საქმე №ბს-1378(კ-22) 20 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ ...ის ფონდის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა(ა)იპ ...ის ფონდმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილება; გ) დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო ფართზე მოსარჩელე ა(ა)იპ ...ის ფონდის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანება; ე) ბათილად იქნეს ცნობილი საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი (უარი აქტის გამოცემაზე).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ...ის ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (უარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე). სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანება, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეებს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცენ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა(ა)იპ ...ის ფონდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ ...ის ფონდის მიერ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე, ის გარემოება, რომ ქონება გადაცემულია ფონდზე. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანების გამოცემა საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს მის საკუთრებაში უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო ქონებასთან მიმართებით. სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, აქტის გამოცემის პროცესში, ეკისრება ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ვალდებულება. შესაბამისად, მისი მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში გაურკვეველია, როგორი იქნებოდა გადაწყვეტილება ზემოხსენებული დოკუმენტების მოპოვების და მათი სათანადოდ შეფასებისას. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ 1990 წლის ივნისის დადგენილების თანახმად, ქართული ეროვნული კულტურის შემდგომი განვითარების, თანამედროვე პირობებში მისი საზოგადოებრივი როლის და ჟღერადობის ამაღლებისათვის, მიღებულ იქნა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის წინადადება ქალაქ თბილისის ისტორიულ ნაწილში ...ის ფონდთან არსებული თვითანაზღაურებაზე და თვითდაფინანსებაზე მყოფი ...ის დაარსების შესახებ. ამავე დადგენილებით ირკვევა, რომ ... ფონდს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ... „...ის“ შენობა მასში აღნიშნული ...ის განსათავსებლად. საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის მთავარი სამმართველოს 1990 წლის 5 ნოემბრის №4/196 წერილით დადგენილია, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 1 ოქტომბრის №538 განკარგულებით ... „...ის“ შენობები (საზაფხულო, საზამთრო) გადაეცა ...ს. ქ. თბილისის ...ის 2001 წლის 18 ივლისის №31 ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 აპრილის №393 განკარგულების საფუძველზე, თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე ყოფილი ...ი „...ის“ შენობა, სადაც განთავსებული იყო ...ი, გადაეცა ...ის ფონდს, რისთვისაც ზემოაღნიშნული შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა მოსარჩელეს.
კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი სახეზეა, ვინაიდან არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი ქონების ფონდზე გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოსარჩელეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა წაერთვა მისი ინფორმირების გარეშე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ...ის ფონდის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ...ის ფონდის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 1990 წლის 14 მაისს ...ის სათათბიროს თავმჯდომარემ №01-01/30 წერილით მიმართა ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს, რომლითაც ...ის ფონდისთვის ... „...ის“ შენობის გადაცემა მოითხოვა (ტ.1, ს.ფ 376); ბ) 1990 წლის 24 მაისის საქართველოს სსრ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ №133/35 წერილით მიმართა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს და აცნობა, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომი თანახმობას აცხადებდა ...ის შენობა გადასცემოდა ...ს ფონდს. ამავე წერილით აღმასკომის თავმჯდომარემ ითხოვა განკარგულების გამოცემა (ტ.1, ს.ფ 375); გ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის ივნისის დადგენილების თანახმად, ქართული ეროვნული კულტურის შემდგომი განვითარების, თანამედროვე პირობებში მისი საზოგადოებრივი როლის და ჟღერადობის ამაღლებისათვის მიღებულ იქნა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის წინადადება ქალაქ თბილისის ისტორიულ ნაწილში ... ფონდთან არსებული თვითანაზღაურებაზე და თვითდაფინანსებაზე მყოფი ...ის დაარსების შესახებ. ამავე დადგენილებით ირკვევა, რომ ... ფონდს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ... „...ის“ შენობა მასში აღნიშნული ...ის განსათავსებლად (ტ.1. ს.ფ. 16); დ) 1990 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სსრ კულტურის მინისტრმა №02/2146-16 წერილით მიმართა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს და აცნობა, რომ ...ის შექმნის იდეა მხარდასაჭერია. ...ი „...ი“ იმყოფებოდა თბილისის აღმასკომის ბალანსზე. აღმასკომი თანახმა იყო, ...ის შენობა აღნიშნული მიზნით გადასცემოდა ...ს ფონდს (ტ.1, ს.ფ 380); ე) საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1990 წლის 5 ნოემბრის №4/196 წერილით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ეცნობა, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 1 ოქტომბრის №538 განკარგულებით ... „...ის“ შენობები (საზაფხულო, საზამთრო) გადაეცა ...ს. ამავე წერილით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ეთხოვა ნებართვა ... „...ის“ შენობა-ნაგებობა და ძირითადი ფონდები გადაეცეს კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის მთავარი სამმართველოს ბალანსიდან, ...ს (ტ.1. ს.ფ. 19); ვ) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 აპრილის №393 განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 1 ოქტომბრის №538 დადგენილების გათვალისწინებით თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე ყოფილი ...ი „...ის“ შენობა გადაეცა ...ის ფონდს (ტ.1, ს.ფ 21); ზ) ქ. თბილისის ...ის დირექტორის 2001 წლის 18 ივლისის №31 ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 აპრილის №393 განკარგულების საფუძველზე, თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე ყოფილი ...ი „...ის“ შენობა, სადაც განთავსებული იყო ...ი, გადაეცა ...ის ფონდს, რისთვისაც ზემოაღნიშნული შენობა ბალანსიდან-ბალანსზე გადაეცა ...ის ფონდს (ტ.1. ს.ფ. 23); თ) 2001 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 აპრილის №393 განკარგულების საფუძველზე, ერთი მხრივ, ...ის დირექტორსა და მეორე მხრივ, ...ის ფონდის თავმჯდომარის მოადგილეს შორის გაფორმებულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, ...ის ...-ში მდებარე შენობის ... ფონდის ბალანსზე გადაცემის შესახებ (ტ.1, ს.ფ 25); ი) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რათა განხორციელდეს დანართი №1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოცემულ დანართში მითითებულია ქ. თბილისში, ...ის გამზ. ...-ში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; ფართით 3105 კვ.მ (ტ.1, ს.ფ 172-173); კ) 2015 წლის 20 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3105 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები. განცხადებას თან ერთვოდა: 1. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანება; 2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 3. შიდა აზომვითი ნახაზები; 4. ელ. ვერსია (ტ.1, ს.ფ 171-179); ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი მდებარე თბილისი, ...ის გამზ. ..., ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, ფართი - 3105 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებაში (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანება) (ტ.1, ს.ფ 138, 31-32); მ) 2015 წლის 30 ივნისს ...ის ფონდის თავმჯდომარემ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და მოითხოვა შესაბამისი ქმედების განხორციელება, რათა აღკვეთილიყო ფონდის ბალანსზე რიცხული ქონების მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგო ხელყოფა (ტ.1, ს.ფ 34-38); ნ) ...ის ფონდმა (თავმჯდომარე ვ. ა-ა) 2015 წლის 6 ივლისს საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკადასტრო კოდზე: №... განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება (ტ.1, ს.ფ 51-56); ო) ...ის ფონდის თავმჯდომარემ 2015 წლის 7 ივლისს საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანების გაუქმება (ტ.1, ს.ფ 39-44); პ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილებით, ვ. ა-ას 2015 წლის 6 ივლისის №136557/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი სზაკ-ის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით (თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს) (ტ.1, ს.ფ 57-58); ჟ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №... წერილით ...ის ფონდის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში მისამართით - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა (გამზირი) ... წარდგენილია ორი უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა: 1) უძრავი ნივთი აღრიცხულია 1965 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის (ს№...) შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია ...ი „...ი“. მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ. „ა“, საერთო ფართი - 1228.0 კვ.მ; აღნიშნული ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია 1081 კვ.მ; 2) უძრავი ნივთის ს№კ/გ 1788 სააღრიცხვო ბარათი არასრულია (ტ.1, ს.ფ 59); რ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 3 მაისის №04/2795 წერილით ა(ა)იპ ...ის ფონდის თავმჯდომარეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 7 ივლისს წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ აღნიშნული საჩივარი, 2015 წლის 8 ივლისს (რეგისტრაციის ნომერი - №14540/21) განსახილელად გადაგზავნილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ამავე წერილით განიმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი წესით (ტ.1, ს.ფ 320); ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 6 ივლისის №04/4325 წერილით დგინდება, რომ სამინისტროს ...ის ფონდის მიერ 2015 წლის 7 ივლისს წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია (ტ.1, ს.ფ 318).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელე ა(ა)იპ ...ის ფონდის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებაზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ნივთის, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანების საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის გამზ. ...-ში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი მდებარე თბილისი, ...ის გამზ. ..., ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, ფართი - 3105 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებაში (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანება).
განსახილველ საქმეზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უკავშირდება მოსარჩელის ინტერესს - დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის გამზ. ...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ პირველ რიგში, შესაფასებელია საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები წარმოადგენს თუ არა სადავო უძრავ ქონებაზე ა(ა)იპ ...ის ფონდის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს და შესაბამისად, რამდენად არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანების გამოცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. თავის მხრივ, მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაცია არ ემსახურება მარტოოდენ მის ფიქსაციას. რეგისტრაციის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა, ამავდროულად, განაპირობებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 აპრილის №393 განკარგულების გამოცემის დროისათვის მოქმედ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია საქართველოს კანონით 07/21/2010 №3512), რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებს, და უზრუნველყოფდა ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესს. კანონის მიზანს წარმოადგენდა უზრუნველეყო ისეთი საკუთრებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობდა ეფექტური, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.
მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,პრივატიზება’’ არის ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგად სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მისი მართვის უფლებებს.
ამავე კანონის, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი პროცედურების განხორციელების გარეშე, ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების საკუთრების უფლების წარმოშობას არ ითვალისწინებდა. საყურადღებოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 აპრილის განკარგულებაში არ არის აღნიშნული სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე. მართალია, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე ყოფილი ...ი „...ის“ შენობა გადაეცა ...ის ფონდს, თუმცა აღნიშნულის საფუძველი გახდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 1 ოქტომბრის №538 დადგენილება. თავის მხრივ, №538 დადგენილება გამოცემულია თბილისის ...ის შექმნის, მისთვის ...ს სახელის მიკუთვნების შესახებ და მასში რაიმე ქონების გადაცემის შესახებ აღნიშნული არ არის. რაც შეეხება, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის ივნისის დადგენილებას, მასში მითითებულია, რომ ... ფონდს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ... „...ის“ შენობა მასში აღნიშნული ...ის განსათავსებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ ყოფილი ... „...ის“ შენობაზე ა(ა)იპ ...ის ფონდს საკუთრების უფლება არ წარმოშობია და ზემომითითებული დოკუმენტები არ წარმოდგენს მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სახელზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის პირობებში არ არსებობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილების გამოცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამდენად, არ არსებობს არც საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისა (უარი აქტის გამოცემაზე) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ...ის ფონდის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ა(ა)იპ ...ის ფონდს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.12.2022წ. №262 საგადასახადო დავალებით ზ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე