Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1277(2კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ.ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) საქართველოს გენერალური პროკურატურა, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.ჯ-ის სასარჩელო განცხადება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ნ.ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ნ.ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის სახით საბანკო დაწესებულებისათვის გადახდილი თანხის 5302 ლარისა და 99 თეთრის (საექსპერტო მომსახურების თანხაზე დარიცხული პროცენტის 2274 ლარისა და 22 თეთრის და გირაოს თანხაზე დარიცხული პროცენტის 3028 ლარისა და 77 თეთრის) ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტის სახით საბანკო დაწესებულებისათვის გადახდილი თანხის 5302 ლარისა და 99 თეთრის (საექსპერტო მომსახურების თანხაზე დარიცხული პროცენტის 2274 ლარისა და 22 თეთრის და გირაოს თანხაზე დარიცხული პროცენტის 3028 ლარისა და 77 თეთრის) ანაზღაურება, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ნ.ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ნ.ჯ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საქმეში დაცული არ იყო საკასაციო საჩივარზე ხელმომწერის - რწმუნებულის ვადაში არსებული მინდობილობა, ამასთან, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა განმარტებას იმის თაობაზე, მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი). შესაბამისად, კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება ნ.ჯ-ის ოჯახის წევრს (მამას), ნ.ჯ-ისათვის გადასაცემად, ჩაბარდა 2023 წლის 7 აპრილს. ამდენად, საკასაციო პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 8 აპრილს, შესაბამისად მხარისათვის ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 14 აპრილი (პარასკევი), 24 საათი. დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

რაც შეეხება 2023 წლის 17 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გ.ჯ-ის მიერ წარმოგენილ მინდობილობას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც

უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე