Facebook Twitter

№ბს-1450(კ-22) 18 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ 16.2) - სს „კ...“, სს „ს...“, ტ. ზ-ი, ი. მ-ი, ვ. ლ-ე, სსიპ შემოსავლების სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 21 ოქტომბერს გ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 03 თებერვლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, 2013 წლის 08 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, 2015 წლის 26 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, 2017 წლის 09 იანვრის №... გადაწყვეტილების, 2017 წლის 30 ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, 2018 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებისა და 2020 წლის 21 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებით, მესამე პირების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა, ნაწილობრივ მოქცეული იყო მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. დასახელებული შენობა-ნაგებობა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, შესაბამისი სამშენებლო ნებართვის გარეშე. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ შენობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მას და ითხოვდა სადავო ადმინისტრაციული აქტების, როგორც უკანონო გადაწყვეტილებების, ბათილად ცნობას.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის, 2021 წლის 25 მარტის, 2021 წლის 23 ივლისის და 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ზ-ა, ტ. ზ-ი, ი. მ-ი, სს „კ...“, სს „ს...“. ამასთან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის სხდომის ოქმის შესაბამისად, ლ. ზ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ მიეთითა ტ. ზ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად დგინდებოდა, რომ მე-3 პირების უძრავი ქონების (ს/კ ...) რეგისტრირებული მონაცემები, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ნაწილში, არ ემთხვეოდა და ზედდებაში არ იყო მოსარჩელის უძრავ ქონებასთან №.... შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, დასახელებულ ორივე უძრავ ქონებასთან მიმართებით არ დგინდებოდა სარეგისტრაციო მონაცემების წინააღმდეგობა.

მესამე პირების შენობა-ნაგებობის ნაწილი, ფაქტობრივად (და არა რეგისტრირებული მონაცემებით) მოქცეული იყო მოსარჩელის ს.კ. ... უძრავ ქონების სარეგისტრაციო საზღვრებში, რაც ვერ განიხილებოდა მესამე პირების რეგისტრირებული მონაცემების ბათილად ცნობის საფუძვლად. დასახელებული მოცემულობის მიმართ, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა დარღვეული/სადავოდ ქცეული უფლების აღდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ფულადი კომპენსაცია და ა.შ.).

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. ლ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-იმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი. სასამართლო თავის მსჯელობებშივე წინააღმდეგობაში მოდის. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №o4 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-14 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-6 პუნქტი: მშენებარე შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილ უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტაცია, ხოლო მშენებლობის დასრულებისას შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი. საჯარო რეესტრი კი მარტო აზომვით ნახაზს დაეყრდნო, რის უფლებასაც კანონი არ აძლევდა.

დადგენილია რომ მესამე პირმა შენობა-ნაგებობა ააშენა სხვის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ამ შენობის მშენებლობისათვის არაერთხელ დაჯარიმდა მესამე პირი. სასამართლო გასცდა დადგენილ პრაქტიკას რომ უკანონო მშენებლობებზე მერია იღებს გადაწყვეტილებებს მათი დანგრევის თაობაზე და სასამართლოები არ აკმაყოფილებენ შენობა-ნაგებობათა მესაკუთრეების სარჩელებს.

სასამართლოებმა დაარღვიეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნა სადაც პირდაპირ წერია, რომ მოსარჩელეს შეუძლია სარჩელი აღძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე თუ ეს აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერეს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები პირდაპირ და უშუალოდ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და უფლებებს ის უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა შედგა 2023 წლის 1 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების გაცნობისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საჯარო რეესტრის ამონაწერის (27.12.11 წ. მდგომარეობით) შესაბამისად, უძრავი ქონება (ს/კ ...), დაზუსტებული ფართი 140 კვ.მ., ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო პ. ზ-იის სახელზე. 2011 წლის 20 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ, გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №175, რის საფუძველზეც, პ. ზ-ის საკუთრებაში გადაეცა 50 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე - მარნეული, ...ს ქუჩა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (30.01.12 წ. მდგომარეობით) შესაბამისად, უძრავი ქონება (ს/კ ...), დაზუსტებული ფართი 50 კვ.მ., რეგისტრირებული იყო პ. ზ-იის სახელზე (უფლების დამდგენი დოკუმენტი: საკუთრების უფლების მოწმობა №175, 20.12.2011წ). ამონაწერით, საჯარო რეესტრიდან (30.01.12 წ. მდგომარეობით), უძრავი ქონება, მდებარე -მარნეული, ...ს ქუჩა, ს/კ ..., რეგისტრირებული იყო პ. ზ-იის საკუთრებაში (დაზუსტებული ფართობი: 190 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომრები: ..., ...).

2012 წლის 31 იანვარს, მხარეებს - პ. ზ-ისა და ტ. ზ-ის შორის, გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო: უძრავი ქონება ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 190 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა. 2012 წლის 31 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ტ. ზ-იმა მიმართა საჯარო რეესტრს. განცხადებაზე ასევე წარდგენილი იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც მიწის ნაკვეთზე (ფართობი: 190 კვ.მ.) ასევე დატანილი იყო შენობა-ნაგებობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 03 თებერვლის №... რეგისტრაციის შესახებ, გადაწყვეტილებით, ტ. ზ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ ... მესაკუთრე იყო ტ. ზ-ი (დაზუსტებული ფართობი: 190 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 განაშენიანების ფართი 190 კვ.მ.).

საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 25.01.13 წ.) ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება ს/კ ... (წინა ს/კ №: ..., ...; დაზუსტებული ფართობი: 244 კვ.მ., შენობა-ნაგებობა: 190 კვ.მ.) რეგისტრირებული იყო ტ. ზ-ის სახელზე, შემდეგი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე: 28.12.12 წ. საკუთრების უფლების მოწმობა №176; 31.01.12 წ. ჩუქების ხელშეკრულება. 2013 წლის 2 აგვისტოს, მხარეებს: ტ. ზ-ისა და ლ. ზ-ის შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო: მიწის ნაკვეთი ს/კ ..., 244 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა - 190 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 08 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ, გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე (ს/კ ..., 244 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა - 190 კვ.მ.) დარეგისტრირდა ლ. ზ-ას საკუთრების უფლება.

2015 წლის 26 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ლ. ზ-იმა, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. განცხადებას ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობა, ამონაწერი, შიდა ნახაზი (შენობა №1: საერთო ფართი 308.58 კვ.მ). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ, გადაწყვეტილებით, ლ. ზ-ას ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უძრავი ნივთის მონაცემების დაზუსტების შედეგად, ლ. ზ-ას საკუთრება დარეგისტრირდა შემდეგი მონაცემებით: ს/კ ... (წინა ს/კ ...), მიწის ნაკვეთის ფართი 190 კვ.მ, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართი 308.58 კვ.მ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 იანვრის №... გადაწყვეტილებით, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება ს/კ ... (წინა ს/კ ..., მიწის ნაკვეთის ფართი 190 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართი 308.58 კვ.მ.) დარეგისტრირდა ტ. ზ-ის საკუთრებაში.

2017 წლის 29 ნოემბერს მხარეებს ტ. ზ-ისა და სს „ს...ს“ შორის, გაფორმდა შეთანხმება (გარიგება), რის საფუძველზეც, უძრავ ქონებაზე ს/კ ..., საკუთრების უფლება გადაეცა სს „ს...ს“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე ს/კ ... აღირიცხა სს „ს...ს“ საკუთრება.

2018 წლის 30 მარტს სს „ს...სა“ და ი. მ-ის შორის გაფორმდა უძრავი ქონების (ს/კ ...) ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) აღირიცხა ი. მ-ის საკუთრების უფლება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 თებერვლის №32-3221046138 წერილის თანახმად, უძრავი ქონებაზე (ს/კ ...) 2015 წლიდან მშენებლობის ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

2020 წლის 15 სექტემბერს გ. ბ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრს, ს/კ ... მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, გ. ბ-ის უარი ეთქვა დასახელებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, იმ საფუძვლით, რომ სადავო საკითხი სასამართლოს განსჯადი იყო.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აპრილის წლის №002170416 დასკვნის თანახმად: ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი, მოქცეული იყო ს/კ ... მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრების შიგნით, ფიქსირდებოდა გადაფარვა 65 კვ.მ. ნაწილზე. ასევე, შენობის მე-2 სართულის სამხრეთ აივანი სრულად მოქცეული იყო ს/კ ... მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით. აივნის გადაფარვა იყო - 16 კვ.მ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 13 ოქტომბრის №007204921 დასკვნის თანახმად: - 2012 წლის 17 იანვარს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მოიცავდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილს. 2012 წლის 17 იანვარს მომზადებული საკადასტრო გეგმაზე არსებული, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ფაქტობრივი მდგომარეობით განთავსებული იყო №... საკადასტრო კოდით აღრიცხული 2 სართულიანი შენობის ნაწილი.

ამონაწერით, საჯარო რეესტრიდან (03.02.13 წლის მდგომარეობით), უძრავ ქონებაზე ს/კ ... რეგისტირებული იყო შპს „მ...ს“ საკუთრების უფლება (დაზუსტებული ფართობი: 377კვ.მ., მის: მარნეული, ...ს ქ. №...). აღნიშნული უძრავი ქონება, 2013 წლიდან, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იმყოფებოდა მოსარჩელე გ. ბ-ის საკუთრებაში.

სადავო უძრავი ქონება (ს/კ ...) სხვადასხვა დროს იმყოფებოდა მესამე პირების საკუთრებაში. უძრავი ქონების ბოლო მესაკუთრე იყო ი. მ-ი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე; სადავო უძრავ ქონებაზე (ს/კ...), შენობა-ნაგებობის დაზუსტებული რეგისტრაცია განხორციელებულია 2012 წლის 03 თებერვლის №... გადაწყვეტილებით (შენობა: 190 კვ.მ) და 2015 წლის 26 მარტის №... გადაწყვეტილებით (შენობა 2 სართული, 308.58 კვ.მ.); შენობა-ნაგებობის სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, საჯარო რეესტრში წარდგენილია საკადასტრო აზომვითი ნახაზი (სამშენებლო დოკუმენტაცია, ხოლო მშენებლობის დასრულებისას – შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი, წარდგენილი არ ყოფილა).

სადავო უძრავ ქონებაზე 03.02.12 წლის შემდგომ, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მიღებულია გადაწყვეტილებები, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის ნაწილში. წარმოდგენილი მასალების თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემები ზედდებაში არ მოსულა სხვა უძრავ ქონებასთან, მათ შორის, მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან ს/კ ...; მოსარჩელის კუთვნილ უძრავი ქონების (ს/კ ...) საკადასტრო საზღვრების დაზუსტება განხორციელებულია 03.02.13 წლის მდგომარეობით. სარეგისტრაციო მონაცემები ზედდებაში არ ყოფილა სხვა უძრავ ქონებასთან; ექსპერტიზის დასკვნის (02.04.18 წ. №002170416) თანახმად: ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი, მოქცეულია ს/კ ... მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრების შიგნით, გადაფარვა 65 კვ.მ. ასევე, შენობის მე-2 სართულის სამხრეთ აივანი, სრულად მოქცეულია ს/კ №... მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით. აივნის გადაფარვაა 16 კვ.მ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობას არეგულირებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი. სადავო აქტების მიღების ეტაპზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, მოცემული კანონი არსებითად განსაზღვრავდა საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1). ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ხოლო, მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; სარეგისტრაციო დოკუმენტაცია კი არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები.

სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (ძალადაკარგულია - 31.12.19 №487) დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. ინსტრუქციის 25-ე მუხლის შესაბამისად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს. ხოლო 30-ე მუხლის ადგენდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ეტაპზე, ასევე შეიტანებოდა ქონების საკადასტრო მონაცემები, რომელიც ეყრდნობოდა მესაკუთრის მხრიდან წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს. აღნიშნული წესი დღევანდელი კანონმდებლობითაც მოქმედია. საკადასტრო ნახაზის სისწორეზე პასუხისმგებელი სწორედ მესაკუთრეა, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლი).

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს საკადასტრო მონაცემების ზედდების ცნებას, რაც გულისხმობს უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობას უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. ასეთი ტიპის ზედდების შემთხვევაში, წარმოიშობა უფლებრივი კონფლიქტი, შეუსაბამობა, რაც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლები 21-23). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, არ დაფიქსირებულა საკადასტრო მონაცემთა ზედდება, ვინაიდან, სადავო შენობა-ნაგებობა წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით განთავსებული არის სწორედ მესამე პირის მიწის ნაკვეთზე. ამდენად, არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები იმ მოტივით, რომ ადგილი ჰქონდა მესამე პირთა და მოსარჩელის უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ზედდებას.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში სახეზეა შემთხვევა, როდესაც რეგისტრირებული მონაცემები არ აყენებს მოსარჩელის ინტერესებს ზიანს, არ ფიქსირდება უფლებრივი კონფლიქტი. თუმცა უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ მესამე პირების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა, რომლის რეგისტრირებული მონაცემები წინააღმდეგობაში არ მოდის მოსარჩელის რეგისტრირებულ მონაცემებთან, ფაქტობრივად განთავსებულია და იჭრება მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელის კანონიერი ინტერესების მიღწევის მიზნით, არსებითია არა არსებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება, არამედ მესაკუთრისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების სრულად გამოყენება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა სამართლებრივი გზით, მათ შორის, სამოქალაქო სამართალწარმოების გზით (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ფულადი კომპენსაცია და ა.შ.). ამასთან, ცალსახაა ის გარემოება, რომ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, კვლავ უცვლელი დარჩება არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და მოსარჩელის კანონიერი ინტერესი ვერ იქნება დაკმაყოფილებული.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ იქნება განმარტებული, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ნამდვილ მდებარეობასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადით განსაზღვრული უძრავი ნივთის მდებარეობას შორის შეუსაბამობის დაშვებას, სხვა პირთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე. თუმცა აღნიშნული განმარტება გაკეთებულია იმ პირობებში, როდესაც იქმნება სარეგისტრაციო მონაცემების ზედდება და არა ფაქტობრივად მიწის ნაკვეთების საზღვრების დარღვევა.

საკასაციო სასამართლო კვლავ უბრუნდება იმ საკითხს, რომ მოსარჩელის ნამდვილი, კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილების გზა არის არა არსებული სარეგისტრაციო მონაცემის, არამედ არსებული ფაქტობრივად დამდგარი შედეგის, მისი მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევის აღმოფხვრა, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში ვერ მიიღწევა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები: უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, ინტერესების შელახვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ბს-764-764(2კს-18) განჩინება)“. მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს არა მხოლოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონსაწინააღმდეგოობა, არამედ ამ აქტით მისთვის, მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისთვის, ზიანის მიყენების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელე აღწევდეს და იკმაყოფილებდეს მის კანონიერ, აღსრულებად ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღინიშნა არსებული მცდარი საკადასტრო მონაცემებით განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის პირობებშიც კი, მოსარჩელე ვერ დაიკმაყოფილებს კანონიერ ინტერესს და არსებული შენობა-ნაგებობა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დარჩება მის მიწის ნაკვეთზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ საკუთარი დარღვეული უფლებისთვის უნდა იდავოს სამოქალაქო წესით. შესაბამისად, სახეზე არ არის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ. ნ-ის 06/12/2022 წ. საგადახდო დავალება №15331797444-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. დ. ნ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06/12/2022 წ. საგადახდო დავალება №15331797444-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი