Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-1116(3კ-23) 13 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე.

2018 წლის 22 ოქტომბერს რ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ა. ჩ-ასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოგვიანებით დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტი და სსიპ დევნილთა,ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა: 1. რ. ჩ-ას ნაწილში სახელმწიფო ქონებისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების ბათილად ცნობა; 2. მოსარჩელის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. ჩ-ას შორის 2009 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 3. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის რ. ჩ-ას განცხადების განხილვის დავალება და დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა იმაზე მითითებით, რომ რ. ჩ-ას საცხოვრებელი ფართი არ გადასცემია; 4. მოპასუხეებისთვის რ. ჩ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაერთო ა. ჩ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; რ. ჩ-ას ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონებისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი რ. ჩ-ას ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. ჩ-ას შორის 2009 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა რ. ჩ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების (განჩინების) გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება აღნიშნული კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი ადგენს, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ, საფოსტო გზავნილის ჩაბარების ამსახველ შპს "ს...ის" ელექტრონულ ამონაწერზე, რომელიც ადასტურებს კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის საფოსტო ყუთში (მისამართზე ქ. თბილისი, ათონელის ქუჩა №25) 2023 წლის 15 სექტემბერს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემცველი გზავნილის, კურიერის მიერ მოთავსების ფაქტს (ტ.3, სფ. 75). საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საფოსტო ყუთი განიხილება ორგანიზაციის კანცელარიის კონტროლს დაქვემდებარებულ საშუალებად, რომლის მეშვეობითაც დაწესებულების კანცელარია იღებს კორესპონდენციას და შემდგომ არეგისტრირებს საქმის წარმოების პროგრამაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საფოსტო ყუთში განთავსებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება საქმის წარმოების პროგრამაში რეგისტრაციის გზით ან/და ამგვარი რეაგირების დაყოვნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები დაწესებულების პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება. (სუსგ საქმე №ა-1318-ა-3-2019, 19 აპრილი, 2021 წელი).

ამრიგად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი საქართველოს პრეზიდენტის საფოსტო ყუთში კურიერის მიერ მოთავსდა 2023 წლის 15 სექტემბერს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების ასლი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩაჰბარდა 2023 წლის 15 სექტემბერს, გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2023 წლის 16 სექტემბრიდან დაიწყო და შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადა 2023 წლის 6 ოქტომბერს 24 საათზე ამოიწურა. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოტანილია 2023 წლის 9 ოქტომბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21-დღიანი ვადის დარღვევით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა - საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს საქართველოს პეზიდენტის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა