Facebook Twitter

საქმე №ბს-1085(კ-2კს-23) 1 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ს. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - სს „... ბანკი“, შპს „ ...ი“

დავის საგანი-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირებად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 ოქტომბერს ს. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ 6.11.2017წ. დაზუსტებული სარჩელით იშუამდგომლა შემდეგ ავტომანქანებზე “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...) და „...” (სახელმწიფო ნომრით ...) საქმის დასრულებამდე აღსრულების შეჩერებაზე (N17106974).

მოსარჩელის განმარტებით, “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...) და „...” (სახელმწიფო ნომრით ...) ავტომანქანები შეიძინა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, რომლებიც სახელმწიფოს გადაეცა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 იანვრის №661, №663, №669 და №680 ბრძანებებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. 2017 წლის 16 იანვრის გადაცემის აქტებში შეძენილ ავტომანქანებზე არ იყო მითითებული ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობის უფლების არსებობის თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ბანკს უფლების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არ წაუყენებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის რუსთავის საქალაქო სასამართლოში განსჯადობით გადაგზავნის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე - ს. გ-ის სარჩელი, მოპასუხე-შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით გადაეგზავნა განსჯად-რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

2018 წლის 3 ივლისს მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც მოპასუხეებად მიუთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ხოლო მესამე პირებად: სს „... ბანკი“ და შპს „...ი“.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ სს „... ბანკი“ და შპს „...ი“.

2018 წლის 3 ივლისის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე ს. გ-მა მოითხოვა სახელმწიფოზე მანქანების გადაცემის დროს სადავო მანქანებზე გირავნობის უფლების არარსებობის აღიარება, ს. გ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ავტომანქანებზე “...” სახელმწიფო ნომრით ..., “...” სახელმწიფო ნომრით ..., “...” სახელმწიფო ნომრით ... და „...” სახელმწიფო ნომრით ... სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის №016165, №016166, №016163 და №016164 გირავნობის მოწმობების ბათილად ცნობა და ზემოაღნიშნული ავტომანქანების მოსარჩელის სახელზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში რეგისტრაცია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

2022 წლის 13 დეკემბერს ს. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმასთან დაკავშირებით.

2022 წლის 13 დეკემბერს ნ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მის ჩაბმასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით ს. გ-ის შუამდგომლობა შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ასკ-ის 16.2-ით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ს. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა მისი მოცემულ საქმეში ასკ-ის 16.2-ით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ს. და ნ. გ-ებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 429-ე მუხლების შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით მესამე პირებად სსიპ შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და ნ. გ-ის ჩაბმასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 429-ე მუხლების შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის კერძო საჩივარი.

კერძო საჩივრის ავტორი - ს. გ-ი წარმოდგენილ კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 იანვრის №661, №663, №669 და №680 ბრძანებებიდან, ასევე შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის 2017 წლის 5-6 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტებიდან. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სახელმწიფოს უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაეცა მოძრავი ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის საგნის გასხვისებისას დამგირავებელსა და მესაკუთრეს ერთობლივად ეკისებათ პასუხისმგებლობა. მოცემულ საქმეში ქონების თავდაპირველი მესაკუთრე შპს „...ი“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულია მესამე პირად, ხოლო საქმის განხილვაში მონაწილეობას არ იღებს ქონების გამყიდველი (მეორე მესაკუთრე) - სსიპ შემოსავლების სამსახური, რომელიც სავალდებულო მოწვევის წესით აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩაბმული. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი წარმოადგენენ სამართალურთიერთობის იმ მონაწილე პირებს, რომელთა თაობაზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი და რომელთა ინტერესებსაც უშუალოდ ეხება სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ასკ-ის 16.2-ით ჩაბმასთან დაკავშირებით, ამასთან, მიუხედავად საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლების განმარტებისა, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ იმავე დღესვე გამოაცხადა შედეგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინება ასკ-ის 16.2 მუხლით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო სავალდებულო (აუცილებელი) ჩაბმა - ვალდებულება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ს. გ-ის შუამდგომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ასკ-ის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირებად ჩაბმის შესახებ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო, რადგან მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოები არ წარმოადგენდნენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომელთა თაობაზედაც საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახეზე არ იყო მესამე პირის ჩაბმის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 16-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპით განმტკიცებულია მხარეთა საპროცესო თავისუფლება, თავიანთი ნების შესაბამისად განკარგონ საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებები. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში ს. გ-ის სასარჩელო მოთხოვნებია: სადავო მანქანებზე გირავნობის უფლების არარსებობის აღიარება, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის №016165, №016166, №016163 და №016164 გირავნობის მოწმობების ბათილად ცნობა და ზემოაღნიშნული ავტომანქანების მოსარჩელის სახელზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში რეგისტრაცია. ს. გ-ი კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სსიპ შემოსავლების სამსახურის 16 იანვრის №661, №663, №669 და №680 ბრძანებებიდან, თუმცა მოსარჩელეს არ უსარგებლია მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილებით და სასამართლოსათვის არ მიუმართავს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სავალდებულო მოწვევის მესამე პირად საქმეში ჩაბმისათვის განმსაზღვრელია სამართალურთიერთობაში მონაწილეობა. სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტს, განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ი“ და სს „... ბანკი“ წარმოადგენენ, რამეთუ სასამართლო გადაწყვეტილებით ხდება იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოთა და ზემოაღნიშნულ სამეწარმეო სუბიექტებს შორის არსებულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით არის გამოცემული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე დამდგარი შედეგი გავლენას ვერ მოახდენს სსიპ შემოსავლების სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებებსა და ინტერესებზე, რის გამოც ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მოცემულ საქმეში სავალდებულო წესით ჩასაბმელ მესამე პირებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს "...ის" საკუთრებაში არსებული მანქანების გადაცემა განაპირობა შპს "...ის" მიერ სახელმწიფოს მიმართ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობამ. აღსანიშნავია, რომ სადავო ავტომანქანები სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებებით განიკარგა და საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს. საგულისხმოა, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხის სტატუსით მონაწილეობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც იცავს სახელმწიფოს ინტერესებს. მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით, ს. გ-ის შუამდგომლობაში მოხსენიებული ადმინისტრაციული ორგანოების საქმეში ჩაბმის საჭიროება არ იკვეთება.

ზემოაღნიშნულად გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2023წ. საოქმო განჩინებით მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული ს. გ-ის შუამდგომლობა. შესაბამისად, ს. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ს. გ-ის კერძო საჩივრის (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით მესამე პირებად სსიპ შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩაბმასთან დაკავშირებით) წარმოებაში მიღებისას "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "მ" ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. გ-ის კერძო საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2022წ. საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა