№ბს-1347(2კ-22) 20 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაინტერესებული პირის სასრგებლოდ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3.1. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნა და წარდგენილი, ასევე, მასთან დაცული დოკუმენტების შესწავლის შედეგად, 2011 წლის 29 ნოემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ...ში არსებული 125180 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით აღნიშნული უძრავი ქონება გაიმიჯნა რამდენიმე საკადასტრო ერთეულად, მათ შორის №... საკადასტრო კოდად, რომელზეც, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, დადგინდა ზედდება.
კასატორის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია არ წარმოადგენს ერთადერთ შემაფერხებელ ფაქტორს მოსარჩელისათვის მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის, კერძოდ, ვერ დგინდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული დაუზუსტებელი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და შემდგომში გასხვისებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ 03.02.2017წ. №2017001946-06 საარქივო ცნობა არ შეიცავს დ. ხ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ და სხვა მახასიათებლებზე არსებულ ინფორმაციას (სქემატურ ნახაზს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების აღნიშვნას და სხვ.), შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დგინდება მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა თავის მხრივ, მოსარჩელეც ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელის ინტერესი სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე დადგენილი ზედდების ფაქტი არ შეიძლება გახდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოშობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების ეჭქვეშ დაყენების საფუძველი, რაც ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული სასამართლოს მიერ.
3.2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-5 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველ პუნქტზე, საქართველოს მთავრობის №233 დადგენილების მე-6 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე, ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულებაზე მითითებით, კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო აღნიშნავს, რომ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2011 წლის 07 ნოემბერს №06-8/14411 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა ქ. თბილისში, ...ში არსებული 125 180 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირება. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც განიხილავს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციას და თუ დოკუმენტაცია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის ან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნა და წარდგენილი და მასთან დაცული დოკუმენტების შესწავლის შედეგად 2011 წლის 29 ნოემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ...ში არსებული 125 180 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით აღნიშნული უძრავი ქონება გაიმიჯნა რამდენიმე საკადასტრო ერთეულად, მათ შორის №... საკადასტრო კოდად, რომელზეც, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, დადგინდა ზედდება.
კასატორის მოსაზრებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, ისევე როგორც ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვალდებულია, დაიცვას მესაკუთრის კანონიერი ინტერესები. აღნიშნული გათვალისწინებული იყო როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით, ისე დღეს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 109-ე მუხლით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების თანახმად, სადავო უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია არ წარმოადგენს ერთადერთ შემაფერხებელ ფაქტორს მოსარჩელისთვის მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის, კერძოდ, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 03.02.2017წ. №AA2017001946-06 საარქივო ცნობა არ შეიცავს დ. ხ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ სხვა მახასიათებლებზე არსებულ ინფორმაციას (სქემატურ ნახაზს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების აღნიშვნას და სხვ.). შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დგინდება მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა თავის მხრივ, მოსარჩელეც ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელის ინტერესი სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და მხოლოდ მის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე დადგენილი ზედდების ფაქტი არ შეიძლება გახდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოშობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების ეჭქვეშ დაყენების საფუძველი. ამასთან, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე და მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე საკუთრებასთან დაკავშირებით, რადგან, კანონმდებლობით დაცულია არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის უფლებები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აპელირება რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე იმ ფონზე, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანო სადავოდ არ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ დ. ხ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული სარეგისტრაციო წარმოების დროს არსებობდა რიგი გარემოებების დამატებით გამოკვლევის რესურსისა და ასეთ გარემოებათა დადგენის საჭიროება. სასამართლოს აღნიშნული განმარტება არ შეიძლება გახდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა მიმართ სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აპელირების დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა 2011 წელს. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კანონიერი ნდობა გააჩნდა რეესტრის ჩანაწერების მიმართ. შესაბამისად, კანონმდებელი, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებასთან ერთად, თანაბრად იცავს, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მესაკუთრის უფლებასაც. მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე დადგენილი ზედდების ფაქტი (და იმ ფონზეც, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა), არ შეიძლება გახდეს კანონმდებლობით წარმოშობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრისა და 23 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ...ის გამგეობის თავმჯდომარის მიერ 2002 წლის 02 ივლისს გაცემული №677 ცნობის თანახმად, დ. ხ-ი ცხოვრობს ...ში და მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ნომერია ... (ტ.1. ს.ფ. 225). ...ის საკრებულოს მიერ 2002 წლის 02 ივლისს გაცემული №679 ცნობის თანახმად, დ. ხ-ი ცხოვრობს ...ში და მისი ოჯახი შედგება ერთი პირისგან - დ. ხ-ი (ტ. 1, ს.ფ. 224); ბ) 2002 წლის 03 ივლისის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ...ის საკრებულოს მიერ 2002 წლის 02 ივლისს გაცემული №677 და №679 ცნობების საფუძველზე, ...ში, ...ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., 2002 წლის 03 ივლისს საკუთრების უფლებით აღირიცხა დ. ხ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 0,250 ჰა (ტ. 1, ს.ფ. 218-219); გ) ქ. თბილისში, ...ში (ნაკვეთი №27/263), მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.11.2011 წლის №06-8/14411 წერილის საფუძველზე, 2011 წლის 11 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 125 180.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - 27 (ტ.1. ს.ფ. 231-241); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2015 წლის 9 დეკემბერს გამოსცა №02-9/1355 ბრძანება „უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ“, რომლის თანახმად, უნდა განხორციელდეს, ...ში არსებული 125180 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) გამიჯვნა და გამიჯნული მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდეს ცალ-ცალკე საკადასტრო ერთეულებად, შემდეგი ფართობებით: 115927 კვ.მ; 5893 კვ.მ; 2603 კვ.მ; 757 კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 244); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება უძრავი ნივთის დაყოფის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 242-247) და სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა შემდეგი უძრავი ქონება: 1. ქ. თბილისი, ...ი (ნაკვეთი №27/263), საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 5 893.00 კვ.მ, უფლების დამდგენი დოკუმენტი - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 9 დეკემბრის №02-9/1355 ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 248-250); 2. ქ. თბილისი, ...ი (ნაკვეთი №27/263), საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 2063 კვ.მ, უფლების დამდგენი დოკუმენტი - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 9 დეკემბრის №02-9/1355 ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 251-253); 3. ქ. თბილისი, ...ი (ნაკვეთი №27/263), საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 757 კვ.მ, უფლების დამდგენი დოკუმენტი - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 9 დეკემბრის №02-9/1355 ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 254-256); 4. ქ. თბილისი, ...ი (ნაკვეთი №27/263), საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 125180 კვ.მ, უფლების დამდგენი დოკუმენტი - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 9 დეკემბრის №02-9/1355 ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 257-259); ვ) 2015 წლის 17 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაცემული №150630465 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, დ. ხ-ი არის აწ გარდაცვლილი ი. ხ-ის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, რომელმაც კანონით დადგენილი წესით საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის - ი. ხ-ის სახელზე რიცხული ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით (ტ. 1, ს.ფ. 25-28); ზ) საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 06 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დ. ხ-ის მეზობლები: გ. კ-ი, დ. კ-ი და მ. ს-ი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ქ. თბილისში, ...ში, ამჟამად ...ის ქ. №46-ში მდებარე უძრავ ქონებას - 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, წლების განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა აწ გარდაცვლილი ი. ხ-ის კომლი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ უძრავი ქონების ფლობას აგრძელებს მისი კომლის წევრი, მისი შვილი - დ. ხ-ი. აღნიშნულ ფაქტს ასევე ადასტურებენ ...ის მაცხოვრებლები ხელწერილით (ტ.1, ს.ფ. 133-134, 137-140); თ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2015 წლის 10 ივნისის №AA2015039832-03 საარქივო ცნობის თანახმად, ...ის რაიონულ არქივში დაცული, ...ის რაიონის ... საბჭო - საკრებულოს 1986 - 1995, 1996 - 2000, 2001 - 2005 წლების მიხედვით, ...ის საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ი. ხ-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1986 - 1995წწ. 1. ხ-ი ი. - ოჯახის უფროსი; 2. ხ-ი ე. - ცოლი; 3. ხ-ი დ. - შვილი, ცალკე; 4. ხ-ი ნ. - შვილი (ხაზია გადასმული). 1996 – 2000წწ. 1. ხ-ი ი. - ოჯახის უფროსი; 2. ხ-ი ე. - ცოლი (ხაზია გადასმული). 2001 – 2005წწ. 1. ხ-ი ი. - ოჯახის უფროსი; 2. ხ-ი ე. - ცოლი (ხაზია გადასმული), გარდაიცვალა (ტ. 1, ს.ფ. 122); ი) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 03 თებერვლის №AA2017001946-06 საარქივო ცნობის თანახმად, ...ის რაიონულ არქივში დაცული, ...ის რაიონის ... საბჭო - საკრებულოს ...ის 1986-1995წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ი. ხ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ხ-ი - ოჯახის უფროსი; ხ-ი ე. - ცოლი; დ. ხ-ი - შვილი (ცალკე) და ხ-ი ნ. - შვილი (ხაზია გადასმული). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1986 - 1988 წწ. საცხოვრებელი სახლი აგებული 1959 წ. საერთო ფართობი 40. 1986 - 1990 წწ. სულ მიწა 0,25, მათ შორის შენობების ქვეშ 0,01.1996 – 2000წწ. და 2001 – 2005წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ. ხ-ი. ქონებრივი მონაცემები მითითებული არ არის (ტ. 1, ს.ფ. 120-121); კ) 2017 წლის 10 აპრილის №... სარეგისტრაციო განცხადებით დ. ხ-ის წარმომადგენელმა - გ. კ-ემ მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ...ში (ამჟამად, ...ის ქ. №46) მდებარე უძრავ ნივთზე (ტ.1. ს.ფ. 131-132). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2017 წლის 18 აპრილს მიღებულ იქნა №... სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების შესახებ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება ზედდება მის №... სარეგისტრაციო წარმოებაზე წარდგენილ ნახაზთან და მოთხოვნილ იქნა დაზუსტება, რომელ სარეგისტრაციო წარმოებაზე მოითხოვს სარეგისტრაციო წარმოების გაგრძელებას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2017 წლის 25 აპრილს მიღებულ იქნა №... სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების შესახებ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებით, ზედდების აღმოფხვრის მიზნით, მოთხოვნილ იქნა იმ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა, რომელზეც არ მოითხოვს რეგისტრაციას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2017 წლის 3 მაისს მიღებულ იქნა №... სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების შესახებ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ წარდგენილი №AA201701946-06 და სამსახურის მიერ მოძიებული №31/21642 (27.02.2017) საარქივო ცნობების მიხედვით, დაინტერესებული პირი დ. ხ-ი გამოეყო ი. ხ-ის კომლს. მის მიერ დამატებით წარდგენილ განცხადებებიდან ირკვევა, რომ მოთხოვნილია ი. ხ-ის კომლის სახელზე რიცხული ქონების რეგისტრაცია, რაზეც ეცნობა, რომ კომლის ქონების უფლებით გადადის კომლის ბოლო წევრზე ან ბოლო წევრის გარდაცვალებით იხსნება სამკვიდრო. განმცხადებელს ეთხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე 2017 წლის 5 მაისს დამატებით, წარდგენილ იქნა №150630465 (17.06.2015) სამკვიდრო მოწმობა, რომელშიც მითითებულია, რომ 2008 წლის 12 თებერვალს გარდაცვლილი ი. ხ-ის (პირადი ნომერი ...) დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილია მისი შვილი - დ. ხ-ი (დაბადებული ... წ.; პირადი ნომერი ...) და მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის - ი. ხ-ის სახელზე რიცხული ქონება (სამკვიდრო აქტივები და პასივები) (ტ.1. ს.ფ. 146-150). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2017 წლის 15 მაისს მიღებულ იქნა №... (15.05.2017) სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების შესახებ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ №31/21642 საარქივო ცნობის მიხედვით, ი. ხ-ის კომლის წევრი იყო ე. ხ-ი და საკუთრებაში გამოყოფილი იყო 2500 კვ.მ დაინტერესებული პირის აზომვითი ნახაზი წარდგენილია 5230 კვ.მ-ზე, რაც აღემატება უფლების დამდგენ დოკუმენტს. განმცხადებელს ეთხოვა კორექტირებული აზომვითი ნახაზისა და კომლის ბოლო წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემის წარდგენა. აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე 2017 წლის 17 მაისს დამატებით, წარდგენილ იქნა ზ. ს-ის 15.02.2017 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ. თბილისში, ...ში (ამჟამად ...ის ქ. №46) მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ერთ საცხოვრებელ (№01 - აშენებული, ერთსართულიანი) და ერთ არასაცხოვრებელ (№02 - აშენებული, ერთსართულიანი) შენობა-ნაგებობებზე, აგრეთვე, ანდერძის ასლი და გ. კ-ის 17.05.2017 წლით დათარიღებული პირადი განცხადების ასლი, რომელშიც მითითებულია, რომ საკომლო ჩანაწერის მიხედვით, 2001-2005 წწ.-ში კომლის ბოლო წევრი - ი. ხ-ი გარდაიცვალა 2008 წელს და მისი სამკვიდრო მიღებული აქვს დ. ხ-ს (ტ.1. ს.ფ. 151-155). ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2017 წლის 23 მაისს მიღებულ იქნა №... სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების შესახებ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მარეგისტრირებელი ორგანოს №... (23.05.2017) მიმართვით საბურთალოს გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და გადაწყვეტილება მიიღება ამ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე. მარეგისტრირებელი ორგანოს №... (23.05.2017) მიმართვით (ტ.1. ს.ფ. 173), ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბურთალოს გამგეობას ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება. აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე 2017 წლის 27 ივლისს დამატებით, წარდგენილ იქნა ზ. ს-ის 15.02.2017 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ. თბილისში, ...ში (ამჟამად ...ის ქ. №46) მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ერთ საცხოვრებელ (№01 - აშენებული, ერთსართულიანი) და ერთ არასაცხოვრებელ (№02 - აშენებული, ერთსართულიანი) შენობა-ნაგებობებზე და გ. კ-ის 27.07.2017 წლით დათარიღებული პირადი განცხადება, რომლითაც მოითხოვა დამატებით წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და ელვერსიის საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის გადაგზავნა (ტ.1. ს.ფ. 159-164). მარეგისტრირებელი ორგანოს №... (27.07.2017) მიმართვით (ტ.1. ს.ფ. 174), ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბურთალოს გამგეობას ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება. მარეგისტრირებელი ორგანოს №... (23.05.2017) მიმართვაზე მოწოდებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის №31-01172542409 (11.09.2017) პასუხით (ტ.1. ს.ფ. 175-176) არ დასტურდება უძრავი ნივთის იდენტურობის დადასტურების გარემოება და მითითებულია, რომ დოკუმენტში არსებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შედარების შეუძლებლობის გამო, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება არ ჩატარდა. აღნიშნული განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული იქნება მიწის ნაკვეთის ისეთი სახის მახასიათებლები, რაც შესაძლებელს გახდის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2017 წლის 15 სექტემბერს მიღებულ იქნა №... სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების შესახებ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ,,დაინტერესებული პირის მოთხოვნით აღნიშნული დოკუმენტაცია გადაგზავნილია ადგილმდებარეობის დადასტურებაზე. განსახილველ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტის სახით გამგეობაში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 03.02.2017წ. №AA2017001946-06 საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია განმცხადებლის ოჯახის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი. მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ სხვა მახასიათებლებზე ინფორმაციას (სქემატურ ნახაზს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების აღნიშვნას ან სხვას) აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს. გამომდინარე აქედან, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებულია მხოლოდ დაინტერესებული პირის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი, ისე რომ მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის, განლაგების, ფორმის ანდა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების შესახებ არავითარი ინფორმაცია მოცემული არ არის, შეუძლებელია დოკუმენტში ასახული მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის შედარება და მათი იდენტურობის საკითხის შესწავლა. შესაბამისად, თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არ იქნება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მოკლებული იქნება შესაძლებლობას განიხილოს აღნიშნული განცხადება’’. სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, №... (17.10.2017) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (ტ.1. ს.ფ. 37-44); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ხ-ის წარმომადგენლის გ. კ-ის №... (02.10.2017) ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (15.09.2017) სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიებისა და №... (17.10.2017) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... (10.04.2017) სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ტ.1. ს.ფ. 35-36, 38-44); მ) 2017 წლის 06 ნოემბერს, დ. ხ-ის წარმომადგენელმა გ. კ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ...ში (ამჟამად, ...ის ქ. №46) მდებარე უძრავ ნივთზე. აღნიშნულ განცხადებაში მითითებულია №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებაზე. ამავე განცხადებას თან ერთვოდა გ. კ-ის 06.11.2017 წლით დათარიღებული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია №... ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და მოთხოვნილია №... სარეგისტრაციო წარმოების განახლება (ტომი 1, ს.ფ. 98-100); ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობდა №... განაცხადის დასრულებამდე, რომლის შემდგომ ეცნობებოდა დამატებით (ტ. 1, ს.ფ. 199); ო) 2018 წლის 25 ივნისს დ. ხ-ის წარმომადგენელმა გ. კ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს 2017 წლის 03 ნოემბრის №... აქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ხოლო 2018 წლის 09 ივლისის №... განცხადებით მოთხოვნილ იქნა 2018 წლის 25 ივნისის №... განცხადებაზე პასუხის მიწოდება (ტ.1, ს.ფ. 102-103, 105-106); პ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილებით დ. ხ-ს განესაზღვრა ვადა კორექტირებული აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის, სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტის წარსადგენად, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსიით წარდგენილი უძრავი ქონების ფლობის ფაქტს, ასევე, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტი ადგილმდებარეობის დადასტურებისათვის. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზით დადგინდა ზედდება №... საკადასტრო კოდით სსიპ თვითმმართველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებზე. დ. ხ-ის საკუთრებაში, დაუზუსტებელი მონაცემებით (ს/კ №...) რეგისტრირებულია და შემდგომ გასხვისებულია უძრავი ქონება ფართით 2500 კვ.მ, მაგრამ ვერ ხდება ამ ქონების იდენტიფიცირება. სააგენტოს მიერ, დაინტერესებული პირის მოთხოვნით აღნიშნული დოკუმენტაცია გადაგზავნილ იქნა ადგილმდებარეობის დადასტურებაზე გამგეობაში, თუმცა აღნიშნული ვერ დადასტურდა, რადგან უფლების დამდგენ დოკუმენტში, კერძოდ, №AA2017001946-06 (03.02.2017წ.) საარქივო ცნობაში, სადაც მითითებულია განმცხადებლის ოჯახის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი, მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ სხვა მახასიათებლებზე ინფორმაციას (სქემატურ ნახაზს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების აღნიშვნას ან სხვას) აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია დოკუმენტში ასახული მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის შედარება და მათი იდენტურობის საკითხის შესწავლა (ტ. 1, ს.ფ. 48); ჟ) 2018 წლის 25 ივლისს დ. ხ-ის წარმომადგენელმა გ. კ-ემ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და №... (10.04.2017წ.) სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილება (ტ.1. ს.ფ. 46-47). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, დ. ხ-ის წარმომადგენლის გ. კ-ის №... (25.07.2018) ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (24.07.2018) გადაწყვეტილება და სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... (06.11.2017) სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია (4.3.12 პუნქტი), რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო იმ გარემოებ(ებ)ის დადგენა, შეიცვალა თუ არა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო იმავე სარეგისტრაციო წარმოების საგანზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (07.11.2017) გადაწყვეტილების გამოცემას, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და აღნიშნულ გარემოებათა შეფასების შემდეგ, მათი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესებთან ურთიერთშეჯერების შედეგად გამოეცა ახალი გადაწყვეტილება, რაც არ განხორციელებულა (ტ. 1, ს.ფ. 61-68); რ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს ... გადაწყვეტილებით დ. ხ-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 102-ე მუხლზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, 23-ე მუხლის ,,ზ პუნქტზე და განმარტა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო ... სარეგისტრაციო განცხადება იგივე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ... გადაწყვეტილება. ამასთან, ... სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად ცვლიდა გარემოებებს (ტ. 1, ს.ფ. 59-60); ს) 2018 წლის 23 აგვისტოს დ. ხ-ის წარმომადგენელმა გ. კ-ემ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დ. ხ-ის წარმომადგენლის გ. კ-ის 2018 წლის 23 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს.ფ. 55-58, 205-208, 69-73).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და ხელშეუვალია.
რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტით რეგისტრაცია განიმარტება, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ზაკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (1); თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე (2).
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე - დ. ხ-ი ქ. თბილისში, ...ში (ამჟამად, ...ის ქ. №46) მდებარე 2 500 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს, როგორც ი. ხ-ის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, რაც აღიარებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით. ის გარემოება, რომ ...ში 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო დ. ხ-ის სახელზე (რომელიც დღეის მდგომარეობით გასხვისებულია), მოსარჩელეს არ ართმევს უფლებას მემკვიდრეობის საფუძველზე მოითხოვოს მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ...ში, ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე 0,250 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია 2002 წლის 3 ივლისს დ. ხ-ის სახელზე განხორციელდა ...ის საკრებულოს მიერ 2002 წლის 02 ივლისს გაცემული №677 და №679 ცნობების საფუძველზე. ამასთან, №679 ცნობის თანახმად, დ. ხ-ის ოჯახი შედგება ერთი პირისგან - დ. ხ-ი. საქმეში ასევე წარმოდგენილია, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2015 წლის 10 ივნისის №AA2015039832-03 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, ...ის რაიონის ...ო საბჭო - საკრებულოს 1986 - 1995, 1996 - 2000, 2001 - 2005 წლების მიხედვით, ...ის საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ი. ხ-ი, ხოლო ხ-ი დ. - შვილი, მითითებულია ცალკე. რაც შეეხება, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 03 თებერვლის №AA2017001946-06 საარქივო ცნობას, აღნიშნული მტკიცებულების შესაბამისად, 1996 – 2000წწ. და 2001 – 2005წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ. ხ-ი. ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს თავად შეეძლო დაედგინა, სად მდებარეობს მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი და მხოლოდ გამგეობის პასუხი არ გამხდარიყო დაინტერესებული მხარისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ვინაიდან წარმოიშვა ეჭვი, რომ მოსარჩელის მიერ უკვე დარეგისტრირებული იყო ის მიწის ნაკვეთი, რაც ეკუთვნოდა მისი მშობლების კომლს და საუბარი იყო ერთი და იგივე მიწის ნაკვეთზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ასევე უნდა გამოეკვლია, თუ სად და რის საფუძველზე მოხდა დ. ხ-ის სახელზე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (მით უფრო რომ არსებობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ნაკვეთის გეგმა მომიჯნავე მეზობლების მითითებით (იხ. ტ.1. ს.ფ. 225-226)). აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესწავლისას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ურთიერთმიმართებით (ყველა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის) შეეძლო დაედგინა მისი ნამდვილი მდებარეობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა ემსჯელა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა რეგისტრაციების კანონიერებაზე, არამედ უნდა გამოეკვლია, თუ სად მდებარეობდა სინამდვილეში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რათა საბოლოოდ დაედგინა ან გამოერიცხა უკვე რეგისტრირებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების რაიმე სახის კავშირი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მიმდინარეობისას და, მათ შორის, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის 53.5 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (1); დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (2). ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მარეგისტრირებელ ორგანოს თავად შეეძლო დაედგინა, სად მდებარეობდა მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი და გადაწყვეტილების მიღებისას არ დაყრდნობოდა მხოლოდ გამგეობის პასუხს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება, არ გამოიკვლია, გაანალიზა და შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე