№ბს-1471(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა - ბათილად იქნეს ცნობილი გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1-2359 ბრძანება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1-2359 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, მოსარჩელის მიმართ დასაბუთებული აქტის გამოცემა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, უდავოა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 10 ნოემბერს №AR1455549 განცხადებით მიმართა თ. ა-მა ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული და ამოშენებული 29.29 კვ.მ ფართის ლეგალიზების თაობაზე. ასევე უდავოა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის №2996600 ბრძანებით დაკმაყოფილდა №AR1455549 განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №23-ში მდებარე №... მიწის ნაკვეთზე, განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ამოშენებული და უნებართვოდ მიშენებული 29.29 კვ.მ ფართი. ამავე ბრძანებით ობიექტს მიენიჭა შეუსაბამო უძრავი ობიექტის სტატუსი. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 დეკემბრის (განც. №... 28.12.2015) ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) განთავსებული შენობა №1-ის პირველი სართულის 115.18 კვ.მ ფართის, აქედან 40.44 კვ.მ მიშენების ფართისა და 63.20 კვ.მ სარდაფის მესაკუთრეს წარმოადგენს ა. მ-ი. ამავე შენობის მე-2 სართულის 161.74 კვ.მ ფართის, აქედან 40.17 კვ.მ მიშენების ფართის მესაკუთრეა თ. ა-ი. დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 იანვრის (განც. №... 13.01.2016) ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №25-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) მესაკუთრეები არიან გ. გ-ი, თ. შ-ი და გ. მ-ი.
ასევე დადგენილია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2002 წლის 29 ნოემბრის №138 დადგენილებით დაკანონდა ქ. თბილისში, ...ის ქ. ასევე 23-ში ე. ჯ-ის (რომელიც წარმოადგენს სადავო ფართის ყოფილ მესაკუთრეს) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ლიტ „ა“-ს სარდაფის სართულის სათავსოები №1;2;3;4;5 ფართით 5,28+4,07+9,68+22,34+4,07 კვ.მ; კიბე ზომით: 1,0X3,0 მ. ლიტ „ა“-ს I სართულის საცხოვრებელი ოთახები №8;9 ფართით 19,10+23,92 კვ.მ. სათავსოები N6;7;10 ფართით: 8,70+11,70+7,20 კვ.მ; კიბე ზომით: 1,30X6,60 მ. ლიტ „ა“-ს II სართულის საცხოვრებელი ოთახი N10;16 ფართით 27,6+15,18 კვ.მ. სათავსოები N11;12;13;14;15 ფართით: 8,70+19,50+4,68+1,80+20,19 კვ.მ. ბაქანი კიბით, ზომით: /3,0X7,60/+/3,0X1,2/+/3,0X2,40/_მ; აივანი ზომით 1,5X2,65 მ და 5,40X2,80 მ.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 მარტის №592607 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული 80.61 კვ.მ ფართი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის (საქმე №3/2149-13) გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 მარტის №592607 ბრძანება, რადგან ლეგალიზებულ ობიექტზე, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე მიჯნის ზონაში სამ მეტრზე ნაკლები დაშორებით მოწყობილი იყო ფანჯრის ღიობები. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2015 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის №3/2149-13 გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გამოცემული №196 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. ა-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში წარედგინა მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ივნისის №274 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. ა-ის AR1108112 განცხადება, ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში მდებარე შენობაზე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზების თაობაზე, დარჩა განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ბრძანებით დაკმაყოფილდა თ. ა-ის მოთხოვნა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №23-ში მდებარე №... მიწის ნაკვეთზე, განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ამოშენებული და მიშენებული 29.29 კვ.მ ფართი.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვალდებულებას წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლის შემდგომაც უნდა იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) არსებულ შენობა N1-ს გააჩნია სამეზობლო საზღვარი საჩივრის ავტორის თანასაკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ამასთანავე, აღნიშნული სალეგალიზებო ობიექტი განთავსებულია მიჯნის ზონაში, სადაც 2-1 ფასადზე, ღია აივნის ამოშენების შედეგად მოწყობილია ღიობები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-10 პუნქტზე, 30-ე მუხლის მე-11 პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებული დადგენილებით დამტკიცებული „წესებისგან“ განსხვავებით, მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში, სამეზობლო საზღვრის მხარეს, შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსებას ღიობის, აივნის, ერკერის ან ტერასის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე, რითაც დადასტურდებოდა სადავო ბრძანებით შეთანხმებული პროექტით 2-1 ფასადზე ღია აივანზე ღიობების განთავსებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების 30-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2002 წლის 29 ნოემბრის №138 დადგენილებისა და საინვენტარიზაციო გეგმის არსებობის მიუხედავად, რომლებიც ღია აივნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტებია, მისი ღიობებით ამოშენების ლეგალიზების საკითხი წინააღმდეგობაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებთან“. შესაბამისად, კანონიერი აივნის არსებობა ვერ გახდება ამოშენების ლეგალიზების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც თავად საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულების იმპერატიული ჩანაწერია ობიექტების ან მისი ნაწილების ლეგალიზების თაობაზე მისაღები გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2015 წლის 30 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №23-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობის პირველი სართულის 115.18 კვ.მ ფართისა (აქედან მიშენების ფართი - 40,44 კვ.მ) და 63.20 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ ა. მ-ი ფიქსირდება, ხოლო ამავე შენობის მე-2 სართულის 161.74 კვ.მ ფართის (აქედან მიშენების ფართი - 40.17 კვ.მ) მესაკუთრედ - თ. ა-ი (ს.ფ. 131-132). აღნიშნული უძრავი ქონების მომიჯნავედ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №25-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გ. გ-ის, თ. შ-ისა და გ. მ-ის საკუთრებაშია (ს.ფ. 129-130, 133, 134); ბ) 2016 წლის 10 ნოემბერს თ. ა-მა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №AR1455549 განცხადებით მიმართა, რომლითაც მის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №23-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ამოშენებული და უნებართვოდ მიშენებული 29.29 კვ.მ ფართის ლეგალიზება მოითხოვა (ს.ფ. 11-12); გ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის №2996600 ბრძანებით თ. ა-ის 2016 წლის 10 ნოემბერის №AR1455549 განცხადება დაკმაყოფილდა. ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №23-ში მდებარე №... მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ამოშენებული და უნებართვოდ მიშენებული 29.29 კვ.მ ფართი ლეგალიზებულად ჩაითვალა. ამავე ბრძანებით ობიექტს მიენიჭა შეუსაბამო უძრავი ობიექტის სტატუსი. ბრძანების თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარდგენილი საინვენტარიზაციო გეგმით დასტურდება, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი უნებართვოდ ამოშენებული ფართის ადგილზე არსებობდა ღია აივანი, რომელიც მოგვიანებით ამოშენდა. (ს.ფ. 11-12); დ) 2017 წლის 12 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს გ. გ-მა მიმართა №19/01171021675-01 ადმინისტრაციული საჩივრით და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის №2996600 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა (ს.ფ. 98-99); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1-2359 ბრძანებით გ. გ-ის 2017 წლის 12 აპრილის №19/01171021675-01 ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის №2996600 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი საპროექტო შენობის 2-1 ფასადზე ამოშენებული 13.03 კვ.მ ფართის ლეგალიზების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის №2996600 ბრძანება. ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №23-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) არსებულ №1 შენობას გააჩნია სამეზობლო საზღვარი საჩივრის ავტორის თანასაკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. სალეგალიზაციო ობიექტი განთავსებულია მიჯნის ზონაში, სადაც 2-1 ფასადზე, ღია აივნის ამოშენების შედეგად მოწყობილია ღიობები. სწორედ საპროექტო შენობის 2-1 ფასადზე არსებული ფართის ლეგალიზებით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების 30-ე მუხლის მოთხოვნები. გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2002 წლის 29 ნოემბრის №138 დადგენილებისა და საინვენტარიზაციო გეგმის არსებობის მიუხედავად, რომლებიც ღია აივნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტებია, აივნის ღიობებით ამოშენების ლეგალიზების საკითხი წინააღმდეგობაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებთან“ (ს.ფ. 13-19).
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს (1); წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ (2); ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას (3). ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო. წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა).
გასაჩივრებული აქტით ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2002 წლის 29 ნოემბრის №138 დადგენილებისა და საინვენტარიზაციო გეგმის არსებობის მიუხედავად, რომლებიც ღია აივნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტებია, აივნის ღიობებით ამოშენების საკითხი წინააღმდეგობაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 30-ე მუხლის მე-11 პუნქტთან, რომლის თანახმად, შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს ღიობის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ეს პირობა არ ეხება ამ მუხლის მე- 12, მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს.
სზაკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 185-ე მხულის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. სზაკ-ის 95-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (1); დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (2).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ დაინტერესებული პირის მიერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა და იმის მითითება, რომ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და აღნიშნული მას აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს, ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან მიმართებაში სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს საკითხის განხილვა, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა და ასევე მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სწორედ აღნიშნული დოკუმენტაციის ერთობლიობაში ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1-2359 ბრძანებით არ ირკვევა, თუ რა ინტერესი გააჩნდა საჩივრის ავტორს - გ. გ-ს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის №2996600 ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ, კერძოდ, მერის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1-2359 ბრძანებით დადგენილია, რომ სადავო ლეგალიზებას დაქვემდებარებული ფართი წარმოადგენდა ღია აივანს და ლეგალიზება შეეხო აივნის ღიობებით ამოშენებით შექმნილ ფართს. როგორც აღინიშნა, მითითებული ბრძანებით მიჩნეულ იქნა, რომ აივნის ღიობებით ამოშენება შეუსაბამობაში იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებთან“, რამეთუ მითითებული წესების 30-ე მუხლი დაუშველად მიიჩნევდა მიჯნის ზონაში შენობაზე ღიობების არსებობას. ამდენად, მერის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1-2359 ბრძანება სალეგალიზაციოდ წარდგენილი ობიექტის მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს მიჯნის ზონაში ღიობის არსებობის დაუშვებლობის დადგენით იცავს, თუმცა ლეგალიზებაზე უარის პირობებში, ღიობებიანი ამოშენების დემონტაჟით რჩება ღია აივანი. შესაბამისად, სადავო ბრძანებით არ არის დასაბუთებული, რა უპირატესობა ენიჭება საჩივრის ავტორის მდგომარეობას ღიობიანი ამოშენების ნაცვლად ღია აივნის არსებობას.
საყურადღებოა, რომ გასაჩივრებული ბრძანებით მოხდა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. ამავდროულად, დადგენილია, რომ თავდაპირველად, ღიობების განთავსებამდე, სადავო ქონებაზე არსებობდა ღია აივანი, შესაბამისად, რატომ გახდა ღიობის განთავსების უკანონობაზე მითითება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სათანადოდ დასაბუთებული. ამდენად, კერძო და საჯარო ინტერესების მხედველობაში მიღებით, მოსარჩელისა და მესამე პირის ინტერესთა ურთიერშეპირისპირების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის აუცილებელი წინაპირობა - მესამე პირთა, საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესისთვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესზე მეტი დაცვის ღირსი იქნებოდა (სზაკ-ის მე-601.4 მუხლი).
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე