საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1377(2კ-22) 19 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ნ. უ-ე
მესამე პირები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, გ. ა-ი
თავდაპირველი მოსარჩელე - ა. უ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. უ-ემ და ა. უ-ემ 2018 წლის 20 სექტემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ,,საქმის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საცხოვრებელ ფართზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ა №..., ...ის ქუჩა, სახლი №2, ბინა №9, ორი ოთახი - 30 კვ.მ) ნ. უ-ის და ა. უ-ის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სარჩელის მიხედვით, ნ. უ-ე არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მედიცინის ოფიცერი. მას და მის შვილს - ა. უ-ეს სსსრ თავდაცვის სამინისტრომ საბინაო ფონდიდან გამოუყო და სარგებლობაში გადასცა საცხოვრებელი ბინა მისამართზე: ქ.თბილისი, ...ა №..., ...ის ქუჩა, სახლი №2, ბინა №9, ორი ოთახი ფართით 30 კვ.მეტრი, რაზეც 1993 წლის 5თებერვალს გაიცა ბინის ორდერი №20, რომლის საფუძველზე ჩაეწერნენ ბინაში და ცხოვრობდნენ 2008 წლამდე, ხოლო 2008 წლიდან 2013 წლამდე როგორც ნ. უ-ე, ასევე მისი შვილი ა. უ-ე იმყოფებოდნენ პატიმრობაში, საიდანაც გათავისუფლების შემდეგ ბინაში შესახლებული დახვდათ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი, რომლებმაც უარი განაცხადეს ბინიდან გამოსვლაზე და იქ არსებული ნივთებისა და დოკუმენტაციის გადაცემაზე. მოსარჩელეების განმარტებით, ბინის ორდერის მეორე პირი ვერ მოიძიეს. აქედან გამომდინარე, განცხადებით მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეს სამართლებრივი აქტის გამოცემა პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებამდე ბინის ფაქტობრივი დაკავების (სარგებლობის) შესახებ, ასევე ითხოვდნენ ცნობას, რომ მათ არ გადასცემიათ და შესაბამისად, არ სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვა ფართით, ამასთან, მოითხოვეს იმ ფაქტის დადასტურება, რომ არ მიმდინარეობდა სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლოში დავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით.
მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა განცხადების შეტანის მომენტისთვის, ნ. და ა. უ-ეების დაინტერესებაში არსებული ფართის დაკავების დამადასტურებელი დედანი დოკუმენტების ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლების, განცხადების შეტანის დროის ქვითრებისა და რეგისტრაციის ცნობის წარდგენა. მოსარჩელეებმა წარადგინეს მათ ხელთ არსებული მასალები თანდართული განმარტებებით, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს უარი განცხადების განხილვაზე იმ მოტივით, რომ არ წარადგინეს დედანი დოკუმენტაცია.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლეზე გადაცემის კომპეტენცია მინიჭებული აქვს ადგილობრივ გამგეობას. აღნიშნული მიზნით ჩუღურეთის გამგეობაში წარდგენილი განაცხადი არ დაკმაყოფილდა, რადგან განცხადებას არ ერთოდა ბინის ორდერის დედანი. ამდენად, მოსარჩელეთა მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც მოითხოვეს მისი ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ა-ი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. უ-ისა და ა. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს: ნ. უ-ესა და ა. უ-ეს, მესამე პირის გ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 25 მაისს, ნ. უ-ისა და ა. უ-ის წარმომადგენელმა ე. თ-მა №3/17 (რეგ. 25/05/17წ. №...), 2017 წლის 28 სექტემბერს №5/16 (რეგ. 28/09/17წ. №...) და 2018 წლის 18 მაისს №4/18 (რეგ. 21/05/18წ. №...) განცხადებებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს პრეზიდენტის 30.04.2008 წლის №219 ბრძანებულების ამოქმედებამდე ნ. და ა. უ-ეების მიერ ქ.თბილისში, ...ის ქუჩა, სახლი №2, ბინა №9-ის ფაქტობრივი დაკავების (სარგებლობის) შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ ნ. და ა. უ-ეებს არ გადასცემიათ და შესაბამისად, არ სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვა ფართით და იმ ფაქტის დადასტურება, რომ არ მიმდინარეობდა სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლოში დავა თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 28 ივნისის MOD 7 18 00636478 წერილით მოთხოვნილი მტკიცებულებები, კერძოდ, განცხადების შეტანის მომენტისათვის მათ დაინტერესებაში არსებული ბინის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ ან/და კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი სავალდებულო რეკვიზიტებით: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ფართის სრული მისამართი). შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 10 აგვისტოს MOD31800800985 გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, ნ. უ-ეს და ა. უ-ეს საფუძვლიანად ეთქვათ უარი განცხადების განხილვაზე, შესაბამისად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ხარჯის განაწილების საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რამეთუ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მოსარჩელეებს - ნ. უ-ესა და ა. უ-ეს, მესამე პირის - გ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. უ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 31800800985 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევისა და განხილვის შემდეგ სადავო საკითხთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. უ-ეს გ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შრომის წიგნაკის ასლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ბრიგადაში ექიმის თანამდებობაზე 20.08.92წ. №11 ბრძანებით მიღებულია ნ. უ-ე, დათხოვნილია 1998 წლის 29 დეკემბერს ( ტ. 1.ს.ფ 31). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 მაისის №04/27348 ცნობის თანახმად, ნ. უ-ეს (პირადი №..., დაბადების თარიღი:...წ., კომპ. საქმის №...) 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სახელმწიფო გასაცემების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემების თანახმად, 2013 წლის 29 აპრილიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია თავდაცვის სამინისტროს ხაზით (სამხედრო წოდება: უფროსი ლეიტენანტი) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით, უვადოდ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანი, კოდი: ..., ასევე იღებს სოციალურ პაკეტს 44 (ორმოცდაოთხი) ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ.72).
საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 28 თებერვლის №010075 ცნობის თანახმად, ცნობა მიეცა ნ. უ-ეს მასზე, რომ 1993 წლის 26 აგვისტოდან 1993 წლის 20 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებული არის დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სარგებლობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით (ტ.1. ს.ფ.34).
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 08 აპრილის წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ნ. უ-ე, დღეის მდგომარეობით, 1993 წლის 15 ივნისიდან რეგისტრირებული ფიქსირდება მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. №..., კორ. №2, ბინა №9 (ტ.1. ს.ფ.44).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში ასევე წარმოდგენილია სანოტარო წესით თარგმნილი და დამოწმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ს სსს მიერ 1993 წლის 05 თებერვალს ნ. უ-ეზე გაცემული ორდერის ასლი - ორი ოთახის 30 კვ.მ ფართის დაკავების უფლებით მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ...ა ..., სახლი №2, ბინა №9 (ტ.1. ს.ფ. 50-52).
თბილისის ...ის №331 სამხედრო ნაწილის სახლმმართველობის 1993 წლის 10 თებერვლის №491 ცნობის თანახმად, ცნობა მიეცა ნ. უ-ეს (დაბადებულს ... წელს) მასზე, რომ იგი ნამდვილად ეწერება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ... ..., ...ის ქ. სახლი №2 , ბინა №9 (ტ.1. ს.ფ.54). ...ის 2016 წლის 10 თებერვლის წერილის თანახმად, ტელეფონი ნომრით (32) ... 1996 წლის 4 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 იანვრამდე ირიცხებოდა ნ. უ-ის სახელზე მისამართით: თბილისი, ...ის ქ. №..., სახლი №2, ბინა №9 (ტ.1. ს.ფ.57).
შპს „...ის“ 2017 წლის 01 დეკემბრის წერილით, შ.პ.ს. ,,...ი“ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას ახორციელებს 2006 წლის 1 ივნისიდან. გამომდინარე აქედან, აბონენტი №... (უ-ე) მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა №..., კორპუსი №2, ბინა №9 კომპანიის ბილინგის მონაცემთა ბაზაში აბონენტად ფიქსირდება 2006 წლის 1 ივნისიდან (ტ.1.ს.ფ.58).
ნ. ა-ი (დაბადებული: ... წელს, პ/ნ ..., მისამართი: თბილისი ...ის ქ. №... ბ. 28) და ი. მ-ი (დაბადებული: ... წელს, პ/ნ ..., მისამართი: თბილისი ... ს/დ №... კორ. 3ბ. 30) ნოტარიული წესით ადასტურებენ, რომ ნ. უ-ე (დაბ. ... წელს, პ/ნ ..., მისამართი: თბილისი ...ის ქ. №..., სახლი №2, ბინა №9) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების ამოქმედებამდე ნამდვილად ცხოვრობდა ...ს ...აში მისამართზე ...ის ქ. №..., სახლი №2, ბინა №9-ში და იქვე მუშაობდა სამედიცინო პუნქტის ... . როგორც ექიმი, მას არაერთხელ აღმოუჩენია მათთვის სამედიცინო დახმარება არა მარტო სამედიცინო პუნქტში, არამედ თავის საცხოვრებელ ბინაშიც (ტ.1. ს.ფ.59).
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №SSVA 00005551 ცნობით, ნ. უ-ე ნამდვილად მუშაობს 2020 წლის 19 მარტიდან დღემდე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ის პოზიციაზე (შტატგარეშე თანამშრომლად) და მისი (დარიცხული) თანამდებობრივი სარგო თვეში შეადგენს 1000 (ათასი) ლარს (ტ.2.ს.ფ.198).
... ბანკის 2020 წლის 09 მარტის №11065/07-022002027 წერილის თანახმად, ბანკსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის, 2008-2010 წლებში ბანკში ჩარიცხული ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა შეადგენს 34 704 700 ლარს. აქედან სამინისტროს ანგარიშზე დაბრუნებულ იქნა 1 048 932 ლარი, ხოლო ბენეფიციართა ანგარიშებზე განაწილებული თანხა შეადგენს 33 655 768 ლარს. აღნიშნული წერილზე დართულია კომპენსირებულ ბენეფიციართა სია, რომელთა შორის ფიქსირდება გ. ა-ი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საქმის გარემოებების დადგენის, გამოკვლევის და შემოწმების გარეშე საერთოდ უარი უთხრა აპელანტს მოთხოვნის განხილვაზე; პალატის შეფასებით, განსახილველი საქმის სპეციფიკისა და საკანონმდებლო დანაწესის პირობებში, მოპასუხემ სრული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ დაადგინა ბინის სამართლებრივი მდგომარეობა, არ მოისმინა დაინტერესებული პირების ახსნა-განმარტებები, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს MOD 31800800985 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის, შეფასებისა და დასაბუთების გარეშე და არსებობდა მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობები.
სააპელაციო პალატამ 2022 წლის 5 აპრილის დამატებით განჩინებაში მიუთითა 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ შედეგიდან გამომდინარე, ნ. უ-ე უნდა განთავისუფლებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მესამე პირის - გ. ა-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 (ორასი) ლარის ანაზღაურების დაკისრებისაგან; სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო მხოლოდ ნ. უ-ის მიერ, ხოლო ა. უ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, მის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია პროცესის ხარჯების თაობაზე, ამიტომ დამატებითი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ა. უ-ეს მესამე პირის გ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და 2022 წლის 05 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. უ-ემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. ნ. უ-ე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ნ. უ-ის საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი საცხოვრებელ ფართზე კანონიერ მოსარგებლედ ცნობის შესახებ, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილებით არასწორად განისაზღვრა პროცესის ხარჯები, მათ შორის, არასწორად დაეკისრა ა. უ-ეს მესამე პირის მიერ გაღებული ადვოკატის ხარჯი. კასატორმა აღნიშნა, რომ სარჩელი მიმართულია თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომელმაც ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვაზე უთხრა უარი. ამასთან მიუთითა, რომ საქმეში მესამე პირად გ. ა-ის ჩართვის თაობაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო სამსახურებრივი დანიშნულების ბინაში აცხოვრებდა უსაფუძვლოდ, რითაც დააზარალა მოსარჩელეები, შესაბამისად, ადვოკატის ხარჯიც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.
კასატორის განმარტებით, 2015 წლიდან ოფიციალურად ითხოვდა ბინაზე ინფორმაცია-დოკუმენტაციას. მას შემდეგ, რაც 2017 წლიდან, თვით თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით მოიპოვა 1993 წელს გაცემული ბინის ორდერი №20-ის ასლი საცხოვრებელ ფართში კანონიერად შესახლების შესახებ, განმეორებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს განცხადებით და მოითხოვა გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების ამოქმედებამდე ნ. და ა. უ-ეების მიერ საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივი დაკავების (სარგებლობის) შესახებ. ასევე ითხოვდა ცნობას იმის თაობაზე, რომ ნ. და ა. უ-ეებს არ გადასცემიათ და შესაბამისად, არ სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვა ფართით, ასევე იმ ფაქტის დადასტურებას, რომ არ მიმდინარეობდა სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლოში დავა თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით. არაერთი მიმართვის შემდეგ, საბოლოოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ მოითხოვა განცხადების შეტანის დროისთვის ფართის ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი მასალები. მიუხედავად იმისა, რომ წარადგინა ყველა ის მასალა, რაც ჰქონდა და განუმარტა თავდაცვის სამინისტროს, დღეის მდგომარეობით რატომ ვერ ფლობდა სადავო ბინას, მოპასუხემ განცხადების განხილვაზე 2018 წლის 10 აგვისტოს 18 00800985 გადაწყვეტილებით უთხრა უარი, რაც გასაჩივრდა სასამართლო წესით. სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა მტკიცებულებები, დაკითხა მოწმეები, გამოიკვლია საქმის მასალები, ყურადღება გაამახვილა როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძვლებზე და დაადგინა, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო კანონდარღვევით. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა/განხილვა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, რასაც კასატორი არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ის საცხოვრებელი ბინიდან არავის გამოუსახლებია. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შშმ პირების გამოსახლება სანაცვლო ფართის გადაცემის გარეშე. თავდაცვამ დაადასტურა, რომ მოსარჩელეები არ სარგებლობენ მათ ბალანსზე რიცხული ქონებით. სადავო ბინას სამსახურებრივი დანიშნულების ბინის სტატუსი ჰქონდა 2014 წლის იანვრამდე. მას შემდეგ, რაც ურუშაძეებს მოუწიათ იძულებით ფართის დატოვება პატიმრობის გამო, ბინა დაიკავა დევნილმა ოჯახმა, რომელსაც ფართის ფლობის არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია. დევნილი ოჯახი სახელმწიფომ დააკმაყოფილა ფულადი კომპენსაციით 10 000 დოლარის ეკვივალენტით ლარში.
კასატორის განმარტებით, მართალია, დღეის მდგომარეობით აღარ მოქმედებს პრეზიდენტის 219-ე ბრძანებულება, მაგრამ დღეს მოქმედი მთავრობის №445 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, სამინისტრო ახორციელებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება წარედგინა მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული დებულების მიხედვით, მოსარჩელის ინტერესია სასამართლომ გადაწყვეტილებით კანონიერ მოსარგებლედ ცნოს ის. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროსგან გადაცემული ბინის გასხვისების თაობაზე მოსაზრებები იყო უსაფუძვლო, რადგან მას ბინა არ გაუყიდია და ამის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო მოწმეთა, მათ შორის, გრიგოლ დალაქიშვილის ჩვენება, არ შეიძლება გახდეს მითითებული გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ფართზე აბონენტად გ. ა-ის აღრიცხვა თავდაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა. სადავო ფართზე აბონენტად აღრიცხული იყო ურუშაძე, რაც დასტურდება გ. ა-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი კომუნალური გადახდის ქვითრებით, თუმცა 2008 წლის შემდეგ აბონენტია მესამე პირი, შესაბამისად, კომუნალური მომსახურების ქვითრების წარდგენა თავდაცვის სამინისტროში მისთვის იყო შეუძლებელი.
კასატორი - თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი საკასაციო საჩივარში მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ მათ მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., სახლის №2, ბინა №9-ში ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტის დადასტურებას საქართველოს პრეზიდენტის 30.04.08 წლის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების ამოქმედებამდე. საკითხის შესწავლის მიზნით განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეთხოვა წარედგინა განცხადების შემოტანის მომენტისათვის მათ დაინტერესებაში არსებული ბინის დაკავების დამდასტურებელი დოკუმენტაცია (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ, კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული სახით სავალდებულო რეკვიზიტებით: სახელი, გვარი და საცხოვრებელი სახლის სრული მისამართი (თავდაცვის მინისტრის 07.04.2015 წლის №241 ბრძანების შესაბამისად).
განმცხადებელმა 10.07.2018 წლის №6/18 (შიდა ნომერი 11.07.2018 წლის №...) განცხადებით ვერ უზრუნველყო მოთხოვნილი დოკუმენტების სრულყოფილი და სათანადოდ დამოწმებული სახით წარმოდგენა, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განცხადება დარჩა განუხილველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემული იქნა კანონის სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის დამატებით გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან „დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე“. იმ გარემოებიდან გამომდინარე, როცა თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელიც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სასამართლოს მიერ არ უნდა დაკისრებოდა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. უ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. უ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა ნაწილობრივ დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად პროცესის ხარჯის განაწილების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. უ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად (პროცესის ხარჯის განაწილების ნაწილის გარდა).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც, რაშიც იგულისხმება ყველა ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯი. აღსანიშნავია, რომ საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე ზემდგომ ინსტანციაში დამდგარი შედეგის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეცვლის ან ახალი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მას თავად ევალება შეცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. ასეთ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი, არამედ ის ხარჯები, რომლებიც მხარეებმა გაიღეს ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლება მატერიალური უფლებების და ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს. ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ წაგებული მხარე. აღნიშნული უფლების რეალიზება დამოკიდებულია მხარის სუბიექტურ ნებაზე - გაასაჩივროს თუ არა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მესამე პირის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში სახეზეა ნ. უ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, რამდენადაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
მოცემულ შემთხვევაში, ა. უ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, პროცესის ხარჯის განაწილების ნაწილში მის მიმართ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო პალატა მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას იმსჯელოს ა. უ-ის მიმართ გადაწყვეტილების შედეგების კანონიერებაზე ნ. უ-ის საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, გასაჩივრების პროცესუალური უფლებით სარგებლობისას უმთავრესია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელდეს საჩივრის წარდგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 მაისის ცნობის (ტ.1, ს.ფ.72) თანახმად, ნ. უ-ე არის შშმ პირი და შესაბამისად, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქმეში ასევე წარმოდგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გადახდილია სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შედეგად ა. უ-ის სარჩელზე.
იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მართალია სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 ლარი, უნდა დაკისრებოდა წაგებულ მხარეს, ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ვინაიდან სახეზე არ არის ა. უ-ის საკასაციო პრეტენზია, ამ ნაწილში ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს მისთვის სასამართლოს ხარჯის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 აგვისტოს MOD 31800800985 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ადმინისტრაციული ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილად გამოკვლევა/განხილვისა და შეფასებების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. 2022 წლის 5 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. უ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ გ. ა-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ გ. ა-ი საქმეში სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის (ჩვეულებრივი მოწვევის) სტატუსით და მისი საქმეში ჩაბმა განხორციელდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი ინტერესების გასამყარებლად. შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის ინსტიტუტის ანალოგია, როდესაც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარეს).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში მესამე პირების ჩვეულებრივი წესით (სასკ-ის 16.1 მუხლი) მოწვევის მიზანია, დაიცვას უშუალოდ იმ პირთა ინტერესები, რომელთაც შეიძლება შეეხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება და რომელთა მონაწილეობასაც შესაძლებელია მნიშვნელობა ჰქონდეს მხარეთა უფლებების ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისათვის, განსხვავებით აუცილებელი მოწვევის მესამე პირისაგან (სასკ-ის 16.2), რა დროსაც აუცილებელია უშუალოდ სამართალურთიერთობაში მონაწილეობა და დამოუკიდებელი კანონიერი ინტერესის არსებობა დავის საგნის მიმართ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს მესამე პირის მიერ გაღებული საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ჩაბმული მესამე პირი დამოუკიდებლად არ სარგებლობს პროცესის მონაწილის ყველა უფლებით, შედეგობრივად იზიარებს მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამართლებრივ ბედს და საქმეში იკავებს მოსარჩელის საწინააღმდეგო პოზიციას.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება გ. ა-ის მიმართ ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საკითხის ხელახლა გამოკვლევა და შესაბამისად, მის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, პროცესის ხარჯის განაწილების თვალსაზრისით უტოლდება სარჩელი დაკმაყოფილებას, ასეთივე შედეგი ვრცელდება მისი შუამდგომლობით საქმეში ჩაბმული არასავალდებულო მოწვევის მესამე პირის მიმართ. იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო პალატამ მოსარჩელეთა სასარგებლოდ შეცვალა გადაწყვეტილება და დადგა მოპასუხისთვის არასასურველი შედეგი, ასევე გამოირიცხება გ. ა-ის მიერ საადვოკატო მომსახურებისთვის გაღებული თანხის დაკისრება მოპასუხისთვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ა. უ-ეზე დაკისრების ნაწილში დარჩეს განუხილველად;
2. ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ადვოკატის ხარჯის დაკისრების ნაწილში;
5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა