ბს-1361(2კს-22) 18 მარტი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ნ-ე
თავდაპირველი მოსარჩელე - ვ. ხ-ა
მესამე პირი - სს „ქ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2022წ. განჩინება
დავის საგანი - მოსარჩელის უფლებამონაცვლეობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთის განკარგვისას
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ხ-ამ 05.04.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.07.2016წ. წერილის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20.03.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ქ. ბორჯომში, ...ს სახ. ...ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კორექტირების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გამოცემის დავალება, კერძოდ, 440კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაცვლად 597,9კვ.მ. ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბორჯომში, ...ს სახ. ...ში მდებარე ... „...“ რეგისტრირებული იყო სს „ქ...ს“ საკუთრებად, რომელიც 21.10.2008წ. აუქციონზე იქნა გატანილი. აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლიდნენ ვ. ხ-ა და თ. ვ-ა. 25.01.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთის მესაკუთრედ მხოლოდ ვ. ხ-ა აღირიცხა. მოსარჩელის მითითებით, უძრავი ნივთის აუქციონზე გატანისას დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, არასწორად იქნა მითითებული იმ მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა, რომელზეც ...ს შენობაა განლაგებული. ლევან სამხარაულის სახ. სასამართლოს ექსპერტიზის 19.04.2016წ. დასკვნით ქ. ბორჯომში, ...ს სახელობის ...ში არსებული ... განთავსებულია 597,9კვ.მ. მიწის ფართზე. ამდენად, უძრავი ნივთის აუქციონზე გატანისას მიწის ნაკვეთის ფართობად არასწორად მიეთითა 440კვ.მ. ფართი. ვ. ხ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობად 440კვ.მ.-ის ნაცვლად 597,9კვ.მ.-ის მითითების თაობაზე თანხმობის გაცემა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.07.2016წ. წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა სს „ქ...ს“ კომპეტენციას წარმოადგენდა. ვ. ხ-ამ 27.07.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სააგენტოს 13.07.2016წ. წერილის ბათილად ცნობა და სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებაზე თანხმობის გაცემის დავალება მოითხოვა. სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივარი არ განხილულა და 17.11.2016წ. წერილით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ აქტის გამოცემის ვადის დარღვევა აქტის გამოცემაზე უარად ითვლებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.12.2017წ. გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 17.11.2016წ. წერილი და სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. სამინისტროს 20.03.2019წ. ბრძანებით, ვ. ხ-ას 27.07.2016წ. ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები დაუსაბუთებელია, ის არის უძრავი ნივთის (... „...ს“) ერთადერთი მესაკუთრე და მის სახელზე უნდა აღირიცხოს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.05.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სს „ქ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილებით, ვ. ხ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20.03.2019წ. ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.07.2016წ. წერილი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), სააგენტოს დაევალა ვ. ხ-ას 06.07.2016წ. განცხადების არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს რაიმე სახის სამართლებრივი რეაგირება ვ. ხ-ას განცხადებაზე არ მოუხდენია და განცხადებაში დასმული საკითხი არსებითად არ განუხილავს. სააგენტომ მხოლოდ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა წარმოადგენდა სს „ქართულის ფილმის“ კომპენტენციას. თავის მხრივ სს „ქ...“ უთითებს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი ჩაასწოროს ან/და რაიმე სახის ტექნიკურ უზუსტობად მიიჩნიოს ვ. ხ-ას მიერ განცხადებაში მითითებული გარემოება ფართის უზუსტობასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე სააგენტოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საკითხის არსებითი განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის, ვინაიდან საკითხი ეხება არა სს „ქ...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების, არამედ დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებას. უფრო მეტიც, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 19.08.2016წ. წერილით საზღვრების კორექტირების ნაცვლად ვ. ხ-ას არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესთავაზა. აღნიშნული გარემოება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით ადასტურებს იმას, რომ სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არის უფლებამოსილი არსებითად იმსჯელოს ვ. ხ-ას 06.07.2016წ. განცხადებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა ქ. ბორჯომში, ...ს სახ. ...ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობად 440კვ.მ.-ის ნაცვლად 597.9კვ.მ.-ის მითითების თაობაზე თანხმობის გაცემას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად უნდა განეხილა განცხადება, შეეფასებინა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულები, არსებითად ემსჯელა უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემების სხვადასხვა დროს განსხვავებულად აღრიცხვის მიზეზებზე, შეფასება მიეცა საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნისთვის და საკითხის არსებითი განხილვის შედეგად ვ. ხ-ას განცხადებაზე მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონშეუსაბამოა ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20.03.2019წ. ბრძანება, რის გამო იგი ბათილად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2021წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ა. ნ-ე.
ა. ნ-ემ და ვ. ხ-ას წარმომადგენელმა 08.09.2022წ. განცხადებებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს ვ. ხ-ას უფლებამონაცვლედ ა. ნ-ეის ცნობის მოთხოვნით. განმცხადებლების მითითებით სადავო უძრავი ნივთი (... „...“) ვ. ხ-ასაგან შეიძინა ა. ნ-ემ, შესაბამისად, ა. ნ-ე წარმოადგენს უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრეს, რის გამო სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე ვ. ხ-ას უფლებამონაცვლედ დაშვებული უნდა იქნას ა. ნ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2022წ. განჩინებით, ვ. ხ-ას წარმომადგენლის და ა. ნ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ვ. ხ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ა. ნ-ე, ასევე ა. ნ-ეს შეუწყდა მესამე პირის სტატუსი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 08.02.2021წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით ვ. ხ-ას საკუთრებაში არსებული სადავო უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) შეიცვალა მესაკუთრე, კერძოდ, იპოთეკა-ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრედ აღირიცხა ა. ნ-ე. ვინაიდან მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმულმა ა. ნ-ემ და მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) ვ. ხ-ას წარმომადგენელმა იშუამდგომლეს ვ. ხ-ას უფლებამონაცვლედ - ა. ნ-ეის ცნობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ვ. ხ-ას გასვლის გამო დაშვებული უნდა იქნეს მისი, როგორც მოსარჩელის შეცვლა ახალი მესაკუთრით, კერძოდ, უფლებამონაცვლით - ა. ნ-ეით, შესაბამისად ა. ნ-ეს შეუწყდა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მინიჭებული მესამე პირის სტატუსი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2022წ. განჩინება კერძო საჩივრებით გასაჩივრდა სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ აღნიშნა, რომ ა. ნ-ემ 08.02.2021წ. საკუთრების უფლებით შეიძინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული კონკრეტული ფართის მქონე უძრავი ქონება - დაზუსტებული ფართობით 440კვ.მ. ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა (... „...“, ერთი სართული, 491კვ.მ.), შესაბამისად, ა. ნ-ეის საკუთრებად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონება და მას რაიმე პრეტენზიის განცხადების უფლება სხვა ფართზე არ გააჩნია. ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული არ არის ვ. ხ-ას მიერ რაიმე უფლების ან მოთხოვნის დათმობის შესახებ, ასევე მითითებული არ არის ქონების უფლებრივი ან ნივთობრივი ნაკლის ან სასამართლო დავის არსებობის შესახებ. განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა ვ. ხ-ამ და ადმინისტრაციული ორგანოს პასუხიც მის მიმართ გამოიცა. ა. ნ-ეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი ამ განცხადების განხილვის მიმართ. ის აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობაში მხარეს არ წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სზაკ-ის 2.1 მუხლის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ვ. ხ-ას უფლებამონაცვლედ ა. ნ-ეის ცნობის საფუძვლები.
კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი მჭიდროდ უკავშირდება მატერიალურ სამართალს. სასამართლომ პირის უფლებამონაცვლედ ჩართვის, მისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულების შეძენის კანონიერება ისე უნდა შეამოწმოს, რომ პროცესი მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით სწორად განსაზღვრულმა მხარეებმა მართონ (სუსგ №ას-747-700-2010). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაედგინა არა უფლებამონაცვლეობა, არამედ საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა, ვინაიდან ახალი მესაკუთრის ჩანაცვლება განხორციელდა ნასყიდობის და არა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე. უძრავი ნივთის მესაკუთრის ცვლილება ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მოთხოვნაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ხელშეკრულების საგანს მხარეთა შორის ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი წარმოადგენს. ორ პირს შორის დადებული ხელშეკრულება ვერ გახდება მესამე პირების, თუნდაც ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი. სადავო აქტები გამოცემულია ვ. ხ-ას მიმართ და უშუალოდ მისი უფლების დაცვას ეხება. ა. ნ-ეს მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს მის მიერ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ამასთან, საქართველოს კონსტიტუციისა და ადმინისტრაციული სამართლის მომწესრიგებელი ნორმები ემსახურება პირის პერსონალური, ინდივიდუალური, ნამდვილი უფლების დაცვას, შესაბამისად, ვ. ხ-ას მიმართ გამოცემული აქტების მიმართ ა. ნ-ე ვერ იქნება დაინტერესებული პირი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 2.1 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 92.1 მუხლის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. საპროცესო უფლებამონაცვლეობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარის (წინამორბედის) საპროცესო უფლებები და მოვალეობები გადადის სხვა პირზე, რომელიც მანამდე საქმეში არ მონაწილეობდა და ეს უკანასკნელი ხდება წინამორბედის უფლებამონაცვლე. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, ამ დროს მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში (სუსგ 22.12.2014წ. საქმე №ას-1136-1082-2014). უფლებამონაცვლეობის საფუძვლებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია შეფასდეს განსახილველი დავის საგანი და იმ ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება, რომლის საფუძველზე სხვა პირი (უფლებამონაცვლე) იძენს უფლებას. სსკ-ის 92-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამონაცვლეობის საფუძვლები (მოქალაქის გარდაცვალება, მოთხოვნის დათმობა და ა.შ.) არ არის ამომწურავი და არ გამორიცხავს უფლებამონაცვლეობას სადავო ნივთის გასხვისების შემთხვევაში. უფლებამონაცვლეობის საფუძველს ქმნის არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (მაგ. არასათანადო მხარის სათანადო მხარით შეცვლა), არამედ ასეთი საფუძველი წარმოიშობა სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში მართალია თავდაპირველი მხარე იყო სათანადო მხარე, თუმცა სამართლებრივ ურთიერთობაში კანონით დადგენილი წესით სათანადო მხარის სხვა პირის მიერ შეცვლის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ადმინისტრაციულ სასამართლოწარმოებაში იკავებს თავდაპირველი მხარის ადგილს. მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის ცვლილების გამო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) ვ. ხ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე - ა. ნ-ე. ამდენად, განსახილველი კერძო საჩივრების ფარგლებში შეფასებას საჭიროებს სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლების არსებობა, სადავო სამართალურთიერთობაში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების განკარგვისას ახალი მესაკუთრის უფლებამონაცვლედ ცნობის დასაშვებობა.
საქართველოს კონსტიტუციის 19.1 მუხლი განამტკიცებს საკუთრების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობისათვის არ არის საკმარისი პირისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება, პირმა ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძო-სამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.06.2012წ. №3/1/512 გადაწყვეტილება, II-33). იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დადგენილი გარანტიებით, საჭიროა იგი წარმოადგენდეს ამ უფლების სუბიექტს. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების, გარანტია გულისხმობს თითოეული მესაკუთრის სუბიექტურ უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისგან კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში, კერძოდ ეს უფლება შეიძლება გამოიხატოს პირის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაში. საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (ტ. 1, ს.ფ. 67) მიხედვით, ქ. ბორჯომში, ...ს სახელობის ...ში მდებარე 440კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე (ერთი სართული, საერთო ფართობი 491კვ.მ.) რეგისტრირებული იყო ვ. ხ-ას საკუთრების უფლება (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი ...). დადგენილია, რომ ვ. ხ-ამ განცხადებით მიმართ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების (ნაკვეთის ფართობის ოდენობის გაზრდის) თაობაზე თანხმობის გაცემა. განმცხადებლის მითითებით მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა (... „...“) ფაქტობრივად განლაგებულია არა 440კვ.მ. ფართობის მქონე ნაკვეთზე, როგორც ეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერშია ასახული, არამედ 579,9კვ.მ. ნაკვეთზე. საკასაციო პალატა მიუთითებს სზაკ-ის 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. დაინტერესებული მხარის ცნების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უკავშირდება პირის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამოვიდეს მხარედ სასამართლოში სამართლებრივი დავის განხილვისას. დავა სამართლებრივია, უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. ასეთი უფლების არსებობა, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხი სასამართლოს მიერ წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი, შესაბამისად სახეზეა შეცილებითი სარჩელი. აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ პირს, რომლის უფლებასა და ინტერესს აქტი ან/და მისი გამოუცემლობა აყენებს უშუალო და ინდივიდუალურ ზიანს. იურიდიული (პროცესუალური) ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება, პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს, ამ მიზანს ემსახურება მთელი მტკიცებითი საქმიანობა, აგრეთვე სასამართლოს მიერ მატერიალური სამართლის ნორმების განმარტება. ამასთანავე, პროცესუალურ ინტერესს და პროცესუალურ უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობაც აქვს, იმისდა მიუხედავად გააჩნია თუ არა მოსარჩელეს მატერიალური უფლება ან კანონით დაცული ინტერესი (სუსგ 03.06.2021წ. ბს-992(კს-20)). მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ვ. ხ-ას, როგორც საკუთრების უფლების სუბიექტს, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით გააჩნდა ამ უფლებაში ცვლილების/შესწორების შეტანის მოთხოვნის უფლებამოსილება, ამასთან, მისთვის დაინტერესებულ პირად მიჩნევის საფუძველს ქმნიდა მოსარჩელის სახელზე გამოცემული სადავო აქტები. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი კერძო საჩივრების ფარგლებში შეფასების საგანს არ შეადგენს სარჩელის საფუძვლიანობა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადებაში დასმულ საკითხზე გაცემული პასუხის მართლზომიერება. მოცემულ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს ვ. ხ-ას უფლების ფარგლები და ამ უფლების სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის დასაშვებობის შესაძლებლობა. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 08.02.2021წ. გადაწყვეტილებით, იპოთეკა-ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... მესაკუთრედ დარეგისტრირდა ა. ნ-ე. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ამონაწერში ნაკვეთის ფართობად მიეთითა ის მონაცემები, რაზეც საკუთრების უფლება გააჩნდა ვ. ხ-ას, კერძოდ მიწის ნაკვეთის ფართობად მიეთითა 440კვ.მ., ხოლო შენობა-ნაგებობის (ერთი სართულის) საერთო ფართობად - 491კვ.მ.. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვ. ხ-ამ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების მოთხოვნის უფლებამოსილება მოიპოვა სწორედ იმ საფუძვლით, რომ ის წარმოადგენდა აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეს, შესაბამისად, მის მიერ საკუთრების უფლების განკარგვით ასეთი უფლებამოსილების მატარებელი გახდა ახალი მესაკუთრე. საკუთრების უფლების ახალმა სუბიექტმა მიიღო წინამორბედი მესაკუთრის უფლებები. ვ, ხ-ას მოთხოვნა ძირითადად ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა ფაქტობრივად განლაგებულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართობზე უფრო მეტი ოდენობის ფართობის მქონე ნაკვეთზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ რეგისტრირებული მონაცემებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნის უფლება მესაკუთრის კანონით მინიჭებულ უფლებას წარმოადგენს, შესაბამისად, კერძო საჩივრების ავტორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების საგანი ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთს წარმოადგენდა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული არ ყოფილა ამ უფლების დათმობის თაობაზე, მოცემულ შემთხვევაში არ გამორიცხავს უფლებამონაცვლეობას, პირიქით, ხსენებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებით ახალმა მესაკუთრემ შეიძინა მესაკუთრისთვის კანონით მინიჭებული უფლებები, მათ შორის საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნის უფლება. აღნიშნული უფლება მესაკუთრეს ენიჭება საკუთრების უფლების ბუნებიდან გამომდინარე და ნასყიდობის ხელშეკრულებაში რაიმე დამატებითი დათქმის არსებობას არ საჭიროებს.
საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში. თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში დაუშვებელია, დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც, ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია მხარის მატერიალური უფლებებისა და მოვალეობების გადასვლა სხვა პირ(ებ)ზე, ანუ აღნიშნული საკითხი სამართლებრივ ურთიერთობაში მომხდარ უფლებამონაცვლეობას უკავშირდება. მატერიალური სამართალი ითვალისწინებს უნივერსალურ (ზოგად) და სინგულარულ (კერძო) უფლებამონაცვლეობას. უფლებამონაცვლეობა უნივერსალურია, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა, მაგ. მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვ.. უფლებამონაცვლეობა სინგულარულია, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება, მაგ. მოთხოვნის დათმობა (სუსგ 28.12.2010წ. საქმე №ას-747-700-2010), შესაბამისად, სინგულარული უფლებამონაცვლეობისას უფლებებისა და მოვალეობების გადასვლა ხდება ერთ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში. უფლებამონაცვლეობის ხასიათი, ანუ უფლებამონაცვლეობა უნივერსალურია თუ სინგულარული, განისაზღვრება დავის საგნისა და სამართლებრივი ურთიეთობის შინაარსის გათვალისწინებით. უფლებამონაცვლეობის საფუძველი შეიძლება იყოს, როგორც მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი მოვლენა (მაგ. გარდაცვალება), ისე მხარეთა ნების გამოვლენის შედეგად შედგენილი აქტი. მოცემულ შემთხვევაში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ა. ნ-ემ მოიპოვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ყოველთვის შეიძლება არ მოიაზრებდეს უფლებამონაცვლის დასაშვებობის შესაძლებლობას. როგორც აღინიშნა, ხსენებული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელობა ენიჭება დავის საგანს, სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური და სასყდილიანი ხელშეკრულებაა, რომლითაც გამყიდველი იღებს ვალდებულებას გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება (სკ-ის 477 მუხ.). დადგენილია, რომ იპოთეკა-ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 440კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის (ერთი სართული, საერთო ფართობი 491კვ.მ.) მესაკუთრედ დარეგისტრირდა ა. ნ-ე. საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-61 მუხლზე, რომლის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მითითებული კანონის 3.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი განიმარტება, როგორც მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობი, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლი ადგენს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს. საჯარო რეესტრში შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ვრცელდება ამ შენობა-ნაგეობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად (12.1 მუხ.). ამდენად, მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით საკუთრების უფლების შეძენით ა. ნ-ემ, როგორც მესაკუთრემ, მოიპოვა შეძენილი უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობის რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობის მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ ა. ნ-ე არ შეიძლება იქნეს მიჩნეული დაინტერესებულ პირად განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, არ არის დასაბუთებული, ვინაიდან დავის საგანი სწორედ ზემოთ მითითებული უფლების რეალიზებას უკავშირდება.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ნივთის გასხვისება წარმოშობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს. შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს შესაძლოა ქმნიდეს სადავო ადმინისტრაციული აქტით პირის კანონიერი უფლებისა ან ინტერესისადმი პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ან მისი უფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტის არარსებობა. დავა სამართლებრივია უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. ასეთი უფლების არსებობა, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხი სასამართლოს მიერ წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას. რაც შეეხება სარჩელის დასაშვებობას, სარჩელის დასაშვებად მიჩნევისთვის საკმარისია ინტერესის, როგორც ასეთის არსებობა, ინტერესის არსებობის ვარაუდი. მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი (სუსგ 07.07.2016წ. №ბს-383-377(კს-15)), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. უდავოა, რომ გასაჩივრებული აქტები შეეხება იმ შენობა-ნაგებობის განაშენიანების საფუძველზე რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემას, რომლის მესაკუთრედ ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების პერიოდში დარეგისტრირდა ა. ნ-ე, შესაბამისად, როგორც ახალმა მესაკუთრემ, მან შეიძინა მესაკუთრის ყველა ის უფლება, რაც გააჩნდა წინამორბედ მესაკუთრეს (ვ. ხ-ას), მათ შორის მის საკუთრებაში რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. ჯერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადებითა და შემდგომ სასამართლოში აღძრული სარჩელით ვ. ხ-ას (თავდაპირველი მოსარჩელის) მოთხოვნას და სარჩელით მისაღწევ მიზანს შეადგენდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობის გაზრდა შენობა-ნაგებობის განაშენიანების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ მატერიალური უფლებამონაცვლეობა ავტომატურად არ იწვევს მოსარჩელის საპროცესო უფლებამონაცვლეობას. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ა. ნ-ემ გამოხატა ნება პროცესში უფლებამონაცვლედ დაშვების თაობაზე და სასამართლოს მიმართა ვ. ხ-ას უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით (ტ. 2, ს.ფ. 273). მოსარჩელის უფლებამონაცვლის ინტერესის არსებობის მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ უფლებამონაცვლისთვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა წინამორბედისთვის. უფლებამონაცვლედ დაშვება გავლენას ახდენს უფლებამონაცვლის საპროცესო უფლება-მოვალეობების მოცულობაზე. წინამორბედის მიერ შესრულებული მოქმედებები აღარ შეიძლება სადავო გახდეს უფლებამონაცვლის მიერ. საპროცესო უფლებამონაცვლეობისას საქმის განხილვის ხელახლა არ იწყება, არამედ პროცესი გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზეც მოხდა უფლებამონაცვლეობა. მართალია, სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმის წარმოება, თუმცა ამავდროულად, საქმის წარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც (სუსგ 22.12.2014წ. საქმე №ას-1136-1082-2014).
ა. ნ-ეისთვის გადაცემული უფლების ფარგლებსა და უფლებამონაცვლედ ცნობის მართებულებას ასევე ადასტურებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები, კერძოდ, ა. ნ-ემ 23.02.2023წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება. აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მომზადებული საჯარო რეესტრის 28.04.2023წ. წერილით ირკვევა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზით ნაკვეთის ფართობის ოდენობა იზრდება უკვე არსებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ხარჯზე. საქმის მასალებში ასევე დაცულია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.04.2016წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ქ. ბორჯომში, ...ს სახ. ...ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ... „...ს“ შენობა განთავსებულია მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი შეადგენს 597,7კვ.მ.-ს, ... წარმოადგენს ერთ მთლიან შენობა-ნაგებობას და განთავსებულია ერთი ჭერის ქვეშ. საბოლოოდ საჯარო რეესტრის 09.08.2023წ. გადაწყვეტილებით, ა. ნ-ეის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 597კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველი კერძო საჩივრების ფარგლებში სასამართლო არ აფასებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასა თუ დასაშვებობის საფუძვლების არსებობას სასამართლოწარმოების პერიოდში სარჩელით მოთხოვნილ ფართზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გამო, შეფასების საგანს საპროცესო უფლებამონაცვლეობის მართებულება შეადგენს. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი მოწესრიგება ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. ხ-ას ა. ნ-ეისთვის ხელშეკრულების საფუძველზე არ გადაუცია ისეთი პირადი ხასიათის უფლებები და მოვალეობები, რომელიც გამორიცხავდა ახალი მესაკუთრის უფლებამონაცვლედ დაშვების შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაწესს და მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაშვებია, შესაბამისად, კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა