Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-431(კ-23) 25 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.ფ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 22 აგვისტოს ი.ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელე მხარემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №MES 1 18 01559346 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში ი.ფ-ას მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №MES 1 18 01559346 გადაწყვეტილება და მოპასუხე მხარეს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში (... აკადემია) ი.ფ-ას მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლი და აღნიშნა შემდეგი: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის MES 8 17 00240898 გადაწყვეტილებით, ი.ფ-ას უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული ... აკადემიაში ი.ფ-ას სწავლის ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია, მათ შორის ი.ფ-ას კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/2642-17) ი.ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის MES 8 17 00240898 გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი აქტის გამოცემა. საკითხის ხელახალი განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია და შეეფასებინა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ი.ფ-ას ... აკადემიაში სწავლის ფაქტი. ი.ფ-ას სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი №19 11.07.2005) მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია, ანუ სახეზე იყო კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა დაუმსახურებელი ზიანი არ მისდგომოდა ი.ფ-ას ინტერესებს. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხე მხარის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კი კვლავ სადავოდ იქნა მიჩნეული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (ი.ფ-ას ... აკადემიაში სწავლის ფაქტი, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების არსებობის ფაქტი) და უარი ეთქვა ი.ფ-ას 2003 - 2005 წლებში შპს ... აკადემიაში მიღებული განათლების აღიარებაზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ცენტრის მიერ სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი ურთიერთშეუსაბამო გარემოებები ეჭვს იწვევდა დოკუმენტაციის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით და შეუძლებელს ხდიდა ი.ფ-ას მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. სასამართლოს მოსაზრებით, დოკუმენტაციის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოთქმული მოსაზრება არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელისათვის რაიმე სახის უფლების შემზღუდავი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის №MIA 7 18 01545800 წერილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ი.ფ-ას უმაღლესი განათლების დოკუმენტაცია (მათ შორის ერთი სასწავლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლის საკითხი და ყველა ბრძანება თუ აქტი) სრულად იქნა შესწავლილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოში წარმოებულ №1011000038 საქმეში, რომელიც 2014 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით შეწყდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 და 21-ე მუხლების საფუძველზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არსებობდა ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მსჯელობით, განათლების მიღება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. მიუთითა განათლების აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესზე და აღნიშნა, რომ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ი.ფ-ას სახელზე გაცემული დოკუმენტაციის ურთიერთშეუსაბამობის თაობაზე. აღნიშნული ფაქტობრივი შეუსაბამობების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ი.ფ-ას მიერ მიღებული განათლების აღიარების კანონიერების საკითხზე, რაც სასამართლოს მსჯელობით დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობას ქმნის. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ დოკუმენტაციაზე და განმარტა, რომ ი.ფ-ა, ერთი მხრივ, 2003 წელს ჩაირიცხა ... აკადემიაში, ხოლო პარალელურად, 2003 - 2005 წლებში სწავლობდა საქართველოს შსს აკადემიაში. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2021 წლის 13 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ი.ფ-ამ განმარტა, რომ იგი ... აკადემიაში ჩაირიცხა არა 2003 წელს (როგორც დიპლომშია მითითებული), არამედ 2004 წლის დეკემბერში, თუმცა ამ ინფორმაციის გაზიარების პირობებშიც, დასტურდება, რომ ი.ფ-ა გარკვეული პერიოდი ერთდროულად ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა არსებობდა თუ არა სადავო პერიოდში ერთდროულად ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების შესაძლებლობა. ამასთან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ი.ფ-ას ... აკადემიაში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა სასამართლო სხდომაზე მხარემ განმარტა, რომ ამგვარი დოკუმენტი არსებობს. ყურადღება გამახვილდა კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებაზე, რომ ი.ფ-ა ... აკადემიაში ჩაირიცხა ... აკადემიის რექტორის 2004 წლის 20 დეკემბრის №2-96 ბრძანებით. თუმცა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №MES 1 18 01559346 სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ი.ფ-ა ... აკადემიის 2004 წლის 20 ოქტომბრის №2-96 ბრძანებით ჩაირიცხა საქართველოს შსს აკადემიიდან გადმოყვანის წესით 2004/2005 სასწავლო წლიდან ...ის (...) სპეციალობის მე-4 კურსზე. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გაუგებარია ი.ფ-ა ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა პარალელურად (ვინაიდან არსებობს მისი შსს აკადემიაში კურსიდან კურსზე გადაყვანისა და საბოლოოდ მე-4 კურსიდან გარიცხვის ბრძანება), თუ განხორციელდა მისი მე-4 კურსიდან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ... აკადემიაში გადაყვანა და საბოლოო კვალიფიკაციის სწორედ ... აკადემიაში მინიჭება.

... აკადემიაში გადაყვანასთან და კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ი.ფ-ას ახსნა - განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, მან 2004 წლის დეკემბრამდე საქართველოს შსს აკადემიაში გაიარა 7 სემესტრი, ხოლო მე-8 სემესტრი გაიარა ... აკადემიაში და შესაბამისად, 2005 წელს მიენიჭა კვალიფიკაცია. ი.ფ-ა საქართველოს შსს აკადემიაში ჩაირიცხა აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანებით.

უზენაესი სასამართლოს მსჯელობით, ი.ფ-ას მოსაზრების გაზიარების პირობებში, მნიშვნელოვანია დადგინდეს, არსებობდა თუ არა სტუდენტის მიერ 2003 წლის 26 ივლისიდან 2004 წლის დეკემბრამდე პერიოდში 7 აკადემიური სემესტრის გავლის ფაქტობრივი შესაძლებლობა. 2021 წლის 13 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ი.ფ-ამ განმარტა, რომ საქართველოს შსს აკადემიაში 2004 წელს განხორციელდა შსს აკადემიის რეორგანიზაცია, რის შემდეგაც სწავლება ხორციელდებოდა დაჩქარებული წესით, რაც იძლეოდა ზემოაღნიშნული დროის განმავლობაში 7 სემესტრის გავლის შესაძლებლობას, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოდ იქნა მიჩნეული ის გარემოება, რამდენად იყო შესაძლებელი, თუნდაც 2004 წლის 13 სექტემბრის №253 ბრძანების არსებობის პირობებში 2003 წლის 26 ივლისიდან 2004 წლის დეკემბრამდე სტუდენტის მიერ 7 აკადემიური სემესტრის გავლა. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ სააპელაციო პალატას არც აღნიშნული გარემოებები გამოუკვლევია და შეუფასებია. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას საქართველოს შსს აკადემიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეცვლილი სასწავლო გეგმისა და დაჩქარებული წესით მიმდინარე სწავლების პირობებში - ი.ფ-ას მიერ 7 სემესტრის გავლის შესაძლებლობა უნდა შეაფასოს. ამასთან, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ წარსულში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმა სწავლის შედეგების ფაქტობრივი გაბათილებაა და ავტომატურად არ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირის მიერ, უკვე მოპოვებული შრომის უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების ფარგლებში ასევე უნდა გამოარკვიოს სადავო აქტისადმი მოსარჩელის კანონიერი ნდობის საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სრულად იღებს მხედველობაში საკასაციო სასამართლოს დასკვნებს და მითითებებს, აღნიშნა, რომ საქმეზე გამოთხოვილი იქნა დამატებითი მტკიცებულებები, გამართული იქნა ზეპირი განხილვის სხდომები, მოწვეული იქნენ მხარეები და მათ მიეცათ როგორც დამატებითი ახსნა - განმარტების გაკეთების, ასევე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, საქმეზე მანამდე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა განმარტებების, სააპელაციო საჩივარში წარდგენილი არგუმენტაციის, მტკიცებულებითი მასალისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას გამოვლინდა, ცალსახაა, რომ სწავლების პერიოდის მაჩვენებელი თარიღები სრულ თანხვედრაში არ არის ერთმანეთთან. ამასთან, ვინაიდან შეუძლებელია სრული სიზუსტით დადგინდეს, რომელი მათგანი ასახავს სინამდვილეს, პალატამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი უზუსტობები და შეუსაბამობები განმარტებული უნდა იქნეს მხარის ინტერესების, მისი ფუნდამენტური უფლებებისა და სამართალურთიერთობის მარეგულირებელი საკანონმდებლო დებულებების გაანალიზებით. აღნიშნული განმარტებებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ გამოკვეთილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე შემთხვევაში დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ განსახილველი საქმისათვის რელევანტურ პერიოდში შსს აკადემიაში განხორციელებული რეფორმის ფარგლებში დაშვებული იქნა სწავლების განსხვავებული ფორმატი, რომელიც ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ 7 სემესტრის არარეგულარულ დროში დახურვის შესაძლებლობას ხდის სარწმუნოს, მეორე მხრივ, კი ამყარებს მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ პარალელურ სწავლას ადგილი არ ჰქონია. ... აკადემიაში მისი გადასვლის წესით ჩარიცხვის შემდგომ, ... აკადემიის მიერ მოხდა მის მიერ შსს-ს აკადემიაში უკვე ათვისებული დისციპლინების ერთგვარი აღიარება - გავლილად ჩათვლა. სწორედ აღნიშნულის გამო ... აკადემიის მიერ გაცემულ დიპლომში აისახა მონაცემები, რაც, წინარე ისტორიის და იმ პერიოდისათვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სარეფორმო პროცესების არცოდნის პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელში შექმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მოსარჩელე პარალელურად ირიცხებოდა ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ზემოთ აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით სარწმუნოდ მიაჩნია მოსარჩელის პოზიცია, რომ ... აკადემიის მიერ გაცემულ დიპლომში ასახული სწავლების პერიოდი ... აკადემიაში გავლილ მასალად წარმოაჩენს იმ დისციპლინებსაც, რომელიც, რეალურად შსს აკადემიაში სწავლის პერიოდში ჰქონდა მოსარჩელეს დახურული, დადასტურებულად მიიჩნია, რომ პარალელურად სწავლას რეალურად ადგილი არ ჰქონია. პალატის მსჯელობით, აღნიშნულ დასკვნას ვერ აქარწყლებს საქმეში წარმოდგენილი შსს აკადემიაში ი.ფ-ას კურსიდან კურსზე გადაყვანის და გარიცხვის ბრძანებები. სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ 2006 წელს ი.ფ-ა გარიცხული იქნა აკადემიური მოუსწრებლობის გამო, რაც, სწორედაც ადასტურებს იმას, რომ ... აკადემიაში გადასვლის შემდგომ იგი აღარ აგრძელებდა შსს აკადემიაში სწავლას.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, იმ დაშვებითაც კი, რომ სადავო პერიოდში არ იყო ნებადართული ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პარალელურად სწავლა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, რატომ იქნა მიჩნეული ნამდვილად ის დოკუმენტები, რომლებიც მხარის განათლების აღიარების მიზნებისთვის არასრულყოფილია და რატომ იქნა უარყოფილი იმ დოკუმენტთა ნამდვილობა, რომელიც, მათი ნამდვილად მიჩნევის პირობებში, განათლების აღიარებისთვის საჭირო ყველა წინაპირობას აკმაყოფილებს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობა იმთავითვე გულისხმობს მათ მიერ მიღებული განათლების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის არარსებობას, ყოველი დაუდასტურებელი ვარაუდი, გადაწყვეტილი უნდა იქნეს არა კონკრეტული პირის საწინააღმდეგოდ, არამედ მისი ინტერესებისა და უფლებების მხედველობაში მიღებით, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, თუ მიღებული განათლების საფუძველზე პირს განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები, დაწყებული აქვს მუშაობა და ა.შ. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ზოგად ვითარება, რაც სადავო პერიოდში საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგულირების სფეროში არსებობდა და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ეჭვების დაუდასტურებლობის პირობებში, კონკრეტული საქმის გარემოებები ქმნის ი.ფ-ას მიერ განათლების მიღების აღიარების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

კასატორი დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად, აპელირებს სადავო აქტის გამოცემის ფარგლებში გამოყენებულ საკანონმდებლო რეგულაციაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში აქტში მითითებული ინფორმაცია. წარმომადგენლის მსჯელობით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს მითითებების მიუხედავად არ გაითვალისწინა, რომ ცენტრმა კონკრეტული დავის ფარგლებში გასაჩივრებული აქტი გამოსცა 2017 წლის სამართალწარმოების შედეგად მიღებული N3/2642-17 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, რომლის დროსაც სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის N68 ბრძანების მიხედვით, ი.ფ-ა ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დასწრებული სწავლების პირველი კურსის კურსანტად, სპეციალობით - .... კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია, ვინაიდან კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. მისივე მსჯელობით, დაინტერესებული მხარის ქმედების მართლწინააღმდეგობაზე უთითებს ის გარემოება, რომ მის მიერ სს ... აკადემიაში ჩარიცხვის მიზნით წარდგენილი დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო არ ადასტურებს ამ დოკუმენტის გაცემის ფაქტს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ იგი არ იზღუდება კანონიერი ნდობის პრინციპით, ვინაიდან ი.ფ-ასთან მიმართებაში ამ პრინციპის გამოყენების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

ყურადსაღებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/2642-17 გადაწყვეტილების საფუძველზე, ი.ფ-ას მიერ 2003 - 2005 წლებში, შპს ... აკადემიაში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე, ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებულ იქნა დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია შეიცავდეს სავარაუდო სიყალბის ელემენტებს. მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ, 2004 წლის 14 დეკემბერს გაცემული №40/2/725 აკადემიური ცნობის შესაბამისად, ი.ფ-ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სწავლობდა 27.07.2002 - 14.12.2004 წლებში. ამასთან, ი.ფ-ამ აღნიშნულ პერიოდში გაიარა 7 (შვიდი) სემესტრი. საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულ ჩარიცხვის თარიღთან დაკავშირებით შეინიშნება დაუმოწმებელი შესწორება. განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე ცნობაში მითითებული სწავლის დაწყების თარიღი (27.07.2002 წელი) შეუსაბამობაშია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ №76235 (№8035) წერილით მოწოდებულ ინფორმაციასთან, აგრეთვე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებულ ი.ფ-ას სტუდენტის სასწავლო ბარათთან.

კასატორი ასევე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ 2004 წლის 13 სექტემბრის №253 ბრძანების საფუძველზე შევიდა ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო გეგმაში და დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო განყოფილებების კურსანტთა, სტუდენტთა და მსმენელთა სწავლება წარიმართა შეზღუდული პროგრამით, რაც თავისთავად გამორიცხავს ი.ფ-ას მიერ ერთ ან ორ წელიწადში შვიდი სემესტრის გავლის შესაძლებლობას. აღნიშნული კი კასატორის მსჯელობით გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. საჩივრის ავტორი არ იზიარებს მოთხოვნის დაკმაყოფილების იმ არგუმენტს, რომ მოსარჩელე ი.ფ-ა ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე. მიიჩნევს, რომ ამგვარი განმარტების შედეგად, სასამართლოს მსჯელობა უგულებელყოფს იმ საკანონმდებლო რეალობას და კანონმდებლის მიზანს, რომლის შესაბამისადაც შემოღებული იქნა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა თუ განათლების აღიარების პროცედურა. წარმომადგენლის მსჯელობით, ცენტრმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია სადავო საკითხი, კომპლექსურად შეაფასა და შეაჯერა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მივიდა სამართლებრივ შედეგამდე.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ გარემოებაზე აპელირებას, რომ მოსარჩელემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ცენტრის განმარტებით, საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ - სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, გაუმართლებლად მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენებას პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით.

კასატორის მსჯელობით, შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლებას მიიღოს განათლება. მისთვის არავის აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ გაუბათილებია მის მიერ შსს აკადემიაში მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე. სასამართლოს მხრიდან გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოების შეფასებას, რომ ი.ფ-ას კუთვნილ დიპლომში სწორედ ... აკადემიაში ჩარიცხვის წელი იყო გადაკეთებული, რაზეც 2014 წლის 21 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება იმ საფუძვლით, რომ გამოცემული იყო ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. სასამართლომ გვერდი აუარა მსჯელობას, რომ ამინსტიის გამო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა არ გულისხმობს დიპლომის ვალიდურობას.

კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასა დაწესებულების (... აკადემიის) მიერ ი.ფ-ას მიმართ მინიჭებული კონკრეტული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის საკითხი, რითაც უხეშად დაირღვა წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს და ეჭვქვეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; ...an de Hurk .... Netherlands, par.61, Garcia Ruiz .... Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble ... France (dec.); Perez ... France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №MES 1 18 01559346 გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული მოთხოვნის კანონიერებას უკავშირდება მოპასუხისთვის საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში ი.ფ-ას მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული სადავო საკითხი უკვე იყო საკასაციო პალატის განხილვის საგანი, რომლის ფარგლებში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა შეაფასებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ, ხელახალი მსჯელობის შემდგომ მიღებული განჩინების კანონიერებას.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანების მიხედვით, ი.ფ-ა ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დასწრებული სწავლების პირველი კურსის კურსანტად, სპეციალობით - .... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2004 წლის 08 ივლისის №108 ბრძანებით გადაყვანილ იქნა მე-2 კურსზე. რექტორის 2005 წლის 05 თებერვლის №8 ბრძანებით გადაყვანილ იქნა მე-3 კურსზე, ხოლო რექტორის 2005 წლის 14 მარტის №30 ბრძანების მიხედვით, ი.ფ-ა გადაყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსზე, სპეციალობით - .... 2005 წლის 29 სექტემბრის №175 ბრძანებით დატოვებულ იქნა მე-4 კურსზე განმეორებითი სწავლებისათვის, ხოლო რექტორის 2006 წლის 18 იანვრის №6 ბრძანების მიხედვით, ი.ფ-ა აკადემიური მოუსწრებლობის გამო, გარიცხული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსიდან. ხსენებული ბრძანებებიდან გამომდინარე, ი.ფ-ამ საქართველოს შსს აკადემიაში დაასრულა სამი კურსი და მე-4 კურსიდან გაირიცხა აკადემიური მოუსწრებლობის გამო.

... აკადემიის მიერ ი.ფ-ას მიმართ 2005 წლის 09 დეკემბერს გაცემული ... (სარეგისტრაციო №...) დიპლომის თანახმად, ი.ფ-ა 2003 წელს ჩაირიცხა და 2005 წელს დაამთავრა ... აკადემიის ... ...ის ფაკულტეტის სრული კურსი ...ის (...) სპეციალობით და კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, ი.ფ-ას მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. აღნიშნულ დიპლომში ი.ფ-ას ... აკადემიაში ჩარიცხვის თარიღის შესაძლო გადაკეთებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება. 2014 წლის 21 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება ამნისტიის აქტის გამოცემის საფუძვლით, რომელიც პირს ათავისუფლებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს შსს აკადემიის, ასევე ... აკადემიის მიერ დადასტურდა, რომ ი.ფ-ა გადავიდა შსს აკადემიიდან ... აკადემიაში გადაყვანის წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სწავლება მიმდინარეობდა დაჩქარებული წესით, მან (და მასთან ერთად სხვა პირებმაც), შსს აკადემიაში სწავლის სამი სემესტრის განმავლობაში შეძლო შვიდი სემესტრის შესაბამისი პროგრამის დახურვა, რამაც შესაძლებელი გახადა მისი გადასვლა ... აკადემიაში მე-4 კურსზე. როგორც მხარემ განმარტა, გადაყვანის წესით გადასვლამ განაპირობა ის გარემოება, რომ ... აკადემიის მიერ გაცემულ დიპლომში აისახა არა მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც ... აკადემიაში სწავლის პერიოდში გაიარა ი.ფ-ამ, არამედ, ასევე ის საგნები, რომლებიც შსს აკადემიაში სწავლის განმავლობაში ჰქონდა ჩაბარებული. სააპელაციო სასამართლომ გაამახვილა ყურადღება მხარის იმ განმარტებაზე, რომ ვინაიდან მას გააჩნია განათლების აღიარებისათვის ყველა საჭირო წინაპირობა - ... აკადემიის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი ნიშნების ფურცელი და უდავოა მისი ... აკადემიაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რომ არსებობს ცნობა მისი შსს აკადემიიდან გარიცხვის თაობაზე, არ უნდა გახდეს საფუძველი, ეჭვქვეშ დადგეს ... აკადემიაში მის მიერ სათანადო სწავლების გავლა და შესაბამისი კვალიფიკაციის მოპოვება. მხარის არგუმენტაციით, მისი პასუხისმგებლობის სფეროს არ განეკუთვნება რატომ და რის საფუძველზე მოხდა მის მიმართ გარიცხვის ბრძანების გამოცემა შსს აკადემიის მიერ; მიუთითებს, რომ იმ დროისათვის უკვე გადასული იყო ... აკადემიაში, სადაც, აღიარებულ იქნა რა მის მიერ შსს აკადემიაში გავლილი 7 სემესტრი, პირდაპირ ჩაირიცხა და სწავლას აგრძელებდა ... აკადემიის მე-4 კურსზე. აღნიშნულის დასრულების შემდგომ კი მასზე გაიცა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის იმ მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებულ საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში შესაფასებელია დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, როდესაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან. (21.01.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-623-610(კ-14)). კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). კანონიერი ნდობის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებები, კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისთვის დიპლომის გამოყენების უფლება) უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაუქმებას, ვინაიდან წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე - ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუს 05.03.2020წ. განჩინება საქმეზე Nბს-1265(კ-19); სუს 23.04.2019წ. განჩინება საქმეზე Nბს-470(კ-19); სუს 04.10.2018წ; განჩინება საქმეზე Nბს-812(კ-18). კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, მაშინ თუ დაინტერესებულმა მხარემ დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ წარსულში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება/არაღიარების საკითხი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლის საფუძველზეც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. შესაბამისად, უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარი სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაუქმებას და მის მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. კანონიერი ნდობის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის და ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ღერძს წარმოადგენს, მის დაცვითი ფუნქციას ავლენს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირს რაიმე უფლებას ან/და სარგებელს ანიჭებს. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, მოითხოვს იმ სტანდარტით დასაბუთებას, რისი ვალდებულებაც ადმინისტრაციულ ორგანოს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაუქმების შემთხვევაში აქვს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განათლების მიღება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებას, რომლებითაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული წინაპირობები პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნებისათვის, რაც პირდაპირ უკავშირდება ხარისხიანი განათლების მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება პასუხობდეს დასაბუთებულობის შესაბამის სტანდარტს, ვინაიდან არ მოხდეს პირისათვის კონსტიტუციური უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რამაც შესაძლოა აგრეთვე გავლენა იქონიოს პირის მიერ შრომის თავისუფლების რეალიზებაზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ განათლების აღიარება პირდაპირ უკავშირდება პირის შესაძლებლობას, მოახდინოს მის მიერ მიღებული განათლების პრაქტიკული რეალიზაცია. განათლების უფლება, რომელიც დაცული და აღიარებულია როგორც შიდაეროვნული, ასევე საერთაშორისო უმაღლესი ლეგიტიმაციის აქტებით, იცავს არა მხოლოდ განათლების მიღების შესაძლებლობას, არამედ, იცავს იმ ღირებულებით სიკეთეს, რის გამოც და რა მიზნითაც, ადამიანები განათლებას იღებენ, საზოგადოდ. დღევანდელ, საბაზრო ეკონომიკის საწყისებზე აგებულ საზოგადოებაში, განათლება წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ, იგი ამავდროულად და უპირველესად ადამიანის ცხოვრების და საარსებო წყაროთი საკუთარი თავისა და მასზე დამოკიდებულ პირთა უზრუნველყოფის რესურსია. შესაბამისად, განათლების უფლება აღიარებული და დაცულია იმდენად, რამდენადაც, მას განუზომლად დიდი მნიშვნელობა გააჩნია ადამიანის განვითარების, საქმიანობის, ცხოვრების ორგანიზებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განათლების აღიარებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ღირებულებითი წესრიგის გათვალისწინებით. იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამებოდეს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს და ამავდროულად, წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს თვით რეგულირების უმთავრეს მიზანთან და არ არღვევდეს ადამიანის უფლებებს, განათლების აღიარების მომწესრიგებელი სპეციალური საკანონმდებლო დებულებების განმარტება უნდა მოხდეს სწორედ ზემოთ მითითებული ფუნდამენტური უფლებების გააზრებით. განათლების უფლება იცავს მიღებული განათლების გამოყენების, ცოდნის რეალიზაციის, საკუთარი განათლების შესაბამისად საქმიანობის უფლებას, კანონიერი ნდობის პრინციპი კი უზრუნველყოფს პირის დაცვას, არამართლზომიერად არ მოხდეს მისი გამორიცხვა იმ შესაძლებლობებისაგან, რომელთა რეალიზაციაც პირის მიერ შესაბამისი განათლების კრიტერიუმის დაკმაყოფილებას საჭიროებს. სწორედ აღნიშნულ უფლებათა რეალიზაციას ემსახურება იმ საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა, რაც პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებას ხდის დასაშვებს და ამ პროცესში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაწილეობის ფარგლებს განსაზღვრავს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე” და წესის რეგულირებული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობა იმთავითვე გულისხმობს მათ მიერ მიღებული განათლების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის არარსებობას, შესაბამისად, ბრძანებით რეგლამენტირებული განათლების აღიარების მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა სწორედ არასრულყოფილი, ხარვეზიანი ან/და გარკვეული შეუსაბამობების შემცველი დოკუმენტაციის არსებობის პირობებში. სწორედ ზემოაღნიშნული მიზნით არის განპირობებული ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება, მოახდინოს წარდგენილი განაცხადების განხილვა და შეფასება, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია და მტკიცებულებები, ასევე დაადგინოს ყველა რელევანტური ფაქტობრივი გარემოება და მათი ანალიზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარის პოზიციისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს ი.ფ-ას საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2023 წლის 07 აპრილს N04143 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს ი.ფ-ას საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2023 წლის 07 აპრილს N04143 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე