№ბს-504(კ-22) 20 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი - სალომე მაისურაძე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება
მოთხოვნა - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43857 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 20 მაისის №04/26325 გადაწყვეტილება; გ) მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის მიერ პაციენტ ნ.ჩ-ის, გ.მ-ის, ბ.ძ-ის, დ.ჭ-სა და ე.ჩ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება 5124,99 ლარის ოდენობით; დ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, წელიწადში 5124,99 ლარის 9,5%-ის ოდენობით 2021 წლის 28 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43857 გადაწყვეტილება და 2019 წლის 20 მაისის №04/26325 გადაწყვეტილება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მოსარჩელეს აუნაზღაუროს №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევები 5124,99 ლარის ოდენობით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილება გასაჩივრდა იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარისა და 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება და იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „...ს“ სარჩელი, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსათვის შპს „...ს“ სასარგებლოდ 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებდა, რომ ხარჯების დაზოგვის მიზნით მან აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულად, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვდა აღსრულებული თანხის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლისა და 2024 წლის 13 მარტის განჩინებებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების თაობაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნული შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლის შესაბამისად, (1) აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით; (2) გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე წყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება წარმოადგენს იმ მხარის უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, რომლის მიმართაც მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნებისათვის აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: ა) იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც უკვე აღსრულებულია და ბ) იმ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა, რომლის მიმართაც გამოტანილი იყო ადრე აღსრულებული გადაწყვეტილება, საქმის წარმოების შეწყვეტა ან ამ სარჩელის განუხილველად დატოვება. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მან მიიღო მოპასუხისაგან გადაწყვეტილების აღსრულებით. ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება შეიძლება განხორციელდეს მოპასუხის შუამდგომლობით. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელმაც გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ან განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ან, კიდევ, განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. თუ არსებობს მოპასუხის შესაბამისი განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ, მაშინ ახალი გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ მიუთითებს ამ ახალ გადაწყვეტილებაში, ხოლო თუ ასეთი განცხადებით მოპასუხე მიმართავს სასამართლოს მას შემდეგ, როდესაც გამოტანილი იქნა ახალი გადაწყვეტილება, მაშინ სასამართლო, რომელმაც ეს ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა, ნიშნავს სასამართლო სხდომას, ამ განცხადების განსახილველად, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს განცხადების განხილვას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შუამდგომლობის ავტორი) წარმომადგენელი განმარტავს, რომ სასამართლო დავის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ხარჯების დაზოგვის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილება (გარდა სახელმწიფო ბაჟისა) მიქცეულია აღსასრულებლად, რის გამოც ითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. სასამართლო სხდომაზე შპს „...ს“ წარმომადგენელი დაეთანხმა შუამდგომლობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „...ს“ სარჩელი, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსათვის შპს „...ს“ სასარგებლოდ 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 13 მარტს წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 3 დეკემბრის №32772 საგადახდო მოთხოვნა, რომლითაც დგინდება, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისათვის შპს „...სათვის“ გადახდილია 6802.33 ლარი, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ზიანის ანაზღაურების თანხა - 1600,49 (1397.99 და 202.50 ლარი) ლარი.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სახეზეა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების წინაპირობები და მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებული ნაწილით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...ს“ უნდა დაევალოს დაუბრუნოს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გაუქმებული გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდილი თანხა ჯამში - 1600.49 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შპს „...ს“ დაევალოს დაუბრუნოს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 1600.49 (ათას ექვსასი ლარი და ორმოცდაცხრა თეთრი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე