№ბს-662(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
კასატორი (მესამე პირი) – ზ. ჟ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქედის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - რ. ჟ- და გ. ჟ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. ჟ-მა და გ. ჟ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 დეკემბრის №03/6150 ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ჟ-ი.
1.1. მოსარჩელეების განმარტებით, მშობლების გარდაცვალების შემდგომ პირველი რიგის მემკვიდრემ - გ. ჟ-მა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მიიღო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 1) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 6196 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (რეგისტრაციის თარიღი: 25/02/2014; 2) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3856,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 440.30 კვ.მ შენობა-ნაგებობით (რეგისტრაციის თარიღი - 12/03/2014 წ). ზ. ჟ-ის სახელზე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში საკუთრების უფლებით აღრიცხულია 2802,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 7.25 კვ.მ შენობა-ნაგებობით. ზ. ჟ-ი დაახლოებით 1995 წლიდან 2017 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში. (...ი №...). საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან ზ. ჟ-ს მიწის ნაკვეთის ნაწილი შეძენილი აქვს 2007 წელს, ხოლო შენობა-ნაგებობას ფლობდა დაახლოებით 1995 წლიდან, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება მოხდა აღიარების კომისიის მეშვეობით 2007 წელს. ცესკოს ამომრჩეველთა სიით დგინდება, რომ დღემდე ზ. ჟ-ი ქ. ბათუმშია რეგისტრირებული. ის მუშაობდა ქ. ბათუმში, მისმა შვილებმაც იქ დაამთავრეს სკოლა. მას მამის სამკვიდროს დაუფლებაზე არანაირი ნება-სურვილი და ინტერესი არ გამოუხატავს მამის გარდაცვალებისას - 1998 წელს და არც მას შემდგომ - 2017 წლამდე. 2017 წელს ზ. ჟ-მა გაასხვისა ქ. ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა ნ. თ-უზე. 2017 წელს, საცხოვრებელი სახლის გასხვისების გამო, თავისი ძმის - გ. ჟ-ის თანხმობით ცხოვრება დაიწყო ქედაში, სოფელ ...ში მდებარე სახლში. სწორედ ამ პერიოდიდან გაუჩნდა ზ. ჟ-ს ინტერესი, დაუფლებოდა ძმის უკვე რეგისტრირებულ ქონებას და დაიწყო სამართლებრივი დავა. მან ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გაცემული ცნობა, რომლის საფუძველზეც აიღო უკანონო სამკვიდრო მოწმობა. ზ. ჟ-ი მამის - ს. ჟ-ის გარდაცვალებამდეც და მას შემდგომაც - 2017 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ...ის №...-ში. ამავე ქალაქში, წლების განმავლობაში ის მუშაობდა სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, უდავოა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში გააჩნდა მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი - 2802.00 კვ.მ ფართი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს 2010 წლის 29 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №..., რომლითაც ზ. ჟ-ს უღიარდა 2802.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქედაში, სოფელ ...ში, ს.კ .... 2018 წლის 31 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ უკანონოდ, ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევით გასცა №03/6150 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ცნობა), რითაც ს. ჟ-ის მემკვიდრეებს მიანიჭა გარკვეულ საკუთრებებზე მფლობელობის უფლება, რაც გახდა ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი. აღნიშნულით, ზიანი მიადგათ მოსარჩელეებს - გ. და რ. ჟ-ებს (რ. ჟ- წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობაში მითითებული ქონების ნაწილის მესაკუთრეს). დასახელებული სამართლებრივი აქტი მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა 2019 წლის 25 მაისს მიღებული სამოქალაქო სარჩელის შედეგად, როგორც სარჩელზე თანდართული დოკუმენტი.
1.2. მოპასუხე - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ...ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის - ლ. ვ-ის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ეხება ზ. ჟ-ის მიერ მამისეული სახლისა და მიწის ნაკვეთის ფლობის დადასტურების ფაქტს, გამოცემული არის ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის დაცვით, ადგილზე გამოკითხული იქნა ზ. ჟ-ის მეზობლები, ამასთან არსებობს აბონენტის ბარათი, რომლითაც დასტურდება რომ ზ. ჟ-ი წლებია ცხოვრობს მამისეულ სახლში და იხდის ელექტრო ენერგიის საფასურს, უვლის მამისეულ მიწას.
1.3. მესამე პირი - რ. ჟ- არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ გასაჩივრებული ცნობა არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მესამე პირის განმარტებით, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს გაცემული №03/6150 ცნობა, რომლითაც დადასტურებულ იქნა ზ. და გ. ჟ-ების მიერ, მამის - ს. ჟ-ის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო დაუფლების ფაქტი მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ქმედების საფუძველზე განხორციელებულ „რეალაქტს“. აღნიშნული ცნობის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუწესებია, შეუცვლია, შეუწყვეტია ან დაუდასტურებია ზ. და გ. ჟ-ების კონსტიტუციით გარანტირებული მემკვიდრეობის უფლებები და მოვალეობები. შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან აღნიშნული დავა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართლის სამართალწარმოების პრინციპებს.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ჟ-სა და გ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 დეკემბრის №03/6150 ცნობა.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2018 წლის 20 დეკემბერს ზ. ჟ-ის წარმომადგენელმა - მ. ა-მა ქედის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ წარმოადგენს ზ. ჟ-ის ინტერესებს მამის - ს. ჟ-ის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სანოტარო ბიუროში წარსადგენად ესაჭიროება ქედის მუნიციპალიტეტის მერიიდან წერილობითი ინფორმაცია, კერძოდ, 1999 წლის 17 ნოემბერს გარდაცვლილი ს. ჟ-ის ქონების ფლობას მისი გარდაცვალების შემდგომ შეუდგა მისი შვილი - ზ. ჟ-ი. უძრავი ქონება მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში. განმცხადებელმა მოითხოვა მერის მიერ დადასტურებულ იქნეს ზ. ჟ-ის სამკვიდროს მიღების ფაქტი მამის - ს. ჟ-ის ქონებაზე. განცხადებას თან ერთვოდა: მინდობილობა, ს. ჟ-ის გარდაცვალების მოწმობა, ზ. ჟ-ის დაბადების მოწმობა, საარქივო ცნობა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს - ქედის არქივის 2018 წლის 24 ივლისის №AA 2018019406-04 ცნობის მიხედვით, ქედის არქივში დაცული ...ის თემის საკრებულოს საკომლო წიგნების ამონაწერებით დგინდება, რომ: 1986-1995 წლებში კომლის წევრები იყვნენ: ჟ-ი ს. - ოჯახის უფროსი; ჟ-ი ფ. - რძალი, ამოეწერა 12.03.1987 წ.; ჟ-ი ს., შვილიშვილი, ამოეწერა 12.03.1987 წელს. კომლს აწერია მიწა - 0.15 ჰა, საცხოვრებელი სახლი - აგებული 1981 წელს, ,,კუხნა’’ - აგებული 1975 წელს, სასიმინდე - აგებული 1918 წელს. ს. ჟ-ი გარდაიცვალა 1999 წლის 17 ნოემბერს; გ) 2018 წლის 31 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემულ იქნა №03/6150 ცნობა, რომელიც მიეცა ზ. ჟ-ს, მასზედ, რომ ის მამის - ს. ჟ-ის გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს მისი შვილები ზ. და გ. ჟ-ები აწ გარდაცვლილი მამის ს. ჟ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მათ შორის შენობა ნაგებობასა და მიწის ნაკვეთს, მდებარე ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ...ში. ცნობა გაცემულია საჭიროებისამებრ წარსადგენად, ცნობის გაცემის საფუძველია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - ლ. ვ-ის მოხსენებითი ბარათი; დ) ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 დეკემბრის №03/6150 ცნობის საფუძველზე, 2019 წლის 7 თებერვალს ნოტარიუს ბ. წ-ის მიერ ზ. ჟ-ის სახლზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ ზ. ჟ-მა, როგორც ს. ჟ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მამკვიდრებლის მთელი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, რაც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი, ხოლო სამკვიდროს დანარჩენი ½ ნაწილი რჩება ღიად.
სასამართლოს მითითებით, სხდომაზე მხარეებმა თავიანთი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინეს მოწმეები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები. მოსარჩელე გ. ჟ-ის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ადასტურებენ, რომ მამის - ს. ჟ-ის გარდაცვალების შემდგომ საცხოვრებელ სახლსა და კომლის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს დაეუფლა და სარგებლობდა გ. ჟ-ი, რ. ჟ-ს მიერ წარმოდგენილი მოწმეები აცხადებენ, რომ სახლი აშენებისთანავე ორ ძმაზე იყო გაყოფილი და სახლის ერთი ნაწილი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშიც ეკუთვნოდა ზ. ჟ-ს, ხოლო მეორე ნაწილი - გ. ჟ-ს. მოწმეები აცხადებენ, რომ ს. ჟ-ის სხვა ორი პირველი რიგის მემკვიდრე - რ. ჟ- და თ. ჟ-ი, იშვიათად დადიოდნენ მამისეულ სახლში და მიწის ან სხვა ქონების დაუფლების შესახებ არ აქვთ ინფორმაცია. ორივე მხარემ წარმოადგინა მეზობლების ხელმოწერით შედგენილი ტექსტი, სადაც, ერთი მხრივ, სოფელ ...ის მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ზ. ჟ-ი სოფელ ...ში ფლობდა და სარგებლობდა მამისეული სახლით და მიწის ნაკვეთით, მერე მხრივ, გ. ჟ-ის წარმოდგენილი მეზობლების ხელმოწერებით შედგენილია ტექსტი, რომ ზ. ჟ-ს არ უცხოვრია და არ დაუფლებია მამის სამკვიდრო ქონებას, ის მხოლოდ ბოლო წლებში ამუშავებდა თავის მიწის ნაკვეთს ე.წ. წისქვილის ტერიტორიას.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის „ე.ე“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს გაცემული №03/6150 ცნობა, რომლითაც დადასტურებულია, რომ ზ. ჟ-ი მამის - ს. ჟ-ის გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს აწ გარდაცვლილი მამის - ს. ჟ-ის კუთვნილი უძრავი ქონებით, მათ შორის, შენობა-ნაგებობითა და მიწის ნაკვეთით, უნდა ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რამდენადაც მას მოჰყვა სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, მის საფუძველზე, ზ. ჟ-მა მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რამაც მისცა მოთხოვნის საფუძველი გ. ჟ-ისა და რ. ჟ-ს სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 და 97-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მითითებით ცნობა ესაჭიროებოდა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ ფლობაზე ისე გასცა ცნობა, რომ არ გამოურკვევია მამკვიდრებელს დარჩა თუ არა სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები, იყო თუ არა მათზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები, ხომ არ დაეუფლნენ სხვა მემკვიდრეები მამკვიდრებლის კუთვნილ სხვა, თუნდაც მოძრავ ნივთებს, რაც ასევე სამკვიდროს მიღებულად მიჩნევის საფუძველია. ცნობის გაცემისას მერის წარმომადგენელი მხოლოდ მეზობლების ზეპირ განმარტებას დაეყრდნო. არც ის დადგენილა, რა პერიოდიდან ფლობენ გ. ჟ-ი ან ზ. ჟ-ი აღნიშნულ ქონებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს გაცემული №03/6150 ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რითაც დაირღვა მოსარჩელეების - რ. ჟ-სა და გ. ჟ-ის კანონიერი უფლება და ინტერესი მათი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებისა და დასახელებული ცნობის ბათილად ცნობის საფუძველს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჟ-მა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით ზ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი შეფასება მისცა მათ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12, 77.1 და 78.2 მუხლებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის „ე.ე.“ ქვეპუნქტზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს ზ. ჟ-ის წარმომადგენელმა ქედის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა განცხადებით №... და ითხოვა ცნობის გაცემა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ 1999 წლის 17 ნოემბერს გარდაცვლილი ს. ჟ-ის ქონების ფლობას მისი გარდაცვალების შემდგომ შეუდგა მისი შვილი - ზ. ჟ-ი. უძრავი ქონება მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. განმცხადებელმა მოითხოვა მერს დაედასტურებინა ზ. ჟ-ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი მამის - ს. ჟ-ის ქონებაზე. აღნიშნული კი, ესაჭიროებოდა სანოტარო ბიუროში წარსადგენად, რათა ზ. ჟ-ს მიეღო სამკვიდრო ქონება. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემულ იქნა №03/6150 ცნობა მასზედ, რომ ზ. და გ. ჟ-ები მამის - ს. ჟ-ის გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობენ და სარგებლობენ მამის კუთვნილი უძრავი ქონებით, მათ შორის შენობა-ნაგებობითა და მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ...ში. ცნობის გაცემის საფუძვლად მითითებულია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - ლ. ვ-ის მოხსენებითი ბარათი. ქედის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის - ლ. ვ-ის მოხსენებითი ბარათით კი ირკვევა, რომ ზ. ჟ-ის 2018 წლის 20 დეკემბრის №... განცხადების შესწავლის მიზნით, იმყოფებოდა სოფელ ...ში, სადაც მეზობლების გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომ 1999 წლის 17 ნოემბრიდან, ს. ჟ-ის გარდაცვალების შემდეგ უძრავ ქონებას ფლობენ და სარგებლობენ მისი შვილები - ზ. და გ. ჟ-ები. ცალსახაა, რომ აღნიშნული ფაქტის გამოკვლევის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა მხოლოდ გამოკითხა მეზობლები და მას აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სხვა გარემოებები არ მოუკვლევია.
პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ 1999 წლის 17 ნოემბერს გარდაცვლილ ს. ჟ-ს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები, კერძოდ, ზ., გ., რ. და თ. ჟ-ები. შესაბამისად, მერის მიერ გაცემულ ცნობაში დანარჩენი მემკვიდრეების თაობაზე ინფორმაცია არ არის მითითებული. ასევე დადგენილია, რომ მხარეთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მოწმეები ურთიერთსაპირისპირო გარემოებებს ადასტურებენ, კერძოდ, მოსარჩელე გ. ჟ-ის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ადასტურებენ, რომ მამის - ს. ჟ-ის გარდაცვალების შემდგომ საცხოვრებელ სახლსა და კომლის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს დაეუფლა და სარგებლობდა გ. ჟ-ი. რ. ჟ-ს მიერ წარმოდგენილი მოწმეები აცხადებენ, რომ სახლი აშენებისთანავე ორ ძმაზე იყო გაყოფილი და სახლის ერთი ნაწილი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში ეკუთვნოდა ზ. ჟ-ს, ხოლო მეორე ნაწილი - გ. ჟ-ს. მოწმეები აცხადებენ, რომ ს. ჟ-ის პირველი რიგის მემკვიდრეები - რ. ჟ- და თ. ჟ-ი, იშვიათად დადიოდნენ მამისეულ სახლში და მიწის ან სხვა ქონების დაუფლების შესახებ არ აქვთ ინფორმაცია. საქმის გარემოებებით ასევე დგინდება, რომ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მეზობლების ხელმოწერით შედგენილი ტექსტი, სადაც, ერთი მხრივ, სოფელ ...ის მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ზ. ჟ-ი სოფელ ...ში ფლობდა და სარგებლობდა მამისეული სახლითა და მიწის ნაკვეთით, მეორე მხრივ, გ. ჟ-ის მიერ წარმოდგენილია მეზობლების ხელმოწერებით შედგენილი ტექსტი, რომ ზ. ჟ-ს არ უცხოვრია და არ დაუფლებია მამის სამკვიდრო ქონებას, ის მხოლოდ ბოლო წლებში ამუშავებდა თავის მიწის ნაკვეთს ე.წ. წისქვილის ტერიტორიას.
პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ურთიერთსაპირისპირო გარემოებები ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასათანადოდ იქნა გამოკვლეული განცხადებაში მოთხოვნილი საკითხი.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული №03/6150 ცნობა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზ. ჟ-ის იურიდიულ ინტერესს სადავო ცნობის გაცემის თაობაზე წარმოადგენდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება, რომელზე დაყრდნობითაც ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა და ზ. ჟ-მა, როგორც ს. ჟ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მამკვიდრებლის მთელი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, რაც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი, ხოლო სამკვიდროს დანარჩენი ½ ნაწილი დარჩა ღიად. შესაბამისად, ცხადია, რომ სადავო ცნობამ გამოიწვია სამართლებრივი შედეგის დადგომა, რის გამოც, იგი უნდა ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემულ ცნობაში მოხსენებულია მხოლოდ ორი მემკვიდრე - ზ. ჟ-ი და გ. ჟ-ი. ცნობაში მითითებულია, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ ამ ორი პირის მიერ იქნა ს. ჟ-ის ქონება ფაქტობრივი ფლობით მიღებული. დადგენილია, რომ ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა გასცა სადავო ცნობაზე დაყრდნობით. ასევე დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ ს. ჟ-ს დარჩა 4 პირველი რიგის მემკვიდრე. შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა არ ეყრდნობა უტყუარად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც კონსტიტუციით დაცული სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფის საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, 107-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 108-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 95-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებსა და 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით პალატამ აღნიშნა, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხი განხილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმების უგულებელყოფით, ვინაიდან იგი საკითხის განხილვისას დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და მას სხვა სამართლებრივი ქმედებები არ განუხორციელებია საკითხის სრულყოფილად გადასაჭრელად, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჟ-მა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ სადავო ცნობაში მითითებულია მხოლოდ ორი მემკვიდრე და ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია დარჩენილი ორი მემკვიდრის თაობაზე ინფორმაცია, რითაც თითქოსდა, სადავო ადმინისტრაციული აქტით დარჩენილ ორ მემკვიდრეს (თ. და რ. ჟ-ებს) წაერთვა მემკვიდრეობის უფლება. სამკვიდროს მიღების დადასტურების მრავალი ფორმა არსებობს, მათ შორის, მინისტრის ბრძანებით დადგენილი დოკუმენტებით ან/და სასამართლოსადმი მიმართვით სამკვიდროს მიღების შესახებ ფაქტის დადასტურებით, რაც მოცემულ შემთხვევაში რ. და თ. ჟ-ებს არ განუხორციელებიათ. ადმინისტრაციულმა ორგანომ კასატორის განცხადების პასუხად მოახდინა მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია სამკვიდროს მიღების შესახებ ორ მემკვიდრეზე. აღნიშნულით კი, შეუძლებელია თ. და რ. ჟ-ებს რაიმე უფლება დარღვეოდათ, რადგან, ისინი თუკი სხვა გზით დაადასტურებენ სამკვიდროს მიღების ფაქტს კანონით დადგენილ ვადაში, მაშინ სამკვიდრო, როგორც წესი, გაიყოფა იმდენ მემკვიდრეზე, რამდენიც სახეზე იქნება.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ გასაჩივრებული ცნობა არ არის ადმინისტრაციული აქტი, რადგან ამ ცნობით დადასტურდა მხოლოდ სამკვიდროს ფლობის ფაქტი. სასამართლომ არ გამიჯნა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სამკვიდროს მიღების წესი და ადმინისტრაციულ სამართალწარმოების პროცედურები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღძრული აქვს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი, რაც „რეალაქტის“ ბუნებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს, რადგანაც აღნიშნული დავა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართლის სამართალწარმოების პრინციპებს. სასამართლომ, კონსტიტუციით გარანტირებული სამკვიდროს მიღების უფლება გააიგივა ცნობასთან. ამასთან არ გაითვალისწინა, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიცემა სამკვიდროს გახსნის შემდგომ მემკვიდრეებზე ცნობისგან დამოუკიდებლად. ცნობა წარმოადგენს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის დადასტურების საშუალებას და არა საფუძველს სამკვიდრო მოწმობის გაცემისა. სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველია თავად სამკვიდრო მასის ფლობა, რომელიც შესაძლებელია დადასტურდეს სხვადასხვა საშუალებებით. სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, გასაჩივრებული ცნობის საფუძველზე, ზ. ჟ-მა მიიღო სამკვიდრო, რაც, რა თქმა უნდა, სამართლებრივად არასწორია. აღნიშნული ცნობით, როგორც რეალაქტით, დასტურდება ფაქტი, რაც ასევე შესაძლებელია დადასტურდეს სხვა საშუალებებითაც.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ თუკი სასამართლომ ჩათვალა, რომ ცნობა წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვალდებული იყო, გამოეკვლია გამოიყენა თუ არა მხარემ ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა და შემდგომ მიეღო სარჩელი წარმოებაში. უფრო მეტიც, სასამართლო განხილვის დროს რამდენიმეჯერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, რომ სასამართლოს გამოეკვლია მოსარჩელე რ. ჟ-ს იურიდიული ინტერესი მაშინ, როდესაც მას არც სამკვიდრო მიუღია და არც რაიმე სახის სამართლებრივი კავშირი გააჩნია დავის საგანთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტი არ მიეკუთვნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კატეგორიას და აღნიშნული დავა უნდა განიხილებოდეს სამოქალაქო სამართლის ჭრილში მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს მიღებისა და განაწილების წესით. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, ხოლო თავად ფაქტობრივი გარემოებები არის სამოქალაქო სამართლით გადასაწყვეტი დავის საგანი.
5. მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - რ. ჟ- და გ. ჟ-ი წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით არ დაეთანხმნენ საკასაციო საჩივარს და განმარტეს, რომ სასამართლოს მითითებით, სადავო აქტის საფუძველზე ნოტარიუსმა გამოსცა აქტში მითითებულ პირებზე სამკვიდრო მოწმობა, შესაბამისად, აქტმა გამოიწვია ისეთი სამართლებრივი შედეგი, რამაც ზიანი მიაყენა გ. და რ. ჟ-ებს. ნოტარიუს ბ. წ-ის 2019 წლის 7 თებერვლის №190130618 სანოტარო აქტში მითითებულია შედეგი: ,,ზ. ჟ-მა სამკვიდრო ქონება მიიღო სსკ-ის 1421 და 1424-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლების გზით. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლება დასტურდება ცნობით №03/436, გაცემული 23.01.2019 ქედის მუნიციპალიტეტის მიერ.’’ სხვა დოკუმენტზე ნოტარიუსი ვერ უთითებს (არ არსებობს). სწორედ აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ზ. ჟ-ი სთხოვს ქონებას თავის ძმებს - გ. და რ. ჟ-ებს.
საყურადღებოა, რომ რ. ჟ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო კოდია ..., პრეტენზიას აცხადებს და უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობას ითხოვს კასატორი მის მიერ სამკვიდრო ქონების მიღების საფუძვლით. ამდენად, სადავო აქტის ძალაში დატოვებით ზიანი ადგება რ. ჟ-ს. სადავო აქტის საფუძველზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის უკანონობის დასადასტურებლად, გ. და რ. ჟ-ებს სამ მიმდინარე სასამართლო საქმეზე უწევთ საკუთარი უფლებების დაცვა, მათ შორის, ერთ-ერთ საქმეზე პირველმა ინსტანციის სასამართლომ ქონება მიაკუთვნა ზ. ჟ-ს. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებაში მტკიცებულებებად მითითებულია 2018 წლის 31 დეკემბრის ცნობა და მის საფუძველზე გაცემული სანოტარო აქტი.
2018 წლის 31 დეკემბერს გაცემული №03/6150 ცნობით დადასტურდა გ. და ზ. ჟ-ების მიერ ქონების დაუფლების ფაქტი, რასაც მოჰყვა სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, 2019 წლის 07 თებერვლის ნოტარიუს ბ. წ-მა გასცა სამკვიდრო მოწმობა ერთადერთი დოკუმენტის - 2018 წლის 31 დეკემბერს გაცემული №03/6150 ცნობის საფუძველზე. სწორედ აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ზ. ჟ-ი სთხოვს ქონების ½ თავის ძმას - გ. ჟ-ს. რაც შეეხება ადმინისტრაციული აქტის სხვა მახასიათებლებს, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს გაცემული №03/6150 ცნობის გამომცემი ორგანო არის ადმინისტრაციული ორგანო - ქედის მუნიციპალიტეტის მერია. ამასთან, სადავო ცნობა გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, კერძოდ, ...ის თემის რწმუნებულმა - ლ. ვ-ემ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, იგი გამოცხადდა ადგილზე, გამოკითხა მეზობლები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აისახა ადმინისტრაციულ აქტში. შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბერს გაცემული №03/6150 ცნობა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან ის უდასტურებს გ. და ზ. ჟ-ებს ქონების დაუფლების ფაქტს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა აქტის გამოცემა, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის - გ. ჟ-ის ინტერესს (ფაქტობრივად ამ ცნობის საფუძველზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობით მას ქონების ნახევარზე ედავებიან). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით ზ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2018 წლის 20 დეკემბერს ზ. ჟ-ის წარმომადგენელმა - მ. ა-მა ქედის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა №... განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ წარმოადგენს ზ. ჟ-ის ინტერესების დამცველს მამის - ს. ჟ-ის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სანოტარო ბიუროში წარსადგენად ესაჭიროება ქედის მუნიციპალიტეტის მერიიდან წერილობითი ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ 1999 წლის 17 ნოემბერს გარდაცვლილი ს. ჟ-ის ქონების ფლობას მისი გარდაცვალების შემდგომ შეუდგა შვილი - ზ. ჟ-ი. უძრავი ქონება მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში. განმცხადებელმა მოითხოვა მერის მიერ დადასტურებულ იქნეს ზ. ჟ-ის სამკვიდროს მიღების ფაქტი მამის - ს. ჟ-ის სამკვიდრო ქონებაზე (ს.ფ. 63-67); ბ) ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - ლ. ვ-ის მოხსენებითი ბარათის (სარეგ. №..., 28.12.2018წ.) თანახმად, №... განცხადების შესწავლის მიზნით 2018 წლის 20 დეკემბერს ლ. ვ-ე იმყოფებოდა სოფ. ...ში, სადაც მეზობლების გამოკითხვის შედეგად გამოირკვა შემდეგი: 1999 წლის 17 ნოემბრიდან, ს. ჟ-ის გარდაცვალების შემდეგ, უძრავ ქონებას ფლობს და სარგებლობს, როგორც მისი შვილი - ზ. ჟ-ი, ასევე მეორე შვილი - გ. ჟ-ი (ს.ფ. 62); გ) 2018 წლის 31 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცა №03/6150 ცნობა, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: ცნობა ეძლევა ზ. ჟ-ს, მასზედ, რომ ის მამის - ს. ჟ-ის გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს/სარგებლობს მისი შვილები - ზ.. და გ. ჟ-ები, აწ გარდაცვლილი მამის, ს. ჟ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მათ შორის შენობა-ნაგებობასა და მიწის ნაკვეთს, მდებარე ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ...ში. ცნობა გაცემულია საჭიროებისამებრ წარსადგენად, ცნობის გაცემის საფუძველია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - ლ. ვ-ის მოხსენებითი ბარათი (სარეგ. №..., 28.12.2018წ.) (ს.ფ. 18); დ) ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 დეკემბრის №03/6150 ცნობის საფუძველზე, 2019 წლის 7 თებერვალს ნოტარიუს ბ. წ-ის მიერ ზ. ჟ-ის სახლზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ზ. ჟ-მა, როგორც ს. ჟ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მამკვიდრებლის მთელი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, რაც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი, ხოლო სამკვიდროს დანარჩენი ½ ნაწილი რჩება ღიად (ს.ფ. 19-22).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამოწმებს სარჩელის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, სასკ-ის 22-ე-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის შემოწმება ხორციელდება მითითებული მუხლების შესაბამისად (სასკ-ის 262 მუხ.). გასათვალისწინებელია, რომ შეცილებითი სარჩელის მიზანი არ არის აბსტრაქტული, პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მოითხოვს თავისი უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად (სასკ-ის 22.2 მუხ.). ვინაიდან, სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილებითი სარჩელის მიზანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული აქტის არსებობა, ანუ სარჩელის საგანს უნდა შეადგენდეს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მმართველობითი ღონისძიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის, ის უნდა აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციული აქტის ცნების ელემენტებს. ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ აქტად, როდესაც იგი სრულად შეესაბამება სზაკ-ით დადგენილ ინდივიდუალური აქტის სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული დოკუმენტის ინდივიდუალურ აქტად მიჩნევას. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო-სამართლებრივ საქმიანობის ფორმას წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემით ხდება სამართლის ნორმით განხორციელებული ზოგად-აბსტრაქტული მოწესრიგების კონკრეტიზაცია და ინდივიდუალიზაცია. მოწესრიგება, როგორც ადმინისტრაციული აქტის ცნების ელემენტი, არ არის სახეზე, როდესაც საჯარო სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს. ამა თუ იმ დოკუმენტის ინდივიდუალურ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ამ დოკუმენტს შეეძლოს გარკვეული სამართლებრივი შედეგის დამოუკიდებლად გამოწვევა, რაც განსაზღვრავს გასაჩივრებისადმი იმავე დოკუმენტის დამოუკიდებლად დაქვემდებარების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 დეკემბრის №03/6150 ცნობის ბათილად ცნობას, ხოლო მოთხოვნის მიმართ თავის იურიდიულ ინტერესს ასაბუთებს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ცნობის საფუძველზე, 2019 წლის 7 თებერვალს ნოტარიუს ბ. წ-ის მიერ ზ. ჟ-ის სახლზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ზ. ჟ-მა, როგორც ს. ჟ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 დეკემბრის №03/6150 ცნობას გააჩნია სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელი ზოგი ნიშანი (მერია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ ფუნქციებს, ცნობის გაცემის უფლებამოსილება გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით, ცნობა ინდივიდუალური ხასიათისაა), მაგრამ მას არ აქვს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი - ის დამოუკიდებლად ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მემკვიდრეობის უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სფეროში. მემკვიდრეობის უფლების გარანტია მოიცავს მემკვიდრის უფლებას შეიძინოს მამკვიდრებლის საკუთრება მემკვიდრეობის გზით. მემკვიდრეობა საკუთრების შეძენის ერთ-ერთი ფორმაა. სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მემკვიდრეობის ორი სახე - კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა, რომლებიც თავისი სპეციფიკურობით ხასიათდებიან. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია, როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს და იგი შეიძლება მიღებულ იქნეს სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. სკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლების თანახმად, გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე საკუთრების წარმოშობისთვის სავალდებულოა მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან (სკ-ის 1319-ე მუხ.) ექვსთვიან ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება: დაეუფლოს სამკვიდროს ან მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით. სამკვიდრო მოწმობა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლების საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მის ნებაზე მიიღოს სამკვიდრო (სუსგ №ას-1090-2020, 22.01.2021წ.). სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება. მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგ. მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვ.) (იხ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017წ.; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ.; ას-203-193-2016, 02.06.2016წ.; №ას-972-921-2015, 15.12.2015წ.; №ას-482-455-2012, 31.05.2012წ.).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85.1 მუხლით დადგენილია იმ გარემოებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა საშუალებითაც შეიძლება დადგინდეს სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, კერძოდ, (ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს, ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს, ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვნენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი; (ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას; (გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამასთანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში; (დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია; (დ1) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე; (ე) სხვა საჯარო დოკუმენტები.
ამდენად, ზემოდასახელებული ნორმის „დ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცა №03/6150 ცნობა, რომლის თანახმად, ზ. და გ. ჟ-ები მამის - ს. ჟ-ის გარდაცვალების დღიდან ფლობენ/სარგებლობენ გარდაცვლილის კუთვნილი უძრავი ქონებით, მათ შორის შენობა-ნაგებობებით და მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ...ში. ცნობის გაცემის საფუძველია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - ლ. ვ-ის 2018 წლის 28 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი.
„ნოტარიატის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ნოტარიატი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. სამემკვიდრეო ურთიერთობები სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული, ნოტარიუსის მიერ კანონით მინიჭებული სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება არ განეკუთვნება მმართველობით სფეროში განხორციელებულ ღონისძიებას, მას არ გააჩნია ადმინისტრაციული ორგანოსათვის დამახასიათებელი ელემენტები. სკ-ის 1499.1 მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 დეკემბრის №03/6150 ცნობის საფუძველზე, 2019 წლის 7 თებერვალს ნოტარიუს ბ. წ-ის მიერ ზ. ჟ-ის სახლზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ზ. ჟ-მა, როგორც ს. ჟ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მამკვიდრებლის მთელი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, რაც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი, ხოლო სამკვიდროს დანარჩენი ½ ნაწილი რჩება ღიად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა და 1424-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება - სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლება (მართვა) ან სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენა. ამდენად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლება არის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) გარემოება, რომელიც ფასდება მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემისას, ამასთან, ასეთი დოკუმენტის არსებობა ზემოთ მითითებული დადგენილების შინაარსისა და სამოქალაქო კოდექსით სამკვიდროს მისაღებად დადგენილი მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით იმთავითვე, სხვა გარემოებების შეფასების გარეშე (მაგ. ინფორმაცია სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების არსებობის შესახებ), არ წარმოშობს სამკვიდრო მოწმობის გაცემის უპირობო საფუძველს. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა არის სამკვიდროს მიღების ერთ-ერთი სახე, ხოლო ქონების ფაქტობრივი ფლობა შესაძლოა სხვადასხვა გზით განხორციელდეს. ამასთან, საყურადღებოა, რომ იურიდიული შედეგი აქვს სანოტარო მოქმედებას, სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებითი ძალა. მემკვიდრეობის უფლების მოწმობას გასცემს ნოტარიუსი („ნოტარიატის შესახებ“ კანონის 38-ე მუხ., 1-ელი პ., „გ“ ქვ.პ.), მერი არ არის ნოტარიუსთან გათანაბრებული პირი და მერიის მიერ გაცემული ცნობა, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 42-ე-43-ე მუხლების თანახმად, ვერ იქნება გათანაბრებული სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირებისაკენ უნდა იყოს მიმართული ან უნდა შეეხებოდეს ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებს. ინდივიდუალურია სამართლებრივი აქტი, რომელიც კონკრეტული საქმის ვითარებას ასახავს და თავისი ბუნებით ,,ერთჯერადია’’. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისაკენ არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მოიაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, მაგრამ არა სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემით, არამედ მის გარეშე. შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ნოტარიუსის დადგენილება. ცალკეულ შემთხვევებში გასაჩივრებას შესაძლოა დაექვემდებაროს ისეთი შუალედური აქტი, რომელიც დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, მერის ცნობას უძრავი ქონების დაუფლების შესახებ ასეთი ეფექტი არ გააჩნია. მოცემული სადავო სამართალურთიერთობის შემთხვევაში ადმინისტრაციული მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ის არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი (სზაკ-ის მე-2 მუხ. „დ“ ქვ.პ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენ დოკუმენტებს შორის, გარდა კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტისა, აგრეთვე ორდერისა („დ1“ ქვ.პ.), მითითებულია სხვა გარემოებები და/ან დოკუმენტები (ერთ საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაცია, იმ დოკუმენტების ფაქტობრივი ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციების არსებობას, საგადასახადო ორგანოს ცნობა, კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები ან ქვითრები), აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მუხლში მოცემული სამკვიდროს დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები არაა ამომწურავი, ნორმაში მითითებულია, რომ მუხლში მოცემული დოკუმენტებისა და გარემოებების ჩამონათვალის გარდა დაუფლების ფაქტი შესაძლოა დადგინდეს სხვა საჯარო დოკუმენტებითაც (85-ე მუხ. „ე“ ქვ.პ.). ამდენად, თვითმმართველი ორგანოს ცნობა არის მემკვიდრეობის დაუფლების ერთ-ერთი და არა ერთადერთი დოკუმენტი, ნოტარიუსი ერთობლიობაში აფასებს დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილ დოკუმენტაციას, მისთვის თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას დაუფლების ფაქტის დადგენისას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამდენად, თვითმმართველობის ორგანოს ცნობა თავისთავად არ ადასტურებს სამკვიდროს დაუფლებას და მყისიერად არ ქმნის ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველს, ცნობა საჭიროებს შეფასებას სხვა დოკუმენტებთან და გარემოებებთან ერთად. სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მითითება იმაზე, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, გულისხმობს ისეთ დოკუმენტს, რომელსაც იმთავითვე დამატებითი პროცედურის გარეშე დამადასტურებელი ეფექტი აქვს, ასეთად ვერ მიიჩნევა ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობა სამკვიდროს დაუფლების შესახებ. მმართველობითი საქმიანობის განხორციელებისას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით ადმინისტრაციული ორგანოს გააჩნია კონკრეტული შემთხვევის სწრაფი და იძულების გზით აღსრულებადი, ცალმხრივი მოწესრიგების საშუალება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანს წარმოადგენს ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით წარმოშვას სამართლებრივი შედეგი. მისი ცალმხრივობა იმაში გამოიხატება, რომ ამ აქტის ეფექტი და ზემოქმედება შეიძლება მიიღწეოდეს მისი ადრესატის ნების საწინააღმდეგოდაც. ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი აქტი არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მომტანი და არსებობს მისი შესრულების სამართლებრივი ვალდებულება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქმედება განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. ინდივიდუალური აქტის დეფინიციის ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ, ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირთა სამართლებრივ მდგომარეობას. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება მიმართულია ცალმხრივად და უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ. ადმინისტრაციული აქტის ცალმხრივობა და მისი შესასრულებლად სავალდებულო ძალა აქტის ცნების ის ელემენტებია, რაც (აქტის ცნების სხვა ელემენტებთან ერთად) აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს ქმნის. მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი, არა გვაქვს, როდესაც საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, ე.ი. როდესაც საჯარო დაწესებულების მხრიდან მხოლოდ ინფორმაციის, დარიგების ან ახსნა-განმარტების მიწოდებასთან ან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განხორციელებულ მოქმედებასთან გვაქვს საქმე.
სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადგენის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ცნობა არ არის საკმარისი სამკვიდროს მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის, არ იკვეთება ადმინისტრაციული აქტის ისეთი ელემენტი, როგორიცაა პირის სამართლებრივი მდგომარეობის დადასტურება (სზაკ-ის მე-2 მუხ., „დ“ ქვ.პ.). სსკ-ის 312-ე მუხლით დადგენილია იმ საქმეების ჩამონათვალი, რომლებსაც განიხილავს სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის წესით. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი საქმეთაგანია მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენა. იმავე კოდექსის 316-ე მუხლი ადგენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს. ამდენად, სასამართლოს მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც, სასამართლოს გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმობას არ ცვლის და ასეთი გადაწყვეტილება საჭიროებს სანოტარო ორგანოში წარდგენას, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ნოტარიუსის მიერ შესწავლას, სამკვიდრო მოწმობის გასაცემად შესაბამისი გარემოებების არსებობის დადგენას და საჭიროების შემთხვევაში, ყველა იმ სხვა პროცედურის განხორციელებას, რაც დადგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-9 თავით („სამემკვიდრეო საქმის წარმოების წესები“), შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული ცნობის პირდაპირ სამართლებრივ შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიზნად ისახავს თავისი, როგორც მემკვიდრის, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას იმ მოსაზრებით, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება არ მიიღოს სხვა მემკვიდრემ, მის ამ მიზანს შესაძლოა შეესაბამებოდეს სხვა ფორმისა და შინაარსის დავა. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ გასაჩივრებული ცნობით რაიმე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. სადავო ცნობაში მითითებულია სამკვიდროს დაუფლების ფაქტის თაობაზე, თუმცა აღნიშნულ ცნობას შესასრულებლად სავალდებულო ძალა არ გააჩნია. აღნიშნულს არსებული სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს, კერძოდ, სამოქალაქო საქმეზე, სადაც დავის საგანს შეადგენდა მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ასევე სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურება, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული გარემოება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან მისი პირველი რიგის მემკვიდრის (შვილის) მიერ ქონების ფაქტობრივად დაუფლების თაობაზე, ასეთი სახის ცნობა არ შეფასდა სამკვიდროს გახსნიდან ექვსთვიან ვადაში სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად ვარგის მტკიცებულებად (იხ. სუსგ 26.12.2019წ. საქმე №ას-1210-2019, პ. 35).
საკასაციო წესით საქმის განხილვისას დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში სასკ-ის 262.6 მუხლით გათვალისწინებულია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 დეკემბრის №03/6150 ცნობის ბათილად ცნობა შეადგენს, ანუ სახეზეა სზაკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეცილებითი სარჩელი. ასეთი სახის სარჩელის დასაშვებობისათვის ერთ-ერთი სავალდებულო პირობა არის ადმინისტრაციული აქტის არსებობა. სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად, აღნიშნული საკითხის მხარეთა მიერ დასმის მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ კასატორის მიერ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაყენებული იყო შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მხარის მიერ დასმულია საკითხი და სასამართლოს მიერ შემოწმებულია პროცესის დასაშვებობა, რის შედეგადაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების საკითხი უნდა გადაწყვიტოს საკასაციო სასამართლომ. ვინაიდან სახეზე არ არის სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის დასაშვებობის სავალდებულო პირობა (აქტის არსებობა), რამაზ და გ. ჟ-ების სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სასკ-ის 262 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-6 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ჟ-ი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. რამაზ და გ. ჟ-ების სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით;
3. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. ზ. ჟ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.06.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მ. ა-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 50% - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე