Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-674(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ა“; (მოპასუხე) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახური);

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 14 ივნისს შპს ,,...ას" წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 1 აგვისტოს N3312 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის N04/26324 გადაწყვეტილებები და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ პაციენტ ნ. ხ-ის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით, შპს ,,...ას" სარჩელი მოპასუხეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,...ას” სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი, ნ. ხ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №3312 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის №04/26324 გადაწყვეტილება ნ. ხ-ის ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა” და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „...ასათვის“ ნ. ხ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3, მე-7, მე-9 მუხლები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის № 190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მოსაზრებას, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენცია გაწეული სამედიცინო მომსახურების უხარისხობისა თუ მიზანშეუწონლობის საბაბით უარი ეთქვა მოსარჩელისათვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებაზე. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, გაუგებარია რა გარემოებებზე დაყრდნობით დაადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომ პაციენტ ნ. ხ-ს არაჯეროვნად/არასრულად ჩაუტარდა მკურნალობა, რამაც გამოიწვია შემთხვევის გართულება და მისი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების აუცილებლობა. პალატამ მიიჩნია, რომ ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა ემოქმედა მხოლოდ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მე-14 და მე-15 მუხლებით განსაზღვრულ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა თუ მიზანშეწონილობაზე დასკვნის გაკეთება კი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დავა წარმოშობილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. დადგენილების მიხედვით, პროგრამის განხორციელებას 2020 წლის 1 სექტემბრიდან უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ხოლო, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. კასატორის მსჯელობით, აღნიშნული პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საკითხი სწორად არ იქნა გაგებული და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არასწორად განმარტებული ნორმის საფუძველზე. მიუთითებს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს აქვს კომპეტენცია დააკორექტიროს შემთხვევები. განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ - სამედიცინო მომსახურების პირობებს, ამასთან პროგრამის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს რომ არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. წარმომადგენლის მსჯელობით, განსახილველ შემთხვევაში სააგენტო მოსარჩელეს ედავება არა უხარისხო მკურნალობაში, არამედ ჩატარებული მკურნალობა იყო დაუსრულებელი მკურნალობა, რომელიც გაგრძელდა სხვა კლინიკაში, ანუ კასატორის მსჯელობით სახეზეა ერთი უწყვეტი შემთხვევა. შესაბამისად, ითხოვს დაკმაყოფილდეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და მხარეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახური.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დავის საგნისა და საკასაციო საჩივრის არგუმენტების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეაფასოს, რა წინაპირობები არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №3312 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის №04/26324 გადაწყვეტილების (ნ. ხ-ის ნაწილში) მიღების დროს.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ხ-ს შპს ,,...აში” 2018 წლის 16 მარტს დაესვა დიაგნოზი (...) და ჩაუტარდა გადაუდებელი მკურნალობა - თაბაშირით იმობილიზაცია და გაეწერა კლინიკიდან.

დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ნ. ხ-ს შპს ,,...აში" ჩაუტარდა მკურნალობა, 2018 წლის 21 მარტს იგი იმავე დიაგნოზით მიყვანილ იქნა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 01 აგვისტოს №3312 გადაწყვეტილებით, შპს „...ას“ მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ შეტყობინებათა სისტემაში დაფიქსირებული შემთხვევა N... (მოქალაქე ხ-ი ნ.) საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად არ ექვემდებარება ანაზღაურებას და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ დაფიქსირდა პროგრამით მოსარგებლის იგივე ან სხვა სტაციონარში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 01 აგვისტოს №3312 გადაწყვეტილებაზე შპს „...ამ“ 2018 წლის 31 აგვისტოს წარადგინა N2817 ადმინისტრაციული საჩივარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის N04/26324 გადაწყვეტილებით შპს „...ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-9 მუხლის თანახმად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. პროგრამის მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, რეგულირების სააგენტოს წარმოადგენს - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემთხვევათა ზედამხედველობის ერთ - ერთი ეტაპია: საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება. ხოლო, პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ნ. ხ-ს შპს ,,...აში" ჩაუტარდა მკურნალობა, 2018 წლის 21 მარტს იგი იმავე დიაგნოზით მიყვანილ იქნა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის 2018 წლის 01 აგვისტოს N3312 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ შპს „...ას“ უარი ეთქვა ნ. ხ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ კონკრეტული შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებს, ვინაიდან დაფიქსირდა პროგრამით მოსარგებლის იგივე ან სხვა სტაციონარში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაცია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ამ მომსახურების მიზანშეწონილობა ან/და ხარისხი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტებს, რომელთა თანახმად, სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა: იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში) კონტროლი და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციათა ფარგლებში.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს მიმწოდებლის მიერ პროგრამის განმახორციელებლისათვის მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის და პროგრამულად შეტყობინების სისტემით წარდგენილი ინფორმაციის შედარებაში, მათი ურთიერთშესაბამისობის თუ შეუსაბამობის დადგენაში, რაც შემდგომ გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს უნდა შეეფასებინა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 14.1 მუხლში მოცემული საანგარიშგებო დოკუმენტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გასცდა ინსპექტირების ფარგლებს და გაწეული სამედიცინო მომსახურების უხარისხობისა და მიზანშეუწონლობის საფუძვლით უთხრა უარი მოსარჩელეს ხარჯების ანაზღაურებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული დამოუკიდებლობა. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ექიმი პაციენტის ანამნეზის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მიღებული ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე პირადად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს. სადავო გადაწყვეტილებებში ზოგადად არის აღნიშნული, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ვინაიდან დაფიქსირდა პროგრამის მოსარგებლის იგივე ან სხვა სტაციონარში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაცია, თუმცა გაურკვეველია რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია, რომ ჩატარებული მკურნალობა იყო დაუსრულებელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ მისი საკასაციო პრეტენზიის არგუმენტირებული დასაბუთება წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის არსებობას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს შპს „...ას“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 29 ივლისს N19514 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს შპს „...ას“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 29 ივლისს N19514 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე