საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1173(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა 2023 წლის 28 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ფ-მა 2022 წლის 03 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის №1000783903 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ე. ფ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის №1000783903 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ფ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ფ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. უცხოელის საქართველოში ხანგრძლივად კანონიერად დარჩენის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-15 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის №1000783903 გადაწყვეტილება მიღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების (N3/2819-22) აღსრულების მიზნით, რომლითაც ე. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №1000783903 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ფ-ის განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა უფრო დეტალური პროცედურების უზრუნველყოფით, მათ შორის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების შეფასების, ასევე მოსარჩელის შესახებ უახლესი ინფორმაციის გამოკვლევის შემდეგ მიეღო სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კვლავ მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ე. ფ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის გამორკვევის მიზნით. დადგენილია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის SSG 2 22 00191190 წერილით ე. ფ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. სწორედ აღნიშნული წერილი დაედო საფუძვლად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ე. ფ-ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სააგენტოს, სადავო აქტის გამოცემისას, არ მოუძიებია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებული დამატებითი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი კატეგორიის დავები განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებს, სასამართლომ უნდა შეაფასოს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ხომ არ უქმნის/შეუქმნის საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებას. სასამართლო ასევე ვალდებულია საკითხი შეაფასოს იმგვარად, რომ არ დაირღვეს უცხოელის უფლებები. კანონმდებელი ნათლად ჩამოთვლის ბინადრობის ნებართვის გაცემის წინაპირობებს და სასამართლოც ვალდებულია წინაპირობების შესაბამისად შეაფასოს უცხოელის ქვეყანაში ყოფნის მიზანშეწონილობა, თუმცა უნდა გაითვალისწინოს სხვა სახის გარემოებებიც, რაც ლოგიკურს და აუცილებელს გახდის პირის მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობა, იმოქმედოს დისკრეციის ფარგლებში, არ არის შეუზღუდავი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ე. ფ-ის განცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უპირობოდ გაიზიარა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის შინაარსი და მითითებული ცნობა კომპლექსურად ყველა სხვა მტკიცებულება/გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების გარეშე უპირობოდ გაიზიარა.
სააპელაციო სასამართლომ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ საიდუმლო დოკუმენტი არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც ცალსახად დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების მიზანშეუწონლობას, თუმცა არც იმის საფუძველს ქმნიდა, რომ აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილი იყო არსებითად სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დამატებით უნდა მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მიღებული ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. ფ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღების მოთხოვნით, უცხოელის მიერ წარდგენილი განცხადების შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ფ-ის მიერ.
კასატორი თვლის, რომ ე. ფ-ის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. ე. ფ-ს ორჯერ უარი ეთქვა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამასთანავე, უარის თქმის სხვა საფუძველი არ გამოკვეთილა არც ერთი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მსგავსი კატეგორიის საქმეებთან მიმართებით კასატორი მიუთითებს საკასაციო პალატის პრაქტიკაზე (2023 წლის 30 მაისის Nბს-231(კ-23) განჩინება, 2023 წლის 6 აპრილის Nბს-631(კ-21) განჩინება), სადაც საკასაციო პალატამ არ გაიზიარა უცხოელისთვის ბინადრობის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება. კასატორის მითითებით, მოცემულ საქმეში დადასტურებულია ე. ფ-ის კერძო ინტერესი, სულ მცირე იმ გარემოებით, რომ ის ჯერ კიდევ დაქორწინებამდე გეგმავდა საქართველოში ცხოვრებას, რა მიზნითაც 2019 წელს შეიძინა ბინა, ხოლო თითქმის ორი წელიწადია საქართველოში მუდმივად ცხოვრობს მეუღლესთან და მის მშობელთან ერთად. ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი გადაწყვეტილებით, კასატორის მოსაზრებით, ოჯახს ან საქართველოს დატოვება მოუწევს ან განცალკევებით ცხოვრება. ორივე შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სახელმწიფომ არ უზრუნველყო ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2022 წლის 10 მარტს ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე. ფ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის №1000783903 გადაწყვეტილებით ე. ფ-ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
სადავო პერიოდში მოქმედი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი სწორედ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის 11 ოქტომბრის №SSG 22200191190 წერილის საფუძველზე გამოიცა. ხსენებული წერილის შესაბამისად, მოსარჩელისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა იმთავითვე არ გამორიცხავს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის დასკვნაც არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკლვევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის თანახმად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისად მიღებას, მით უფრო იმ პირობებში, რომ საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას და თვლის, რომ არ დასტურდება მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა.
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ საიდუმლო ინფორმაციას და თვლის, რომ სახეზეა საკითხის ხელახლა კვლევის აუცილებლობა. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. ფ-ის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 03 ნოემბრის №1699011209 საგადახდო დავალებით გ. ჟ-ის (პ/ნ: ...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. ფ-ს (დაბადებული: ...წ, ტაჯიკეთში, E. F-, პასპორტის № ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. ე. ფ-ს (დაბადებული: ...წ, ტაჯიკეთში, E. F-, პასპორტის № ...) დაუბრუნდეს 2023 წლის 03 ნოემბრის №1699011209 საგადახდო დავალებით გ. ჟ-ის (პ/ნ: ...) მიერ ე. ფ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე