Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-282(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - (მოსარჩელე) - ც.მ-ე, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 18 ივნისს, ც.მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 მაისის N... და 2021 წლის 11 ივნისის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ასევე, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის N... სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით, ც.მ-ის სარჩელი, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ც.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 მაისის N... გადაწყვეტილება და 2021 წლის 11 ივნისის N... გადაწყვეტილება; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თ1 ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის 22 პუნქტზე, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 28-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და განმარტა, რომ დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენიმეჯერ შეჩერება ან/და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების რამდენიმეჯერ მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი საფუძველი. აღნიშნული წესი, ასევე, ვრცელდება ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი გულისხმობს სწორედ იმ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, სარეგისტრაციო სამსახური საეჭვოდ მიიჩნევს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს და აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას. სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა განუყოფელია მისი დანიშნულებიდან და ეჭვის არსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახური არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა არ უნდა იქცეს სარეგისტრაციო სამსახურის თვითნებობის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას სარეგისტრაციო სამსახურს ამის ობიექტური და რეალური საფუძველი უნდა გააჩნდეს. ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება უნდა მოხდეს გონივრული ვადით, მხარეს უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლება, რომ მის საქმეზე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და მიეცემა რეალური შესაძლებლობა ისარგებლოს საკუთრების უფლებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-22 პუნქტის დათქმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადასთან დაკავშირებით, რომელიც 60 კალენდარულ დღეს შეადგენს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. კანონის აღნიშნული დათქმით კანონმდებელმა უზრუნველყო სარეგისტრაციო განცხადებაზე გონივრულ ვადაში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და დაიცვა დაინტერესებული მხარე საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებისაგან, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოძიების დასრულების კონკრეტულ ვადას არ აწესებს და კონკრეტულ ფაქტზე გამოძიების დაწყებისას, იგი შესაძლოა გაგრძელდეს კონკრეტული კატეგორიის დანაშაულისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.

პალატამ ყურადღება მიაქცია საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ თავდაპირველად 2015 წლიდან ც.მ-ემ არაერთი სარეგისტრაციო განცხადება წარადგინა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში, რომლითაც მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელ ორგანოში დოკუმენტაციის გამოკვლევისას მიჩნეული იქნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული იყო საეჭვო დოკუმენტების საფუძველზე, შესაბამისად, საჯარო რეესტრმა პროკურატურას გამოსაკვლევად გაუგზავნა დოკუმენტაცია და მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ მიმართვებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სამცხე- ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან, ხოლო სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღების შემდეგ.

აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის განმარტება, რომ მართალია განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, თუმცა თავის შინაარსით იგი წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას და ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილ სამართლებრივ რეგულაციებს უნდა შეესაბამებოდეს.

პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მასალები დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით პროკურატურაში რეაგირების მიზნით ჯერ კიდევ 2015 წლის 31 დეკემბერს იქნა გადაგზავნილი, თუმცა დღემდე საქმეზე არ წარმოდგენილა ინფორმაცია რომელიმე მათგანის სიყალბის ან მცდარობის თაობაზე, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ უნდა იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს გაურკვეველი ვადით შეეზღუდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

ამასთან, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ არ მისცა სათანადო შეფასება იმ გარემოებას, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაძლო სიყალბესთან დაკავშირებით მასალები საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნილი იქნა ჯერ კიდევ 2015 წელს, ხოლო შემდეგ 2020 წლის 15 აგვისტოს. 2015-2021 წლებში კი მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლითაც განმცხადებელს განუმარტა, რომ 2020 წლის 15 აგვისტოს N266886 მიმართვით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან, ხოლო სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღების შემდეგ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ 2020 წლის 15 აგვისტოს წერილზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან პასუხი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა 2020 წლის 18 აგვისტოს. კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის წერილით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N01606907 საქმეზე, ...ის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სააპელაციო პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებები ქმნის რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ 2021 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკითხის დამატებით კვლევა-შეფასების საჭიროებას, რამეთუ სამართალწარმოების ვერცერთ ეტაპზე ვერ დასტურდება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარება.

ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 მაისის N... გადაწყვეტილება, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 ივნისის N... გადაწყვეტილებასთან მიმართებაშიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, აღნიშნული ნორმის განმარტებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-351-336(კ-09)) და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის ის გარემოება, რომ მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, პროკურატურაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და აღნიშნულზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველი და სააგენტოს შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე დაავალა საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტების გამოცემა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-443-443(კ-18) და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მისი სავარაუდო სიყალბის დადგენის მიზნით გადაგზავნილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული კი, სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ამა თუ იმ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, მივალთ იმ შედეგამდე, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მესაკუთრე განკარგავს უძრავ ნივთს და სიყალბის დადგენის შემთხვევაში, სახეზე გვექნება უკანონოდ გასხვისებული ქონება, რაც თავის მხრივ, აზრს უკარგავს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასაც.

კასატორის მითითებით, ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სააგენტოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. პროკურატურიდან მოწოდებული წერილებით ცალსახად დგინდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იყო დასრულებული და დოკუმენტაციის სიყალბის დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობდა, რაც ცალსახად რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. აღნიშნული კი ემსახურება როგორც უკანონო ქონების განკარგვის, ასევე მესამე პირის ინტერესების დაცვასაც. კასატორის განმარტებით, თუ მარეგისტრირებელ ორგანოს არ ევალება დაელოდოს პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილებას, მაშინ აზრი ეკარგება სააგენტოს ვალდებულებას, საეჭვოობისას მიმართოს საგამოძიებო ორგანოს, დოკუმენტაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით. სასამართლოს ამგვარი განმარტება ასევე შეიძლება არაკეთილსინდისიერად იქნეს გამოყენებული იმ პირთა მიერ, რომელთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია უკანონოდ არის მიღებული.

კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებსა (საქმე Nბს-729-721(კ-16), Nბს-166-165(კ-16)) და განჩინებაზე (საქმე Nბს-238-235(კ-14)) და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო სივრცის არასრულობის ან ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სასამართლომ შეავსოს იგი განმარტების საფუძველზე, რამდენადაც სასამართლო აღჭურვილია ნორმის განმარტების უფლებამოსილებით. ამასთან, საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეფასება არ მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის გაკეთებული კონკრეტული სამართლებრივი განმარტებები, თუ რატომ არის სარჩელი დასაბუთებული და რა კონკრეტული გარემოებები არ გაითვალისწინა მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ც.მ-ემ 2015 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის რაიონი, ..., ...ის გზის მიმდებარედ, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 31 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან არსებული დოკუმენტაცია 2015 წლის 31 დეკემბრის მიმართვით გამოსაკვლევად გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 30 სექტემბერს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ), რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სააგენტოს 2017 წლის 30 სექტემბრის წერილით სამართალდამცავი ორგანოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2015 წლის 31 დეკემბერს გაგზავნილ მიმართვასთან დაკავშირებით და აღნიშნულ წერილზე პასუხის მოსვლის შემდგომ, მიღებული იქნებოდა სათანადო გადაწყვეტილება. აღნიშნული (2017 წლის 30 სექტემბრის) წერილის პასუხად, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2017 წლის 3 ნოემბრის წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N01606907 საქმეზე, ...ის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის, 30 აპრილის და 2019 წლის 21 მარტის, 22 მაისის, 11 ივნისის და 22 ივლისის გადაწყვეტილებებით (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ), დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, სააგენტომ 2018 წლის 18 იანვრის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ...ის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. აღნიშნული (2018 წლის 18 იანვრის) წერილის პასუხად, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 აგვისტოს წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2020 წლის 31 ივლისის ოქმი N00032, რომლის თანახმად, დადასტურდა, რომ უფლებადამდგენი დოკუმენტით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ოქტომბრის, 5 დეკემბრის და 2020 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებებით (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ), დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ განცხადებაზე წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2015 წლის 31 დეკემბრის და 2019 წლის 18 ოქტომბრის წერილებით გამოსაკვლევად გადაეგზავნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა მითითებულ წერილებზე საბოლოო პასუხის მიღებისთანავე. ასევე, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, სააგენტომ 2020 წლის 7 აგვისტოს წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა მითითებულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ), დაინტერესებულ პირს ეცნობა, სააგენტომ 2020 წლის 15 აგვისტოს წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა მითითებულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 აგვისტოს, 2021 წლის 25 მარტის და 2021 წლის 7 მაისის N... გადაწყვეტილებებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, სააგენტომ 2020 წლის 15 აგვისტოს წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან. აღნიშნული წერილის პასუხად, სააგენტოს ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N01606907, ...ის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამჟამად, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამდენად, სააგენტომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 მაისის N... გადაწყვეტილება ც.მ-ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, 2021 წლის 10 მაისს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 ივნისის N... გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 მაისის N... და 2021 წლის 11 ივნისის N... გადაწყვეტილებების კანონიერებას. ასევე მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის N... სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციის გაზიარების პირობებში, იქმნება მდგომარეობა, როდესაც დასაშვებია, რომ უძრავ ქონებასთან, უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაძლო დანაშაულის ფაქტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღებისა და გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გამოძიება გაგრძელდეს - სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადით, ამ ვადებში კი დაინტერესებულმა პირმა ვერ მოახდინოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელის საკუთრების უფლება, რაც გამოიხატება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის და მისით თავისუფლად სარგებლობის, განკარგვის უფლებაში და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რაც გამოიხატება - შესაძლო დანაშაულის ეფექტური გამოძიებაში, სამომავლო დანაშაულის პრევენციასა და შესაძლო უკანონოდ მიღებული უძრავი ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლი) განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა მოპოვების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი უშუალოდ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მონაწილე ორგანოს, თუმცა იგი ვალდებულია ერთი მხრივ, არ შეზღუდოს და არ დააბრკოლოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვა, ამავდროულად, მოქმედი კანონმდებლობა სააგენტოს აკისრებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების გამოაშკარავება, გამოძიებისა და პრევენციის მიზნებისთვის, მათ შორის, პროაქტიულად, საკუთარი ინიციატივით, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სამართალდამცავი ორგანოსათვის გადაგზავნის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თ1 ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა განუყოფელია მისი დანიშნულებიდან და ეჭვის არსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახური არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა არ უნდა იქცეს სარეგისტრაციო სამსახურის თვითნებობის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას სარეგისტრაციო სამსახურს ამის ობიექტური და რეალური საფუძველი უნდა გააჩნდეს, რათა არ მოხდეს განმცხადებლის ინტერესების დაუსაბუთებელი ხელყოფა სარეგისტრაციო სამსახურის უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით (სუსგ, №ბს-443-443(კ-18), 18 ოქტომბერი, 2018 წელი). ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 22 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე. ამდენად, საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნილი მასალების კანონიერების შესწავლის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მაქსიმალურ ვადად კანონმდებელმა იმპერატიულად დაადგინა 60 დღე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენიმეჯერ შეჩერება ან/და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების რამდენიმეჯერ მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება დაიწყო ც.მ-ის 2015 წლის 25 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, რაზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დოკუმენტაცია გამოსაკვლევად გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში, თუმცა არსებული მდგომარეობით, ინფორმაცია რომელიმე მათგანის სიყალბის ან მცდარობის თაობაზე წარმოდგენილი არ არის. ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2017-2021 წლებში მიღებულია არაერთი გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და ყველა მათგანში მიეთითებოდა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა და გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე N01606907, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების 60-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, განუსაზღვრელი ვადით შეჩერებით დაირღვა მოსარჩელის საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში მიღების ვალდებულება, ვინაიდან დაცული არ არის სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. გამოძიების გაჭიანურებით არ უნდა მოხდეს კერძო პირთა ინტერესების შელახვა. (სუსგ. №ბს-909(კ-22), 08.12.2022 წელი).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან პასუხის მიღების შემდეგ, აღარ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის საფუძველი და მარეგისტრირებელ ორგანოს საქმეში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა მიეღო უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება, თუ არ არსებობდა ამ უფლების/ვალდებულების კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგისტრაციის გამომრიცხავი სხვა გარემოება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის 2021 წლის 14 აპრილის და 21 ოქტომბრის წერილებიც, რომლითაც ც.მ-ის წარმომადგენელს მისი განცხადებების პასუხად, ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N01606907, ...ის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე წერილების თანახმად, განცხადებებში მითითებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის, ხოლო უძრავი ნივთის რეგისტრაციის საკითხი/საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის შემდგომი ტრანზაქციები, წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენციას.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზემოაღნიშნულ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე მიმდინარე გამოძიებას დღემდე არ მოჰყოლია რაიმე სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმეზე არ დადგენილა არა თუ მსჯავრდებული, არამედ ბრალიც კი არ წარდგენია არავის. შესაბამისად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გამოძიება მიმდინარეობს უშედეგოდ, ხოლო მოსარჩელეს არ ეძლევა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა.

ამდენად, პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ც.მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე: ...ის რაიონი, ..., ...ის გზის მიმდებარედ. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: ...ის საკრებულოს 27.04.2000წ. №1 გადაწყვეტილების ამონაწერი, სიაში რიგითი №475; მიწის ნაკვეთის გენგეგმა, შედგენილი 02.09.06 წელს, ...ის საკრებულოს მიერ და ამავე ორგანოს 25.08.2006წ. №1156 ცნობა, არ გაუქმებულა, ძალაშია და მოქმედებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის სახელზე კონკრეტული უძრავი ქონების რეგისტრაცია უკვე წარმოშობს საკუთრების უფლების დაცვისა და პატივისცემის ვალდებულებას და საკითხს არ ცვლის რეგისტრაციის დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით არსებობა. (სუსგ. №ბს-909(კ-22), 08.12.2022 წელი; №ბს-586(კ-კს-22), 10.10.2023 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2023 წლის 24 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2023 წლის 24 აპრილს N... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე