№ბს-891(კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ლ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; მესამე პირი (სასკ 16.2) - შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ...ა“, შპს „გ...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 8 დეკემბერს ი. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ, მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 ოქტომბრის №16011110/669415 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 2 თებერვლის სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით, 2020 წლის 9 ნოემბერს ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელის დამსაქმებელმა შპს „კ...ამ“ მიიღო წერილი მისი კუთვნილი ხელფასის ნაწილის დაკავების შესახებ. აღნიშნული წინადადება და წერილი კერძო აღმასრულებელმა გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 ოქტომბრის №16011110/669415 ბრძანების აღსასრულებლად. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დარღვეული იყო მისი გამოცემისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, ვინაიდან “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ...ას” მიერ დადებული ხელშეკრულება იყო კანონთან შეუსაბამო, მასზე არ იყო მოსარჩელე მხარის ხელმოწერა და არ იყო ნება გამოხატული ხელშეკრულების დადებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ლ-ამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით ი. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2015 წლის 4 თებერვალს ი. ლ-ასა და შპს „კ...ს“ შორის გაფორმდა სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება, რომელიც გაიცა ი. ლ-ას ...ს ბანკის ანგარიშზე GE.... 2016 წლის საგადასახადო ისტორიით ირკვეოდა, რომ ი. ლ-ამ სამჯერ გადაავადა სესხის დაფარვა.
შპს „კ...ის“ წარმომადგენელმა დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს რესპონდენტ ი. ლ-ას მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა მოთხოვნის ძირითად თანხად მიუთითა 600 ლარი, სარგებელი - 82.98 ლარი, პირგასამტეხლო - 3742.62 ლარი, სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, სულ 4525.60 ლარი.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 სექტემბრის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №16011110/154712 შეტყობინებით, რესპონდენტ ი. ლ-ას ეცნობა, რომ 2016 წლის 28 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებული იყო: აპლიკანტის - შპს „კ...ის“ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენდა 4525.60 ლარს, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების საფასური იყო 90.51 ლარი, რაც ჯამში შეადგენდა 4616.11 ლარს. მოთხოვნის საფუძვლად მითითებული იყო გენერალური ხელშეკრულება. ამავე შეტყობინებით ი. ლ-ას მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, ერთ-ერთი მოქმედების განხორციელებისთვის: სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ რესპონდენტს - ი. ლ-ას 2018 წლის 19 სექტემბრის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №16011110/154712 შეტყობინება პირადად ჩაბარდა 2019 წლის 20 სექტემბერს კანონით დადგენილი წესით, რაც დაადასტურა ხელმოწერით და დაფიქსირდა მისი პირადი ნომერი. აღნიშნული სადავოდ არც მოსარჩელე მხარეს გაუხდია.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინებით აპელანტს ეცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს ასევე განემარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი პროტესტის განცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით ი. ლ-ას ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კანონით დადგენილ ვადაში, ი. ლ-ას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არც ერთი არ განუხორციელებია. მათ შორის, არ გამოუყენებია უფლება, წარედგინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ლ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის პოზიციის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის საფუძველზე დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის დასაბუთებულობა. კერძოდ, უნდა შეამოწმოს, განცხადებაში მითითებული გარემოებები და თავად დოკუმენტური მტკიცებულებები იურიდიულად ქმნის თუ არა კონკრეტული მოთხოვნის წაყენების უფლებას. ეს არის სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლიანობის და აქედან გამომდინარე, სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის დაცვა, რომ პირს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მის მოქმედებას არ გამოუწვევია, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ პრეტენზიას ის უპასუხებს თუ - არა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 417-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა იყო თუ არა სახეზე ხელშეკრულება სესხზე, სარგებელზე და პირგასამტეხლოზე. პირგასამტეხლოზე შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობითი ხელშეკრულებით. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი, წერილობით ხელშეკრულების მიუხედავად, კრძლავს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას სესხის ძირი თანხის 1,5-მაგ ოდენობაზე მეტი ოდენობით. სესხისა და სარგებლის (საკომისიოს), განსაკუთრებით კი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ბიუროს უნდა შეემოწმებინა, იყო თუ არა წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. სასამართლოს უნდა მიეთითებინა, ხელმოუწერელი ხელშეკრულება მიიჩნია თუ არა წერილობით ხელშეკრულებად და რა საფუძვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ლ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ 2019 წლის 28 ოქტომბრის №16011110/669415 ბრძანების გამოცემის კანონიერება წარმოადგენს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს (მუხლი1).
მითითებული კანონის 913 მუხლი ადგენს, რომ მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 4 თებერვალს ი. ლ-ასა და შპს „კ...ს“ შორის გაფორმდა სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება, რომელიც გაიცა ი. ლ-ას ...ს ბანკის ანგარიშზე GE....
შპს „კ...ის“ წარმომადგენელმა დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს რესპონდენტ ი. ლ-ას მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა მოთხოვნის ძირითად თანხად მიუთითა 600 ლარი, სარგებელი - 82.98 ლარი, პირგასამტეხლო - 3742.62 ლარი, სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, სულ 4525.60 ლარი.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 სექტემბრის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №16011110/154712 შეტყობინებით, რესპონდენტ - ი. ლ-ას ეცნობა, რომ 2016 წლის 28 იანვარს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებული იყო: აპლიკანტის - შპს „კ...ის“ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენს 4525.60 ლარს, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების საფასურია 90.51 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 4616.11 ლარს. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია გენერალური ხელშეკრულება. ამავე შეტყობინებით ი. ლ-ას მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, ერთ-ერთი მოქმედების განხორციელებისთვის: სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. აღნიშნული შეტყობინება რესპონდენტს - ი. ლ-ას 2018 წლის 22 სექტემბერს, 2018 წლის 17 ოქტომბერს და 2018 წლის 3 დეკემბერს, გაეგზავნა მის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა ...ს ფოსტის უკუგზავნილებით ირკვევა, რომ ადრესატს ვერ ჩაბარდა შეტყობინება.
საქმეზე დადგენილია, რომ ი. ლ-ას 2018 წლის 19 სექტემბრის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №16011110/154712 შეტყობინება პირადად ჩაბარდა 2019 წლის 20 სექტემბერს კანონით დადგენილი წესით, რაც დაადასტურა ხელმოწერით და დაფიქსირდა მისი პირადი ნომერი. აღნიშნული სადავოდ არც მოსარჩელე მხარეს გაუხდია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა დადასტურებულია ხელშეკრულებითა და მოსარჩელე ი. ლ-ას მიერ შესრულებული გადახდებით. საქმეში წარმოდგენილია გენერალური ხელშეკრულება. საქმეში ასევე წარმოდგენილია საგადასახადო ისტორია, მსესხებლის სახელი ი. ლ-ა, პირადი ნომერი ..., გამსესხებელი: შპს „კ...ი“, ორგანიზაციის მიერ გადარიცხული თანხა (04.02.2015 წ.) - 600ლარი. მსესხებლის მიერ ჩარიცხული თანხა: 2.03.2015 - 70.81 ლარი, დანიშნულება - გადავადება 14 დღით; 16.03.2015 წ. - 63.06 ლარი, გადავადება 15 დღით; 30.03.2015 წ. - 71.23 ლარი, გადავადება 17 დღით; 17.04.2015 წ. - 59.33 ლარი, გადავადება 14 დღით. ხელმომწერი ნ. ე-ა. საქმეში წარმოდგენილია ...ს ბანკის საგადასახადო დავალება №000004, რეფერენსი 3297902824, გადამხდელის დასახელებაში მითითებულია შპს „კ...ი“, თანხა 600 ლარი 00 თეთრი, მიმღების დასახელება I. L-, ანგარიშის ნომერი GE..., ბანკის მიერ გატარებულია 04.02.2015 წ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის 1-2 პუნქტებით დადგენილია, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აპლიკანტის განცხადების მიღების შემდგომ, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
მოცემული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპლიკანტმა, ანუ მოთხოვნის უფლების მქონე პირმა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა წარუდგინოს საკუთარი მოთხოვნა, რომელიც უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული. განცხადების მიღების შემდგომ, აღსრულების ეროვნული ბიურო რესპონდენტს აცნობებს წარმოების დაწყებისა და წარმოების ფარგლებში, მისი უფლებამოსილებებისა და ამ უფლებამოსილებების განხორციელებისა და განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე: ა) თუ რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი დაფარავს დავალიანების ნაწილს – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება შემდგომ გამორიცხავს გამარტივებულ წარმოებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპლიკანტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა უნდა იყოს დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მხარეთა შორის დავის განხილვას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოადგენს არსებული ვალდებულების დროულად, მარტივი პროცედურით დადასტურებისა და აღსრულების და არა დავის განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმს. აპლიკანტის განცხადების უარსაყოფად რესპონდენტის მხრიდან საკმარისია წერილობით, მარტივი ფორმით მოთხოვნის უარყოფა - პროტესტი. რესპონდენტს არ მოეთხოვება ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითება. მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის ფუნქციით, აღსრულების ეროვნული ბიურო არ ანაცვლებს სასამართლოსა და არბიტრაჟს. აღნიშნულს ადასტურებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-8-9 პუნქტები, რომელთა თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება შემდგომ გამორიცხავს გამარტივებულ წარმოებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე არ ართმევს აპლიკანტს უფლებას, რესპონდენტის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი სასამართლოში საერთო წესით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პოზიცია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიურო არ უნდა დაყრდნობოდა შპს „კ...ის“ (აპლიკანტის) მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, იმ მოტივით, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძვლებს.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი უფლებამოსილი იყო გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან შეტყობინების მიღების შემდგომ, 10 დღის ვადაში წარედგინა პროტესტი, მოთხოვნის უარყოფის შესახებ, რის საფუძველზეც აღარ გამოიცემოდა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება, თუმცა კასატორს არ უსარგებლია ამ უფლებით. ამდენად, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ. მ-ს ი. ლ-ას საკასაციო საჩივარზე 8.01.2024 წ. №5105 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება;
3. თ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. ლ-ას საკასაციო საჩივარზე 8.01.2024წ. №5105 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა