Facebook Twitter

საქმე №ბს-698(კს-23) 9 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე, აპელანტი) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. ბ-ი

დავის საგანი - მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ბ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე - 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის მე-... კმ, ე.წ. „...“-ს ...ში.

მოსარჩელის განმარტებით, 1959-1960 წლებში თბილისის სამგორის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის რაისაბჭოს აღმასკომის 1959 წლის 26 მაისის №154 გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო ზონალური ...ის თანამშრომლებზე გაიცა ...ე მიწის ნაკვეთები დროებით სარგებლობაში ამავე ...ის მიწებიდან 4.65 ჰა. აღმასკომის 1960 წლის 27 აპრილის №756 გადაწყვეტილებით განისაზღვრა გასაცემი მიწის ოდენობა თითოეულ მოქალაქეზე არაუმეტეს 1200 კვ.მ. საქართველოში მიწის რეფორმების მიმდინარეობისას მოქალაქეების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მათ საკუთრებად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული საკადასტრო აზომვების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ...ის თანამშრომლებზე სამგორის რაიონული აღმასკომის მიერ კანონიერ მფლობელობაში გადაცემული მიწის ნაკვეთები მითვისებული ჰქონდათ სხვა მოქალაქეებს. შპს ,,ს...ის’’ 2007 წლის გადაწყვეტილებით მოდავე მხარეებს განესაზღვრათ ფაქტიურ მფლობელობაში მყოფი მიწის ფართი, მათ შორის მოსარჩელეს მფლობელობაში დაუდგინდა მიწის ნაკვეთი ფართით 148 კვ.მ და 304 კვ.მ. ამავე არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე 2010 წელს მოახდინა თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე ფართით 148 კვ.მ. ამასთან არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნულ დავაში მონაწილე ყველა მოქალაქემ დაარეგისტრირა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე იმ ფართის ოდენობით, რომელიც განისაზღვრა არბიტრაჟის გადაწყვეტილებით და მარეგისტრირებელ ორგანოს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - არბიტრაჟის გადაწყვეტილების კანონიერება სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება საეჭვო გახდა მხოლოდ 300 კვ.მ ფართზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს, კერძოდ 2009 წლის 13 თებერვალს, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ფართზე 300 კვ.მ, მდებარე თბილისი, ...ის მე-... კმ ე.წ. ,,...ა’’. საჯარო რეესტრის მიერ 2009 წლის 24 მარტის №... წერილით სარეგისტრაციო მასალები გადაგზავნილ იქნა ქ. თბილისის პროკურატურაში სარეგისტრაციო დოკუმენტების შესაძლო გაყალბებაზე და სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. პროკურატურის მხრიდან აღნიშნულ წერილს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. საჯარო რეესტრმა 2016 წლის 23 თებერვალს მიმართა პროკურატურას და მოითხოვა პასუხი 2009 წლის წერილზე. ასევე 2020 წლის 23 თებერვალს კვლავ მიმართა პროკურატურას, თუმცა პროკურატურის მხრიდან სააგენტოს წერილებზე არანაირი რეაგირება და პასუხი არ ყოფილა. 2014 წელს კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა წარმოება შეწყდა, იგივე განმეორდა 2019 წლის 20 იანვარს. მისივე განმარტებით, 2020 წლის 11 ივნისს ისევ წარადგინა განცხადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თავმჯდომარესთან და მოითხოვა კომპეტენტური თანამშრომლისთვის რეგისტრაციასთან არსებული სარეგისტრაციო წარმოების შესწავლის დავალება. 2020 წლის 18 ივნისის №... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ გაესაჩივრებინა სასამართლოში წერილზე დართული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი გადაწყვეტილება ბ. ბ-ის №... განცხადებასთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის - ც. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები დაერთოს საქმის მასალებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ი. გ-ის ჩაბმის შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 და 21 ნაწილებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

მოცემულ შემთხვევაში ბ. ბ-ის მოთხოვნას წარმოადგენს: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ბ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე - 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის მე-... კმ. ე.წ. „...ის“ ...ში.

მოსარჩელის განმარტებით, 1959-1960 წლებში თბილისის სამგორის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის რაისაბჭოს აღმასკომის 1959 წლის 26 მაისის №154 გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო ზონალური ...ის თანამშრომლებზე გაიცა ...ე მიწის ნაკვეთები დროებით სარგებლობაში ამავე ...ის მიწებიდან 4.65 ჰა. აღმასკომის 1960 წლის 27 აპრილის №756 გადაწყვეტილებით განისაზღვრა გასაცემი მიწის ოდენობა თითოეულ მოქალაქეზე არაუმეტეს 1200 კვ.მ. შპს „ს...ის“ 2007 წლის გადაწყვეტილებით მოდავე მხარეებს განესაზღვრათ ფაქტიურ მფლობელობაში მყოფი მიწის ფართი, მათ შორის მოსარჩელეს მფლობელობაში დაუდგინდა მიწის ნაკვეთი ფართით 148 კვ.მ და 304 კვ.მ. ამავე არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2010 წელს მოახდინა თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე ფართით 148 კვ.მ. ამასთან, არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნულ დავაში მონაწილე ყველა მოქალაქემ დაარეგისტრირა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე იმ ფართის ოდენობით, რომელიც განისაზღვრა არბიტრაჟის გადაწყვეტილებით და მარეგისტრირებელ ორგანოს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - არბიტრაჟის გადაწყვეტილების კანონიერება სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება საეჭვო გახდა მხოლოდ 300 კვ.მ ფართზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს, კერძოდ, 2009 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ფართზე 300 კვ.მ, მდებარე: თბილისი, ...ის მე-... კმ ე.წ. „...ა“.

2023 წლის 6 ივნისის სასამართლო სხდომაზე ბ. ბ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მისი მარწმუნებელი მფლობელობას ახორციელებს სადავო მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...). ხოლო, როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობიდან ირკვევა, ი. გ-ი ითხოვს მის საკუთრებაში არსებული მიწის (ს.კ ...) მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, რომელიც მოიცავს ბ. ბ-ის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონების ნაწილს (134.23 კვ.მ).

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მესამე პირის დაინტერესებაში მოექცა წინამდებარე დავაში სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი, ამ უკანასკნელის განცხადება კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ იქნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, ვერ გახდება საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ი. გ-ის მესამე პირად ჩაბმის საფუძველი. განსახილველ დავას არსებითი მნიშვნელობა აქვს ი. გ-ის განცხადებასთან არსებული ადმინისტრაციული წარმოების საქმეში და არა - პირიქით.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ი. გ-ის 2022 წლის 2 ოქტომბრის განცხადება, 2022 წლის 19 ოქტომბრის №... მინდობილობა, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ნოემბრის №... გადაწყვეტილება) ინფორმაციული ხასიათისაა, განეკუთვნება მესამე პირის ჩართვის თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დასასაბუთებელ მტკიცებულებებს და როგორც მესამე პირის ჩართვასთან დაკავშირებით წარდგენილ შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებები, პალატამ დაურთო განსახილველ საქმეს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ი. გ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2023 წლის 6 ივნისის სასამართლოს სხდომაზე, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იშუამდგომლა ი. გ-ის საქმეში მესამე პირად ჩართვა, ვინაიდან მის მიერ №... (21.10.2022წ.) განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია მოსარჩელის მიერ №... განცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთთან. ამასთან, ი. გ-ის მიერ №... განცხადებით მოთხოვნილია ქალაქ თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე, მისსავე საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ არსებულ 390 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეა, დოკუმენტაცია გადაგზავნილია საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. შუამდგომლობის დასასაბუთებლად სააგენტომ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზი (ზედდების კვადრატულობის მითითებით), თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ი. გ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.

სასამართლომ განჩინებაში თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა, რომ განსახილველ სასამართლო დავას არსებითი მნიშვნელობა აქვს ი. გ-ის განცხადებაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების საქმეში და არა - პირიქით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო დავაში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებადობა დამოკიდებულია სწორედ ი. გ-ის სარეგისტრაციო წარმოების საბოლოო შედეგზე. იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების აღიარების კომისია დაადგენს №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ი. გ-ის მიერ 2007 წლამდე ფლობის ფაქტს და აღიარებს მის საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე (გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას, რაც რეგისტრაციის საფუძველია), აღნიშნული გარემოება ცალსახად ხელს შეუშლის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვის სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. სწორედ ზემოაღნიშნული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულებას, რომ მესამე პირი უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების ინკვიზიციური საწყისების გათვალისწინებით, სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, მათ შორის მას შესაძლებლობა აქვს, საქმეში მესამე პირად საკუთარი ინიციატივითაც ჩართოს მესამე პირები, რათა საქმის გარემოებები სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული.

ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესის დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით. განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2022 წლის 21 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ი. გ-ის №... განცხადება, რომლითაც მას მოთხოვნილი აქვს ქალაქ თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 390 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ემთხვევა (ზედდებაშია) მოსარჩელე ბ. ბ-ის მიერ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან ერთად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ი. გ-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს მისსავე საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ და მასზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს განიხილავს საკუთრების უფლების აღიარების კომისია. იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისია განიხილავს აღნიშნული პირის მოთხოვნას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, სწორედ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე, ი. გ-ი წარმოადგენს იმ ურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლია. მას გააჩნია კანონით დაცული, პატივსადები ინტერესი, რომ განსახილველ დავაში მოწვეული იყოს მესამე პირის სახით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

განსახილველ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის, განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ი. გ-ის ჩაბმის შესახებ შუამდგომლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.

მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკმარისია, მესამე პირის მოწვევის დროს იყოს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე. მესამე პირის მოწვევა არ შეიძლება წინასწარ იყოს ორიენტირებული გადაწყვეტილების შედეგზე. სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მოსაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივე მხარესთან, ან მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. არ არის გადამწყვეტი, ეყრდნობა თუ არა მოწვეული მესამე პირის შელახული სამართლებრივი ინტერესი საჯარო ან კერძო სამართალს. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გასარკვევია, რამდენად მართებულად ეთქვა უარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ი. გ-ის სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში ჩაბმაზე და, შესაბამისად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მოცემულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ი. გ-ის სამართლებრივ ინტერესებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დასადგენია მოცემულ დავაში ი. გ-ის პროცესუალური უფლებამოსილების მოცულობა, სამართლებრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო დავაში მისი მესამე პირებად ჩაბმის საფუძველი, რა დროსაც მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა იყოს დასაბუთებული.

საყურადღებოა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა და კერძო საჩივარიც ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია განიხილავს ი. გ-ის მოთხოვნას - მისსავე საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ, ქალაქ თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 390 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაშია მოსარჩელე ბ. ბ-ის მიერ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სწორედ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე, ი. გ-ი წარმოადგენს იმ ურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლია. მას გააჩნია კანონით დაცული, პატივსადები ინტერესი, რომ განსახილველ დავაში მოწვეული იყოს მესამე პირის სახით.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს ბ. ბ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის ... კმ, ე.წ. „...“ ... (ს.ფ. 34-35).

მოცემულ დავაში გასაჩივრებულია - ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება (ბ. ბ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება (ბ. ბ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი; ასევე მოთხოვნილია - დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება მოსარჩელე ბ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე - 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის მე-... კმ, ე.წ. „...“-ს ...ში.

მოცემულ საქმეში ი. გ-ის მესამე პირად ჩაბმის თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ორი ...ის - მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციისა და ამავე მიწის ნაკვეთზე/მის ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების მნიშვნელობა.

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტება, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

დასახელებული პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის (დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი) არ არსებობის მიუხედავად, საკუთრების ობიექტთან მიმართებით უფლებადამდგენი დოკუმენტ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს მასზე სხვა პირის რაიმე უფლებას/პრეტენზიას, შესაბამისად, მიიჩნევა, რომ საკუთრების ობიექტი განკარგულია, ვინაიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 11.07.2007წ. მიღებული კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. მითითებული კანონი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ითვალისწინებს ამავე კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ერთ-ერთ პირობას შეადგენს პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის მართლზომიერად დაუფლება ან თვითნებურად დაკავება (მე-2 მუხ., „ა“, „გ“ ქვ.პ.), შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. აღნიშნული კანონის მიზანია კერძო საკუთრებაში არმყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და განუკარგავი მიწის ნაკვეთის პირისათვის საკუთრებაში გადაცემა და ამ გზით მიწის ფონდის ათვისება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) რუსთავის საქალაქო სახელმწიფო არქივის 2006 წლის 19 მაისის №12/108 გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისის სამგორის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის რაისაბჭოს აღმასკომის 1959 წლის 26 მაისის №154 გადაწყვეტილებით დროებით სარგებლობაში ...ე მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ რაისაბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ გამოეყო დროებით სარგებლობაში ...ე მიწის ნაკვეთები თითოეულ თანამშრომელს 1000 კვ.მ; ...ის თანამშრომლებზე ამავე ...ის მიწებიდან 4,65 ჰექტარი (ს.ფ. 163-164); ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „სივრცული ინფორმაციის ცენტრის“ 2006 წლის 03 აგვისტოს №1/387 წერილის თანახმად, 1964 წელს შედგენილი კონტურების კალკით, 831 კონტურის ჩვენებით, საექსპლუატაციო ნუსხით, წარმოადგენს ...ის მიწებს. 1967 წელს შედგენილი კონტურების კალკით ...ის (მ.ს.ს.) მიწის ფართობი წარდგენილია 512 კონტურით და განეკუთვნება ...ის მიწებს. 1975 წელს შედგენილი კონტურების კალკით აღნიშნული მიწის ფართობი წარდგენილია 428 კონტურით და განეკუთვნება ...ის მიწებს. 1988 წელს შედგენილი ტექნიკური საქმით აღნიშნული მიწის ფართობი წარმოადგენს 231 კონტურს (განეკუთვნება ...ის მიწებს), ხოლო 1967 წლის კონტურების კალკით წარდგენილი 520 კონტურით (საექსპლუატაციო ნუსხით) განეკუთვნება ...ის მიწებს. 1998 წელს შედგენილი კონტურების კალკით აღნიშნული მიწის ფართობი წარდგენილია 157 კონტურით და განეკუთვნება კერძო საკუთრების მიწებს (ს.ფ. 120-121); გ) შპს „ს...ის“ 2007 წლის 09 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა სხვა პირებთან ერთად ბ. ბ-ის შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია, კერძოდ: „ბ. ბ-ის ინდივიდუალურ მფლობელობად განისაზღვროს შპს „...“-ის 19.02.07წ. აზომვითი ნახაზის მიხედვით მის მფლობელობაში არსებული, იგივე მისამართზე მდებარე 0,0304 ჰა და 0,0148 ჰა მიწის ნაკვეთები და აღირიცხოს მის სახელზე“ (ს.ფ. 102-106); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 11 თებერვლის №... წერილით, ბ. ბ-ს, მისი 2008 წლის 04 თებერვლის №... განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ინფორმაციას განცხადებაზე თანდართულ აზომვით ნახაზზე (ნახაზი შესრულებულია შპს ,,...’’-ის მიერ) მითითებულ მიწის ნაკვეთზე, ეცნობა, რომ მოთხოვნის მომენტისთვის ...ის სარეგისტრაციო სამსახურის საკადასტრო მონაცემების თანახმად აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ნივთი, რომლის კოორდინატებია: X (...; ...; ...; ...) Y (...; ...; ...; ...) ...ის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რაიმე სანივთო უფლებით რეგისტრირებული არ არის და აღნიშნული ნაკვეთის კონტურები არ კვეთს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული რომელიმე მიწის ნაკვეთის საზღვრებს (ს.ფ. 115); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 11 თებერვლის №... წერილით, ბ. ბ-ს, მისი 2008 წლის 05 თებერვლის №... განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ინფორმაციას განცხადებაზე თანდართულ აზომვით ნახაზზე (ნახაზი შესრულებულია შპს ,,...ი’’-ს მიერ) მითითებულ მიწის ნაკვეთზე, ეცნობა, რომ მოთხოვნის მომენტისთვის ...ის სარეგისტრაციო სამსახურის საკადასტრო მონაცემების თანახმად აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ნივთი, რომლის კოორდინატებია: X (...; ...; ...; ...) Y (...; ...; ...; ...) ...ის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რაიმე სანივთო უფლებით რეგისტრირებული არ არის და აღნიშნული ნაკვეთის კონტურები არ კვეთს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული რომელიმე მიწის ნაკვეთის საზღვრებს (ს.ფ. 117); ვ) 2009 წლის 13 თებერვალს ბ. ბ-მა №... სარეგისრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის მე-... კმ-ზე; ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 28 თებერვლის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ ბ. ბ-ის მიერ, სარეგისტრაციო სამსახურში არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, არ იყო წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია და ასევე განცხადებით დასაზუსტებელი იყო, ორი ნაკვეთიდან წარდგენილი განცხადებით, რომლის რეგისტრაციას ითხოვდა; თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 მარტის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილებით ბ. ბ-ს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტები 2009 წლის 24 მარტის №... წერილით გადაგზავნილ იქნა ქალაქ თბილისის პროკურატურაში, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება იყო შეჩერებული; ი) 2016 წლის 17 ივნისს ბ. ბ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განუმარტა, რომ ვინაიდან პროკურატურიდან დაბრუნებულია დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც უკვე მოახდინეს საარბიტრაჟო აქტში მოცემული 148 კვ.მ დარეგისტრირება განც. ნომერი ..., მოითხოვა მისი განცხადების ხელახლა განხილვა; კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზი არ იყო აღმოფხვრილი, ვინაიდან კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით საქმე არ დაბრუნებულა; ლ) 2019 წლის 17 დეკემბერს ბ. ბ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის ... კმ. ე.წ. ,,...’’ ...; მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას თან არ ერთვოდა განცხადებით მოთხოვნილი უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარდგენილი დოკუმენტით კი დასტურდებოდა, რომ პირებს დროებით სარგებლობაში გადაეცათ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად №... განცხადებაზე ქონებრივი მდგომაროების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა ...ის არქივიდან, შემოსავლების სამსახურიდან და ...ის მერიიდან №345802 03.10.2019წ. წერილით. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით უფლების დამდგენი დოკუმენტი მოძიებული ვერ იქნა, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოების გაგრძელებისთვის მხარეს დაევალა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა; ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ო) 2019 წლის 31 დეკემბერს ბ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. გ-მა №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; პ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ბ. ბ-ის წარმომადგენელს თ. გ-ს 2019 წლის 31 დეკემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ჟ) თბილისის პროკურატურის 2022 წლის 06 მაისის №13/01-27744 წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ეცნობა, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №082088087 საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით, რომელიც შეეხება ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების თაღლითურად რეგისტრაციების ფაქტებს. აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთ ეპიზოდად დართულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 24 მარტის №... წერილით გადაგზავნილი №... სარეგისტრაციო მასალები, რომელზეც წერილის გაცემის დროისთვის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელე წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას, შესაბამისად, მას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით წარდგენილი აქვს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რაც უნდა მოიცავდეს უფლებადამდგენ დოკუმენტებსაც, აღნიშნული კი, ბუნებრივია, შესაფასებელია მოცემული დავის არსებითად გადაწყვეტისას. უფლებადამდგენი დოკუმენტ(ებ)ის არსებობის პირობებში კი, საკუთრების უფლების აღიარებას მასთან მიმართებით ვერ ექნება უპირატესი მნიშვნელობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ი. გ-ის დაინტერესებაში მოექცა წინამდებარე დავაში სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი, ამ უკანასკნელის განცხადება კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ იქნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, ვერ გახდება საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მ-2 ნაწილით ი. გ-ის მესამე პირად ჩაბმის საფუძველი. განსახილველ დავას არსებითი მნიშვნელობა აქვს ი. გ-ის განცხადებასთან არსებული ადმინისტრაციული წარმოების საქმეში და არა - პირიქით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია და სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. მოცემულ შემთხვევაში კი, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის 6 ივნისის სასამართლო სხდომაზე ბ. ბ-ის წარმომადგენელის განცხადებაზე, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) მფლობელობას ახორციელებს მისი მარწმუნებელი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე