Facebook Twitter
საქმე №ბს-1649-2(ბ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი


შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

განმცხადებელი – შპს „ზ...“

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის №ბს-871(კ-23) განჩინება

დავის საგანი – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 20 ივლისს შპს "ზ...მა" სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე მდებარე 1876 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს №... გადაწყვეტილების 56 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში (ს/კ ...) ბათილად ცნობა; 56 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილების, რომლითაც ცვლილება შევიდა რეგისტრირებულ მონაცემებში და ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე მდებარე 1849 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა №1 (ღობე) და №2 (ღობე) დარეგისტრირდა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ს/კ ...) ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 18 აგვისტოს №10-1/156 და 2021 წლის 5 მარტის №... განცხადებებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით შპს "ზ...ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინებით შპს "ზ...ს" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს "ზ...მა", რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით კასატორს – შპს "ზ...ს" დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზების შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ასევე გ. ფ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილება ექნებოდა მინიჭებული ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. კასატორს ასევე დაევალა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №...) 2023 წლის 13 სექტემბერს. მოსარჩელის წარმომადგენელს (შპს "ზ...ს" მენეჯერს - მ. ბ-ის (პ/ნ ...) გზავნილი ჩაბარდა 2023 წლის 18 სექტემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს „ზ...ს“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იქედან გამომდინარე, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №...) და 2023 წლის 18 სექტემბერს ჩაბარდა შპს "ზ...ს" მენეჯერს - მ. ბ-ის (პ/ნ ...). შესაბამისად, განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 19 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად ამოიწურა 28 სექტემბერს, 24 საათზე. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კასატორის წარმომადგენელს ზემოაღნიშნული ვადის განმავლობაში და არც ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების შევსების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
2023 წლის 29 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა შპს „ზ...ს“ წარმომადგენელმა. განმცხადებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლზე და 422-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის გაჩინება საქმეზე №ბს-871(კ-23) ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, განახლდეს საქმის წარმოება და საქმე დასაშვებობის სტადიიდან იქნეს განხილული. განმცხადებელი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლზე, რომლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ზ...ს“ არ გააჩნია სპეციალური კანცელარია, სადაც საფოსტო გზავნილების რეგისტრაციაა შესაძლებელი. საფოსტო გზავნილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი დირექტორი - გ. კ-აა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ზ. კ-ა. ორგანიზაციას საერთოდ არ გააჩნია მენეჯერის შტატი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ. ბ-ი არ წარმოადგენდა სასამართლო კორესპოდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილ სუბიექტს. განცხადებას ასევე თანდართული ჰქონდა შპს „ზ...ს“ დირექტორის 1.09.2019წ. №01/2019 ბრძანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის №ბს-871(კ-23) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს „ზ...ს" განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შპს „ზ...ს" განცხადებას, შეამოწმა კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამთავრებულ საქმეზე საქმის წარმოების განახლების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.11.2023წ. №871(კ-23) საქმეზე მიღებული განჩინების ბათილად ცნობის განცხადების საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განხლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წამანძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე. სწორედ ზემოაღნიშნულ ნორმაზე მითითებით მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობას.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინება 2023 წლის 18 სექტემბერს ჩაბარდა მ. ბ-ის, საფოსტო უკუგზავნილზე აღნიშნულია, რომ მ. ბ-ი არის შპს „ზ...ს“ მენეჯერი. ამდენად, სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის ათვლა 2023 წლის 19 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შესების 10-დღიანი ვადა 2023 წლის 28 სექტემბერს, 24 საათზე იწურებოდა, თუმცა კასატორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზები არც გამოსწორებულა და მას არც ხარვეზების შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლით განსაზღვრულია, რომ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისთვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილას, ასევე ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში- ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ საკასაციო სასამართლოს 16.11.2023წ. განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოწესრიგებას. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შპს „ზ...ს“ დირექტორის №01/2019 ბრძანება, რომელიც შპს "ზ...ს" მიმართ გაგზავნილი კორესპოდენციის მიმღებ პირად განსაზღვრავს დირექტორს - გ. კ-ას, ხოლო მისი არყოფნისას - ზა. კ-ა-ას, არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ ხარვეზის შესახებ განჩინების უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარებას. საგულისხმოა, რომ მ. ბ-იმა იტვირთა პასუხისმგებლობა ჩაებარებინა შპს „ზ...სთვის“ განკუთვნილი საფოსტო გზავნილი და აღნიშნული გარემოება ხელმოწერითაც დაადასტურა.
“საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ამავე კანონის 201 მუხლის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილების შეტანისა და მათი შეწყვეტის, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ვალდებულებების, ასევე მათი წარმოშობის, მათში ცვლილების შეტანისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.
საგულისხმოა, რომ საქმეში დაცული მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის 21.08.2019წ. ამონაწერით (ტ.1, ს.ფ 14-15), მ. ბ-ი (პ/ნ ...) წარმოადგენს შპს „ზ...ს“ 13,3625% წილის მფლობელს, შესაბამისად იგი მოცემულ სამეწარმეო სუბიექტთან დაკავშირებული პირია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემობანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგადაც მას გამოქავს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გზავნილის მიმღებ პირს - მ. ბ-ის არ ჰქონდა მისი ჩაბარების სათანადო უფლებამოსილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს განმცხადებლის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ კასატორს კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების შესახებ, რასაც მისი მხრიდან საპასუხო მოქმედება არ მოჰყოლია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მართებულად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის საფუძველზე განუხილველად დატოვა შპს „ზ...ს“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 430, 284-ე,285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ზ...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა