Facebook Twitter

№ბ-1650-7(გან-23) 27 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი (მოპასუხე) – სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

კასატორი (მოსარჩელე) - ლ. დ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება (აპლიკანტი - ლ. დ-ე, ნაშრომის შტრიხკოდი - ..., ჩაითვალოს, რომ ლ. დ-ემ აღნიშნული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა); ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტ ლ. დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება (აპლიკანტი - ლ. დ-ე, ნაშრომის შტრიხკოდი - ..., 10.2 დავალების ნაწილში; ჩაითვალოს, რომ ლ. დ-ემ აღნიშნული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა). დაევალა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტ ლ. დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-ემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 გადაწყვეტილებით (1) ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; (2) გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; (3) ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; (4) ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება აპლიკანტის - ლ. დ-ის (ნაშრომის შტრიხკოდი - ...) 10.2 დავალების ნაწილში; (5) დაევალა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტ ლ. დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ და ჩაითვალოს, რომ ლ. დ-ემ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა;

5. 2023 წლის 29 ნოემბერს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების (მე-5 პუნქტის) განმარტება მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლოში სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების თაობაზე არ მიემართებოდა ცენტრს, კერძოდ, განიმარტა, რომ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილების მე-2 თავის „ჟ" ქვეპუნქტის თანახმად, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება არის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული დადგენილებით, ასევე განსაზღვრულია პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ კრედიტქულების მინიჭების მექანიზმი, რომელსაც კოორდინირებას უწევს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ორგანიზებას უწევს საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრი ქმნის ტესტურ დავალებებს, აყალიბებს გასწორების მექანიზმებს - შეფასების სქემებს, შესაბამისი საგნის კვალიფიციური სპეციალისტების ან/და კომპიუტერის მეშვეობით ასწორებს ნაშრომებს დამტკიცებულ შეფასების სქემებზე დაყრდნობით. აღნიშნული პროცედურის შემდგომ კი, აპლიკანტების შედეგებს, მოთხოვნისამებრ, უგზავნის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. სწორედ საბოლოო სიების ფორმირებით წყდება ცენტრის უფლებამოსილება საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრს არ აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება კრედიტქულების მინიჭება/არმინიჭების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა. ცენტრი მხოლოდ განსაზღვრავს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე მონაწილე პირთა შედეგებს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-375(კ-22) ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება აპლიკანტის - ლ. დ-ის (ნაშრომის შტრიხკოდი ...) 10.2 დავალების ნაწილში; სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა აპელანტ ლ. დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ და ჩაითვალა, რომ ლ. დ-ემ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილია ცენტრის პოზიცია და მითითებულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ კრედიტის მინიჭების უფლებამოსილება გააჩნდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და არა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ცენტრს დავალებული აქვს 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭება ლ. დ-ისთვის.

მოქმედი კანონმდებლობა გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო გადაწყვეტილების აღსრულების ითვალისწინებს შესაბამისი ფაქტობრივი შეუძლებლობის შემთხვევას და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების განსაზღვრას, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ნათელია, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც ცენტრს მინიჭებული ექნებოდა აპლიკანტისთვის კრედიტქულის მინიჭების უფლებამოსილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების ინსტიტუტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაურკვევლობა ქმნის მისი რეალიზაციის სირთულეს და წარმოშობს აღსრულების გაურკვევლობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები - №ბს-752-752(კს-18); №ბს-1368(კს-19); №ბს-309(2კს-20)).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების განმარტებაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული საკითხი იმის შესახებ, რომ მოთხოვნა 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების თაობაზე არ მიემართებოდა განმცხადებელს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს, სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების კრიტიკას, რაც არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (მე-5 პუნქტი) გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, შესაბამისად, არ არის ბუნდოვანი და გამომდინარეობს ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება აპლიკანტის - ლ. დ-ის (ნაშრომის შტრიხკოდი - ...) 10.2 დავალების ნაწილში. დაევალა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტ ლ. დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ და ჩაითვალოს, რომ ლ. დ-ემ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა.

ამასთან, დადგენილია, რომ ლ. დ-ემ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ორგანიზებულ ტესტირებაში და მიიღო შემდეგი შეფასება: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) - 24 ქულა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 25 ქულა, გადასალახი ქულის მისაღწევად დააკლდა 1 ქულა. ამასთან, 9.2, 9.3, 10.2 და 42.2 დავალებები შეფასდა 0 (ნული) ქულით, ხოლო 50-ე დავალება 9 ქულით (მაქსიმალური ქულა - 11); 2019 წლის 19 აგვისტოს, ლ. დ-ემ, მისი ნაშრომის 9.2, 9.3, 10.2, 42.2 და 50-ე დავალებების შეფასებასთან დაკავშირებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა საპრეტენზიო განცხადება №6630009128. 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. დ-ის საპრეტენზიო განაცხადი/საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ დავალებებში მის მიერ მიღებული შეფასებები დარჩა უცვლელი; ასევე დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების (მოსარჩელე მოითხოვდა, ჩაითვალოს, რომ ლ. დ-ემ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა) კანონიერების შეფასება და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დავალდებულება ლ. დ-ისთვის 1 (ერთი) ქულის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ცხადია, რომ მოსარჩელის ინტერესი იყო სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილი ყოფილიყო, რომ მან (მოსარჩელემ) საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა.

ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცხადად არის მითითებული, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტ ლ. დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ და ჩაითვალოს, რომ ლ. დ-ემ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა. ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია საკითხის მარეგულირებელ დებულებაზე, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესზე“ (ძალადაკარგულია - 13.09.2019, №193/ნ), რომელიც განსაზღვრავდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ საგნის გამოცდის ჩატარებასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს (მუხ. 1).

პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, აღწერილობით ნაწილთან ერთად, წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველს, მასში აისახება გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების შედეგები, სასამართლოს დასკვნები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველად არსებული ფაქტებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შესახებ. ამდენად, განსამარტი გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების ურთიერთშეჯერების შედეგად, ნათელია, რომ სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით მოპასუხე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტ ლ. დ-ისთვის 1 (ერთი) ქულის მინიჭების შესახებ და ჩაითვალოს, რომ ლ. დ-ემ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასებების შედეგს; ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას. სწორედ აღნიშნული მოსაზრებით აკეთებს მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე. გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალურ წინაპირობას მითითებული მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება წარმოადგენს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების საჭიროების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (მე-5 პუნქტი) არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ცხადი და გასაგებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე