Facebook Twitter

№ბს-1091(კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, მესამე პირი - სს "...ი").

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 18 თებერვალს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 24 სექტემბერს განცხადებით მიმართა სს „...ს“ მის კუთვნილ ობიექტზე მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქ. №21-ში გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით, მოთხოვნილი სიმძლავრე შეადგენდა 1 000 კვტ-ს. ელექტროენერგიისა მიწოდებისა და მოხმარების წესების დანართი №6-ის თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 90 სამუშაო დღეში, ე.ი 2019 წლის 4 თებერვალს, ხოლო მიერთების საფასური შეადგენდა 94 000 ლარს, რომლის ნახევარი 47 000 ლარი გადაიხადა კომპანიამ განაცხადის შეტანამდე. სს „...მა“ ქსელზე დაერთება განახორციელა 2019 წლის 27 სექტემბერს, ერთი წლის დაგვიანებით, კანონით გათვალისწინებული 90 სამუშაო დღეზე ვადის გადაცილებით. სს „...ი“ ქსელზე მიერთების დროულად დაუსრულებლობის გასამართლებლად მიუთითებდა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო გარე მიზეზებით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 17.01.2019წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ განცხადების განხილვა, რომლითაც ითხოვდა სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის კაბელის გატარებაზე თანხმობას გახანგრძლივდა 90 დღით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის წერილით სს „...ს“ ეცნობა, რომ ორი მიწის ნაკვეთიდან ერთ-ერთი, რომელზეც იგეგმებოდა კაბელის გაყვანა ...ის სარგებლობაში იყო, რომელთანაც უნდა შეთანხმებულიყო საპროექტო დოკუმენტაცია.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “...ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით. შპს “...მა” მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით შპს “...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დანართი №4-ზე, რომლის თანახმად, 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა არის 90 სამუშაო დღე. შესაბამისად, უდავოა, რომ სს ,,...ს“ უნდა უზრუნველეყო მოსარჩელის, როგორც ახალი მომხმარებლის მიერთება ქსელთან 2018 წლის 24 სექტემბრიდან (განცხადების წარდგენის მომენტი) 90 სამუშაო დღის ვადაში, ანუ - არაუგვიანეს 2019 წლის 4 თებერვლისა.

სს “...ის” მოქმედებების მართლზომიერების შესაფასებლად სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამ გარემოებაზე: 1. განცხადების მიღებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში სს ,,...მა“ ჩაატარა მოკვლევა და განსაზღვრა მიერთების ტექნიკური პირობები, რომლებიც წარუდგინა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციათა შეჯერებას დასჭირდა რამდენიმე კალენდარული თვე, რაც არ იყო სს ,,...ის“ ბრალით გამოწვეული (მაგ: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არასწორად აღიქვა სს ,,...ის“ 2018 წლის 15 ნოემბრის განცხადების შინაარსი, რამაც მიერთების პროექტის შეთანხმების ვადა მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა და სააგენტოც იძულებული გახადა - ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაეგრძელებინა) და 3. მიერთების პროექტის საბოლოოდ შეთანხმების მომენტიდან (2019 წლის 24 ივლისი) 30 სამუშაო დღის ვადაში სს „...მა“ დაასრულა კიდეც მიერთების სამუშაოები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტის გათვალისწინებით, რომ სს ,,...ს“ თბილისში მრავალი ათასი და მუდმივად მზარდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს, კომპანიამ დროულად, გონივრულ ვადებში განახორციელა ელექტროენერგიის ახალ მომხმარებლად მოსარჩელის მიერთებისათვის აუცილებელი ქმედებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...მა”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ. კასატორის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს უნდა დაედგინა სს “...ის” მიერ ვადის გადაცილება გამოწვეული იყო თუ არა გარე მიზეზებით და დადებით შემთხვევაში, გამოეკვლია ამ გარე მიზეზების მოქმედების ხანგრძლივობა და აღნიშნულის გამოკლებით გადაეწყვიტა საკითხი, ჩაეტია თუ არა სს "...ი" კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებულ „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებზე", რომლებიც განსაზღვრავენ სტანდარტის შეუსრულებლობის გარე მიზეზის ზოგად ცნებას და ასევე ადგენენ ლიცენზიანტის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს, კერძოდ თუ ადგილი აქვს სტანდარტის შეუსრულებლობას გარე მიზეზით. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 26-ე პრიმა მუხლზე, რომლითაც გაწერილია უზრუნველყოფის ვადის მოქმედების დაწყება და დასრულება, ასევე ამ ვადის დინების შეჩერების საფუძვლები და ხანგრძლივობა ადმინისტრაციული ორგანოების შესაძლო ქმედებებთან მიმართებით. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნებართვის გაცემისთვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა მხოლოდ ერთხელ, კერძოდ 2019 წლის 17 ივნისს თანხმობის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ადმინისტრაციული აქტი სამართალწარმოების ვადის 90 დღით გაგრძელების შესახებ, სწორედ აღნიშნული პერიოდიდან უნდა შეჩერდეს ლიცენზიანტისათვის კანონმდებლობით გაწერილი უზრუნველყოფის მოქმედების ვადა. ზემოაღნიშნულ დღემდე გასული იყო 78 დღე. ვადის დენა დასრულდა 2019 წლის 26 თებერვალს, მაშინ როდესაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სს „...ს“ გადაუგზავნა ...ის წერილი, რომელშიც მითითებული იყო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხა. გარე მიზეზების დასრულების თარიღად 2019 წლის 13 ივნისის (სს "...ს" ეცნობა ...ის უარი) მიჩნევის შემთხვევაშიც, სს „...ის“ მიერ დარღვეულია კანონით დადგენილი გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის 90-დღიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლი მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/18 გადაწყვეტილების კანონიერება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს შპს „...მა“ განაცხადით მიმართა სს „...ს“ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ (ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი - არასაყოფაცხოვრებო; მოთხოვნილი სიმძლავრე - 1000 კვტ., ძაბვის საფეხური - 6/10 კვ.; გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური - 94 000 ლარი). მიერთების უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 4 თებერვალი (90 სამუშაო დღე). მომხმარებელმა განაცხადის წარდგენის დღესვე გადაიხადა მიერთების საფასურის ნახევარი (47 000 ლარი).

ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, სს „...ის“ მიერ ჩატარდა მოკვლევა და 2018 წლის 12 ოქტომბერს განისაზღვრა ტექნიკური პირობები.

ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 7 ნოემბრის №QN 1641683 გადაწყვეტილებით სს „...ს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსება იგეგმებოდა კერძო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და არ სცდებოდა საკადასტრო საზღვარს, ხოლო სააგენტო უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ან/და საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოების შესახებ.

2018 წლის 15 ნოემბერს სს „...მა“ მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ სს „...ში“ შევიდა შპს „...ის“ ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების ელექტროენერგიით მომარაგებაზე განაცხადი, მოთხოვნილი სიმძლავრე 3 ფაზა 1000 კვტ., მისამართი: თბილისი, ...ას ქ. №21 (ს/კ ...). განცხადებით სააგენტოს ეთხოვა თანხმობა ელ. მომარაგების მის კუთვნილ ტერიტორიაზე (ს/კ ... და ...) განხორციელებაზე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის №5/67708 წერილით სს „...ს“ ეცნობა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-15 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, 330 კვ. და მეტი ელექტროგადამცემი ხაზი (კვ) განეკუთვნება I კატეგორიას, ხოლო ამავე დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) ხაზობრივ ნაგებობებს განეკუთვნება I და II კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, V კლასის შენობა-ნაგებობები კი ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას უნდა მიემართა საქართველოში სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის.

2018 წლის 28 დეკემბერს სს „...“-მა განმეორებით მიმართა განცხადებით სააგენტოს და განუმარტა, რომ მაღალი ძაბვის სიდიდეა 6 კვ. და არა 1000 კვ. განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრე - 3 ფაზა 1000 კვტ. შესაბამისად, ეთხოვა თანხმობა ელ. მომარაგება განხორციელებულიყო მის კუთვნილ ტერიტორიაზე (ს/კ ... და ...), მაღალი ძაბვის კაბელის მიწაში ჩადებით.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 იანვრის წერილით კომპანიას ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენის მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება წერილის განხილვის ვადის მისი წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის წერილით კომპანიას გაეგზავნა ...ის 2019 წლის 12 თებერვლის №02/2242 წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ წარსადგენი იყო ელექტროგადამცემი ხაზის განთავსების დეტალური პროექტის, აზომვითი ნახაზის, წითელი ხაზებიდან დაშორებების, ტრანშეის სამი განზომილების, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონების, განაკაფების სიგანის, ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია. ასევე წარსადგენი იყო ინფორმაცია, თუ რა შეზღუდვებს წარმოშობდა ელექტროგადამცემი ხაზის განთავსება ...ის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) მომავალში სამშენებლო სამუშაოების (საავტომობილო გზა, შენობები) წარმოებისას, როგორც მშენებლობის ნებართვის მოპოვების ეტაპზე, ასევე უშუალოდ სამუშაოების წარმოებისას. ასევე ეთხოვა დასაბუთება წარედგინათ, რატომ არ არსებობდა შპს „...ის“ კუთვნილი ობიექტის (ს/კ ...) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სხვა, ალტერნატიული ტექნიკური საშუალება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ ზემოაღნიშნული წერილით სს „...ს“ განუმარტა, რომ ...ასთან შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო დამატებით განიხილავდა საკითხს.

...ის დირექტორის 2019 წლის 13 ივნისის №02/2350 წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და სს „...ს“ ეცნობათ, რომ ...ას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შპს „...ის“ კუთვნილი ობიექტის (ს/კ ...) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების და ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, ...ის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ელექტროგადამცემი ხაზის განთავსება, ვინაიდან აღნიშნულს მომავალში შესაძლოა გამოეწვია შეფერხება ...ის მიერ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას.

შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე სს „...ის“ მიერ 2019 წლის 1 ივლისს განისაზღვრა ახალი ტექნიკური პირობები.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №QN1693270 გადაწყვეტილებით სს „...ს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ხაზობრივი ნაგებობის განთავსება ხორციელდება დიდ ფართობზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანებით, თუმცა არსებობდა შესაძლებლობა მცირე მონაკვეთის ელ. ქსელის განთავსებისა და ობიექტის ელ. მომარაგების, რომელიც საჭიროებდა მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან შეთანხმებას.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის №QN1695715 გადაწყვეტილებით სს „...ის“ თხოვნა დაკმაყოფილდა და მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №21-ის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

დადგენილია, რომ შპს „...ის“, როგორც ახალი მომხმარებლის, მიერთების სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 4 სექტემბერს.

2019 წლის 29 ოქტომბერს შპს „...ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სს „...მა“ ელექტროენერგიით მომარაგების სამუშაოს ვადები დაარღვია და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 26.1 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სს „...ისთვის“ მომსახურების ღირებულების მეორე ნაწილის (50%) გადახდის ვალდებულების მოხსნა და ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნება აბონენტის სადეპოზიტო ანგარიშზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/18 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ წარმომადგენლის განცხადება არ დაკმაყოფილდა და სს „...ის“ მიერ შპს „...ზე“ (აბ. №...) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 94 000 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიანტს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. დასახელებული წესის 26-ე მუხლი ეხება ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამავე კოდექსის 261 მუხლის მიხედვით კი, განმტკიცებულია ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურები, ხოლო დასახელებული მუხლის 81 პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიანტის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამავე წესების დანართი 4-ის თანახმად, 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა არის 90 სამუშაო დღე.

მითითებული წესის 261 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიატის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებულ „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის 7.1 მუხლის თანახმად, საწარმოს მხრიდან მომსახურების კომერციული ხარისხის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეუსრულებლობის მიზეზები კლასიფიცირდება შემდეგი სახით: ა) გარე მიზეზები; ბ) შიდა მიზეზები. ზემოაღნიშნული წესების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარე მიზეზს წარმოადგენს ფორსმაჟორული გარემოება (დაუძლეველი ძალა) ან/და საწარმოსგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზი, რომლითაც გამოწვეულია ამ წესებით დადგენილი საერთო ან გარანტირებული სტანდარტის შეუსრულებლობა. აღნიშნულ გარემოებას უნდა ადასტურებდეს საწარმოს ხელმძღვანელის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. ხოლო ამავე პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, შიდა მიზეზი არის გარემოება, რომლითაც გამოწვეულია ამ წესებით დადგენილი საერთო ან გარანტირებული სტანდარტის შეუსრულებლობა და რომელზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს (რომელიც არ არის განპირობებული გარე მიზეზით). ამავე მუხლის მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმომ მომხმარებელს გაუწეველი მომსახურების შემთხვევაში უნდა აუნაზღაუროს ფულადი თანხა - კომპენსაცია (ამ წესების პირობების შესაბამისად), ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუწეველი მომსახურება არის ამ წესებით დადგენილი გარანტირებული სტანდარტის შიდა მიზეზით შეუსრულებლობა.

ზემოაღნიშნული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შიდა მიზეზებით შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია, ამ წესების მიხედვით უზრუნველყოს მომხმარებლისთვის გაუწეველი მომსახურებისთვის განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული კომპენსაცია მომხმარებელს უნდა დაერიცხოს მის სააბონენტო ბარათზე, კრედიტის სახით, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის. ამასთან, კომპენსაცია უნდა აისახოს მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე, მომსახურების გარანტირებული სტანდარტის დარღვევიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. ხოლო წესების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის მოთხოვნების შეუსრულებლობლობა განპირობებულია გარე მიზეზით, ეს უნდა დადასტურდეს შესაბამის ელექტრონულ ჟურნალში ატვირთული დოკუმენტაციით.

დადგენილია, რომ 2019 წლის 29 იანვარს სს „...ის“ გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა შპს „...ის“ 2018 წლის 24 სექტემბრის №CNS-09/5772/18 განცხადებასთან დაკავშირებით. სს „...მა“ განმარტა, რომ განაცხადის ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში სს „...ს“ არ დაკისრებოდა №13 დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაცია, რადგან ადგილი არ ჰქონია გარანტირებული სტანდარტის შიდა მიზეზით შეუსრულებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტი ძირითადად დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ კომპანიამ ახალი აბონენტის ქსელთან მიერთება ვერ შეასრულა გარე მიზეზებიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელის ქმედებები განხორციელებული იყო შემდეგ თარიღებში - განცხადება წარდგენილია 2018 წლის 24 სექტემბერს, მიერთების ვადად განისაზღვრა - 2019 წლის 4 თებერვალი, მოკვლევა ჩატარდა და ტექნიკური პირობები განისაზღვრა 2018 წლის 12 ოქტომბერს, 2018 წლის 15 ნოემბერს სს „...მა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში წარადგინა და ითხოვა თანხმობა, 2018 წლის 11 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სს „...ს“ აცნობა უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის თაობაზე, 2018 წლის 28 დეკემბერს სს „...მა“ განმეორებით მიმართა სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 იანვრის წერილით სს „...ს“ ეცნობა განცხადების განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების თაობაზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის წერილით სს „...ს“ გაეგზავნა ...ის წერილი, რომლითაც იგი გარკვეულ ინფორმაციას ითხოვდა, ...ის დირექტორის 2019 წლის 13 ივნისის წერილით სს „...ს“ ეცნობა, რომ არ მიაჩნდათ მიზანშეწონილად მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ელექტროგადამცემი ხაზის განთავსება. 2019 წლის 1 ივლისს სს „...ის“ მიერ განისაზღვრა ახალი ტექნიკური პირობები. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.07.2019წ. გადაწყვეტილებით სს „...ს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შპს „...ის“ ქსელზე მიერთება დასრულდა 2019 წლის 4 სექტემბერს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ სს „...ის“ 15.11.2024წ. განცხადების განხილვის ვადა გაახანგრძლივა 90 დღით და საბოლოოდ გადაწყვეტილება 24.07.2019წ. მიიღო. ნიშანდობლივია, რომ სს „...მა“ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შპს „...ის“ ახალ მომხმარებლად რეგისტრაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაასრულა მიერთების სამუშოები. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას და ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სახეზე იყო გარე მიზეზები, რამაც გამოიწვია შპს „...ის“ ახალი მომხმარებლად მიერთების ვადის გადაწევა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მომხმარებლის მიერთების საფასურის 50%-ით შემცირების და ავანსად გადახდილი თანხის აბონენტის სადეპოზიტო ანგარიშზე დასმის საფუძველი, რადგან მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების ვადაში დაუსრულებლობა არაა გამოწვეული მოპასუხის ბრალით (კომპანიის შიდა მიზეზებით). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას სხვა ადმინისტრაციული ორგანოების სამართლებრივი პოზიციების შეუთანხმებლობის გამო პასუხისმგებლობა სს "...ს" ვერ დაეკისრება. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მოთხოვნილი სამუშაოს შესრულების დაყოვნება გამოწვეული იყო მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზებით (გარე მიზეზებით), აღნიშნული არ წარმოშობს სამუშაოს შემსრულებლის პასუხისმგებლობას, შესაბამისად სახეზე არაა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კ. კ-ეს 17.10.2023წ. №3608 საგადასახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება;

3. კ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 17.10.2023წ. №3608 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ.ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა