Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-327(კ-22) 20 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. ბ-ისა და გ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; თავდაპირველი მოსარჩელეები - ს. ბ-ი, მ. შ-ე).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ფ. ჯ-ას, გ. კ-ის, ნ. ბ-ის და კ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, ფ. ჯ-ასა და კ. ჩ-ის ნაწილში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე ნ. ბ-ისა და გ. კ-ის ნაწილში დადგინდა ხარვეზი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კასატორებს არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც მითითებული პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 300 ლარს (თითოეულისათვის ცალ-ცალკე). შესაბამისად, კასატორებს განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში დაევალათ ხარვეზის შევსება.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განჩინება გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს - მ. ჩ-ს და მასვე ჩაბარდა 2022 წლის 07 აპრილს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. ამდენად, საკასაციო პალატის 2022 წლის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 08 აპრილს. დადგენილ 7-დღიან ვადაში კასატორებს ან მათ წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ მოუმართავთ არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნ. ბ-ისა და გ. კ-ის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, ნ. ბ-ისა და გ. კ-ის ნაწილში, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე