№ბს-352(კ-23) 15 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. დ-მა 2019 წლის 25 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
სარჩელის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... მკ/რ-ის მე-17ბ კორპუსის მიმდებარედ მ. დ-ი, დაახლოებით, 15 წელია ფლობს 308 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც 2006 წელს ააშენა საცხოვრებელი სახლი. 2018 წლის 18 სექტემბერს მოსარჩელემ შესაბამისი დოკუმენტები შეიტანა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, თუმცა საქმის განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა. მოსარჩელის მითითებით, ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის 2 აპრილს შეადგინა №000434 მითითება, რომლის თანახმადაც, მას განესაზღვრა 20-დღიანი ვადა სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. მოსარჩელემ ლეგალიზების თაობაზე მიმართვის შესახებ დააფიქსირა მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ სხდომაზე, მიუხედავად ამისა, მუნიციპალურმა ინსპექციამ 2019 წლის 3 მაისს შეადგინა შემოწმების აქტი, რომლითაც დააფიქსირა მითითებით განსაზღვრული მოთხოვნის მოსარჩელის მიერ შეუსრულებლობა, ხოლო იმავე წლის 21 მაისს იგი დააჯარიმა 25000 ლარით, ასევე, დაევალა შენობის დემონტაჟი. მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებული აქტები მ. დ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული 308 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებასთან დაკავშირებით მიმართული აქვს აღიარების კომისიისათვის. ამასთანავე მიუთითა, რომ ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რის გამოც ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და არ გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი.
ამდენად, მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ივნისის №000434 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 ნოემბრის №1842 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... მკ/რ-ის მე-17ბ კორპუსის მიმდებარედ არსებული, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ასევე მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობა და ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობილია მავთულბადით.
2019 წლის 2 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ. დ-ის მიმართ შედგა №000434 მითითება, რომლის თანახმად მ. დ-ის მიერ ქალაქ თბილისში, ... მკ/რ-ის მე-17ბ კორპუსის მიმდებარედ, სსიპ თვითმმართველი ქალაქის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობა. ამავე მითითებით, მ. დ-ს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან კაპიტალური შენობისა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება. დარღვევის გამოსასწორებლად კი განესაზღვრა 20 კალენდარული დღე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 3 მაისის №000434 შემოწმების აქტით დადგინდა მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა, რის გამოც ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ივნისის №000434 დადგენილების საფუძველზე მ. დ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობებისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობისათვის. მასვე დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და დამხმარე ნაგებობის დემონტაჟი. დასახელებული დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა მ. დ-ის მიერ, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 22 ნოემბრის №1842 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საქალაქო სასამართლომ გამოიყენა მშენებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მომწესრიგებელი „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, რომლის 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ, მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ... მკ/რ-ის მე-17ბ კორპუსის მიმდებარედ, სსიპ თვითმმართველი ქალაქის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მ. დ-ის მიერ განხორციელებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობის მშენებლობა. ამრიგად, ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა ნაგებობები მიჩნეული უკანონო მშენებლობებად, მ. დ-ი კი სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტად, რადგან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება იმ პირს, ვის მიერაც ხდება მშენებლობის განხორციელება.
სასამართლომ ასევე მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და წყლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობების გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 25 000 ლარით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ივნისის №000434 დადგენილებით მ. დ-ს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობის მშენებლობისთვის და მართლზომიერად დაევალა უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. რის გამოც, არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და არც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არ ითვალისწინებდა სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას სოციალურად დაუცველი სტატუსისა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. ასევე, მოცემული შემთხვევა არ ექცეოდა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის №4964-Iს. გამოქვეყნების თარიღი 18/09/2019წ.) მოქმედების ფარგლებში, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეთავისუფლებინა იგი დაკისრებული ჯარიმისგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მ. დ-ი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, მათი სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ივნისის №000434 დადგენილებით მ. დ-ს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობის მშენებლობისთვის და მართლზომიერად დაევალა უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, საქმეში დაცული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალით დასტურდება, რომ მ. დ-ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობის მშენებლობა.
სააპელაციო პალატამ აპელანტის მიერ მითითებულ ერთ-ერთ არგუმენტთან დაკავშირებით ასევე განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ადასტურებს პირის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტს. ამასთან, არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან მიწის ნაკვეთის დაკანონება და შენობა-ნაგებობის ლეგალიზება. საქმის გადაწყვეტისთვის კი არსებითი მნიშვნელობის მქონეა სადავო შენობა-ნაგებობის სამართლებრივი მდგომარეობა, რამდენადაც სამშენებლო სამუშაოებისთვის კანონიერი სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი (საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-360-357(2კ-17)). მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვა კი სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს უკანონოდ წარმოებული მშენებლობისათვის დაკისრებული სანქციისგან, თუ არ დადგინდება თავად შენობა-ნაგებობის ლეგალიზების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სამართალდარღვევის საქმეზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი კვლავ მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომლის თანახმადაც, ითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. კასატორის მოსაზრებით, აღიარების კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღება მოცემულ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს შექმნიდა და დემონტაჟის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იქნებოდა. რაც შეეხება დაკისრებულ ჯარიმას, სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი. ამასთან, არც ადმინისტრაციულმა ორგანომ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მძიმე ოჯახური მდგომარეობა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შენობის დემონტაჟი მოსარჩელის ოჯახს საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. დ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით მ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე. ამავე განჩინებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მითითებული განჩინება მ. დ-ს კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში დაყენებულ შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ იგი განხილული იქნებოდა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... მ/რ-ში, №17ბ კორპუსის მიმდებარედ არსებული, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მ. დ-ის მიმართ 2019 წლის 2 აპრილს შეადგინა №000434 მითითება, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ... მ/რ-ში, №17ბ კორპუსის მიმდებარედ, სსიპ თვითმმართველი ქალაქის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელემ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ააშენა კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობა. აღნიშნული მითითებით მ. დ-ს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა შესაბამის ორგანოში ან ობიექტების დემონტაჟის განხორციელება 20 დღის ვადაში. ამავე სამსახურმა 2019 წლის 3 მაისს შეადგინა შემოწმების აქტი, მ. დ-ის მიერ მითითების შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო 2019 წლის 25 ივნისის №000434 დადგენილების საფუძველზე მ. დ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით და დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და დამხმარე ნაგებობის დემონტაჟი.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 მაისის №000434 ოქმის თანახმად დასტურდება, რომ სხდომაზე გამოცხადებულმა მ. დ-მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მხარემ ასევე განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მის მიერ ეტაპობრივად 2011 წლიდან, მიწის ნაკვეთს ფლობს 2008 წლიდან და აღნიშნულ შენობაში ცხოვრობს ბავშვებთან ერთად. დემონტაჟს ეწინააღმდეგება, რადგან არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ივნისის №000434 დადგენილება, მ. დ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა გასაჩივრებული დადგენილება.
საკასაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მთავარ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევისა და დაკისრებული სანქციის კანონიერება. შესაბამისად, სადავოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ივნისის №000434 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 ნოემბრის №1842 ბრძანება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი) მიეკუთვნება მშენებლობის სახეობებს და განიხილება ისეთ მშენებლობად, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. იმავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე) გაიცემა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა კი მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ, დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. შესაბამისად, ახალი მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის) დაწყებამდე, პირი ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და მშენებლობა დაიწყოს მხოლოდ ნებართვის მოპოვების შემდეგ. ამასთან, ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია აგრეთვე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, რომლის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვითაც უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და წყლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობების გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 25 000 ლარით.
ზემოთ დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
დასახელებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების აშენებისას აუცილებელია ნებართვის მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებლობა ჩაითვლება უნებართვოდ წარმოებულ, თვითნებურ სამუშაოდ, რისთვისაც კანონმდებლობით განსაზღვრულია შესაბამისი პასუხისმგებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადასტურებულია, რომ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ... (დროებითი კოდი ... ) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობის მშენებლობისთვის მ. დ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ აღიარების კომისიის მიერ მ. დ-ის ქონების მესაკუთრედ ცნობა სარჩელზე სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების საფუძველს შექმნიდა და დემონტაჟის მოთხოვნა იქნებოდა დაუსაბუთებელი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ადასტურებს პირის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტს. ამასთან, არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან მიწის ნაკვეთის დაკანონება და შენობა-ნაგებობის ლეგალიზება. საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა სადავო შენობა-ნაგებობის სამართლებრივი მდგომარეობა, რამდენადაც სამშენებლო სამუშაოებისთვის კანონიერი სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი (საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-360-357(2კ-17)). მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვა სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს უკანონოდ წარმოებული მშენებლობისათვის დაკისრებული სანქციისგან, თუ არ დადგინდება თავად შენობა-ნაგებობის ლეგალიზების ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სათანადო ორგანოსადმი ლეგალიზების თაობაზე მოსარჩელის მიმართვა, რაც საფუძველს შექმნიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის გამოყენებისთვის, რომლითაც განსაზღვრულია, რომ უნებართვო მშენებლობის კანონიერ ფარგლებში მოქცევა - ლეგალიზება ზემოქმედებას მოახდენს სამართალდამრღვევი პირისათვის დემონტაჟის დავალების საკითხზე.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ზემოაღნიშნული ქმედება წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუმცა, დაკისრებული ჯარიმის ნაწილში მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, თუ როდის განხორციელდა უკანონო მშენებლობა, რამდენადაც 2019 წლის 15 იანვრამდე მშენებლობის განხორციელების დადასტურება, შექმნის „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის №4964-Iს. გამოქვეყნების თარიღი 18/09/2019წ.) გამოყენების საფუძველს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია. საკასაციო პალატა ამასთანავე აღნიშნავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი ეხება მხოლოდ ჯარიმისა და საურავისაგან გათავისუფლებას.
მოსარჩელის მითითებით, იგი მიწის ნაკვეთს ფლობს, დაახლოებით, 2006 წლიდან, უკანონო მშენებლობა ნაწარმოები აქვს ამავე წელს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ მშენებლობას ახორციელებდა 2011 წლიდან. ამრიგად, მ. დ-ი მშენებლობის წარმოებას ნებისმიერ შემთხვევაში 2019 წლამდე მიუთითებს. აღნიშნული გარემოება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია და არც ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები წარმოუდგენია ქვედა ინსტანციის სასამართლოებში. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია 2018 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისადმი მიმართვის წერილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით (იხ. ს.ფ. 147), რომელზეც პასუხი საქმეში წარმოდგენილი არ არის. მართალია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება შენობა-ნაგებობის სამართლებრივ მდგომარეობაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე კომისიას ვერ მიმართავდა მიწის ნაკვეთის აღიარების მოთხოვნით შენობა-ნაგებობის გარეშე. ამდენად, აღნიშნული გარემოება, შესაძლოა, ადასტურებდეს უკანონო მშენებლობის განხორციელებას 2019 წლამდე. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, ოჯახს 2019 წლის 7 ივლისს მინიჭებული აქვს 79 410 ქულა, ხოლო 2021 წლის 31 დეკემბერს - 49 170 ქულა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მოცემული შემთხვევა არ ექცეოდა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში, თუმცა მათი შეფასება არ შეიცავს მსჯელობას, თუ რის საფუძველზე ეთქვა მოსარჩელეს უარი შეღავათის გავრცელებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო, დასახელებული გარემოებების არსებობის პირობებში, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს მ. დ-ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროებაზე.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან კასატორს არ გააჩნია არგუმენტირებული დასაბუთება საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებულ სამართლებრივ დანაწესზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს ქმნის სხვა საქმის დასრულებამდე საქმის განხილვის შეუძლებლობა, კერძოდ, საფუძვლიანი დასაშვებობა იმისა, რომ სხვა საქმეზე დამდგარმა ფაქტობრივმა მდგომარეობამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს განსახილველი დავის გადაწყვეტაზე, მისი კონკრეტული შედეგით დასრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ განცხადებაზე დამდგარი შედეგი გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი საქმის ბედზე, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს ამ საფუძვლით საკასაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეჩერების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა მოსარჩელეს დაყენებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, რომელმაც საოქმო განჩინებით შუამდგომლობა მართებულად არ დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება მაგდა დვალიშვილისთვის უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამო დაკისრებული ჯარიმის ნაწილში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ივნისის №000434 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 ნოემბრის №1842 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დაადგინა:
1. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. დ-ისათვის უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამო დაკისრებული ჯარიმის ნაწილში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ივნისის №000434 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 ნოემბრის №1842 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
4. მ. დ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა