№ბს-420(2კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №1/4-393 ბრძანება ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში (ს/კ ...) 26 881 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობისა და მათი განაშენიანების ფართებით, მათ ქვეშ დაკავებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (54, 91, 56, 790, 431, 2462, 98, 382, 23, 1330 კვ.მ-ზე), სულ ფართით 5 717 კვ.მ-ზე) სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №..., 26 881 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, მათი განაშენიანების ფართოთ მიწის ნაკვეთთან ერთდ 5 717 კვ.მ-ზე (54, 91, 56, 790, 431, 2462, 98, 382, 23, 1330 კვ.მ-ზე) რეგისტრაციის ნაწილში; გ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაწყვიტოს საზღვრების კორექტირების საკითხი დადებითად, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, ამოირიცხოს აღნიშნული ქონება სახელმწიფოს საკუთრებიდან და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში სს „...ის“ საკუთრებად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სს „...ის“ სარჩელი, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
3. მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება სს „...ის“ 14.01.2019წ. №421/21 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება სს „...ის“ 23.09.2019წ. №13912/21 ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 8 მაისის №1-1/183 ბრძანება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.06.2017წ. ბრძანება №1/4-393 ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში (საკადასტრო კოდი ...) 26 881 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის და მათი განაშენიანების ფართებით, მათ ქვეშ დაკავებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (54 კვ.მ, 91 კვ.მ, 56 კვ.მ, 790 კვ.მ, 431 კვ.მ, 2462 კვ.მ, 98 კვ.მ, 382 კვ.მ, 23 კვ.მ, 1330 კვ.მ) სულ ფართით 5 717 კვ.მ სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის ნაწილში; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №... 26 881 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მათი განაშენიანების ფართით მიწის ნაკვეთთან ერთად 5 717 კვ.მ (54, 91, 56, 790, 431, 2462, 98, 382, 23, 1330 კვ.მ) რეგისტრაციის ნაწილში; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.09.2019წ. №... წერილი; ზ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (17.09.2019წ.), №... (17.09.2019წ.), №... (17.09.2019წ.), №... (17.09.2019წ.), №... (17.09.2019წ.), №... (17.092019წ.), №... (17.09.2019წ.), №... (17.09.2019წ.), №... (17.09.2019წ.), №... (17.09.2019წ.) გადაწყვეტილებები; თ) ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (18.10.2019წ.), №... (18.10.2019წ.), №... (18.10.2019წ.), №... (18.10.2019წ.), №... (18.10.2019წ.), №... (18.10.2019წ.), №... (18.10.2019წ.), №... (18.10.2019წ.), №... (18.10.2019წ.), №... (18.10.2019წ.) გადაწყვეტილებები; ი) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილება (25.10.2019წ.); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთის საკადასტრო საზღვრების კორექტირება იმგვარად, რომ ამოირიცხოს აღნიშნული ქონებები სახელმწიფოს საკუთრებიდან; ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №... სარეგისტრაციო განცხადებებით გათვალისწინებული უძრავი ქონების სს ...ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. 2.1. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება სს ,,...ის’’ 14.01.2019წ №421/21 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით უარის თქმის შესახებ; 2.2. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება სს ,,...ის’’ 23.09.2019 წ №13912/21 ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 2.3. ბათილად იქნა ცნობილი 2020 წლის 8 მაისის №1-1/183 ბრძანება; 2.4. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.06.2017 წ ბრძანება №1/4-393 ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში საკადასტრო კოდით ... 26881 მ2 მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის და მათი განაშენიანების ფართებით, მათ ქვეშ დაკავებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (54, 91, 56, 790, 431, 2462, 98, 382, 23, 1330 მ2), სულ ფართით 5717 მ2 სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში; 2.5. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №... (20.06.17) 26881 მ2 მიწის ნაკვეთზე მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მათი განაშენიანების ფართით მიწის ნაკვეთთან ერთად 5717 მ2 (54, 91, 56, 790, 431, 2462, 98, 382, 23, 1330 მ2 ) რეგისტრაციის ნაწილში 2.6. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.09.2019 წ №... წერილი/გადაწყვეტილება (საკუთრების უფლების გაუქმების საკითხის განხილვაზე უარის შესახებ); 2.7. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (17.09.2019), №... (17.09.2019); №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.092019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019) გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; 2.8. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019) გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 2.9. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილება 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საზღვრების კორექტირება - ამოირიცხოს აღნიშნული (მოსარჩელის კუთვნილი) ქონებები სახელმწიფოს საკუთრებიდან; 4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №... განცხადებებით წარდგენილი უძრავი ქონების სს ,,...ის’’ საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
6.1. კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს წარმოებაში იყო სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი და ადმინისტრაციული სარჩელი იდენტური მოთხოვნებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს 2020 წლის 8 მაისის №1-1/183 ბრძანებით სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ დავის გადაწყვეტისათვის ერთმანეთისგან არ გამიჯნა საწარმოს აქცია/წილი და საწარმოს ქონება და საწარმოს აქციათა გამოსყიდვა საწარმოს ქონებაზე უფლების შეძენის საფუძვლად მიიჩნია. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ დავის საგანს წარმოადგენს არა საწარმოს აქციაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული წარმოება, არამედ საწარმოს მიერ მის მფლობელობაში თუ სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული წარმოება. საწარმოს აქცია და საწარმოს ქონება/შესაძლო ქონება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ცნებები და კატეგორიებია, საწარმოს აქციაზე საკუთრების უფლების დადასტურება იმთავითვე საწარმოს მის შესაძლო მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე საკუთრებას რომ არ წარმოუშობდა, ეს თავისთავად ცხადია. მხოლოდ ამგვარ კავშირზე მითითებით სარჩელის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და საკანონმდებლო ნორმებს.
სარჩელის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის შესაფასებელია, სს „...ს“ რა მოთხოვნის უფლება გააჩნდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების მიმართ და აღნიშნული უფლების განხორციელება ხომ არ ეწინააღმდეგება საკანონმდებლო დანაწესს. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ სს „...ს“ საკუთრების უფლება გააჩნდა ყველა იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც შეტანილია აქციების ღირებულებაში (დანართი №1-ში, ძირითად საშუალებათა პასიურ ნაწილში).
სასამართლო განჩინებაში მითითებულია, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრივატიზაციას ექვემდებარებოდა საწარმო ან მისი ქვედანაყოფი რეორგანიზაციის, ახალი სამეწარმეო სუბიექტის ჩამოყალიბებისა და მისი აქციების პრივატიზების გზით. პრივატიზების მიზნებისათვის კონკურსის ან აუქციონის წესით გაყიდვისათვის საწარმოს საწყისი ფასი განისაზღვრებოდა ორი შესაძლო ვარიანტით: პირველი, გამომდინარე საწარმოს სავარაუდო შემოსავლიანობიდან და მეორე, იმ მოსალოდნელი ამონაგების შეფასებიდან, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს საწარმოს ქონების გაყიდვით, მის მიერ დაკავებული მიწის ფართობის გათვალისწინებით. პირველი ვარიანტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საფინანსო მდგომარეობის ანალიზის და მისი განვითარების პერსპექტივის შეფასების საფუძველზე, კომიტეტი არ იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ. ამ შემთხვევაში საწარმოს საწყისი ფასი განისაზღვრება იმ შემოსავლის სიდიდის გათვალისწინებით, რომელსაც სახელმწიფო მიიღებდა საწარმოს სამეურნეო საქმიანობიდან. შეფასების მეორე ვარიანტი გამოიყენებოდა ქრონიკულად ზარალიანი საწარმოების მიმართ. შეფასების ეს ვარიანტი გამოიყენება აგრეთვე სალიკვიდაციოდ განკუთვნილ საწარმოთა მიმართ. მხოლოდ ეს დანაწესი გამორიცხავს, სასამართლოს მსჯელობის მართებულობას, რომ საწარმოს ბალანსში მითითებული ძირითად საშუალებათა პასიური და აქტიური ნაწილი საწარმოს საკუთრებას წარმოადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ სალიკვიდაციოდ განკუთვნილი საწარმოს პრივატიზება არ განხორციელებულა, უნდა შეფასდეს, რა მოთხოვნის უფლება (სარგებლობა თუ საკუთრება) გააჩნდა საწარმოს უძრავი ქონების მიმართ.
პრივატიზების დროს საწარმოების საწყისი ფასის დადგენა ხდებოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის 1992 წლის 17 ივლისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საპრივატიზებო ობიექტების (საწარმოების) ღირებულების შეფასების დროებითი მეთოდური მითითებით შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, ამასთან, ძირითად საშუალებათა (განურჩევლად მათი სახეობისა და დანიშნულების) ცვეთის, კაპიტალდაბანდების ინდექსირება უნდა განხორციელებულიყო მინისტრთა კაბინეტის დადგენილების შესაბამისად ერთიანი კოეფიციენტით. საწარმოს პრივატიზების მიზნით შექმნილი დანართი №1, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 3 ივლისის №30.13.773 დადგენილებით (სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების ობიექტის საწყისი ფასის განსაზღვრის და მისი აშშ-ს დოლარებში გამოსახვის წესი ინდექსირების გათვალისწინებით), წარმოადგენდა ბუღალტრულ დოკუმენტს და არა რაიმე ნივთზე უფლების დამდგენ ან უფლების გადაცემის დოკუმენტს, რადგან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 14 სექტემბრის №926, 1993 წლის 23 დეკემბრის №933 და 1995 წლის 16 მაისის №263 დადგენილებები (აღნიშნული დადგენილების გამოყენების აუცილებლობა და ინდექსირების კოეფიციენტი 12.7 იყო განსაზღვრული №30.13.773 დადგენილებით) განსაზღვრავდა საწარმოებისა და ორგანიზაციების ძირითადი ფონდების გადაფასების პრინციპებს, კოეფიციენტებს, ტექნიკურ მდგომარებას და ბუღალტრული ცვეთის აღრიცხვას, კერძოდ, განისაზღვრა, რომ ინდექსები (კოეფიციენტები) დგინდება ძირითად საშუალებათა გამსხვილებული სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების პროდუქციის ბაზარზე ჩამოყალიბებული კონიუნკტურისა და საპერსპექტივო ტენდენციების გათვალისწინებით.
მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 სექტემბრის №891 დადგენილებით (სახელმწიფო საწარმოს დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ), საწარმოს ქონება წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებას, იგი საწარმოს გადაცემული აქვს სამეურნეო გამგებლობაში. საწარმოს შექმნისას დამფუძნებელი მას გამოუყოფს საწესდებო კაპიტალს. საწარმოს ქონებას წარმოადგენს ძირითადი ფონდები, საბრუნავი საშუალებანი და სხვა ფასეულობანი, რომელთა ღირებულებაც ასახულია საწარმოს ბალანსში. ამასთან, დროებითი დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, არეგულირებს სახელმწიფო საწარმოთა ურთიერთობებს სხვა საწარმოებთან და ორგანიზაციებთან, მართვის სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან. დროებითი დებულება ვრცელდება ყველა იმ საწარმოზე, რომელთა ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო (აღნიშნული დებულება გაუქმდა 1995 წლის 1 მარტიდან, საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით №578-1ს). შესაბამისად, 1992 წლის 4 სექტემბრიდან ჩამოყალიბებულ იურიდიულ პირებს ქონება გადაეცემოდა სარგებლობაში, რის გამოც სს „...ის“ პრივატიზების მიზნით დანართი №1-ის შედგენის დროისათვის ძირითად საშუალებათა პასიურ ნაწილზე საწარმოს მხოლოდ სარგებლობის უფლებას წარმოეშობოდა და არა საკუთრების უფლება, როგორც ეს მითითებულია სასამართლო განჩინებაში.
„სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით დამტკიცდა „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ“ დებულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა არის მისი აქციების ემისიის პროსპექტი (და არა უძრავი ქონების პრივატიზების გეგმა, როგორც ეს მითითებულია განჩინებაში).
„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებასთან დაკავშირებით დებულებათა დამტკიცების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის №612 დადგენილების შესაბამისად, სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის დღიდან სახელმწიფო საწარმო ითვლება გარდაქმნილად, ხოლო მისი ქონება სააქციო საზოგადოების ბალანსზე გადაცემულად. სააქციო საზოგადოებას ბალანსიდან ბალანსზე გადაეცემა სახელმწიფო საწარმოს ქონება, რომელიც შეადგენს სააქციო საზოგადოების საწესდებო ფონდს, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოს ის ქონება, რომელიც სააქციო საზოგადოებას გადაეცემა კომიტეტის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, სააქციო საზოგადოების საწესდებო ფონდი დგინდება საპრივატიზებო კომისიის მიერ „საპრივატიზებო ობიექტების შეფასების დროებითი მეთოდური მითითებების“ შესაბამისად. სააქციო საზოგადოება წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს უფლებამონაცვლეს მისი გარდაქმნის მომენტისათვის არსებულ უფლება-ვალდებულებებზე, მათ შორის, მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლებაზე. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ საწარმო სარგებლობის უფლებაზე იყო უფლებამონაცვლე და არა საკუთრების უფლებაზე.
„კერძო საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იურიდიული პირების საკუთრება წარმოიშვება მონაწილეთა წილით, იურიდიული პირის სამეურნეო და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობის შედეგად მიღებული და შეძენილი ქონებით. ამასთან, „სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 ივნისის №344 დადგენილების შესაბამისად, უძრავ ქონებას განეკუთვნება სახელმწიფო საკუთრების ყველა სახის შენობა-ნაგებობა/მათი ნაწილი/ან სხვა მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც უძრავად არის დაკავშირებული მიწასთან და მათი გადაადგილება შეუძლებელია. უძრავი ქონება შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის სარგებლობაში ან არ იყოს არც ერთი იურიდიული პირის სარგებლობაში. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი უძრავი ქონება ექვემდებარება სავალდებულო აღრიცხვას ქალაქებისა და რაიონების ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში. უძრავი ქონების აღრიცხვა და მის გამოყენებაზე კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ. უძრავი ქონების მოსარგებლე ქონების აღრიცხვის მიზნით ვალდებულია, მიმართოს განცხადებით ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ინვენტარიზაციის ჩატარებისათვის.
1994 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, როცა დარეგისტრირდა სს „...ი“, როგორც იურიდიული პირი ...ის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების 1994 წლის 29 დეკემბრის №18 ბრძანების შესაბამისად, მოქმედებდა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის გადაცემული ქონება იმყოფებოდა ამ ორგანიზაციის ოპერატიულ მართვაში და არა მათ საკუთრებაში. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მითითებული დროისათვის მოთხოვნის (მფლობელობის, სარგებლობის და არა საკუთრების) შესაძლო ობიექტი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ შენობა-ნაგებობა.
1997 წლის 25 ნოემბრიდან ქვეყანაში შეიქმნა ახალი სამართლებრივი სისტემა და რეალობა, რომლითაც საკუთრების ობიექტი შენობა-ნაგებობა მიწის ნაკვეთისგან დამოუკიდებლად მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო. ამასთან, ნივთის (მიწის ნაკვეთის) სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრავდა შენობა-ნაგებობის სამართლებრივ რეჟიმს. 1997 წლის 25 ნოემბრიდან, სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლის საფუძველზე (ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზეც), მიწის ნაკვეთის მესაკუთრე სახელწიფო ისევ გახდა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა- ნაგებობის მესაკუთრე, მათ შორის იმ შენობა-ნაგებობების, რომელზედაც მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონოდა იურიდიულ პირს (მათ შორის სს „...ს“). ამასთან, რადგან სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ჩაითვლა ძალადაკარგულად, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებდნენ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებს, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენებოდა მითითებული ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურდათ ერთმანეთს შორის ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსით მოეწესრიგებინათ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებდა. საჭირო გახდა უძრავი ქონების მიმართ სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული საწარმოს მოთხოვნების ახლებური რეგულირება, რის გამოც შეიქმნა ახალი საკანონმდებლო დანაწესი (მიღებულ იქნა შესაბამისი კანონი) საწარმოს მიერ მიწის ნაკვეთსა და შესაბამისად, შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით.
მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 171-ე და 1507-ე მუხლების დანაწესი გამორიცხავდა სასამართლო გადაწყვეტილებაში/განჩინებაში ჩამოყალიბებულ დასკვნას, რომ ყველა ის შენობა-ნაგებობა, რომელიც შეტანილია აქციების ღირებულებაში და მითითებულია დანართ №1-ში, წარმოადგენდა სს „...ის“ საკუთრებას. სასამართლომ აღნიშნული მოსაზრება ასევე გაამყარა იმაზე მითითებით, რომ შენობა-ნაგებობა სახელმწიფო საკუთრებად არ აღრიცხულა, რაც სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე სს „...ის“ საკუთრებას ადასტურებს. თუმცა, სს „...ის“ საკუთრების უფლება ვერ დადასტურდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შენობა-ნაგებობა ფიზიკურად აღარ არსებობს, რამაც მათი აღურიცხაობა განაპირობა და არა სს „...ის“ შესაძლო მოთხოვნის უფლების არსებობა. თუნდაც მხედველობაში არ იქნეს მიღებული სამოქალაქო კოდექსის რეგულაცია, ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების მიღების აუცილებლობა და შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების გადაცემის ნების არარსებობის (შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგების გამო) პირობებში მივიჩნიოთ დანართ №1-ში მითითებული ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის ღირებულების მითითება სს „...ს“ სარეგისტრაციო განაცხადებით წარდგენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას წარმოუშობდა (აღნიშნული დაშვების უსაფუძვლობა მითითებულია ზემოთ), სასამართლომ უარი თქვა საკუთრების უფლების საკუთრების ობიექტთან ურთიერთმიმართების პრინციპზე (შეად: „...საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად... სუსგ.ბს-367-363(კ–12)) და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდებოდა მოთხოვნილი შენობა-ნაგებობის არარსებობის ფაქტი, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და უფრო მეტიც, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენებულია ის აქტი, რომელიც ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული, თუმცა, თუნდაც ძალადაკარგულად არ იყოს გამოცხადებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“ (დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით), აღნიშნული ინსტრუქციის 14.30 პუნქტი ვერ განიმარტება იმდაგვარად, რომ საკუთრების უფლების ობიექტის ჩანაცვლება ხდებოდეს.
გასაჩივრებული განჩინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „...ს“, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნდა, შეეძლო მოეთხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მაშინ როცა მისი შესაძლო მოთხოვნის ობიექტი - შენობა-ნაგებობათა უმრავლესობა განადგურებულია და რეესტრში მიმართვის დროისათვის აღარც კი არსებობს. მითითებული ინსტრუქციის 14.30 პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უფლების დამდგენი დოკუმენტით მითითებულია შენობის არსებობა, სარეგისტრაციო წარმოების დროისათვის მოთხოვნის უფლება გააჩნია განმცხადებელს, ხოლო წარდგენილი აზომვითი ნახაზი შენობის შესაძლო რეგისტრაციას გამორიცხავს მისი დანგრევის გამო. არ შეიძლება სასამართლომ ნორმა განმარტოს იმდაგვარად, რომ განმცხადებელს მოთხოვნის უფლების არარსებობის პირობებშიც კი (შენობის დანგრევის გამო შენობაზე საკუთრების უფლება, თუკი ასეთი არსებობდა, აღარ არსებობს), საკუთრების ობიექტის სუროგაცია მოახდინოს და ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც სხვისი საკუთრების ხელყოფით, მიანიჭოს არარსებული შესაძლებლობა. დასახელებული ინსტრუქციის 14.30 პუნქტის გამოყენება მაშინ, როცა მიწის ნაკვეთი და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი სხვადასხვა პირის საკუთრების ობიექტებია, ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების დაწყებისას არსებითი შემადგენელი ნაწილი არც კი არსებობს, სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება, სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, იგივე წარმატებით, შესაძლებელია, სს „...მა“ მოითხოვოს იმ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც შეიძლება აშენდეს მომავალში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.
6.2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლსა და 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოსარჩელეს არ გააჩნდა რაიმე უფლება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. №... (26 881 კვ.მ მიწის ნაკვეთი და №1-№10 შენობა-ნაგებობები) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება.
სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს სახელზე უძრავი ნივთის (ს/კ №...) რეგისტრაციისას დარეგისტრირდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სასამართლო უდავოდ აღიარებს სადავო უძრავ ქონებაზე სს „...ის“ საკუთრების უფლებას, იმ პირობებში, როდესაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის აღრიცხული ეს უფლება. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სასამართლოს მსჯელობის შესაბამისად, აქციების პრივატიზებით სააქციო საზოგადოებაზე მოხდა ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების, მათ შორის, სარჩელით სადავო შენობა-ნაგებობების გადაცემა, რაც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საკუთრების უფლების უპირატესი მდგომარეობა მფლობელობასთან მიმართებაში.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მითითებით შედგენილი აზომვითი ნახაზი დაფიქსირდა სახელმწიფოს მიერ განკარგულ მიწის ნაკვეთთან ზედდებაში. იმისათვის, რომ სახელმწიფოს სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციას უარყოფითი გავლენა მოეხდინა მოსარჩელის უფლებებზე, სასამართლოს უტყუარად უნდა დაედგინა ქონების იდენტურობის საკითხი. როდესაც საკითხი ეხება მიწის ნაკვეთების გადაფარვას, გეგმარებით და სხვა ტექნიკურ საკითხებს, საექსპერტო კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის არსებითი გარემოებების დადგენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა, სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №1/4-393 ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებული 26881 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - საკადასტრო კოდით ..., განთავსებულია სს „...ის“ საკუთრებაში რიცხულ №1 დანართში ჩამოთვლილ შენობა-ნაგებობებზე.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აქციათა პრივატიზება არ გულისხმობს სახელმწიფოს საწარმოს კუთვნილი შენობა-ნაგებობების საწარმოსთვის საკუთრებაში გადაცემას, ხოლო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე საყურადღებოა, რომ საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ შეიცავდა სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას, რის გამოც, ადმინისტრაციული ორგანო ვერ იმსჯელებდა პრივატიზებული ქონებისა და რეგისტრაციით დაინტერესებული პირის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ნივთის იდენტურობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება აქციების პრივატიზებით სააქციო საზოგადოებაზე ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების გადაცემა, ამასთან, არ დასტურდება მითითებული ქონებისა და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული ქონების იდენტურობა. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას იმისთვის, რომ უტყუარად დადგინდეს უძრავი ქონებების იდენტურობა. შესაბამისად, ცხადია, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორი შეფასებები მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნულის შედეგად განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ...ის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების 1994 წლის 29 დეკემბრის №18 ბრძანებით ...ის რაიონის ქ. ...ის ...ის ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „...ი“ და დამტკიცდა სააქციო საზოგადოება „...ის“ წესდება, ქონების შეფასების აქტი და პრივატიზაციის გეგმა №1-დან №9 დანართის ჩათვლით (ტ.1. ს.ფ. 27-28, 30-35, ტ.3, 20-42); ბ) სს „...ი“ მეწარმე სუბიექტად - იურიდიულ პირად რეგისტრირებულია 27.09.1996 წლიდან (ტ.1, ს.ფ. 22-23, 36-38); გ) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 09.09.1997წ. №1-3/550 და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 23.04.1998წ. ბრძანებებით დამტკიცდა სს „...ის“ აქციონერების მიერ აქციების გამოსყიდვის შედეგები და აქციონერთა სიები (ტ.1, ს.ფ. 87-90, 91-97); დ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.06.2017წ. №1/4-393 ბრძანების საფუძველზე (ს.ფ. 99-102), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილებით (ტ.1.ს.ფ. 108) სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 26881,0 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ...ის მუნიციპალიტეტი, ...ის ადმინისტრაციული ერთეული, საკადასტრო კოდი - .... შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - №1, №2, №3, №4, №5 (დანგრეული), №6 (დანგრეული), №7 (დანგრეული), №8 (დანგრეული), №9 (აუზი), №10 (აუზი) (ტ.1. ს.ფ. 105-107); ე) 2018 წლის 13 დეკემბერს სს „...მა“ №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №... განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, კერძოდ, 382 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განცხ. №...); 98 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განცხ. №...); 1330 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განცხ. №...); 2462 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განცხ. №...); 23 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განცხ. №...); 431 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განცხ. №...); 790 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განცხ. №...); 56 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განცხ. №...); 91 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განხ. №...); 54 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განცხ. №...) (ტ.1, ს.ფ. 111, 131, 135, 147, 159, 170-171, 183, 195, 207, 219; ტ.3. ს.ფ. 26); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 16.01.2019წ. ...ის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიმართა წერილებით ზემოაღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით და მოითხოვა განცხადებებზე (განმცხადებელი ლ. თ-ე) წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა 1994 წლის 29 დეკემბერს ...ის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების მიერ გაცემული ბრძანება №18-ისა და 1993 წლის 1 აპრილს ...ის რაიონის გამგეობის მიერ გაცემულ ძირითად საშუალებათა ღირებულების შეფასების აქტთან მიმართებაში (ტ.1, ს.ფ. 112, 123, 148, 160, 172, 184, 196, 208, 220); ზ) ქ. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა 2019 წლის 5 თებერვლის №9 , №4, №3, №5, №12, №6, №7, №11, №8, №10 ბრძანებებით დაადგინა სს ,,...ის’’ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თანდართული დოკუმენტებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე. მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ...ის მუნიციპალიტეტის მერმა გადაუგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 07.02.2019 წ. მიმართვით (ტ.1, ს. ფ. 113-119, 124-130, 136-143, 149-155, 161-167, 173-179, 185-191, 197-200, 209-215, 221-227); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 8 თებერვალს მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია ლ. თ-ის (სს ,,...ი’’) განცხადებები და მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ა, ...ი, ...ი. წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...). სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა (ტ.2, ს.ფ. 83-92); ი) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 11 სექტემბერს №... წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიუთითა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება სს „...ის“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება, რის გამოც უარი თქვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კ ...) №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №... განცხადებებით დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმებაზე (ტ.2, ს.ფ. 93); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 17 სექტემბრის №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.092019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019) გადაწყვეტილებებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება სს ,,...ის’’ განცხადებებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენამდე (ტ. 2, ს.ფ. 95-114); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ოქტომბრის №... (18.10.2019 წ.), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019), №... (18.10.2019) გადაწყვეტილებებით სს ,,...ის’’ განცხადებებზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ დასაბუთებით, რომ სს „...მა“ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.2, ს.ფ. 115-124); მ) 2019 წლის 14 იანვარს სს ,,...მა’’ №421/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №1/4-393 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 26881,0 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე ...ის მუნიციპალიტეტი, ...ის ადმინისტრაციული ერთეულში (ტ.2. ს.ფ. 224-227); ნ) 2019 წლის 23 სექტემბერს სს ,,...მა’’ №13912/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... წერილის ბათილად ცნობა (ტ.2. ს.ფ. 229-235); საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 8 მაისის №1-1/183 ბრძანებით განუხილველი დარჩა სს ,,...ის’’ №13912/21 ადმინისტრაციული საჩივარი იმ საფუძველზე მითითებით, რომ იმავე დავის საგანზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი იყო ადმინისტრაციული სარჩელი (ტ.2. ს.ფ. 260-262); ო) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს ,,...ის’’ 2019 წლის 1 ოქტომბრის №449701/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.092019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019), №... (17.09.2019) გადაწყვეტილებები (ტ.2. ს.ფ. 77-82);
ამდენად, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 13.12.2018წ. სს „...მა“ განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (სარეგისტრაციო განცხადებები: №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №...) და 382 კვ.მ, 98 კვ.მ, 1330 კვ.მ, 2462 კვ.მ, 23 კვ.მ, 431 კვ.მ, 790 კვ.მ, 56 კვ.მ, 91 კვ.მ, 54 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო სამსახურმა, მას შემდეგ რაც, ქ. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა 2019 წლის 5 თებერვლის №9 , №4, №3, №5, №12, №6, №7, №11, №8, №10 ბრძანებებით დაადასტურა სს ,,...ის’’ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, 2019 წლის 8 თებერვალს მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 11 სექტემბერს №... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიუთითა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა სს „...ის“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელმა ორგანომ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საკმარის მტკიცებულებებად არ მიიჩნია და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჯერ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოებები სარეგისტრაციოდ წარდგენილ ქონებებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენამდე, ხოლო საბოლოოდ, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოებები იმ დასაბუთებით, რომ სს „...მა“ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სს ,,...ის’’ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის არასაკმარისად ჩათვალა, მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... წერილის მიღების შემდეგ. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს, შემოწმდეს სს „...მა“ მარეგისტრირებელ ორგანოს საკუთრების რეგისტრაციის მიზნით წარუდგინა თუ არა ისეთი დოკუმენტები, რომლებიც ითვლებოდა საკუთრების უფლების წარმოშობისათვის საკმარისად, ანუ აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენდა თუ არა საკმარისს ქონების პრივატიზებულად მიჩნევისათვის. ასევე, კომპანიამ საკუთრების უფლება მოიპოვა თუ არა სახელმწიფოს მიერ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 100% აქციების რეალიზაციის შედეგად, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგინდეს რეალიზებული აქციები მოიცავდა თუ არა იმ უძრავ ქონებებს, რომლის რეგისტრაციაზეც სადავო აქტით უარი ეთქვა სს „...ს“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს განცხადება უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს ქონებაზე საკუთრების წარმოშობას. მარეგისტრირებელი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი რეგისტრაციის განხორციელებისთვის მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, თუკი წარდგენილით არ დასტურდება უფლების წარმოშობა (მუხ. 8).
საკასაციო პალატის მითითებით, სს „...ის“ მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები ადასტურებენ საზოგადოების მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების მოპოვებას, რაც თავის მხრივ, აღნიშნული უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს. ასევე მართებულად იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ითხოვს უფლების რეგისტრაციას უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და არა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. კანონის (ძალადაკარგულია 30.05.1997წ. №743 კანონით) 1.1 მუხლზე, რომლითაც „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც, ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. ამავე კანონის 1.2 მუხლის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას.
კანონის 3.3 მუხლის თანახმად, პრივატიზების ობიექტია სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ან მისი სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოების მიერ, პრივატიზების ობიექტების ნუსხა აისახება პრივატიზების პროგრამაში, რომელსაც ყოველწლიურად აზუსტებს რესპუბლიკის მთავრობა და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საწარმოთა პრივატიზება აქციების (პაის) გაყიდვის გზით ხორციელდება სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებად და ამხანაგობებად წინასწარი გარდაქმნის შემდეგ. გარდაქმნის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ“ დებულება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო საწარმოების, იმ სამეცნიერო-საწარმოო და საწარმოო გაერთიანებების, აგრეთვე მათი სტრუქტურული ქვეგანაყოფების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის წესს, რომელთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედ კანონმდებლობას.
დასახელებული „დებულებით“ სავალდებულოდ ჩაითვალა პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება, კერძოდ, დებულების მე-6 პუნქტის თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან ტერიტორიული ორგანო დოკუმენტებს განიხილავს წარმოდგენიდან - 10 დღიან ვადაში პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სააქციო საზოგადოების წესდებას, ქონების შეფასების აქტს და პრივატიზაციის გეგმას. აღნიშნული დოკუმენტების ამ დებულებასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ორკვირიან ვადაში შეაქვს მათში აუცილებელი ცვლილებანი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენს გადაწყვეტილებას მისი გარდაქმნის შესახებ სააქციო საზოგადოებად. დებულების მე-7 პუნქტის შესაბამისად, იმ საწარმოთა სიებს, რომლებიც პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით და ამ დებულების შესაბამისად ექვემდებარებიან სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში დასამტკიცებლად, რის შესახებაც ეცნობება შესაბამის სამინისტროს ან უწყებას. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრთა კაბინეტი ორი კვირის ვადაში არ იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას საპრივატიზაციო ობიექტის პრივატიზაციის შეჩერების შესახებ, პრივატიზაციის გეგმა ითვლება დამტკიცებულად და საწარმო ექვემდებარება პრივატიზაციას. ამასთან, მე-13 პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა არის მისი აქციების ემისიის პროსპექტი. ხოლო მე-10 პუნქტით სააქციო საზოგადოებების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოო ქვეგანაყოფის პასივები და აქტივები მიიღება სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდება გარდაქმნილი საწარმოს უფლებების და მოვალეობების მემკვიდრე. ქვეგანაყოფების გარდაქმნით შექმნილი სააქციო საზოგადოებების უფლებამემკვიდრეობის საზღვრები დგინდება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში განაწილებითი, გადასაცემი ბალანსების შედგენა არ მოითხოვება. სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახება მისი შეფასების აქტში. აქციების გამოშვების ორგანიზაციაზე, მათ სწორ აღრიცხვაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ მუშაკებს. სააქციო საზოგადოება მისი რეგისტრაციის მომენტიდან გამოდის შესაბამისი სამინისტროს, დაწესებულების და ადგილობრივი ადმინისტრაციის დარგობრივი მმართველობის ორგანოს მართვის სტრუქტურიდან. ამავე დებულების მე-14 პუნქტის თანახმად, აქციათა გაყიდვა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში დაცულია, როგორც პრივატიზაციის გეგმა, ასევე, შეფასების აქტი. გეგმაში მითითებულია, რომ საწარმოს უკავია 2.5 ჰა მიწის ფართობი ქ. ...ში (...ის მუნიციპალიტეტი). დანართი №1-ით ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის შენობა-ნაგებობების გადამცემ მოწყობილობათა ღირებულების შეფასების აქტში მითითებულია ყველა ის შენობა-ნაგებობა, რომელიც შეტანილია აქციების ღირებულებაში და სს „...ის“ საკუთრებაა.
...ის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების 29.12.1994 წლის №18 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა სს „...ის“ წესდება, ქონების შეფასების აქტი, საწარმოს პრივატიზაციის გეგმა. საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს №1-3/722 ბრძანებით დამტკიცებულია სს „...ის“ აქციონერების მიერ აქციების გამოსყიდვის შედეგები. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სს „...ის“ აქციები პრივატიზებული იყო აქციათა პრივატიზებისთვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით და სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ კანონით დადგენილი წესით. ამგვარად, საქმეში წარმოდგენილი პრივატიზების პროცესის ამსახველი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს საწარმოს უფლებას მოთხოვნილ ქონებებზე და ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მასზედ, რომ დაწყებულ პრივატიზების პროცესს ჰქონდა ლოგიკური დასასრული და სააქციო საზოგადოების რეგისტრაციით დასრულდა პრივატიზაციის პროცესი.
ამგვარად, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს საკმარის საფუძველს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, რამდენადაც მათ საფუძველზე დგინდება კონკრეტულ უძრავ ქონებაზე სს „...ის“ საკუთრების უფლება.
ამასთან საყურადღებოა, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილი იქნა მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია სს ,,...ის’’ მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ უფლებადამდგენ დოკუმენტებსა და საკადასტრო აგეგმვით (აზომვით) ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რაც სადავო არ გამხდარა.
იუსტიციის მინისტრის 15.01.2010 წლის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის (ძალადაკარგულია - 31.12.19 №487) 14.30 მუხლის შესაბამისად, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია/რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოთხოვნილია შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე, ხოლო გარემოებათა გამოკვლევით დასტურდება, რომ აღნიშნული ნაგებობა რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის აღარ არსებობს, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის/ერთეულის მესაკუთრის წილის შესაბამისად, ხოლო, თუ წილის დადგენა შეუძლებელია, რეგისტრაცია წარმოებს შენობა-ნაგებობაზე/ერთეულზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემებით, მიწის ნაკვეთის პროპორციულ წილზე და რეგისტრირებულ მონაცემებში შენობა- ნაგებობას/ერთეულს უკეთდება აღნიშვნა ,,დანგრეული“.
აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, რადგან განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის (შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის) „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 23-ე მუხლებით გათვალისწინებული წანამძღვრები, რაც მათი ბათილობის საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე