანი“, ამასთან, მსჯავრდებულს სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. ამდენად, ვ. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ნასამართლობის, ქცევის, ძირითად სოციალურ აქტივობებში მონაწილეობაზე უარის, დანაშაულის სიმძიმის და მისგან გამომდინარე საზოგადეობრივი რისკების გათვალისწინებით ვერ იქნა გადაწონილი სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებით. მხოლოდ დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინება არ გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ერთ რომელიმე კრიტერიუმს. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან. გადაწყვეტილებაში მითითებულია ყველა ის გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მიხედვით, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი (მე-6 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამავე წესის 13.1 მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად საბჭომ 10.10.2022წ. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვ. ხ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. საბჭომ მიუთითა დანაშაულის ხასიათზე (ნარკოტიკულ დანაშაულზე), მსჯავრდებულის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულის ფაქტებზე, სასჯელის მოხდრის პერიოდში შეფარდებულ დისციპლინურ სახდელებსა და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიუღებლობაზე, როგორც რესოციალიზაციის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობაზე. საბჭომ მიიჩნია, რომ მითითებული კრიტერიუმების გათვალისწინებით არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის, გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. კანონმდებლობა ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სასჯელის მიზნების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისტემური ურთიერთშეჯერების შედეგად, გადაწყვეტილების საფუძვლად მხოლოდ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, დანარჩენი გარემოებების გაზიარებაზე უარის დასაბუთების გარეშე, არ პასუხობს ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის სზაკ-ით დადგენილ სტანდარტს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე და წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტ(ებ)ზე, თუმცა აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად არ ქმნის გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან დანაშაულის ხასიათი და მჯარვდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები არაა ერთადერთი გასათვალისწინებელი კრიტერიუმი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს 2019 წელს ორჯერ შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე, მათ შორის დაწესებულების თანამშრომლისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გამოყენებულ დისციპლინურ სახდელზე - „სამარტოო საკანზე“. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ ვ. ხ-ი არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული, ამასთანავე, მართალია, სასჯელის მოხდის პერიოდში ვ. ხ-ი დასჯილი იქნა დისციპლინური წესით 2019 წელს ორჯერ, თუმცა ასევე შეფასებას საჭიროებს ის გარემოება, რომ მოსარჩელე (2017-2019, 2022 წლებში) წახალისდა 13-ჯერ (დამატებითი სატელეფონო საუბრით სარგებლობისა და დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლებებით). რაც შეეხება სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიუღებლობას, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება იმ საპატიმრო დაწესებულებაში სოციალური აქტივობების განხორციელების ფაქტი, სადაც მოსარჩელე იხდის სასჯელს, სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის 30.03.2023წ. წერილის მიხედვით, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში არ მიმდინარეობს ცენტრის მიერ ინიცირებული პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია, არ ქმნიდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სასჯელის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება (სადავო პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსის 116.1 მუხ., მსგავს დანაწესს შეიცავს ამჟამად მოქმედი პენიტენციური კოდექსის 135.1 მუხ.). სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება, სასჯელის შეცვლა, სასჯელის შემცირება ან სასჯელის მოხდის გადავადება ემსახურება მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ მიზანს, ხოლო თავისი არსით უკავშირდება სისხლის სამართალში მოქმედ ჰუმანიზმის პრინციპსა და სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობას. რესოციალიზაცია გულისხმობს მსჯავრდებულის გამოსწორებას, მის გარდაქმნას, (სისხლისსამართლებრივად) კანონმორჩილ მოქალაქედ ქცევას, საზოგადოებაში ინტეგრაციას. სასჯელის ეფექტურობის მიღწევა შეუძლებელია, თუ ადგილი არ ექნება ინდივიდუალურ მიდგომას არა მხოლოდ ბრალდებულისთვის სასჯელის შეფარდების ეტაპზე, არამედ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის აღსრულების პროცესშიც. რესოციალიზაცია ასევე ემსახურება დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილებას. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა შესაძლებელია განხილულ იქნას, როგორც მსჯავრდებულის წახალისების ფორმა. თუნდაც სასჯელის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე მსგავსი სახის გადაწყვეტილების მიღება, უნდა ემსახურებოდეს დანაშაულის პრევენციას და მსჯავრდებულისთვის სტიმულის შექმნას, თავი შეიკავოს დანაშაულებრივი ქმედებებისგან. მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სახით შეცვლის წინაპირობა არის მოლოდინი იმისა, რომ დამნაშავე სასჯელის მოხდის გარეშე ან უფრო მსუბუქი სასჯელის (შინაპატიმრობა) მოხდის შედეგად თავს შეიკავებს შემდგომი დანაშაულისგან. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს მსჯავრდებულის პიროვნება, გაირკვეს უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შემდეგ მისი რესოციალიზაციის შესაძლებლობა, თითოეული კრიტერიუმის შეფასებით საბოლოოდ უნდა დადგინდეს მსჯავრდებულის ყოფაქცევის გამოსწორების ფაქტი და მისი გამოსწორებისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის საჭიროება. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ადგილობრივი საბჭო ვალდებულია შუამდგომლობაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2023წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა