საქმე №ბს-786(კ-23) 06 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ.მ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.მ-ამ 2021 წლის 25 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 2021 წლის 09 თებერვლის №03-499/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ლ.მ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
ლ.მ-ამ სარჩელში აღნიშნა, რომ იგი 2000 წლიდან მუდმივად ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ...ას ქუჩა №3-ში, მე-3 სართულზე, ...ის შენობაში, ხოლო 2006 წლიდან, დაქორწინების შემდეგ, მასთან ერთად ცხოვრობენ მეუღლე ლ.ლ-ა და შვილი ნ.მ-ა. მისი შვილი პირველი კლასიდან, 2012 წლიდან, დღემდე სწავლობს სსიპ ქ. ზუგდიდის №... საჯარო სკოლაში, რომელიც მდებარეობს ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩაზე, მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს. 2019 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამები ადმინისტრირების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე მათ საცხოვრებელ შენობას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, შენობის მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, მისი შემდგომი ექსპლუატაცია შეიცავდა საფრთხეს და, შესაბამისად, ჩაითვალა ნგრევად ობიექტად. მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა მათი იქიდან დროულად გაყვანა და ქ. ზუგდიდში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
ლ.მ-ამ აღნიშნა, რომ 2020 წლის ივნისში განხორციელდა მონიტორინგი ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილთა აღსაწერად. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 09 თებერვლის ბრძანებით, მის ოჯახს უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მას გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაც მისი განმარტებით, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მისი ოჯახი მუდმივად ცხოვრობს ზემოხსენებულ მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ლ.მ-ა მიიჩნევდა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იყო უკანონო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 09 თებერვლის №03-499/ო ბრძანება და მოპასუხეს ლ.მ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, ლ.მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი ოჯახი შედგება მისგან, არადევნილი მეუღლე ლ.ლ-ასა და დევნილი შვილის ნ.მ-ასაგან. ლ.მ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა - აფხაზეთი, ..., ...ის ქ. №5, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს - საქართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ის ქ. №119. ნ.მ-ა პირველი კლასიდან სწავლობს ზუგდიდის მე-... საჯარო სკოლაში. მისი ოჯახი 2021 წლის 05 თებერვლის მონაცემებით, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (მისამართი - ქ. ზუგდიდი, ...ას ...ის მე-3 სართული) და იღებს შემწეობას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.11.2019 წლის №007929313 დასკვნის თანახმად, ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არის არადამაკმაყოფილებელი, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებით სამუშაოების ჩატარებას, წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით. შესაბამისად, განისაზღვრა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით, ლ.მ-ას ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის მოტივით ეთქვა უარი კრიტერიუმების გარეშე ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო პალატამ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.08.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესსა“ და საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, მოსარჩელის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის თაობაზე, ეფუძნებოდა მონიტორინგის ჯგუფის 17.09.2020 წელს შედგენილ დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმში დაფიქსირებულ გარემოებებს და მხოლოდ ვარაუდს, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით ლ.მ-ას გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა სხვა ალტერნატიული საცხოვრისი, წარმოდგენილი არ იყო. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დევნილ ოჯახს პერიოდულად უწევდა საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება, უტყუარად არ ადასტურებდა, რომ მოსარჩელეს გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და არ საჭიროებდნენ კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და საცხოვრებლად უვარგის საცხოვრებელ ფართში ცხოვრების გამო. ამასთან, პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ არის ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებელი და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდებოდა მოსარჩელე ლ.მ-ას ოჯახის სარგებლობაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა, რაც ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ლ.მ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენლის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ლ.მ-ას ოჯახი ფლობს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 03 დეკემბერს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მას უარი ეთქვა კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. 2020 წლის 03 დეკემბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში მდებარე „...ის“ შენობა განიხილა როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე, ხოლო მათი აღწერა განხორციელდა 2020 წლის 26 ივნისს, ამავე დღეს მოხდა ლ.მ-ას ოჯახის აღწერაც, სადაც ადგილზე დახვდათ ლ.მ-ა, ხოლო მეუღლე - ლ.ლ-ა და შვილი - ნ.მ-ა ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ლ.მ-ას განმარტებით ოჯახი ფართს ფლობდა 2000 წლიდან, მისივე განმარტებით მამა - ო.მ-ა გარდაიცვალა 2017 წელს, ხოლო დედა - ც.ნ-ა ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალში. სააგენტოს მიერ მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2010 წლიდან ლ.მ-ას სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, რომელიც მან 2018 წელს გაასხვისა ხ.შ-ზე, რომელიც აღმოჩნდა ლ.მ-ას მეუღლის ძმის, ნ.ლ-ას მეუღლე.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას, რომელმაც იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი უნდა ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამო. მოკვლევის შედეგად წარდგენილი ინფორმაციით დადგენილად მიიჩნიეს, რომ ლ.მ-ას ოჯახი ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ინტერესია ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ბინით დროული დაკმაყოფილება, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად, დევნილი ოჯახის სასწრაფოდ განსახლების საჭიროებიდან გამომდინარე, აკმაყოფილებს მათ საცხოვრებლით. მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, გააჩნიათ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას დევნილთა პრიორიტეტულობის განმსაზღვრელი ნორმა არ უარყოფს და ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა შესაბამისი რიგითობის დაცვით. მისი მოსაზრებით, თუ სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, წარმოიქმნება ქაოსური სიტუაცია, დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რაც საზოგადოებაში უსამართლობის განცდას გამოიწვევს.
კასატორის მითითებით, სააგენტომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებით, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 09 თებერვლის №03-499/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით ლ.მ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის მოტივით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). წესის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მითითებული „წესის“ თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურებისას კომისია უფლებამოსილია კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქმეში დაცულია 2021 წლის 10 თებერვალს სანოტარო წესით დადასტურებული ლ.მ-ას მეზობლების განცხადება, რომლის თანახმადაც, გ.ჭ-ა, ვ.ბ-ა, თ.ე-ა, ა.შ-ა და ნ.ქ-ა ადასტურებენ, რომ ლ.მ-ა 2000 წლიდან მუდმივად, ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ზუგდიდში ... ...ას ქ. №3-ში მდებარე „...ის“ შენობაში, მე-3 სართულზე. დაქორწინების შემდეგ მასთან ერთად ცხოვრობენ მეუღლე - ლ.ლ-ა და შვილი - ნ.მ-ა, ხოლო მათ ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ, 2021 წლის 12 თებერვალს გაცემული №09 ცნობის თანახმად, ლ.მ-ა 2000 წლიდან ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდი ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ას ქ. №3-ში, ხოლო ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 01 ივნისს გაცემული №43 ცნობის თანახმად, ხ.შ-ა 2018 წლიდან ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის ქუჩის №26-ში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 მაისის №... წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, უძრავი ნივთი, მდებარე: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქ. ზუგდიდი, ...ის ქუჩა №26 (ს/კ:...) რეგისტრირებულია ხ.შ-ს სახელზე. საქმეში დაცული დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ნოემბრის №007929319 ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. №13-ში მდებარე შენობის (...ის შენობა) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას, წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, მოსარჩელის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის თაობაზე, ეფუძნება მონიტორინგის ჯგუფის შედგენილ დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმში დაფიქსირებულ გარემოებებს და მხოლოდ ვარაუდს, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით ლ.მ-ას გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ამასთან, საქმის მასალებით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ნასყიდობის, ქირავნობის, თხოვების, იჯარის ხელშეკრულებები) არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს (განაცხადში მითითებულ პირებს) გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ამასთან, კასატორის მიერ რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომ მოსარჩელეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრისი, წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანო, არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომლის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის დროებით, პერიოდულად დატოვება უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ქონას. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ არის ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებელი და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო განხილვის შედეგად შეგროვებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობას, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა