საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-679(2კ-23) 10 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ჯ-ი, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჯ-იმა 2021 წლის 29 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 სექტემბრის №000190 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 თებერვლის №23 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ჯ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 სექტემბრის №000190 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საურავის (ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავისაგან) გადახდისაგან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა პენსიონერს. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 აგვისტოს №5569265 ბრძანებითა და მხარეთა ახსნა- განმარტების შესაბამისად, სადავო ღობის მშენებლობა განხორციელდა 2019 წლის 15 იანვრამდე და იგი დავის გადაწყვეტის დროისათვის ლეგალიზებულია. რაც შეეხება დამხმარე ფიცრულ ნაგებობას, მხარის განმარტებით, აშენებულია ადრეულ წლებში, 2019 წლის 15 იანვრამდე და 2020 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით სრულადაა დემონტირებული. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ შეფასებებზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს სამართალდარღვევის ჩადენის თარიღი, კერძოდ, მითითება მხარის მიმართ გაცემულია „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ა. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 სექტემბრის №000190 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 თებერვლის №23 ბრძანების ბათილად ცნობა. უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი განუხილველად არის დატოვებული, ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერებაზე მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის - სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 თებერვლის №23 ბრძანების (რომლითაც ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 სექტემბრის №000190 დადგენილება) კანონიერების შეფასების ფარგლებში.
2019 წლის 23 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ/...ის ქ. №...-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 616,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1, №2, №3 შენობა-ნაგებობები წარმოადგენს ა. ჯ-ის საკუთრებას.
2020 წლის 29 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ა. ჯ-ის მიმართ შედგა №000190 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ/...ის ქ. №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ა. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა კაპიტალური შენობის, დამხმარე ფიცრული შენობის და კაპიტალური ღობის (ჭიშკრის) მშენებლობა. დარღვეული იქნა საკადასტრო საზღვრებიც, კერძოდ, კაპიტალური შენობა ნაწილობრივ გადადიოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, კაპიტალური ღობე ნაწილობრივ გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად.
2020 წლის 6 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ა. ჯ-ის მიმართ შედგა №000190 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 29 იანვრის №000190 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ იქნა შესრულებული.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 მაისის №4943495 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ/...ის ქ. №...-ში უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, ა. ჯ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2020 წლის 25 ივნისს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ა. ჯ-იმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მხარის განმარტებით, სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მის მიერ ადრეულ წლებში. მოცემული მდგომარეობით, კაპიტალური შენობა-ნაგებობა ლეგალიზებულია. რაც შეეხება მითითებაში დაფიქსირებულ სხვა დარღვევებს, მოსარჩელემ განაცხადა, რომ იგი გეგმავს დამხმარე ფიცრული ნაგებობის დემონტაჟს და კაპიტალური ღობის ლეგალიზებას წითელი ხაზების გასწორების შემდგომ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარემ მოითხოვა დამატებითი ორთვიანი ვადის განსაზღვრა, დარღვევის სრულად აღმოფხვრისათვის.
2020 წლის 19 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ №... და №... საკადასტრო ერთეულების გაერთიანების შედეგად, უძრავ ქონებას მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - №..., ხოლო მიწის ნაკვეთის ფართობმა შეადგინა 866 კვ.მ.. ამასთან, მიწის ნაკვეთზე დაფიქსირდა სამი შენობა-ნაგებობა - №1, №2 და №3.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 სექტემბრის №000190 დადგენილებით, ა. ჯ-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ/...ის ქ. №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, იმ კაპიტალური და დამხმარე ფიცრული ნაგებობის, ასევე, კაპიტალური ღობის (ჭიშკრით) მშენებლობისათვის, რომლებიც გასცდა საკადასტრო საზღვრებს და გადავიდა როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე დადგენილებით ა. ჯ-ის დაევალა უნებართვოდ აშენებული იმ დამხმარე ფიცრული ნაგებობისა და კაპიტალური ღობის (ჭიშკრით) დემონტაჟი, რომლებიც გადადიოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
2020 წლის 20 ოქტომბერს ა. ჯ-იმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 სექტემბრის №000190 დადგენილება №19/01202943181-01 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. მისი განმარტებით, 2020 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით ფიცრული ნაგებობა უკვე დემონტირებული იყო, ხოლო ღობესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საკადასტრო საზღვრების გასწორებისა და ობიექტის ლეგალიზაციის სამუშაოები. ამავე საჩივარს დაერთო დემონტაჟის ამსახველი ფოტომასალა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ა. ჯ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 თებერვლის №23 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა. ჯ-ის 2020 წლის 20 ოქტომბრის №19/01202943181-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 სექტემბრის №000190 დადგენილება.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 აგვისტოს №5569265 ბრძანებით დასტურდება, რომ უნებართვოდ აშენებული ღობე ლეგალიზებულია.
განსახილველ საქმეში უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ.№...-ს მიმდებარედ/...ის ქ. №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა დამხმარე ფიცრული ნაგებობისა და კაპიტალური ღობის (ჭიშკრით) მშენებლობა. ამასთან, დარღვეული იქნა საკადასტრო საზღვრებიც, რადგან კაპიტალური შენობა ნაწილობრივ გადადიოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო კაპიტალური ღობის ნაწილი - სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებზე“, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს და არეგულირებენ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემას, მშენებლობის ზედამხედველობას, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებსა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ერთ-ერთი სახეა ახალი მშენებლობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ახალი მშენებლობაა ასევე დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი − გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.
სადავო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს წარმოადგენს ა. ჯ-ი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (2019 წლის 18 სექტემბერი, №4964-Iს), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო მშენებლობები განხორციელებულია 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ა. ჯ-ი (დაბ. 1944 წლის 01 იანვარს) წარმოადგენდა პენსიონერს. ამდენად, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ა. ჯ-ი უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან. რაც შეეხება სადავო აქტს დემონტაჟის ნაწილში, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება დემონტაჟზე და კანონით გათვალისწინებულ პირებს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე