საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-593(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ.ჩ-ისა და ვ.ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, შპს „ს...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 31 მაისს შპს „ ს...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბ.ჩ-ისა და ვ.ძ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ს...ას“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში, რეკრეაციულ ზონაში საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება (ს/კ ...), რომელიც წარმოადგენს 27 001 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულ ...სა და ...ის კომპლექსს. ... ფუნქციონირებს უკვე მრავალი წელია და ამ საქმიანობისათვის გაწეულია მრავალმილიონიანი ინვესტიცია. მოსარჩელის მითითებით, ...ის ეზოს აღმოსავლეთით ესაზღვრება დაბა ...ის ...ის ქუჩა, ...ის ღობიდან ქუჩის სავალ ნაწილამდე არის მრავალწლიანი ნარგავები (...) და ტროტუარი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეს და მისი საშუალებით გადაადგილდებიან, მათ შორის, მოსარჩელის დამსვენებლებიც. მოსარჩელის აღნიშვნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2016 წლის 31 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა ამავე რიცხვში გამოცემული N... ბრძანება და საკუთრებაში დაარეგისტრირა ორი ნაკვეთი: ს/კ ...– 30 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ს/კ ...- 70 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის მითითებით, მუნიციპალიტეტსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმართვის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს ორივე ნაკვეთი გატანილ იქნა აუქციონზე, აქედან ერთი - ს/კ ... გასხვისებულ იქნა ფიზიკურ პირებზე - ბ.ჩ-სა და ვ.ძ-ეზე. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს გაცემულ იქნა N161 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, უძრავი ქონება კი ამავე პირების საკუთრებაში საჯარო რეესტრში 2017 წლის 9 იანვარს დარეგისტრირდა.
მოსარჩელის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიერ რეგისტრირებული უძრავი ქონება რეალურად წარმოადგენს ტროტუარს და რეკრეაციულ ზონაში არსებულ მწვანე ნარგავებს და მისი გასხვისება დაუშვებელია. ამასთან, ნაკვეთების გასხვისებითა და მასზე კონსტრუქციების ან/და შენობა - ნაგებობების განთავსებით მნიშვნელოვნად შეფერხდება დამსვენებლების გადაადგილება როგორც ...ის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ. მოსარჩელის მითითებით, იმ სახის სამეწარმეო საქმიანობა, რომელსაც შპს „ს...“ ეწევა, წარმოადგენს დამსვენებლებისათვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზებას. მუნიციპალიტეტის მიერ რეკრეაციულ ზონაში ტროტუარებისა და ნარგავების კერძო პირებზე გასხვისება და მათზე ნაგებობების განთავსება კი მნიშვნელოვნად დააბრკოლებს მოსარჩელის საქმიანობას. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ნაკვეთები მდებარეობს რეკრეაციულ ზონაში, ისინი წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის ქონების განუსხვისებელ კატეგორიას და მათი გასხვისება დაუშვებელია.
ამდენად, მოსარჩელემ უძრავი ქონების ს/კ ... და ს/კ ... საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის ნაწილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის N273 სხდომის ოქმის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის N59 განკარგულების, 2016 წლის 6 დეკემბრის საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N... ოქმის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის N161 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე; ყადაღა დაედო მოპასუხე სსიპ თვითმმართველი თემის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში, საკადასტრო კოდი ....
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ს...ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის N273 სხდომის ოქმი უძრავი ქონების ს/კ ... და ს/კ ... საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის N59 განკარგულება უძრავი ქონების ს/კ ... და ს/კ ... ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 6 დეკემბრის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N...; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის N161 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება N... ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ქონების შემძენებს - ბ.ჩ-სა და ვ.ძ-ეს შორის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება ადგილობრივი ორგანოს სტრუქტურული ერთეულების მიერ არ იყო განხორციელებული სრულყოფილად, რის შედეგადაც გაურკვეველი იყო ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, არ იყო დადგენილი, ქონება წარმოადგენდა ძირითად (განუსხვისებელ) ქონებას თუ არა. შესაძლებელი იყო თუ არა ქონების არასაჯარო ფუნქციით გამოყენება. სასამართლოს მითითებით, ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ არ იყო გამიჯნული საფეხმავლო გზა (ტროტუარი) და არსებული მასალებით შეუძლებელი იყო დადგენა, ხომ არ მოხდა საჯარო მიზნისთვის განკუთვნილი სივრცის გასხვისება. გაურკვეველი იყო ქონების შეფასების საფუძვლები. ასევე ადმინისტრაციული წარმოება საჯარო აუქციონის განხორციელებისას წარმოებული იყო შემჭიდროებულ ვადებში, დაჩქარებულად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბ.ჩ-ის და ვ.ძ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბ.ჩ-ის და ვ.ძ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (სსიპ თვითმმართველი თემი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ... - საკადასტრო კოდით ...). გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ბ.ჩ-ის და ვ.ძ-ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ... - საკადასტრო კოდით ...). ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,ს...ის’’ მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინებით (Nბს-252(კ-19)) შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბ.ჩ-ის და ვ.ძ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე, 118-ე, 119-ე, 120-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N9274 დადგენილებაზე, დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილა შპს ,,ს...ის“ მიერ წარდგენილ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N63/36 ანგარიშზე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის 2020 წლის 4 ნოემბრის N083620309142 წერილზე და დადგენილად მიიჩნია, რომ დადგენილების დანართში არსებულ რუკებზე ორივე მიწის ნაკვეთი მოქცეულია ... - ...ის სარეკრიაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით - სატრანსპორტო ზონაში (1 (ტზ-1), რაც გენერალურ გეგმაზე აღნიშნულია ყვითელი ფერით. განმარტა, რომ ნაკვეთების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მასზე უნდა მოეწყოს ტროტუარები და გამწვანების ზოლი. აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის მერია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს სთავაზობს საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნებას.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახლა მოახდინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 70 კვ.მ. ფართობის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) კატეგორიის შესწავლა და დადგენილად იქნა მიჩნეული რომ მითითებული მიწის ნაკვეთი ,,... - ...ის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N274 დადგენილების და ,,... - ...ის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 02 დეკემბრის N590 დადგენილების (აღნიშნულით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N274 დადგენილება) შესაბამისად წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზის - სატრანსპორტო კატეგორიის მიწის ნაკვეთს და მდებარეობს სატრანსპორტო ზონაში, ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ.ჩ-ისა და ვ.ძ-ის მიერ.
კასატორთა განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მიუხედავად იმისა, რომ მითითებულია მატერიალური სამართლის ნორმა, არა არის დასაბუთებული რა შემხებლობაში არის დავის საგანთან და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია აუდიტის დასკვნაში და სისხლის სამართლის საქმეში მითითებული გარემოებები; გარემოებები გადმოცემულია ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთების გარეშე; საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის გამოკვლეული შესაბამის მტკიცებულებებთან მიმართებაში, რაც საჩივრის ავტორთა მსჯელობით წარმოადგენს მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას; ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არასრულყოფილად გამოკვლევით კასატორი მიიჩნევს, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით გარანტირებული საკუთრების უფლება. აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილებაზე (საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-5) და მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის არამარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას, ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.
კასატორთა მსჯელობით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 118-ე მუხლი, აქცენტი გაკეთდა ელექტრონულ აუქციონზე მაშინ, როდესაც აღნიშნული მუხლით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. საჯარო აუქციონით ქონების პრივატიზება წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის დისკრეციულ უფლებას, რაც გამორიცხავს კანონის დარღვევას; კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 119-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ქონების საჯარო აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო ამდენად, დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის პრეტენზიას პრივატიზაციისა და აუქციონის პროცედურებთან დაკავშირებით. მიუთითებს, რომ აუქციონთან დაკავშირებით მოსარჩელის პრეტენზია არ იქნა გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ 2020 წლის 21 მაისის განჩინებით, რომელიც მხედველობაში უნდა მიეღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ვადებთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ საკითხის განხილვა განხორციელდა კანონით დადგენილ ვადაში და საკითხის შემჭიდროებულ ვადებში განხილვა არ ადასტურებს სადავო აქტის უკანონობას. ასევე, უძრავი ქონების საწყის ღირებულებასთან მიახლოებულ ფასად შეძენა კასატორთა მსჯელობით არ ეწინააღმდეგება კანონს.
ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის განუსხვისებელ ქონებას. მიიჩნევს, რომ სააგენტოს თანხმობა აღნიშნული ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასმის თაობაზე ადასტურებს, რომ ქონება განუსხვისებელი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი თანხმობები არ გაიცემოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ფოტოსურათებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ტროტუარი გამოყოფილია განცალკევებით; რაიონული სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმით კასატორი მიიჩნევს, რომ საზღვარი არ დგინდება, რაც გამორიცხავს ტროტუარის გასხვისებას; რაც შეეხება 2019 წლის ქალაქგეგმარების გეგმას მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ გავრცელდება სადავო ნაკვეთზე, ვინაიდან ნაკვეთი განიკარგა 2017 წელს. განმარტავს, რომ აღნიშნულ გეგმაშიც სადავო ტერიტორია არ არის ნაჩვენები როგორც ტროტუარი. ყურადღებას ამახვილებს ანტიკორუფციული სააგენტოს წერილზე და განმარტავს, რომ უძრავი ქონების შემფასებლის მიერ, აღნიშნული ქონების ნახვის გარეშე შეფასება, არ ადასტურებს სადავო აქტების უკანონობას. ასევე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის და 24 თებერვლის განჩინებებზე ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ქრთამის აღებისა და გაყალბებული დასკვნების წარდგენის ფაქტზე, აღნიშნული ცალსახად არ ადასტურებს სადავო აქტების და აუქციონის უკანონობას, ვინაიდან დავის საგანთან დაკავშირებით არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ.ჩ-ისა და ვ.ძ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავი ქონების ს/კ ... და ს/კ ... საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის ნაწილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის N273 სხდომის ოქმის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის N59 განკარგულების, 2016 წლის 6 დეკემბრის საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N... ოქმის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის N161 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების კანონიერება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული სადავო საკითხი უკვე იყო საკასაციო პალატის განხილვის საგანი, რომლის ფარგლებში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა შეაფასებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ, ხელახალი მსჯელობის შემდგომ მიღებული განჩინების კანონიერებას.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 23 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ N3964 წერილით მიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, რომელსაც აცნობა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას განსაზღვრული ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის N233 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა დადასტურება, ექვემდებარებოდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ბუნებრივ რესურსებზე (მ.შ. წიაღზე) დამაგრებას.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2016 წლის 7 ივლისის წერილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თანდართული საკადასტრო - აზომვითი ნახაზის საფუძველზე, არ ექვემდებარებოდა ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის, წიაღზე დამაგრებას.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 აგვისტოს N5/43564 წერილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 43 კვ.მ, 70 კვ.მ, 40 კვ.მ, 30 კვ.მ და 34 კვ.მ მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არ იყო განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა - ნაგებობა და არ იმყოფებოდა კერძო სამართლის სუბიექტის სარგებლობაში ან საკუთრებაში.
საჯარო რეესტრის 2017 წლის 30 მაისის ამონაწერის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 აგვისტოს N... ბრძანების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 30 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2016 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი თემის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით საკადასტრო კოდით - ....
საჯარო რეესტრის 2017 წლის 2 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 აგვისტოს N... ბრძანების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2016 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი თემის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით საკადასტრო კოდით - ....
2016 წლის 2 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 34 ხმით დაამტკიცა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი (პუნქტი 3.59) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის N59 განკარგულებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. თანდართულ დანართში სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად მითითებულია ... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებებიც.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ ... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსაკარგად გატანილ იქნა საჯარო აუქციონზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე (70 კვ.მ) 2016 წლის 6 დეკემბერს გაიმარჯვა ვ.ძ-ემ და ბ.ჩ-მა, ხოლო ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ისევ რჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. შეთავაზებულმა თანხამ შეადგინა - 7 350 ლარი (ბეს გარეშე). ვ.ძ-ისა და ბ.ჩ-ის მიმართ გაიცა N... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და 2016 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა N... ნასყიდობის ხელშეკრულება.
2017 წლის 9 იანვარს N... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ ვ.ძ-ე და ბ.ჩ-ი. მითითებულ უძრავ ქონებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 24 მაისის N0611757 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს შპს „ს...ას“ ღობიდან და ბოლომდე არ მიდის ცენტრალური გზის ავტომანქანის სავალ ნაწილთან. საავტომობილო გზის გასწვრივ ტროტუარი ცალკე გამოყოფილი არ არის. მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა რეკრეაციულ ზონას, სადაც სამომავლოდ უნდა გაკეთებულიყო ქვეითთა სავალი ნაწილი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დადგენილია, რომ ... და ... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ქონებების მიმდებარედ მდებარეობს კერძო პირთა მიწის ნაკვეთები, ასევე, მიწის ნაკვეთის ნაწილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დადებული აქვს იჯარის ხელშეკრულება.
საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად - ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. მე-5 პუნქტის მიხედვით, დამატებითი ქონება არის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამავე კოდექსის 118-ე და 119-ე მუხლებით განმარტებულია მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებების ფორმები, აუქციონის წესი და პირობები, ასევე შედეგები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ...ში მდებარე 30 კვ.მ და 70 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები საჯარო აუქციონის წესით გასასხვისებლად აუქციონზე იქნა გატანილი (1. განაცხადის №..., აუქციონის №..., ლოტის №...; 2. განაცხადის №.... .., აუქციონის №..., ლოტის №...). ამავე განაცხადების ფარგლებში განისაზღვრა უძრავი ქონების თვისებები, განთავსდა უძრავი ქონებების მოკლე აღწერილობა, კერძოდ, მიეთითა რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 30 კვ.მ და 70 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მდებარეობდა დაბა ...ის ტერიტორიაზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ. ამასთან, თითოეულ მათგანთან მიმართებით, თვისებების/აღწერილობის გრაფაში მიეთითა საკადასტრო კოდიც.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შპს ,,ს...ს“ მიერ საქმეში წარდგენილ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N63/36 ანგარიშზე, რომელიც შედგენილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 - 2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვის შესაბამისობის შესახებ, სადაც საუბარია 2016 - 2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აუქციონის ჩატარების პროცედურაზე და შემდგარ გარიგებათა არაკეთილსინდისიერებაზე. გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ქონების შემფასებელმა განზრახ შეაფასა მიწის ღირებულება საბაზროზე არსებითად დაბალ ფასად. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კი ქონების პრივატიზების პროცესი წარმართეს ისე, რომ მაქსიმალურად შეზღუდულიყო კონკურენცია და ქონების გაყიდვა მომხდარიყო შემფასებლის მიერ განსაზღვრული დაბალი ღირებულებით. ამავე ანგარიშის N2 ცხრილში (მუნიციპალიტეტის მიერ 2016 - 2017 წლებში ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პრივატიზებული მიწების შესახებ) 33 ნომრად მითითებულია დაბა ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ს/კ ... ფართით - 70 კვ.მ., ხოლო ფასი - 7 350; 1 კვ.მ. ღირებულებად კი მითითებულია 105, მყიდველებად - ბ.ჩ-ი და ვ.ძ-ე. მითითებულია, რომ ზემოაღნიშნულ ცხრილში ჩამოთვლილი ყველა მიწის ნაკვეთი გაყიდულია საჯარო აუქციონის წესით, რის გამოც მასში მონაწილეობას ძირითადად დაინტერესებული მხარეების მხოლოდ მცირე ნაწილი იღებდა, რადგან აუქციონზე გამოტანილი მიწების შეფასება მნიშვნელოვნად დაბალი იყო ქონების საბაზრო ღირებულებაზე და ვაჭრობაც მიმდინარეობდა უკონკურენტო გარემოში. საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს 2018 წლის 4 ივლისის SSG 5 18 0101269 წერილზე, სადაც მითითებულია უძრავი ქონების შემფასებლის მიერ უძრავი ქონებების ყოველგვარი ნახვისა და დათვალიერების გარეშე გასხვისებაზე. საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის და 2019 წლის 24 თებერვლის განჩინებებით (ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ) ირკვევა, რომ ყადაღა დაედო 2015 - 2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გასხვისებულ ყველა ნაკვეთს (306 ნაკვეთი), მათ შორის, ვ.ძ-ისა და ბ.ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით - ... რაც გულისხმობს, რომ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ქრთამის აღებისა და გაყალბებული დასკვნების წარდგენის ფაქტზე. აქვე, საყურადღებოა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 1 აგვისტოს N9871 წერილი, რომლის შინაარსის თანახმად, შპს ,,ს...ას’’ მიერ სადაოდ გამხდარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის (ს/კ ... 30 კვ.მ და ს/კ ...- 70 კვ.მ) საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის მართლზომიერება და ასევე სადაოდაა ქცეული ამ ორი ნაკვეთიდან ერთის - ს/კ ... აუქციონის წესით გასხვისება. წერილში ასევე მითითებულია შემდეგი: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N9274 დადგენილებით დადგენილია ... - ...ის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე. ამავე დადგენილების დანართებში არსებულ რუკებზე ორივე მიწის ნაკვეთი მოქცეულია ... - ...ის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით - სატრანსპორტო ზონაში (1 (ტზ-1), რაც გენერალურ გეგმაზე აღნიშნულია ყვითელი ფერით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ ხსენებულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტი საპრივატიზებო ნუსხაში შეტანილ ნაკვეთს - ს/კ ... აღარ გაასხვისებს, ამავე დადგენილების მიხედვით მისი გასხვისების არამართებულობის გამო, ისევე როგორც მეორე ნაკვეთის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია წერილში მიუთითებს, რომ ნაკვეთების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მასზე უნდა მოეწყოს ტროტუარები და გამწვანების ზოლი. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს მუნიციპალიტეტის მერია სთავაზობს საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქმეში წარდგენილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის 2020 წლის 4 ნოემბრის N08-3620309143 წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახლა მოახდინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 70 კვ.მ. ფართობის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) კატეგორიის შესწავლა, რომლის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ დგინდება, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი ,,... - ...ის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N274 დადგენილების და ,,... - ...ის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 02 დეკემბრის N590 დადგენილების (აღნიშნულით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N274 დადგენილება) შესაბამისად, წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზის - სატრანსპორტო კატეგორიის მიწის ნაკვეთს და მდებარეობს სატრანსპორტო ზონაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ.ჩ-ის და ვ.ძ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება კასატორთა შუამდგომლობას მოსარჩელე მხარისთვის საკასაციო ეტაპისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ბ.ჩ-ის და ვ.ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა მოსარჩელე მხარისთვის მათ სასარგებლოდ საკასაციო სასამართლოში გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ბ.ჩ-ს (პ/ნ...) და ვ.ძ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს ბ.ჩ-ის (პ/ნ...) მიერ, საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს ...ში 2022 წლის 26 აპრილს N... საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.ჩ-ის და ვ.ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება.
3. ბ.ჩ-ს (პ/ნ...) და ვ.ძ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ბ.ჩ-ის (პ/ნ...) მიერ, საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს ...ში 2022 წლის 26 აპრილს N... საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე