საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1095(2კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (მოპასუხეები) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ჯ-ი, მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჯ-იმა 2021 წლის 25 იანვარს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანებისა (32 კვ.მ. ფართის ნაწილში) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 22 დეკემბრის N1-1/552 ბრძანების ბათილად ცნობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა გარდაბანი, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით ... (მესაკუთრე სახელმწიფო) გასხვისება, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 მარტის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ) და ამავე სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის (საჩივრის დაუსაბუთებლობის გამო მისი ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ) განჩინებები.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 22 დეკემბრის N1-1/552 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანება 32 კვ.მ. ფართის ნაწილში და დაევალა მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, რამდენად კანონიერი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.
პალატამ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2006 წლის 13 დეკემბრის N1-5994 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებასა და მასზე თანდართულ 2006 წლის 9 აგვისტოს N2 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლითაც დგინდება, რომ აუქციონში გამარჯვებულმა ა. ჯ-იმა შეიძინა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სოფელ ...ს ტერიტორიაზე, კერძოდ, 32 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ...ს მთ. საავტომობილო გზის ... მხარეს, ...ის ტერიტორიის გაგრძელებაზე, მდ. ...ს ... მხარეს გზის ღერძიდან 20 მეტრის დაშორებით, სავაჭრო საყოფაცხოვრებო მრავალპროფილიანი ობიექტების მშენებლობისათვის (N233 მიწის ნაკვეთი). ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველისთვის ნასყიდობის საგნის გადაცემა უნდა მომხდარიყო მხარეთა შორის გაფორმებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნისა და მიღება-ჩაბარების აქტით. ამასთან, მიწის ნაკვეთის გამიჯვნისა და მიღება-ჩაბარების 2006 წლის 25 ივნისის აქტით დგინდება, რომ მყიდველ ა. ჯ-იზე ჩაბარებული იქნა ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ს საავტომობილო გზის ... მხარეს ...ის ტერიტორიის გაგრძელებაზე, მდ. ...ს ... მხარეს მდებარე 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სავაჭრო ობიექტის მშენებლობისთვის.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. ჯ-იმა შეძენილი უძრავი ქონება 2006 წლის 20 დეკემბერს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ...ს საავტომობილო გზის ... მხარეს ...ის ტერიტორიის გაგრძელებაზე, მდ. ...ს ... მხარეს მდებარე 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ოდენობით დაირეგისტრირა დაუზუსტებელი სახით. ამასთან, პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ 2013 წლის 11 აპრილის N... გადაწყვეტილებით მოსარჩელემ მოახდინა რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტება, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ა. ჯ-ის განცხადებისა და ი/მ ნ. ს-ეის ახსნა-განმარტების მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წლის 11 აპრილს არასწორად იქნა დარეგისტრირებული აღნიშნული ნაკვეთი, ვინაიდან არ იყო აზომილი თანამედროვე აპარატურით, რის გამოც მოხდა ტექნიკური შეცდომა. ამდენად, მოსარჩელემ 2020 წლის 17 თებერვალს განცხადებით კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელება მოითხოვა, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლო იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთის წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემები მთლიანად ექცეოდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. პალატის მითითებით, ასევე დადგენილია, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), რომელიც მთლიანად მოიცავს მოსარჩელის მიწის ნაკვეთს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანების საფუძველზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო და როგორ შეძლო გამოერიცხა სახელმწიფოს მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ბრძანებით მოთხოვნილი უძრავი ნივთისა და ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტურობა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 ივლისის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ სიტუაციურ ნახაზზე (დანართი N1) არსებული ...-...ს გზის ...-ე კმ-ზე მდებარე 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარეობა ძირითადად შეესაბამება 2020 წლის 8 თებერვალს ი/მ ნ. ს-ეის მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (დანართი N3) არსებულ 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარეობას. კერძოდ, ძირითადი სხვაობა ფიქსირდება ...-...ს გზის ღერძთან მიმართებაში (სხვაობა შეადგენს 1.0 მ-ს). ამასთან აღსანიშნავია, რომ დასკვნის თანახმად, ხსენებული მიწის ნაკვეთების გვერდების გაბარიტული ზომები და ფართი ასევე შეესაბამება ერთმანეთს.
პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას N1 დანართის სახით ერთვის სწორედ ის სიტუაციური ნახაზი, რომლის მიხედვითაც 2006 წელს ა. ჯ-იმა შეიძინა უძრავი ქონება. კერძოდ, აღნიშნული ნახაზის შესაბამისად, გზის სავალი ნაწილიდან მიწის ნაკვეთი დაშორებულია 15 მეტრით და აღნიშნული უძრავი ნივთის ზომებია 8.00x4.00 მ2. რაც შეეხება მყარ ორიენტირებს, ნაკვეთის დასავლეთით მონიშნულია საკონსერვო ქარხანა, ხოლო აღმოსავლეთით ლითონის თვალამრიდები, რომელიც სრულდება მდ. ...ზე არსებულ ხიდთან. გარდა ამისა, პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია სიტუაციური გეგმა, რომელიც ასახავს ჯერ კიდევ უძრავი ქონების განკარგვამდე (2006 წლამდე) არსებულ მახასიათებლებს. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ...-...ის საავტომობილო მაგისტრალის ... მხარეზე, ...ის მიმდებარედ აუქციონის წესით გასაცემი 32 კვ.მ. მიწის ფართობის სიტუაციური გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთი არის მართკუთხა ფორმის (8.00x4.00), რომელიც მაგისტრალიდან დაშორებულია 20 მეტრით. ამასთან, ამავე გეგმაზე მონიშნულია ...ისა და მდ. ...ს კალაპოტის ტერიტორიები. პალატამ აქვე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ა. ჯ-ის მიერ სახელმწიფოს მიერ აუქციონის გზით განკარგული მიწის ნაკვეთი შეძენილი იქნა სავაჭრო-საყოფაცხოვრებო მრავალპროფილიანი ობიექტების მშენებლობისთვის. ამდენად, მოსარჩელე მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ მის დაინტერესებაში იყო სწორი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთი, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის განაპირა ნაწილიდან უკვე ფიქსირდება დონეთა სხვაობები (ქანობიანი რელიეფი), საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, სახელმწიფო უფლებამოსილია დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გავრცელდეს კერძო საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანების გამოცემამდე, ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია საქმის გარემოებები, რათა კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია არ განხორციელებულიყო. პალატის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მიწის ნაკვეთების იდენტურობის გამომრიცხავი უტყუარი მტკიცებულება, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ უნდა გამოეკვლია მოსარჩელისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მასთან დაცული ინფორმაციის გამოკვლევის ან სხვა ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელებით (სპეციალისტის მოწვევა, ექსპერტიზის დანიშვნა) შეეძლო სრულყოფილად დაედგინა სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები - მოსარჩელისთვის მიყიდული უძრავი ქონების გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი სახელმწიფოს მიერ ერთხელ განკარგულ უძრავ ქონებაზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განმეორებით მოთხოვნას, არსებობდა გასაჩივრებულ ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილზე, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან დადგენილი იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემის ფაქტი, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 22 დეკემბრის N1-1/552 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, ,,სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილების მე-2 მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, 23-ე მუხლებზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანება, რომლითაც სააგენტოს შესაბამის თანამშრომელს მიენიჭა უფლებამოსილება უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განეხორციელებინა შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 23 ივლისს, მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით N..., მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში (77 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი), აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. კასატორის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა თუ დადგინდებოდა არსებითი წინააღმდეგობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოთხოვნასა და უკვე რეგისტრირებულ უფლებას შორის. უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სამართალწარმოების პროცესში, ა. ჯ-ის სადავოდ არ გაუხდია საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ.
ამასთან, კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 13.12.2006 წლის N1-5994 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, მასზე თანდართულ 2006 წლის 9 აგვისტოს N2 ხელშეკრულებაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 ივლისის დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ 2006 წლის 20 დეკემბერს ა. ჯ-ის სახელზე აღირიცხა უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო 2013 წლის 11 აპრილის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ჯ-ის განცხადება და უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში შევიდა ცვლილება. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საზღვრები დადგენილი იყო N... გადაწყვეტილებით. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ სიტუაციურ ნახაზზე არსებული ...ს გზის ...-ე კმ-ზე მდებარე 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარეობა ძირითადად შეესაბამება 2020 წლის 8 თებერვალს ი/მ ნ. ს-ეის მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებულ 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარეობას, თუმცა კასატორს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა ა. ჯ-ის პოზიციას ვერ ამყარებს, ვინაიდან აღნიშნული ვერ ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და სადავოდ გამხდარი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობას 32 კვ.მ.-ის ნაწილში. კერძოდ, კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გარდაბნის რაიონის ...ს საკრებულოს 2006 წლის 6 მარტის აქტში, რომელიც საფუძვლად დაედო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას, სადავო მიწის ნაკვეთის მახასიათებლად მითითებულია - ,,საავტომობილო გზიდან 20 მეტრის დაშორებით“, მაშინ როდესაც სადავო მიწის ნაკვეთი ამავე საავტომობილო გზიდან დაშორებულია 14.771 მ-ით.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის (2014 წელი) ა. ჯ-ის სახელზე უძრავი ქონება უკვე დაზუსტებული მონაცემებით იყო რეგისტრირებული, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტომ სადავო ბრძანების გამოცემამდე არ გამოიკვლია მოსარჩელისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ამასთან, სასამართლომ ღიად დატოვა ის საკითხი, რომ აქტის კანონიერება განისაზღვრა აქტის გამოცემიდან 6 წლის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელე მხარის სურვილით და არა აქტის გამოცემის დროისათვის არსებული ობიექტური გარემოებებით.
საქმის მასალებში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ მითითებული დასკვნის თანახმად, საექსპერტო კვლევას დაექვემდებარა არა უფლების დამდგენი დოკუმენტაცია თუ ე.წ. ,,ტექნიკური შეცდომით“ მომზადებული 2013 წლის აზომვითი ნახაზის შესაბამისობა/შეუსაბამობა უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან, არამედ მხარის მითითებით მომზადებული 2020 წლის აზომვითი ნახაზის (რომლის მიხედვითაც, მხარე დაზუსტებული მონაცემით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში ცვლილების განხორციელებას ითხოვდა) და გაურკვეველი სიტუაციური გეგმის ურთიერთშესაბამისობა. კასატორის განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად მიჩნეული იქნა არა საპრივატიზებო საქმეში დაცული დოკუმენტაცია - ა. ჯ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, არამედ ისეთი სიტუაციური ნახაზი, რომლის მომზადების თარიღი თუ მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი არ ირკვევა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: ,,...ექსპერტიზის დასკვნას N1 დანართის სახით ერთვის სწორედ ის სიტუაციური ნახაზი, რომლის მიხედვითაც 2006 წელს ა. ჯ-იმა შეიძინა უძრავი ქონება...“, თუმცა ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვის ისეთი ნახაზი, რომელიც მომზადებულია კერძო სუბიექტის (დიდი ალბათობით) მიერ და მასზე მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა განსხვავდება 2006 წლის ნასყიდობის (პრივატიზების) ხელშეკრულებით გასხვისებული ნივთის ადგილმდებარეობისაგან. კასატორის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ძირითად მტკიცებულებად გამოყენებული დოკუმენტი არ შეესაბამება ა. ჯ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტაციას, სასამართლო გადაწყვეტილების და შესაბამისად, სამინისტროსა და სააგენტოს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მიჩნეული იქნა მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ,,...ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ა. ჯ-ის მიერ სახელმწიფოს მიერ აუქციონის გზით განკარგული მიწის ნაკვეთი შეძენილი იქნა სავაჭრო-საყოფაცხოვრებო მრავალპროფილიანი ობიექტის მშენებლობისთვის...“, რაც კასატორის პოზიციით, უსაფუძვლოა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს ა. ჯ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტისა და აზომვითი ნახაზის ურთიერთშესაბამისობა უნდა დაედგინა და სადავო აქტების კანონიერება ისე შეეფასებინა და არა მხოლოდ მოსარჩელის სუბიექტური მოსაზრების გათვალისწინებით (საქმეში არსებული მასალები ობიექტურად არ ამართლებს მოსარჩელის მოსაზრებას) დაედგინა სააგენტოსა და სამინისტროს აქტების ბათილობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანებისა (32 კვ.მ. ფართის ნაწილში) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 22 დეკემბრის N1-1/552 ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანების (ძალაში დარჩა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 22 დეკემბრის N1-1/552 ბრძანებით) თანახმად, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა განეხორციელებინა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 77.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი: 77.00 კვ.მ., ს/კ ..., 2014 წლის 23 ივლისს დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
ასევე დადგენილია, რომ ა. ჯ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი 32 კვ.მ. ფართის ნაწილში ზედდებაშია N... საკადასტრო კოდით, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთთან. აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 13 დეკემბრის N1-5994 სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, მასზე თანდართული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ 2006 წლის 9 აგვისტოს N2 ხელშეკრულებისა და 2006 წლის 25 ივნისის მიწის ნაკვეთის გამიჯვნისა და მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ა. ჯ-იმა (მყიდველმა) გარდაბნის რაიონის გამგეობისგან (გამყიდველი), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე საკონკურსო კომისიის 2006 წლის 2 მაისის N6 ოქმისა და გარდაბნის რაიონის გამგეობის 2006 წლის 21 ივნისის N107 დადგენილების საფუძველზე, საკუთრებაში მიიღო და ჩაიბარა სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე, 32 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ...ს მთ. საავტომობილო გზის ... მხარეს, ...ის ტერიტორიის გაგრძელებაზე, მდ. ...ს ... მხარეს გზის ღერძიდან 20 მეტრის დაშორებით, სავაჭრო-საყოფაცხოვრებო მრავალპროფილიანი ობიექტების მშენებლობისათვის (N233 მიწის ნაკვეთი). მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ..., 32 კვ.მ., 2006 წლის 20 დეკემბერს, დაუზუსტებელი მონაცემებით დარეგისტრირდა ა. ჯ-ის საკუთრების უფლება, 2013 წლის 11 აპრილს კი, აღნიშნულ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის (შედგენილი 2013 წლის 29 მარტს, ი/მ ნ. ს-ეის მიერ) საფუძველზე, ა. ჯ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა დაზუსტებული მონაცემებით.
2020 წლის 17 თებერვალს ა. ჯ-იმა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა ი/მ ნ. ს-ეის წერილობითი ახსნა-განმარტება, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ... (ს/კ ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. ი/მ ნ. ს-ეის 2020 წლის 8 თებერვლის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, ა. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ... (ფართით 32 კვ.მ, ს/კ ...), არასწორად იქნა დარეგისტრირებული საქართველოს საკადასტრო რუკაზე, ნაკვეთი აზომილი არ იყო თანამედროვე აპარატურით, რის გამოც მოხდა ტექნიკური შეცდომა. ამჟამად კი, აზომვები ჩატარდა ზუსტი ხელსაწყოს გამოყენებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ 2020 წლის 17 თებერვლის განცხადებაზე თანდართულ ახალ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოდის სრულ ზედდებაში N... საკადასტრო კოდით, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (32 კვ.მ. ფართის ნაწილში).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 ივლისის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა კითხვა, შეესაბამებოდა თუ არა ა. ჯ-ის მიერ წარდგენილ ძველ, 2006 წლის ნახაზზე აღნიშნული 32 კვ.მ. ფართი (მდებარე: ..., ...ს მთ. საავტომობილო გზის ... მხარეს, ...ის ტერიტორიის გაგრძელებაზე, მდ. ...ს ... მხარეს გზის ღერძიდან 15 მეტრის დაშორებით) ახალ, 2020 წლის ნახაზზე აღნიშნულ ფართს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სიტუაციურ ნახაზზე არსებული ...-...ს გზის ...-ე კმ-ზე მდებარე 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (დანართი N1) მდებარეობა ძირითადად შეესაბამება 2020 წლის 8 თებერვალს ი/მ ნ. ს-ეის მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებულ 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარეობას (დანართი N3). კერძოდ, ძირითადი სხვაობა ფიქსირდება ...-...ს გზის ღერძთან მიმართებაში (სხვაობა შეადგენს 1.0 მ-ს). ამასთან აღსანიშნავია, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთების გვერდების გაბარიტული ზომები და ფართი ასევე შეესაბამება ერთმანეთს.
ამდენად, მითითებული დასკვნის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ცალსახად არ გამოირიცხება ა. ჯ-ის მიერ 2006 წელს შეძენილი უძრავი ნივთისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანებაში მითითებული უძრავი ნივთის 32 კვ.მ. ნაწილში, იდენტურობა. აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 ივლისის დასკვნაზე დანართი N1-ის სახით თანდართულ სიტუაციურ გეგმასა და საქმეში წარმოდგენილ 2006 წლის სიტუაციურ გეგმაზე (შედგენილია უძრავი ნივთის განკარგვამდე) მონიშნული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია (მართკუთხა ფორმა, გვერდების ზომები 8.00X4.00) და მოცულობა (32 კვ.მ.) შეესაბამება ერთმანეთს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2006 წლის 13 დეკემბრის N1-5994 ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ა. ჯ-იმა სახელმწიფოს მიერ აუქციონის გზით განკარგული მიწის ნაკვეთი შეიძინა სავაჭრო-საყოფაცხოვრებო მრავალპროფილიანი ობიექტების მშენებლობისთვის, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, ნაკვეთის განაპირა ნაწილიდან უკვე ფიქსირდება დონეთა სხვაობები (ქანობიანი რელიეფი).
მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ კასატორების არგუმენტაციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ აწესებს შეზღუდვას/აკრძალვას დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შემდგომ, მასში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამასთან, მართალია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია ითვლება სწორად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, თუმცა აღნიშნული გარემოება, ცხადია არ გულისხმობს უკვე რეგისტრირებული, მათ შორის დაზუსტებული მონაცემების ცვლილების შეუძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სწორედ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია განხორციელებული იყო არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ა. ჯ-იმა მოითხოვა არა რაიმე ახალი უფლების მოპოვება, არამედ ცვლილების განხორციელება და ...-...ს გზის ...-ე კმ-ზე მდებარე 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იმ კონფიგურაციით რეგისტრაცია, როგორც აუციონზე შეიძინა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში კასატორების მიერ ა. ჯ-ის სარჩელის უსაფუძვლოდ მიჩნევის მოტივად დაზუსტებული მონაცემებით განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტზე მითითება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო და არარელევანტურია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არსებობდა გასაჩივრებულ ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის N1/6-728 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. შესაბამისად, არსებობდა მითითებული ბრძანების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შედეგად მიღებული, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 22 დეკემბრის N1-1/552 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე