Facebook Twitter

№ბს-504(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43857 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 20 მაისის №04/26325 გადაწყვეტილება; გ) მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის მიერ პაციენტ ნ.ჩ-ის, გ.მ-ის, ბ.ძ-ის, დ.ჭ-სა და ე.ჩ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება 5124,99 ლარის ოდენობით; დ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, წელიწადში 5124,99 ლარის 9,5%-ის ოდენობით 2021 წლის 28 ივნისიდან.

სარჩელის თანახმად, შპს „...ში“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ფარგლებში სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტებს: ნ.ჩ-ეს, გ.მ-ს, ბ.ძ-ს, დ.ჭ-ს და ე.ჩ-ს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43857 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნულ პაციენტებზე გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე, ხოლო 2019 წლის 20 მაისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის 2018 წლის 7 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარი.

მოსარჩელე არ ეთანხმება აღნიშნულ აქტებს და ამასთან, მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ხარჯების აუნაზღაურებლობით მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და განმარტავს, რომ კლინიკას დროულად, რომ მიეღო შემოსავალი შეეძლო აღნიშნული თანხის ანგარიშზე განთავსებით მიეღო საპროცენტო სარგებელი. მოპასუხე მხარეს 2018 წლის მაისის თვის ჩათვლით უნდა განეხორციელებინა 5124,99 ლარის ჩარიცხვა 36-ე დადგენილების მე-14 მუხლის საფუძველზე (60 დღის ვადაში). 2018 წლის 1 ივნისიდან დაიწყო ვადაგადაცილება და სარჩელის შეტანის დღისათვის (28/06/2021წ) ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის - 1123 დღე. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი 2018 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 14 აპრილამდე შეადგენდა 8,5%, ხოლო 2020 წლის 15 აპრილიდან - 9,5%. შესაბამისად მიღებული შემოსავლი უნდა გაიყოს 365 დღეზე, გამოითვალოს ყოვედღიური სარგებლის ოდენობა და გამრავლდეს ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43857 გადაწყვეტილება და 2019 წლის 20 მაისის №04/26325 გადაწყვეტილება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მოსარჩელეს აუნაზღაუროს №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევები 5124,99 ლარის ოდენობით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) პაციენტი ნ.ჩ-ე (დაბადებული … წლის … …ს) შპს „...ში“ სამკურნალოდ 2018 წლის 31 იანვრის 15:15 სთ-დან 2018 წლის 3 თებერვლის 17:00 სთ-მდე იმყოფებოდა. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: დიაგნოზი: ...; სხვა - ...; სხვა - ...; ...- ...; დედის სისხლის კუთვნილება - AP; ბავშვის სისხლის კუთვნილება - AP;; ორსულობის პერიოდის გართულებები: დედა იღებდა ფოლიუმის მჟავას, MgB6, DH - კომბი, ვიტრუმ - D3, ფენიქსელი. მშობიარობის ტიპი ვაგინალური. აპგარი 8/9 ქ; ახალშობილი დაიბადა ...ში, გაეწერა ბინაზე 29.01.2018 და სტაციონარს მომართა 31.01.2018-ში“; ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: „სისხლის ჯგ/რეზუსი. სსა. C რეაქტიული ცილა, ბილირუბინი“; ავადმყოფობის მიმდინარეობა: „ ახალშობილის ზოგადი მდგომარეობა განყოფილებაში შემოსვლისას შეფასდა საშუალო სიმძიმის, კლინიკურად გამოეხატა .. .... გაკონტროლდა T.BIL- 326,1 mmol/l. მიეკუთვნა საშუალო რისკის ჯგუფს, გესტაციის და პროტოკოლის გათვალისწინებით დაწყებულ იქნა ფოტოთერაპია. განმეორებით 24 და 48 საათიანი კონტროლის მიხედვით T.BIL- 227 mmol/l და T.BIL- 218 mmol/l, რის გამოც შეწყდა ფოტოთერაპია... ახალშობილი გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“; ჩატარებული მკურნალობა: ფოტოთერაპია - 1 დღე, ვიტამინები, კარნიტირი. აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა ნომრით ... ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცა ანაზღაურების მიზნით 2018 წლის 31 იანვრის 16:15 სთ-დან 2018 წლის 3 თებერვლის 17:00 სთ-მდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კომპონენტით; ბ) პაციენტი გ.მ-ი (დაბადებული … წლის … …ს) შპს „...ში“ სამკურნალოდ 2018 წლის 11 თებერვლის 12:00 სთ-დან 2018 წლის 19 თებერვლის 17:00 სთ-მდე იმყოფებოდა. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: დიაგნოზი: ...; სხვა - ...; გესტაციურ ასაკთან შედარებით დიდწონიანი ახალშობილი P08.1; ახალშობილთა სხვა კვების პრობლემები P92.8; ახალშობილის სინდრომი დედისგან, რომელიც დაავადებულია ... ...; - მოკლე ანამნეზი: „ ...; ორსულობა - III, მშობიარობა - III, დაბადების მასა - 4000 გრ, სიგრძე - 50 სმ; დედის სისხლის კუთვნილება - AN; ბავშვის სისხლის კუთვნილება - OP; მშობიარობის ტიპი საკეისრო კვეთა, ჩვენება: 1-ჯერ გადატანილი საკეისრო კვეთა, არასრულფასოვანი ნაწიბური საშვილოსნოზე. აპგარი 7/7 ქულა; ახალშობილი დაიბადა ...ში, დაბადებიდან მე-4 დღეს გამოეხატა ...ის დათრგუნვა, .... გაკონტროლდა TBIL, მაჩვენებლისა და პროტოკოლის გათვალისწინებით საჭიროებდა ფოტოთერაპიას, რის გამოც მოთავსდა I დონის მეთვალყურეობის ქვეშ“; ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: „სისხლის ტესტი, რეაქტიული ცილა, გლუკოზა სისხლში, TBIL, რეტიკულოციტი“; ინსტრუმენტული გამოკვლევები: ნეიროსონოსკოპია; ჩატარებული მკურნალობა: ფოტოთერაპია, ვიტამინები, ჩაუტარდა ვაქცინაცია, ჩაუტარდა სკრინინგი ... გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა ნომრით ... ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცა ანაზღაურების მიზნით 2018 წლის 11 თებერვლის 12:00 სთ-დან 2018 წლის 19 თებერვლის 17:00 სთ-მდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კომპონენტით; გ) პაციენტი ბ.ძ-ი (დაბადებული … წლის … …ს) შპს „...ში“ სამკურნალოდ 2018 წლის 3 თებერვლის 15:00 სთ-დან 2018 წლის 6 თებერვლის 18:00 სთ-მდე იმყოფებოდა. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: დიაგნოზი: ... ...; ...- 41 კვ; ორსულობა - I, მშობიარობა - I, დაბადების მასა 3400 გრ, სიგრძე - 50 სმ, დედის სისხლის კუთვნილება - OP, ბავშვის სისხლის კუთვნილება - AP, ორსულობის პერიოდის გართულებები - I ტრიმესტრში ღებულობდა ფოლიუმის მჟავას, II ტრიმესტრში - ულტროჟესტანს, III ტრიმესტრში - მაგნეზიას. მშობიარობის ტიპი - ფიზიოლოგიური მშობიარობა, ნაყოფის თავით წინმდებარეობა, I დროული მშობიარობა, კეფით წინმდებარეობა, წინა სახე. აპგარი 7/8 ქულა“; - ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: „სისხლის ტესტი, სსა C რეაქტიული ცილა, ბილირუბინი, რეტიკულოციტი“; ავადმყოფობის მიმდინარეობა: „02.02.2018 20:40 სთ-ზე ახალშობილი დაიბადა ...-ში. მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. იმყოფებოდა დედასთან ერთად პალატაში, ძუძუთი კვების აქტიურ რეჟიმზე. დინამიკაში ახალშობილს გამოეხატა .... გაკონტროლდა T.BIL- 184 mmol/l, პროტოკოლის გათვალისწინებით საჭიროებდა ფოტოთერაპიას, რის გამო 03.02.18 15:00 ახალშობილი მოთავსდა გახანგრძლივებული მოვლის განყოფიკლებაში, I დონის მეთვაყურეობა, დაწყებულ იქნა ინტენსიური ფოტოთერაპია... 04.02.18 20:00 T.BIL- 174,0 mmol/l-ის კონტროლის საფუველზე შეწყდა ფოტოთერაპია“; ჩატარებული მკურნალობა: ფოტოთერაპია, ვიტამინები ... გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა ნომრით ... ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცა ანაზღაურების მიზნით 2018 წლის 3 თებერვლის 15:00 სთ-დან 2018 წლის 6 თებერვლის 18:00 სთ-მდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კომპონენტით; დ) პაციენტი დ.ჭ-ა (დაბადებული … წლის … ….ს) შპს „...ში“ სამკურნალოდ 2018 წლის 24 თებერვლის 16:00 სთ-დან 2018 წლის 28 თებერვლის 16:00 სთ-მდე იმყოფებოდა. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: დიაგნოზი: ...; - ...- 36 + 5/7 კვ; ორსულობა - III, მშობიარობა - II, დაბადების მასა 3650 გრ, სიგრძე - 51 სმ, დედის სისხლის კუთვნილება - AN, ბავშვის სისხლის კუთვნილება - AP, ორსულობის პერიოდის გართულებები - ... მკურნალობა, შემანარჩუნებელი თერაპია. მშობიარობის ტიპი - საკეისრო კვეთა, ჩვენება: ნაყოფის არამადაკმაყოფილებელი მდგომარეობა. აპგარი 8/9 ქულა“; ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: „სისხლის ტესტი, სსა C რეაქტიული ცილა, გლუკოზა სისხლში, T.BIL, რეტიკულოციტი“; ავადმყოფობის მიმდინარეობა: „...24.02.18 გამოიხატა ..., კრამერის შკალით IV ზონა. გაკონტროლდა T.BIL ... საჭიროებდა ფოტოთერაპიას, რის გამოც“ ახალშობილს 2018 წლის 24 თებერვალს 16:00 სთ-ზე დაეწყო I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შეწყდა ფოტოთერაპია. ფოტოთერაპიის შეწყვეტიდან 24 საათისა და 48 საათის შემდეგ მაჩვენებელი აღარ საჭიროებდა ჩარევას, თუმცა აღინიშნებოდა წინა მაჩვენებელთან შედარებით T.BIL-ის მაჩვენებლის ზრდა, რის გამოც ახალშობილი კვლავ საჭიროებდა სტაციონარულ მეთვალყურეობას. დინამიკაში ახალშობილის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა...“ ჩატარებული მკურნალობა: ფოტოთერაპია, ვიტამინები... გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა ნომრით ... ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცა ანაზღაურების მიზნით 2018 წლის 24 თებერვლის 16:00 სთ-დან 2018 წლის 28 თებერვლის 16:00 სთ-მდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კომპონენტით; ე) პაციენტი ე. ჩ-ი-ჩ-ე (დაბადებული … წლის … …ს) შპს „...ში“ სამკურნალოდ 2018 წლის 25 თებერვლის 11:32 სთ-დან 2018 წლის 27 თებერვლის 16:00 სთ-მდე იმყოფებოდა. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: დიაგნოზი: ნაყოფის და ახალშობილის ......; - ...- 39 + 5/7 კვ; ორსულობა - II; მშობიარობა - II; დაბადების მასა - 3100 გრ; სიგრძე - 51 სმ; დედის სისხლის კუთვნილება - OP; ბავშვის სისხლის კუთვნილება - BP; ორსულობის პერიოდის გართულებები - ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. I ტრიმეტრი - ფოლის მჟავა, კლექსანი 75 მგ. II ტრიმესტრი MGB6, III ტრიმესტრი - კლექსანი 0,2 მგ. ტიპი - ვაგინალური მშობიარობა. აპგარი 8/8 ქ“; - ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: „სსა, ჯგუფი და რეზუსი, C რეაქტიული ცილა, გლუკოზა სისხლში, სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა, ბილირუბინი, რეტიკულოციტები“; ინსტრუმენტული გამოკვლევები: ნეიროსონოსკოპია; ავადმყოფობის მიმდინარეობა: „...25.02.2018 11:32 ახალშობილთან გამოიხატა ... ... T.BIL კონტროლით საჭიროებს ფოტოთერაპიას, რის გამო ახალშობილი მოთავსდა I დონის ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილებაში. დაწყებულ იქნა უწყვეტი ფოტოთერაპია... 27.02.18 16:00 ახალშობილის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია...“ ჩატარებული მკურნალობა: ფოტოთერაპია, ვიტამინები... - გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა ნომრით ... ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცა ანაზღაურების მიზნით 2018 წლის 25 თებერვლის 11:32 სთ-დან 2018 წლის 27 თებერვლის 16:00 სთ-მდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კომპონენტით; ვ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43857 გადაწყვეტილებით შპს „...ს“ უარი ეთქვა პაციენტ ნ.ჩ-ის, გ.მ-ის, ბ.ძ-ის, დ.ჭ-სა და ე.ჩ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების - №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით იმაზე მითითებით, რომ განსახილველ შემთხვევებზე არ დასტურდებოდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. „ანაზღაურებაზე უარისა“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის მიხედვით, მითითებული სამედიცინო შემთხვევების სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელმა თანხამ 5124,99 ლარი შეადგინა; ზ) 2018 წლის 7 სექტემბერს შპს „...ს“ წარმომადგენელმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43857 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ადმინისტრაციული საჩივრით სააგენტოს მიეთითა სადავო შემთხვევებზე სამედიცინო ბარათების მონაცემები და განემარტა, რომ აღნიშნული მონაცემები ადასტურებდა I დონის ინტენსიურ მკურნალობა/მოვლას; თ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 20 მაისის №04/26325 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მიეთითა, რომ შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევებზე დასტურდებოდა I დონის ინტენსიურ მკურნალობა/მოვლა, რის გამოც აღნიშნული შემთხვევები ექვემდებარებოდა ანაზღაურებას; ი) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43857 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 20 მაისის №04/26325 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე, ამ გადაწყვეტილებებით განხილული შემთხვევების ანაზღაურებისა და ანაზღაურების დაყოვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შპს „...მა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2019 წლის 13 ივნისს. 2019 წლის 12 ივლისის შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმაზე მითითებით, რომ სადავო აქტებით გათვალისწინებულ სამედიცინო შემთხვევებზე არ დასტურდებოდა I დონის ინტენსიურ მკურნალობა/მოვლა; კ) №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების - 5124,99 ლარის გადახდის დაყოვნების გამო აღნიშნული შემთხვევების პირადი სახსრებით დაფინანსებიდან გამომდინარე შპს „...ს“ ადგება ზიანი იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რასაც იგი ამ თანხის საბანკო ანგარიშზე არსებობის შემთხვევაში მიიღებდა. აღნიშნული ზიანის მოცულობა 2021 წლის 28 ივნისამდე პერიოდისათვის 1397,97 ლარს, ხოლო 2021 წლის 28 ივნისიდან - თვეში 40,5 ლარს შეადგენს. სს „...ის“ 2021 წლის 17 მარტის წერილის მიხედვით, ...ში შპს „...ს“ ანგარიშებს ლარში 2020 წლის 14 აპრილამდე ერიცხებოდა სარგებელი წელიწადში 8,5%-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 5 აპრილიდან - წელიწადში 9,5%-ის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხაზე შპს „...ს“ 2020 წლის 14 აპრილამდე ერიცხებოდა სარგებელი წელიწადში 8,5%-ის ოდენობით, რაც თვეში 0,708%-ს შეადგენს, 2018 წლის ივნისიდან 2020 წლის 14 აპრილამდე შესაბამის ანგარიშზე 5124,99 ლარის არსებობის შემთხვევაში მიიღებდა 816,4 ლარს (5124,99 ლარის 0,708% - 36,28 ლარი*22,5 თვეზე). იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხაზე შპს „...ს“ 2020 წლის 14 აპრილიდან ერიცხება სარგებელი წელიწადში 9,5%-ის ოდენობით, რაც თვეში 0,79%-ს შეადგენს, 2020 წლის 14 აპრილიდან 2021 წლის 28 ივნისამდე შესაბამის ანგარიშზე 5124,99 ლარის არსებობის შემთხვევაში მიიღებდა 587 ლარს (5124,99 ლარის 0,79 % - 40,5 ლარი*14,5 თვეზე).

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება პაციენტების - ნ.ჩ-ის, გ.მ-ის, ბ.ძ-ის, დ.ჭ-სა და ე.ჩ-ის მიმართ 2018 წლის თებერვალში დადგენილი დიაგნოზის გათვალისწინებით ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული კონკრეტული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი, მოპასუხის მხრიდან კი არ ყოფილა დასაბუთებული და დადასტურებული შესაბამისი სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონმდებლობით განსაზღვრულ საფუძველი. სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულებამდე - 2021 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ არსებობდა ნ.ჩ-ის, გ.მ-ის, ბ.ძ-ის, დ.ჭ-სა და ე.ჩ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების - №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც მოპასუხე ეთანხმებოდა და ცნობდა სარჩელს სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 411-ე მუხლზე და განმარტა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში 2018 წლის თებერვალში მოსარჩელემ განახორციელა პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება ნ.ჩ-ის, გ.მ-ის, ბ.ძ-ის, დ.ჭ-სა და ე.ჩ-ის მიმართ და შესაბამისი სამედიცინო შემთხვევების - №..., №..., №..., №..., №... შესახებ შეტყობინებები გადასცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც, ამავე პროგრამის პირობებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო, საანგარიშგებო დოკუმენტები განეხილა არაუმეტეს 60 სამუშაო დღის ვადაში (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-14 მუხლი) და უზრუნველეყო ანაზღაურება, თუ არ იქნებოდა გამოვლენილი ანაზღაურებაზე უარის თქმის პროგრამის პირობებით განსაზღვრული საფუძველი. №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ ირკვევა და ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ პროგრამის პირობების დარღვევით, დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოსარჩელეს მათ ანაზღაურებაზე, ანაზღაურების დაყოვნებით კი მოსარჩელეს მიადგა ზიანი. მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების დაყოვნებით მიყენებული ზიანი - 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან - თვეში 40,5 ლარის ოდენობით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილება გასაჩივრდა იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარისა და 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, რომელიც წარმოიშვა თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი. სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ შრომითი საქმიანობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისას ან სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტებისას. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გამოყოფს ზიანის ორ სახეს: ფაქტობრივად მიყენებულ (რეალურ) ზიანს და მიუღებელ შემოსავალს. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს რა სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ უნდა შეფასდეს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ ხსენებული უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში 2018 წლის თებერვალში მოსარჩელემ გაუწია პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება ნ.ჩ-ეს, გ.მ-ის, ბ.ძ-ს, დ.ჭ-სა და ე.ჩ-ს და შესაბამისი სამედიცინო შემთხვევების - №..., №..., №..., №..., №... შესახებ შეტყობინებები გადასცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ვალდებული იყო, საანგარიშგებო დოკუმენტები განეხილა არაუმეტეს 60 სამუშაო დღის ვადაში და უზრუნველეყო შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, რაც არ განუხორციელებია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43857 გადაწყვეტილებით შპს „...ს“ უკანონოდ ეთქვა უარი პაციენტ ნ.ჩ-ის, გ.მ-ის, ბ.ძ-ის, დ.ჭ-სა და ე.ჩ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაეკისრა №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების ვალდებულება 5124,99 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით შპს „...“ დაბრკოლდა მიეღო კანონმდებლობით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 5124,99 ლარის ოდენობით. თავის მხრივ კი, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, სამედიცინო დაწესებულებამ ვერ მიიღო შესრულებული სამუშაოს სანაცვლო ანაზღაურება. კლინიკა იძულებული გახდა მოეხდინა აღნიშნული სამედიცინო შემთხვევების პირადი სახსრებიდან დაფინანსება, რითაც მიადგა მატერიალური ზიანი იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რასაც იგი ამ თანხის საბანკო ანგარიშზე არსებობის შემთხვევაში მიიღებდა. საქმეში წარმოდგენილი სს „...ის“ 2021 წლის 17 მარტის წერილის მიხედვით, შპს „...ს“ გახსნილი აქვს ანგარიშები, რომელზეც ერიცხება სარგებელი, კერძოდ, მოსარჩელეს მიმდინარე ანგარიშზე არსებულ თანხაზე 2020 წლის 14 აპრილამდე ერიცხებოდა სარგებელი წელიწადში 8,5%-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 15 აპრილიდან - წელიწადში 9,5%-ის ოდენობით. ამდენად, დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საბანკო ანგარიშზე 5124,99 ლარის ოდენობით თანხის არსებობის პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს 2018 წლის ივნისიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდისათვის 1397,97 ლარის, ხოლო 2021 წლის 28 ივნისიდან - თვეში 40,5 ლარის ოდენობით.

პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე კლინიკისთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სასამართლოს მიერ უკანონოდ და შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს დაეკისრა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, ასევე არსებობდა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის სრულად ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თანხის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის პერიოდიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად კი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს გახსნილი აქვს სს „...ში“ ანგარიშები, რომელზეც ერიცხება სარგებელი და დაფინანსებული თანხა რომ განეთავსებინა საბანკო ანგარიშზე მიიღებდა საპროცენტო სარგებელს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოთხოვნის საფუძვლიანობას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 992-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების კუმულატიურ წინაპირობებს წარმოადგენს: ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება და ცალსახად დადასტურება იმისა, რომ პირი შემოსავალს მიიღებდა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი (ზიანი) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სათანადოდ ვერ ადასტურებს, რომ პაციენტების მომსახურებისათვის პროგრამულად ანაზღაურებული თანხების (რომელიც მოიცავს კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევაზე გაწეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს) ანაბარზე სრულად მიმართვით იღებს შემოსავალს.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მიყენებული ზიანისა და ზიანის მოცულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით ობიექტურ რეალურ სურათს და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა პირის სუბიექტური შეფასებით.

კასატორის განმარტებით, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავდროულად მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებების მიერ არ მოხდეს სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ხელოვნურად გაზრდა, ვინაიდან იგი დაუშვებელია როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური თვალსაზრისით. სწორედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და დაზოგილიყო დავის გახანგრძლივების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესაძლო ხარჯები, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, თუმცა სააგენტო აღნიშნულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შპს „...ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43857 გადაწყვეტილება და 2019 წლის 20 მაისის №04/26325 გადაწყვეტილება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მოსარჩელეს აუნაზღაუროს №..., №..., №..., №..., №... სამედიცინო შემთხვევები 5124,99 ლარის ოდენობით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში - სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადგენილია სადავო აქტების უკანონობა, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების ვალდებულება და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ გასაჩივრებული ნაწილი - მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას მოსარჩელე ამყარებს სს „...ის“ მიერ გაცემულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შპს „...ს“ ბანკში გახსნილი აქვს ანგარიშები და მოცემულ ანგარიშებზე კომპანიას ერიცხებოდა სარგებელი ამავე დოკუმენტში მითითებული საპროცენტო განაკვეთით (ს.ფ 192-193).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად მოქმედი რედაქციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული..“(სუს 10.04.2014წ. №ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება). ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი გამოყოფს ზიანის ორ სახეს: ფაქტობრივად მიყენებულ (რეალურ) ზიანს და მიუღებელ შემოსავალს.

მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, განაცდურ მოგებას, რომელიც შესაძლოა მიღებულიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში და რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის კომერციულ ინტერესში შედის. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების ისეთი ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. აღსანიშნავია მტიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილება, ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია. ამასთან, ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით. შემოსავლის მიუღებლობა დასტურდება იმგვარი მტკიცებულებებით, რომლებიც ქმნიან ქონებრივი ნამეტის მიღების მოსალოდნელობასთან დაკავშირებით ობიექტურ, რეალურ სურათს და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე (სუს 16.05.2019წ. №ბს-740-736(კ-17) განჩინება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის მართებულად გადაწყვეტისთვის, რაც განპირობებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაწესით, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპი გამოხატულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამრიგად, მხარე ვალდებულია უზრუნველყოს მისი მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის, ისევე როგორც მოსარჩელის მხოლოდ ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული სათანადო მტკიცებულებად, იმ დროს, როდესაც მის მიერ მითითებული ფაქტის დასადასტურებლად წარსადგენია დავის საგანთან რელევანტური წერილობითი მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის თაობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის არსებობისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. სწორედ მოსარჩელეს ევალება შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ობიექტური და არა ვარაუდზე ან ალბათობაზე დაფუძნებული შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.

მართალია, მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადგენილია გასაჩივრებული აქტების უკანონობა და მოპასუხის ვალდებულება სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე, თუმცა საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელე კლინიკას მიადგა მატერიალური ზიანი იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რასაც იგი ამ თანხის საბანკო ანგარიშზე არსებობის შემთხვევაში მიიღებდა.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სამართალურთიერთობის ხასიათზე. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე პროგრამა და თანდართული დანართები, ამ პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და ეფუძნება ერთი მხრივ სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობებისა და სტანდარტების დაკმაყოფილებას და მეორე მხრივ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სამედიცინო დაწესებულების ნებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ობიექტურად არ დასტურდება შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობებში, კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელ შემოსავალს უკავშირებს იმ სარგებელს, რასაც მიიღებდა მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხის საბანკო ანგარიშზე არსებობის პირობებში, თუმცა, გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელე არის სამედიცინო დაწესებულება და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსება ხდება სამედიცინო მომსახურების ფარგლებში, მხოლოდ სს „...ის“ მიერ გაცემული ცნობა, რომ შპს „...ს“ ბანკში გახსნილი აქვს ანგარიშები, ვერ გახდება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან აღნიშნულთან ერთად მოსარჩელემ უტყუარად უნდა დაადასტუროს, რამდენად განათავსებდა თანხებს საბანკო ანგარიშებზე სარგებლის მიღების მიზნით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მითითებული ფაქტები, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარი ქმედების ნეგატიური შედეგები სავარაუდო უნდა იყოს მეორე მხარისათვის. აღნიშნულის გარეშე, მიუღებელი შემოსავლის მხოლოდ თანხის დაყოვნების მოტივით მოვალისათვის დაკისრება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის პრინციპს, ვინაიდან დაუშვებელია, მოვალეს ეკისრებოდეს იმის გამორკვევის ვალდებულება, თუ რა მიზნით აპირებს კრედიტორი მისგან მიღებული შესრულების განკარგვას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, შესრულების საგნის ამგვარი ფორმით კრედიტორის მიერ განკარგვის ინტერესი მოვალის მხრიდან განჭვრეტადი და სავარაუდოა. აღნიშნულის დამაჯერებლად მტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომელთა ბუნებრივ და ყოველდღიურ საქმიანობას თანხის ანაბარზე განთავსებით მიღებული პროცენტის გამოყენება არ წარმოადგენს, თანხის უცილობლად ანაბარზე განთავსება და მისგან სარგებლის მიღება ნაკლებ სავარაუდოა, ხოლო მიუღებელი შემოსავალი, არა მხოლოდ ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი, არამედ ასევე, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო უნდა იყოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში შპს „...ს“ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ ხარჯების დაზოგვის მიზნით მან აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულად, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვს აღსრულებული თანხის დაბრუნებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლის შესაბამისად, (1) აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით. (2) გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე წყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება წარმოადგენს იმ მხარის უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, რომლის მიმართაც მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნებისათვის აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: ა) იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც უკვე აღსრულებულია და ბ) იმ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა, რომლის მიმართაც გამოტანილი იყო ადრე აღსრულებული გადაწყვეტილება, საქმის წარმოების შეწყვეტა ან ამ სარჩელის განუხილველად დატოვება. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მან მიიღო მოპასუხისაგან გადაწყვეტილების აღსრულებით. ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება შეიძლება განხორციელდეს მოპასუხის შუამდგომლობით. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელმაც გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ან განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ან, კიდევ, განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. თუ არსებობს მოპასუხის შესაბამისი განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ, მაშინ ახალი გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ მიუთითებს ამ ახალ გადაწყვეტილებაში, ხოლო თუ ასეთი განცხადებით მოპასუხე მიმართავს სასამართლოს მას შემდეგ, როდესაც გამოტანილი იქნა ახალი გადაწყვეტილება, მაშინ სასამართლო რომელმაც ეს ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა ნიშნავს სასამართლო სხდომას, ამ განცხადების განსახილველად, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს განცხადების განხილვას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის გადახდა. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლო გადაწყვეტილებით კონკრეტული, ანუ ფიქსირებული თანხის გარდა, ასევე დაკისრებული ჰქონდა ყოველთვიურად 40,5 ლარის გადახდა. ვინაიდან კასატორი შუამდგომლობაში არ მიუთითებს თუ რა ოდენობის თანხა იქნა მის მიერ გადახდილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება აღსრულებულია, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხი განიხილოს სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით. შესაბამისად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობის განხილვა მოხდება საკასაციო საჩივრისაგან დამოუკიდებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 259,32 ლარის ოდენობით (ს.ფ 47). აღნიშნული თანხიდან 105,62 ლარი გადახდილია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (ს.ფ 275), ხოლო საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გამო უნდა დაეკისროს შპს „...ს“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება და იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „...ს“ სარჩელი, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსათვის შპს „...ს“ სასარგებლოდ 1397,97 ლარის ოდენობით, ასევე, 2021 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 40,5 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „...ს“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105,62 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. შპს „...ს“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე