საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-647(კ-23) 25 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“, მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-მა“ 2018 წლის 26 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აკრედიტაციის ხელშეკრულების დადებისა და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარების თაობაზე მოპასუხის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 03 აპრილის განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 03 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ის“ მიერ.
შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 03 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს დაევალა 2018 წლის 30 აგვისტოს N850 წარდგენილ განაცხადზე აკრედიტაციის პროცედურების, ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება და აკრედიტაციის პროცედურების დასრულება; შპს „...-ის“ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ან გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2018 წლის 30 აგვისტოს N850 განაცხადზე აკრედიტაციის პროცედურების, ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება და აკრედიტაციის პროცედურების დასრულება. შესაბამისად, დავის საგანი ეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების დავალებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საკითხი უნდა შეფასდეს ამჟამად მოქმედი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში როდესაც აღარ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც შპს „...-ის“ 2018 წლის 30 აგვისტოს N850 განცხადებას არ მიეცა მსვლელობა, აკრედიტაციის პროცესის განაცხადის (მათ შორის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას) წარდგენის ეტაპზე, აკრედიტაციის ცენტრმა არსებითად უნდა იმსჯელოს აკრედიტაციის სფეროს გაფართოების თაობაზე განაცხადი შესაბამისობაშია თუ არა საქართველოს კანონმდებლობასთან, შესაბამის აკრედიტაციის სქემასთან და ამ აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ამასთან, აღნიშნული შესაბამისობის არარსებობის პირობებში, აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია აკრედიტირებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული უარი განაცხადის განხილვაზე, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, უნდა იმსჯელოს ხელშეკრულების დადებისა და შემდგომი აკრედიტაციის პროცედურების განხორციელების საფუძვლების არსებობაზე, რაც უნდა შემოწმდეს პირველადი აკრედიტაციისათვის დადგენილი წესებისა და პროცედურების მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აკრედიტაციისთვის განსაზღვრული დამატებითი პირობები, რომელიც ასახული იყო აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში შეტანილი ცვლილებით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის N 1-1/5 ბრძანება - დანართი N1), 2021 წლის 3 თებერვლის N1-1/27 ბრძანების საფუძველზე ამოღებულ იქნა დებულებიდან, თუმცა, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული სავსებით არ გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ აქვს უფლება განსაზღვროს დამატებითი პირობები ცენტრების აკრედიტაციისათვის. სწორად ამ უფლებამოსილებას განუსაზღვრავს მას საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N301 დადგენილების დანართის მე-12 პუნქტი, რომლის შესაბამისად ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის N511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები, მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის ვალდებულება, შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის დებულებით. შესაბამისად, აუცილებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს უფლებამოსილება, განსაზღვროს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული დამატებითი პირობები.
კასატორის მითითებით, დანართის ამოღებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება არ და ვერც მოხდება. უკვე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები და ვალდებულებები ძალაშია და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს აღებული ვალდებულებების შესრულებას. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის N1-1/5 ბრძანებით ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციისათვის დაწესდა სპეციფიკური რეგულაციები კონკრეტული დროისთვის, რომლის ფარგლებშიც წარმოიშვა შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შესაბამის ინსპექტირების ორგანოებს შორის. სწორედ ამიტომ, კასატორი თვლის, რომ ბრძანების გაუქმება არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი ვალდებულებების უგულებელყოფის საფუძველს არ იძლევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ მიენიჭა აკრედიტაცია (...) განცხადებაში მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე. შპს „...-მა“ 2018 წლის 30 აგვისტოს სფეროს გაფართოების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს. წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით შპს „...-ს“ პასუხი ეცნობა აკრედიტაციის ცენტრის 2018 წლის 01 ოქტომბრის წერილით და განემარტა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 08 იანვრის ბრძანებით ცვლილებები შევიდა 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში, დადგინდა დამატებითი პირობები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოების მიმართ, რის გამო აკრედიტაციის ცენტრს არ ჰქონდა შპს „...-ის“ განცხადებისათვის მსვლელობის მიცემის უფლება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აკრედიტაცია გულისხმობს სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სახის სუბიექტებისთვის კონკრეტული საქმიანობის სფეროში გარკვეული უფლებამოსილებების მინიჭებას (აღიარებას, დადასტურებას). მოქმედი კანონმდებლობით აკრედიტაცია განმარტებულია, როგორც ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზე სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისთვის, აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან წესებსა და პრინციპებს, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების, ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლების გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 96-ე მუხ. პირველი და მე-4 ნაწ.). აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გამოცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისთვის (განცხადებით მიმართვის დროს მოქმედი აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2012 - „აკრედიტაციის სქემები და პროცედურები“, პირველი მუხ. მე-2 პუნქტ.), დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისათვის (ამჟამად მოქმედი აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 - „აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“, მე-2 მუხ., 1-ელი პ., „ა“ ქვ.პ.). აკრედიტაციის პროცედურის გავლის შედეგად აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის მოწმობის გაცემა ნიშნავს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ოფიციალურად აღიარებას შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განსახორციელებლად, შესაბამისად, როგორც პირველადი აკრედიტაციისას, ასევე მისი გაფართოებისას აკრედიტაციის ცენტრი ახდენს აკრედიტაციის მაძიებელი პირის კომპეტენტურობის შეფასებას. სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება შესაბამის, აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს. აკრედიტაციის ცენტრი შეიმუშავებს აკრედიტაციის წესებს და პროცედურებს (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულება“). აკრედიტაციის ცენტრის მიერ კომპეტენტურობის შეფასების ეტაპებს განსაზღვრავდა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის სქემებისა და საერთო პროცედურების“ (საკ 1.1:2012) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ აკრედიტაციის ცენტრში განცხადების წარდგენის დროისთვის მოქმედებდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის სისტემის წესები და პროცედურები“ (ძალადაკარგულია სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2018 წლის 03 ოქტომბრის №01-1 ბრძანებით). საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ დებულებაში 2018 წლის 08 იანვრის №1-1/5 ბრძანებით შეტანილი ცვლილებების შედეგად დებულებას დაემატა 21 მუხლი, რომლის თანახმად ტექნიკური რეგლამენტის - „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 01 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები განისაზღვრა დებულების №1 დანართით (დებულების 21 მუხლი და №1 დანართი გაუქმებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 03 თებერვლის №1-1/27 ბრძანებით). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 08 იანვრის №1-1/5 ბრძანებით დამტკიცდა აგრეთვე სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დანართი №1, რომლითაც დადგინდა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები. ამ დანართით განისაზღვრა, რომ ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამავე დებულებით დადგენილი წესით. აღნიშნული დანართი ასევე აწესრიგებდა ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებულ საკითხებს: განსაზღვრავდა აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს, ადგენდა შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურს და სხვ..
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ინსპექტირების ორგანომ - შპს „...-მა“ დამატებით სფეროში აკრედიტაციის შესახებ განცხადებით მიმართა აკრედიტაციის ცენტრს 2018 წლის 30 აგვისტოს და რადგან კასატორმა აკრედიტაციის ცენტრში განცხადება აკრედიტაციის ცენტრის დებულების №1 დანართის მოქმედების პერიოდში წარადგინა, განცხადებას მსვლელობა არ მიეცა №1 დანართით გათვალისწინებული დამატებითი პირობებისადმი მისი შეუსაბამობის გამო, თუმცა განსახილველი დავის მიმდინარეობისას შეიცვალა აღნიშნული საკითხის ნორმატიული მოწესრიგება, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 03 თებერვლის №1-1/27 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში, ამოღებულ იქნა დებულების 21 მუხლი და დებულების №1 დანართი, ამდენად, დებულების №1 დანართით გათვალისწინებული აკრედიტაციის დამატებითი პირობები გაუქმდა და დღეის მდგომარეობით აღარ მოქმედებს.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელეს აკრედიტაციის ხელშეკრულების და ზოგადად აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებაზე, შპს „...-ის“ განცხადების განხილვაზე უარი ეთქვა სწორედ იმ საფუძვლით, რომ დაცული არ იყო აკრედიტაციის ცენტრის დებულების №1 დანართით გათვალისწინებული პირობა, რაც მდგომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებაში. როგორც წესი, სამართლებრივი ნორმის ცვლილება/გაუქმება გავლენას არ ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, თუ ეს უკანასკნელი გამოცემული იქნა ამ ნორმის ცვლილებამდე/გაუქმებამდე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (სუსგ 2018 წლის 18 იანვრის საქმე №380-375(2კ-16)). განსახილველ საქმეზე ზემოაღნიშნული გარემოება განაპირობებს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების შეცვლას. ამდენად, ვინაიდან დღეის მდგომარეობით ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგება არ არსებობს (გაუქმდა დანართი №1), სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერება უნდა შემოწმდეს არა აკრედიტაციის ცენტრის დებულების №1 დანართთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არამედ ამჟამად მოქმედი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით. აკრედიტაციის პროცესში განმცხადებელი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებაში, აგრეთვე საბოლოო ჯამში აკრედიტაციის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაში დაინტერესებული პირი. იმის გათვალისწინებით, რომ ნორმატიული აქტი სამართალურთიერთობებს აწესრიგებს მისი ძალაში შესვლის მომენტიდან, ამასთანავე დავის განხილვის პროცესში გაუქმდა აკრედიტაციის დამატებითი პირობები, რომლებთანაც განცხადების შეუსაბამობის გამო აკრედიტაციის პროცედურები არ განხორციელდა, რაც აუმჯობესებს მოსარჩელის მდგომარეობას, აგრეთვე იმის მხედველობაში მიღებით, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა კასატორის მიერ სადავოდ არის გამხდარი და შესაბამისად არ დასრულებულა, მოსარჩელისთვის საბოლოო შედეგს კი იწვევს სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სადავო საკითხის გადაწყვეტის დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის პერიოდს, ამასთანავე პროცედურული ნორმების არაპირდაპირი უკუქცევითი ანუ რეტროსპექტრიული ძალის გათვალისწინებით (საკითხი იხილება მისი განხილვის დროს მოქმედი პროცედურის მიხედვით), შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ საკანონმდებლო ცვლილების შემდგომი სამართლებრივი რეჟიმის გამოყენება (სუსგ 2022 წლის 25 ნოემბრის საქმე Nბს-876(კ-20).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არის ტექნიკური ოპერაციების და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად („საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ. მრ-11 პ., მე-11 მუხ. პირვ. და მე-3 პ.). 2019 წლის 27 მაისს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით აკრედიტაციის მაძიებელი პირი აკრედიტაციისთვის განცხადებით მიმართავდა აკრედიტაციის ცენტრს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. თუ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების კომპლექტი იყო აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარდგენილი, განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარდგენილი დოკუმენტი მიიღებოდა და რეგისტრირდებოდა აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში (საკ 1.1 „აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ მე-7 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსთვის აკრედიტაციის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ჩატარების დავალებას, ამასთანავე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განცხადების შეტანის პერიოდში მოქმედი აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ (საკ 1.1:2012) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციის შემდეგ აკრედიტაციის ცენტრი ადგენს: ა) განაცხადის აკრედიტაციის საგნისადმი კუთვნილებას; ბ) კანონმდებლობასა და დადგენილ მოთხოვნებთან განაცხადის შესაბამისობას. ამჟამად მოქმედი სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, აკრედიტაციის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენს: ა) განაცხადის აკრედიტაციის საგნისადმი კუთვნილებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობასთან, აკრედიტაციის სქემასთან და აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან წარდგენილი განაცხადის შესაბამისობას. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებს აკრედიტაციის პროცესით გათვალისწინებულ შემდგომ პროცედურებს და განაცხადის განხილვაზე დასაბუთებულ უარს აცნობებს განმცხადებელს დადგენილ ვადაში (მე-5 მუხ. მე-2 პ.), მითითებულ პირობებთან განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ატარებს აკრედიტაციის პროცესით გათვალისწინებულ შემდგომ პროცედურებს და აკრედიტაციის ცენტრსა და განმცხადებელს შორის ფორმდება „შეთანხმება აკრედიტაციაზე“ და შესაბამისი ხელშეკრულება. განაცხადის განმხილველი ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით ცენტრის შემფასებელი ჯგუფი ახორციელებს განაცხადის განხილვას, დოკუმენტების ანალიზს ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა აკრედიტაციის საგანთან განაცხადის კუთვნილება, გამოყენებული სქემის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემასთან და სხვ. (მე-5 მუხ. მე-9 პ.).
ამდენად, აკრედიტაციის მისაღებად დადგენილი პროცედურის პირველი ეტაპია აკრედიტაციის მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირის მიერ აკრედიტაციის ცენტრში განცხადების წარდგენა, შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებულ დოკუმენტებთან ერთად. აღნიშნული ეტაპი სრულდება განცხადების დადგენილ ფორმალურ პირობებთან შესაბამისობის დადგენით, კერძოდ, დგინდება, რომ განცხადება შეტანილია სათანადო სუბიექტის მიერ, განცხადება წარდგენილია სათანადო ფორმის დაცვით, განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტები შეიცავს სათანადო ინფორმაციას. აღნიშნულის დაცვის შემთხვევაში აკრედიტაციის საწყისი სტადია სრულდება განცხადების რეგისტრაციით, მისთვის სათანადო ნომრის მინიჭებით. შემდგომი სტადიები უკავშირდება განცხადების სახელდობრ განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას. აკრედიტაციის ცენტრში განცხადების რეგისტრაციით დასტურდება განცხადების ფორმალური და არა შინაარსობრივი შესაბამისობა აკრედიტაციისათვის დადგენილ შესაბამის წესებთან და პროცედურებთან (სუსგ 2022 წლის 30 დეკემბრის საქმე Nბს-851(კ-20)).
საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. ამასთან, აკრედიტაციის მოპოვების მიზნით წარმოება იწყება აკრედიტაციის მაძიებელი პირის მიერ აკრედიტაციის ცენტრში განცხადების წარდგენით, შესაბამისად, განცხადება ამ შემთხვევაში არის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების აუცილებელი წინაპირობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადების წარდგენა და მისთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ადასტურებს ასეთი განცხადებით მიმართვის დასაშვებობას, კერძოდ, ადასტურებს იმას, რომ განცხადება წარდგენილია აკრედიტაციის მოსაპოვებლად უფლებამოსილი პირის მიერ, სათანადო ფორმით და შესაბამისობაშია ფორმალურ მოთხოვნებთან, ასევე განცხადებას ერთვის კანონით დადგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი. ამ მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს განმცხადებლისთვის უნდა ეცნობებინა განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი საფუძვლების მითითებით. განცხადების წარდგენა და მისი რეგისტრაცია ადასტურებს შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტების კომპლექტის სრულად წარდგენას. ამასთანავე, აკრედიტაციის ხელშეკრულების დასადებად საკმარისია არა უბრალოდ განმცხადებლის ნება, რაც გამოიხატება განცხადების (მასზე თანდართული დოკუმენტების) წარდგენაში, არამედ სავალდებულოა დადგენილი პირობების დაკმაყოფილება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება. საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციიდან (სზაკ-ის 76-ე მუხ. მე-2 ნაწ.).
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დავის განხილვის პროცესში გაუქმდა აკრედიტაციის დამატებითი პირობები, ადმინისტრაციული წარმოება უნდა გაგრძელდეს. მიმართვის დროს და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხელშეკრულების დადებამდე აკრედიტაციის ცენტრმა უნდა შეამოწმოს: განაცხადით წარმოდგენილი საკითხის აკრედიტაციის საგანთან შესაბამისობა, აგრეთვე, წარდგენილი განაცხადის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემებთან და პროცედურებთან. გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ იდება ხელშეკრულება აკრედიტაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის შემდეგი პროცედურები არ ტარდება, მათ შორის არ იდება ხელშეკრულება ცენტრსა და განმცხადებელს შორის.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, უნდა იმსჯელოს ხელშეკრულების დადებისა და შემდგომი აკრედიტაციის პროცედურების განხორციელების საფუძვლების არსებობაზე, პირველადი აკრედიტაციისათვის დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
ამასთან, კასატორის მიერ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N301 დადგენილების დანართის მე-12 პუნქტზე მითითება არ ქმნის აგრეთვე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს. კასატორი ერთი მხრივ აღნიშნავს, რომ ცენტრის დებულებიდან დამატებითი პირობების ამოღება არ ართმევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დამატებითი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილებას, რაც წინააღმდეგობაშია აგრეთვე კასატორის მითითებასთან იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N301 დადგენილების შესაბამისად, აკრედიტაციის დამატებითი პირობები უნდა განისაზღვრებოდეს ცენტრის დებულებით. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N301 დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესაძლებლობა და არა ვალდებულება, ამასთან, უნდა დასტურდებოდეს დამატებითი პირობების განსაზღვრის აუცილებლობა და საჭიროება, რომლის დამადასტურებლად კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეების არსებითი საკითხების შინაარსის თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა (სუსგ 2022 წლის 25 ნოემბრის საქმე Nბს-876(კ-20), სუსგ 2022 წლის 30 დეკემბრის საქმე Nბს-851(კ-20)).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 15 მაისის №01188 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს (ს/კ: 200169325) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სსიპ აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს (ს/კ: 200169325) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 15 მაისის №01188 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე