საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-743(2კ-23) 14 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ო.დ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო.დ-მა 2021 წლის 15 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 8200 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ო.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ო.დ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 8200 (რვა ათას ორასი) ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების“ პირველი, მე-2 მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 2 სექტემბერს, ქ. თბილისში, ...ის გამზ. N29-ა ეზოში, ქარის შედეგად ხე დაეცა ...-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც დაზიანდა მთლიანად. ხემ დააზიანა ასევე კორპუსის მიმდებარედ გაზის მილი. პალატამ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. 29-ის მიმდებარედ არსებული მწვანე ნარგავების მოვლა - აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ასევე მიუთითა, რომ თბილისის ტერიტორიაზე ხე - მცენარეების მოვლითი ჭრის განხორციელება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებაა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლები და განმარტა შემდეგი: თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ჩაიდინეს მმართველობითი ღონისძიების - მოქმედების განუხორციელებლობა, არ უზრუნველყვეს მათზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულება, რამაც დამდგარი ფაქტობრივი შედეგით ფიზიკურ პირს მიაყენა მატერიალური ზიანი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია მათი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს შემდეგს: „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-4 გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1 მარტს შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა და თავის საქმიანობას წარმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-20 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ით „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, რომლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგეობის კომპეტენციათა შორის განსაზღვრულია დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანების უზრუნველყოფა, მწვანე ნარგავების მოვლა - აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს ხე - მცენარეების დარგვისა და მოვლა - აღდგენის სამუშაოებს გამგეობის მიერ სკვერების კეთილმოწყობის ფარგლებში, ხოლო მოჭრის, გადაბელვის და სხვლა - ფორმირებითი სამუშაოების განხორციელებას, მოქალაქეთა მხრიდან შესაბამისი მომართვის საფუძველზე. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნული პუნქტის ჩანაწერი არასწორად იქნა განმარტებული.
წარმომადგენლის მსჯელობით, გამგეობის კომპეტენციას არ წარმოადგენს ხე - მცენარეების გეგმიური მონიტორინგი, გამოკვლევა, ამოძირკვა დ.ა.შ. რაც უშუალოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ფუნქციებში შედის სხვა ვალდებულებებთან ერთად და გაწერილია მათი დებულებით, შესაბამისად, გამგეობის ფუნქცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მცირეა, რადგან გამგეობა თავისი რესურსით იმ სამუშაოებს ვერ განახორციელებს, რაც საქალაქო სამსახურის უშუალო ფუნქციებში შედის. კასატორის მსჯელობით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიუთითეს, რომ გამგეობამ არ მოახდინა რეაგირება 2011-2012 წლებში დაფიქსირებულ მოქალაქეთა შეტყობინებებზე. განმარტავს, რომ ...ის რაიონის გამგეობა შეიქმნა 2013 წელს, მითითებულ პერიოდამდე კი ფუნქციონირებდა ... - ...ის რაიონის გამგეობა, რომლის ფუნქციებიც გაწერილი იყო „ქ. თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N6 ბრძანებით, რომლის თანახმადაც, მითითებული ფუნქცია იმ დროისთვის გამგეობას არ ჰქონდა. იმ პირობებში, როდესაც მაშინდელი გამგეობის ფუნქციაში არ შედიოდა აღნიშნული ფუნქცია, კასატორის მსჯელობით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ადმინისტრაციული ორგანოსათვის, კერძოდ კი ...ის რაიონის გამგეობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ საკითხზე, რაც მის კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილ მისამართზე ხეების მოჭრის, სხვლა -ფორმირების ან გადაბელვის მოთხოვნით გამგეობაში განცხადება/შეტყობინება არ შესულა. გამგეობის საუბნო განყოფილების მიერ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ეცნობათ ინფორმაცია, მიმართეს კონტრაქტორ კომპანიას (შპს ,,...“) წაქცეული ხის გადატანასთან დაკავშირებით, რომელმაც უზრუნველყო აღნიშნული ხის დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან გატანა, რაც კასატორის განმარტებით, არ გულისხმობს გამგეობის სხვა ვალდებულებების არსებობას მითითებულ ტერიტორიასთან ან/და კონკრეტულად ხესთან მიმართებით, ასევე განმარტავს, რომ კანონი არ უკრძალავდა შესული ინფორმაციის საფუძველზე, წაქცეული ხის გატანა დაევალებინათ კონტრაქტორი კომპანიისათვის. მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც თავის მხრივ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ შედეგთან და წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს, არ არსებობს ...ის რაიონის გამგეობისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას და განმარტავს შემდეგს:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 30 დეკემბრის N31-01213641401 წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ 2021 წლის 9 სექტემბერს ო.დ-მა N19/01212521983-01 განცხადებით მიმართა გამგეობას და მოითხოვა ავტომობილზე ხის დაცემის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. გამგეობის მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოკვლეული იქნა საკითხი და გადამოწმდა ზემოაღნიშნულ მისამართზე ხის ავარიულობის თაობაზე დაფიქსირებული იყო თუ არა განცხადება და დადგინდა, რომ მითითებულ მისამართზე ხეების მოჭრის, სხვლა - ფორმირების ან გადაბელვის მოთხოვნით მიმდინარე წელს გამგეობაში წერილი არ შესულა.
წარმომადგენელი მიუთითებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-20 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულების“ მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ვინაიდან მითითებულ მისამართზე ხეების მოჭრის, სხვლა - ფორმირების ან გადაბელვის მოთხოვნის თაობაზე გამგეობაში განცხადება არ დაფიქსირებულა, გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა ავტომობილზე ხის დაცემის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირების ფარგლებში, გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ (შპს „...“) უზრუნველყო აღნიშნული ხის დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან გატანა. წარმომადგენელი აპელირებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 72-ე, 106-ე მუხლებზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 ივნისის N11-58 დადგენილების მე-6 მუხლზე და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია არასათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 ოქტომბრის N007244821 დასკვნაში მითითებულია დაზიანებული ავტომობილის არა საბაზრო ღირებულება, არამედ საორიენტაციო ფასი. აპელირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს მითითებული კომპონენტები ერთდროულად, რომელიმეს არარსებობა კი გამორიცხავს ანაზღაურების ვალდებულებას. იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობამ (განვითარებულ მოვლენასთან მიმართებაში პრევენციის ან რეაგირების კუთხით შესაბამის ვალდებულებათა განუხორციელებლობამ) წარმოშვას ბრალეული მიზეზობრიობა, აუცილებელია ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა რეალურად განხორციელების შესაძლებლობა. ასევე უნდა დადგინდეს, ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებელი და სავალდებულო მოქმედებით, თავიდან იქნებოდა აცილებული შედეგი, რომელმაც კონკრეტული პირის (პირებისათვის) ზიანი გამოიწვია. გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ ზიანი რომლის თავიდან აცილების შესაძლებლობაც გააჩნია კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს - ადმინისტრაციულ ორგანოს, განპირობებულია გარეშე ფაქტორებით, ხოლო ორგანოს შესაძლო უმოქმედობით გამოწვეული ბრალეულობის საკითხი უნდა დადგინდეს თავად ამ ფაქტორებზე ზემოქმედების და საფრთხის შემცირების ან თავიდან აცილების შესაძლებლობით. უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის და 2023 წლის 27 ივლისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 8200 ლარის ოდენობით. სარჩელის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები. უმოქმედობამ გამოიწვია უფლებებისა და ინტერესების ხელყოფა, რამაც წარმოშვა მათი მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ო.დ-ის სახელზე რეგისტრირებულია ...-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ..., მოდელი -.... საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეაგირების ოქმის თანახმად, 2021 წლის 2 სექტემბერს, ქ. თბილისში, ...ის გამზ. N29-ა ეზოში, ქარის შედეგად ხე დაეცა ...-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც დაზიანდა მთლიანად. ხემ დააზიანა ასევე კორპუსის მიმდებარედ გაზის მილი.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. N29-ის მიმდებარედ არსებული N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. დადგენილია, რომ ო.დ-მა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 30 დეკემბრის N31-01213641401 წერილში მითითებულია, რომ ვინაიდან მითითებულ მისამართზე ხეების მოჭრის, სხვლა - ფორმირების ან გადაბელვის მოთხოვნის თაობაზე გამგეობაში განცხადება არ დაფიქსირებულა, შესაბამისად გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა ავტომობილზე ხის დაცემის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2021 წლის 29 ნოემბრის N18-01213332973 წერილით, ო.დ-ს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მას შეეძლო აღნიშნული მოთხოვნით მიემართა სასამართლოსათვის.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 ოქტომბრის N... წერილში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. N29ა-სთან ყველაზე ახლოს მდებარე თბილისის ...ის მონაცემებით, 2021 წლის 2 სექტემბერს დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძლიერი ქარი მაქსიმალური სიჩქარით 18 მ/წმ-ში, ქ. თბილისის ...ის მონაცემებით - ძალიან ძლიერი ქარი 28 მ/წმ-ში, ხოლო სინოპტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ქალაქის ცალკეულ უბნებში 20-22 მ/წმ სიჩქარის ქარის ალბათობა მაღალი იყო.
საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-20 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპურ დებულებაზე“, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თბილისის რაიონის გამგეობა არის თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის - რაიონის მართვას. დებულების მე-2 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ გამგეობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანება, მწვანე ნარგავების მოვლა - აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-11 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის გარემოს დაცვას, მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ლანდშაფტურ - სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების დაგეგმარებას, მუნიციპალური მნიშვნელობის ტყის მართვას, სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის ძირითადი ფუნქციებია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში მოვლითი ჭრის განხორციელება. მითითებული საკანონმდებლო რეგულაციისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების ის მსჯელობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. 29-ის მიმდებარედ არსებული მწვანე ნარგავების მოვლა - აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ასევე, თბილისის ტერიტორიაზე ხე - მცენარეების მოვლითი ჭრის განხორციელება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებაა. შესაბამისად, განსახილველ დავის საგანთან მიმართებაში პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანო - ...ის რაიონის გამგეობა, ისე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური.
დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრული იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება(#ბს-648-623(2კ-13),10.04.2014წ). ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ სახეზეა მმართველობითი ღონისძიების - მოქმედების განუხორციელებლობა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ უზრუნველყვეს მათზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულება, რამაც დამდგარი ფაქტობრივი შედეგით ფიზიკურ პირს მიაყენა მატერიალური ზიანი. მოსარჩელის იმ განმარტებაზე - გამგეობამ არ მოახდინა რეაგირება 2011-2012 წლებში დაფიქსირებულ მოქალაქეთა შეტყობინებებზე, კასატორი უპირისპირებს იმ მსჯელობას, რომ ...ის რაიონის გამგეობა შეიქმნა 2013 წელს, მითითებულ პერიოდამდე კი ფუნქციონირებდა ... - ...ის რაიონის გამგეობა, რომლის ფუნქციებიც გაწერილი იყო „ქ. თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N6 ბრძანებით და რომლის თანახმადაც, მითითებული ფუნქცია იმ დროისთვის გამგეობას არ ჰქონდა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ...ის რაიონის გამგეობის მითითებულ მსჯელობას და მიუთითებს ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N6 ბრძანებით დამტკიცებულ ქ. თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის დებულებაზე, რომელიც “საქართველოს დედაქალაქის - ქ. თბილისის შესახებ” საქართველოს კანონისა და “ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის N1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს რაიონის გამგეობის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. დებულების მე-9 მუხლით გაწერილია გამგეობის უფლებამოსილებანი, კერძოდ, პირველი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტში მითითებულია, რომ გამგეობის კომპეტენციაშია მოქალაქეების, წარმოება - დაწესებულებების, სხვადასხვა სააგენტოების მიერ სამსახურში შემოსული წერილობითი და სიტყვიერი თხოვნების განხილვა და დადგენილი წესით თანხმობის გაცემა ზეხმელი და ავარიული ხეების ამოძირკვაზე და ფორმირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2011-2012 წლის მდგომარეობით, ... - ...ის რაიონის გამგეობას არ გააჩნდა ცალსახად იდენტური უფლებამოსილებანი, რომელიც დღეის მდგომარეობით გააჩნია ...ის რაიონის გამგეობას, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო სივრცეში მითითებული პერიოდისათვისაც არსებობდა რელევანტური ჩანაწერი, რაც წარმოშობდა მოქალაქეთა მიერ წარდგენილ განცხადებებზე რეაგირების ვალდებულებას, რაც გამგეობის მიერ არ განხორციელებულა.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის იმ განმარტებას, რომ 5 წელზე მეტი ვადის დოკუმენტაცია იგზავნება არქივში და მოძიებული ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე ხის ავარიულობის თაობაზე 2011-2012 წლის შეტყობინება და განცხადება მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის არქონის გამო ვერ მოიძებნა, აღნიშნულზე საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეებმა ვერ გაართვეს თავი მტკიცების ტვირთს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ამყარებდნენ თავიანთ პოზიციას. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პოზიციას მათი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობის თაობაზე.
კასატორებისთვის დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 ოქტომბრის N007244821 დასკვნაზე რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, 2001 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომანქანა ... ...-ის (სახელმწიფო ნომრით...) საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 12 200 ლარს ხოლო, საბაზრო ღირებულება დაზიანებულ მდგომარეობაში საორიენტაციოდ შეადგენს 4000 ლარს. დასკვნის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 8 200 ლარის დაკისრების ნაწილშიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე