საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-528(2კ-23) 25 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ჯ.ა-ა (მოსარჩელე), ს.გ-ა, სა.გ-ა (მესამე პირები), სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ.ა-ამ 2021 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1302/ო ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ჰყავს შვილები - ს. და სა. გ-ები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის არსებული შეთანხმებით სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდა დევნილი ოჯახისთვის ბინის დაქირავებას სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 250 ლარის გადახდის პირობით, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას მათი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის ვადის გაგრძელების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, გამოსახლების დღიდან განსახილველ მომენტამდე ოჯახი ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე (ყოფილი ...ის ქუჩა) მდებარე გ.ჯ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ქირით. ჯ.ა-ას შვილი ს.გ-ა არის შშმ პირი, უვადოდ. ის არის მძიმედ დაავადებული, საჭიროებს მეთვალყურეობას, გამოირჩევა ანტისოციალური ქმედებებით (ხშირად გარბის, იმალება, არის აგრესიული, რის გამოც იმყოფება მედიკამენტური ზემოქმედების ქვეშ), იმპულსურია. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზეა 2016 წლიდან. მოსარჩელემ მძიმე სოციალური პირობების გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა განაცხადი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, ოჯახს მიენიჭა 8.5 ქულა (1,5 ქულა ქირის ნაწილში, 3 ქულა სოციალურ კრიტერიუმში, 1 ქულა ორი არასრულწლოვანის ნაწილში, 3 ქულა შშმ პირის ნაწილში). მოსარჩელის განმარტებით, 2021 წელს 2 ოთახიანი ბინები მიიღეს მასზე უფრო დაბალი ქულის მქონე ოჯახებმა (4,5 ქულა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ - ს.გ-ა და სა.გ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1302/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. N10-ში განხორციელდა რამდენიმე მონიტორინგი, თუმცა მონიტორინგის თანამშრომლებს სახლში არავინ დახვდათ. ასევე დადგენილია, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა (№19 სხდომის ოქმი) მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1302/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), ჯ.ა-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტულად არ მიუთითა, რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია განმცხადებლის მიერ საცხოვრებელზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სს „...ის“ ანგარიშის ამონაწერით დასტურდება, რომ წლების განმავლობაში ჯ.ა-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად საჭირო თანხით უზრუნველყოფდა სწორედ მოპასუხე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია ზემოაღნიშნული გარემოებები და მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე დაადგინა მოსარჩელის მიერ მცდარი ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ჯ.ა-ას, ს.გ-ასა და სა.გ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ჯ.ა-ას, სა. და ს. გ-ების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ.ა-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მის სახელზე გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. დადგენილია, აგრეთვე, რომ ჯ.ა-ამ შვილებთან - ს. და სა.გ-ებთან ერთად შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. დადგენილია აგრეთვე, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1302/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), ჯ.ა-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. ამავე საოქმო გადაწყვეტილებით ჯ.ა-ას ოჯახს დააკლდა ქირის კრიტერიუმში - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრების კრიტერიუმში - 1 ქულა; მკვეთრად გამოხატული „შშმპ“-ის კრიტერიუმში - 3 ქულა; დაემატა: მნიშვნელოვანი „შშმპ“-ის კრიტერიუმში - 2 ქულა.
პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საფუძველი.
პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
პალატამ მიუთითა აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია), სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების და ბრძანებით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ (№7 დანართის) (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დეპარტამენტის უფროსის, მონიტორინგის სამმართველოს უფროსის და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.
ამავე „წესის“ მე-6 მუხლით დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №8 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. ამდენად, მკაფიოდაა დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა, დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია და სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზი გვაძლევს იმ სამართლებრივი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები.
პალატამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის №7 დანართის „დ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით. დადგენილია, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. ხოლო „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. N10-ში განხორციელებული რამდენიმე მონიტორინგის დროს დევნილი ოჯახის მისამართზე არყოფნა გამორიცხავს ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კანონიერებას. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებიდან ცალსახად არ ირკვევა, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დაადგინა განმცხადებლის მიერ საცხოვრებელზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება. სააპელაციო პალატამ მიუთითა ჯ.ა-ას მიერ საქმეზე წარმოდგენილ სს „...ის“ ანგარიშის ამონაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ წლების განმავლობაში ჯ.ა-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად საჭირო თანხით უზრუნველყოფდა სწორედ მოპასუხე.
პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის შვილი ს.გ-ა არის შშმპ უვადოდ და მუდმივად საჭიროებს მკურნალობას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მაშინ, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მსჯელობდა მოსარჩელეებისა და მესამე პირების ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის საკითხზე, მათ მიერ არ იქნა გათვალისწინებული მესამე პირის, ჯ.ა-ას შვილის - ს.გ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, იგი საჭიროებს შესაბამისი საცხოვრებელი პირობების არსებობას. ამასთან, დადასტურებულია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ სხვა განმცხადებლებს გააჩნდათ იმაზე მეტი საჭიროება გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებისა, ვიდრე მოსარჩელესა და მის ოჯახს, რაც, თავის მხრივ, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუსაბუთებლად მიჩნევას განაპირობებს.
პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. პალატამ მიუთითა აგრეთვე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, ვინაიდან მონიტორინგი სრულყოფილად არ განხორციელებულა, სასამართლო მოკლებულია საფუძველს, სრულად დააკმაყოფილოს სასარჩელო მოთხოვნა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადასინჯვას, საქმის ირგვლივ არსებული მტკიცებულებების სათანადოდ შეფასებას და ამის შემდგომ ახალი აქტის გამოცემას.
პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №ბს-308-304(2კ-14) გადაწყვეტილებაზე სადაც განიმარტა, რომ „ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი ქვეყნის საზღვრებში ცხოვრობენ და საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად მათ ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა, დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულებების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ჯ.ა-ას, სა.გ-ასა და ს.გ-ას მიერ.
კასატორები ჯ.ა-ა, სა.გ-ა და ს.გ-ა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ. მონიტორინგის დროს ოჯახის სახლში არყოფნასთან დაკავშირებით კასატორები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს მათ მისამართზე ცხოვრებას, რაც უნდა დადგინდეს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა ერთობლიობით გამოკვლევის შედეგად. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ სასწრაფო დახმარების გამოძახების ოქმებზე, სოციალური სააგენტოს მონიტორინგის ოქმებსა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორედ სადავო მისამართზე ქირის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. კასატორების მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად წარმოადგენდა საცხოვრებელთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია არსებითი ხასიათის ინფორმაციას. მათვე აღნიშნეს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ საცხოვრებელთან დაკავშირებით მიწოდებული იყო მცდარი ინფორმაცია, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენდა ქულათა რაოდენობაზე და იმის გათვალისწინებით, რომ მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ - საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.
კასატორი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას მოითხოვს. სააგენტო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია დამატებით გამოსაკვლევი გარემოებები. კასატორი სადავო აქტის კანონიერებას მოსარჩელის ოჯახი მისამართზე არყოფნით ასაბუთებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მეუღლის ჯ.გ-ას საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება თბილისი, ..., მე-... მ/რ, კვარტალი - N1, კორპ. N8, ბინა N..., თუმცა აღნიშნული ბინა გადააფორმა 2013 წელს, მიუხედავად ამისა ოჯახი კვლავ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, რაც დასტურდება მეზობლების განმარტებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მხარემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციულ ორგანოს. კასატორი დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების პრიორიტეტულობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მიერ გაკეთებული განმარტების სენსიტიურობიდან გამომდინარე მიიღო და არა რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რაც სრულიად დაუშვებელია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა დევნილ ოჯახებს მოსარჩელის ოჯახთან მიმართებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ჯ.ა-ას, ს.გ-ას და სა.გ-ას საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით, სიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ჯ.ა-ას, ს.გ-ას და სა.გ-ას საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის განჩინებაზე, მიჩნეული იქნა დასაშვებად და დადგინდა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ა-ას, ს.გ-ას და სა.გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მოსარჩელე - ჯ.ა-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.
ჯ.ა-ამ არასრულწლოვან შვილებთან - ს. და სა.გ-ებთან ერთად შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. შეფასების შედეგად ჯ.ა-ას და მის ოჯახს მიენიჭა შემდეგი ჯამში - 8.50 ქულა: საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00 ქულა; ს.გ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ - მკვეთრად გამოხატული - 3.00 ქულა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1302/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), ჯ.ა-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. ამავე საოქმო გადაწყვეტილებით ჯ.ა-ას ოჯახს დააკლდა ქირის კრიტერიუმში - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრების კრიტერიუმში - 1 ქულა; მკვეთრად გამოხატული „შშმპ“-ის კრიტერიუმში - 3 ქულა; დაემატა: მნიშვნელოვანი „შშმპ“-ის კრიტერიუმში - 2 ქულა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება. მითითებული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის შესაძლებლობას ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი დანართის მე-3 მუხლი. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ შედგენას. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები გასაჩივრებული აქტის კანონიერებას არ ადასტურებს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ საცხოვრებლის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. კასატორი ერთი მხრივ მიუთითებს, რომ ჯ.ა-ა შვილებთან ერთად ცხოვრობს მოსარჩელის მეუღლის ჯ.გ-ას საკუთრებაში (თბილისი, ..., მე-... მ/რ, კვარტალი - N1, კორპ. N8, ბინა N...) და ამ საფუძვლით უარს აცხადებს ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე, თუმცა მეორე მხრივ, საქმის მასალებში დაცული დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე, ჯ.ა-ას ოჯახი არ იმყოფებოდა. მოცემულ საქმეში ცალსახად დადასტურებულია, რომ ჯ.ა-ას დევნილ ოჯახს არ გააჩნია საკუთრება, ცხოვრობს სხვის სახლში. ამასთან, საქმეში დაცული სს „...ის“ ანგარიშის ამონაწერით დასტურდება, რომ წლების განმავლობაში ჯ.ა-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად საჭირო თანხით უზრუნველყოფდა სწორედ მოპასუხე (ტ.1, ს.ფ.132-154).
საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე . შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები“ (სუს 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება Nბს-681-681(კ-18)). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს: სახეზეა თუ არა შესაბამისი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებათა გამოკვლევის საჭიროების ნაცვლად, თავად სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმების აუცილებლობა. განსახილველ შემთხვევაში, საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მონიტორინგის სრულყოფილად განუხორციელებლობის თაობაზე მაშინ, როდესაც საქმის მასალებში დაცული დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ მონიტორინგი განხორციელდა რამდენჯერმე: 2021 წლის 11 მარტს, 2021 წლის 26 მარტს, 2021 წლის 29 მარტს, 2021 წლის 17 თებერვალს მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა როგორც განცხადებაში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. N10), აგრეთვე, მოსარჩელის ყოფილი მეუღლის მისამართზეც (ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, 1-ლი კვ. კორპ. N8, ბინა N...) (ტ.1 ს.ფ.101-105). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა სრულ საფუძველს, სააპელაციო სასამართლოს თავად გადაეწყვიტა სადავო საკითხი და არსებითად ემსჯელა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ კანონიერებაზე. ამასთან, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის მატერიალური კანონიერების შეფასების შეუძლებლობას უნდა დაუკავშირდეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი დავის სასამართლო წესით გონივრულ ვადაში დასრულების ინტერესი. საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის (სუს 2020 წლის 17 სექტემბრის Nბს-1198(კ-19) განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით დავის გადაწყვეტა არ პასუხობს ზემოაღნიშნულ პრინციპებს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო წესით სრულად შესაძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მონიტორინგის დროს დევნილის მისამართზე არ ყოფნა, არ ართმევს დევნილ ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, არ გამორიცხავს გრძელვადიანი განსახლების საჭიროებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი. შესაბამისად, სხვადასხვა მიზეზით ფაქტობრივად სხვადასხვა მისამართზე ყოფნა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ოჯახს არ აქვს გრძელვადიანი საცხოვრებელი და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსარჩელის შვილი ს.გ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უვადოდ, იგი მუდმივად საჭიროებს მკურნალობას და შესაბამისად, სტაბილურ საცხოვრებელს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვანის განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. ამასთან, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ დამატებით იქნა დადგენილი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. აღნიშნული კოდექსის კონკრეტული ნორმები სახელმწიფოს უწესებს ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუქმნას გარემო, სადაც მას ექნება სათანადოდ განვითარების რეალური შესაძლებლობა. საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), რომლის პრეამბულაში გაცხადებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიებსა და პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, უშუალოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. იმავე კონვენციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს, გარდა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იძულებით გადაადგილებული პირის განაცხადის განხილვისას, ეკისრება აგრეთვე მისი საჭიროებების გათვალისწინების ვალდებულება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, აღნიშნული კი, მოცემულ შემთხვევაში ასევე არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1302/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ჯ.ა-ას, ს.გ-ას და სა.გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საკითხს, მოცემული დავა ეხება სახელმწიფო სოციალურ დაცვას, ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ჯ.ა-ას, ს.გ-ას და სა.გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ჯ.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1302/ო ბრძანება;
6. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ჯ.ა-ას და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
7. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე