Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1176(კ-21) 1 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ე. ს-ი (ლ. ს-ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 18 ივლისს ლ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელის მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 მარტის №... (რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილება, 2016 წლის 17 მარტის №... (რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (მოსარჩელის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... და №... განცხადებების საფუძველზე, 900 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლსა და 1000 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) გამოცემა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაინტერესებულ პირს წარსულში, უშედეგოდ, რამდენჯერმე უკვე ჰქონდა მიმართული მარეგისტრირებელი ორგანოსათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო სამსახურში ვერ წარადგინა საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება). სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით წარდგენილ მიღება - ჩაბარების აქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №086060212001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) პირველი ნაწილით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდებოდა საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ. ანალოგიური შინაარსის წერილი, სასამართლოში იქნა წარდგენილი მოსარჩელის მიერ იმავე განყოფილებიდან, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქმეზე მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები და გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობით, სარეგისტრაციო მიზნებისთვის წარმოდგენილი მიღება - ჩაბარების აქტი ვერ იქნებოდა განხილული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტების გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძვლები.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ლ. ს-მა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მიწის ნაკვეთებისა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობის საკუთრებაში რეგისტრაცია. უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი და აზომვითი ნახაზი. წარდგენილი საბუთებიდან მიწის მიღება - ჩაბარების აქტი გადაგზავნილ იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. მიუთითებს, რომ საქმე დღეის მდგომარეობით არ არის დასრულებული. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოთხოვილ იქნა საკომლო ამონაწერები და ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის წარმოების თაობაზე, მაგრამ გასაჩივრებული №... გადაწყვეტილებით მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაინტერესებულ მხარეს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე.

კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საკომლო ამონაწერი წარმოადგენს უფლების დამდგენ საბუთს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ. ს-ის კომლი ირიცხება 1921 წლიდან, მას აქვს უფლება გახდეს კომლის ქონების მესაკუთრე. კასატორი განსაკუთრებით ყურადსაღებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პროკურატურაში გადაგზავნილ მიღება - ჩაბარების დოკუმენტზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, განმარტავს, რომ გასული პერიოდის გათვალისწინებით, დანაშაულის ფაქტის არსებობის პირობებში, უკვე ცნობილი იქნებოდა ბრალდებულად პირი. მიიჩნევს, რომ მას, როგორც დაინტერესებულ პირს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ ეთქვა უარი საკუთრების უფლებაზე, რითაც წაერთვა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით შეჩერდა №ბს-1176(კ-21) ადმინისტრაციული საქმის წარმოება, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე, ლ. ს-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ლ. ს-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა. კასატორის - გარდაცვლილი ლ. ს-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო შვილი - ე. ს-ი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ს-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით ე. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით. ე. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა შედგა 2023 წლის 15 მარტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ე. ს-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება - დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

უპირველესად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე, კერძოდ, მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 900 მ2 (მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით) და 1000 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთებზე ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის (საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) დავალების საფუძვლიანობა.

მეტი სიცხადისთვის საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2016 წლის 14 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ. ს-ის წარმომადგენელმა ე. ს-მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფელი ...ი. მიწის ნაკვეთის ფართობი: 900 კვ.მ.). აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებას დაინტერესებულმა პირმა დაურთო თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, 2006 წლის 9 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ლ. და შ. ს-ის იდენტურობის შესახებ), მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობა №6130 (04.09.2015), ...ის არქივის №AA2015066423-08 (30.09.2015) და №AA2015036816-03 (05.06.2015) საარქივო ცნობები, მცხეთის რაიონული სახელმწიფო არქივის საარქივო ამონაწერის სია (28.05.2000), ქ. თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 25 იანვრის №13/06-4357 (25.01.2016) წერილი და ინდივიდუალური მეწარმე „ი. ჟ-ის“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული იყო №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებზე თანდართული დოკუმენტაციები.

დადგენილია, რომ ლ. ს-ის წარმომადგენელმა ე. ს-მა 2016 წლის 14 მარტს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (უძრავი ნივთის მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფელი ...ი, მიწის ნაკვეთის ფართობი: 1000 კვ.მ). აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული იყო №..., №... და №... (ინდივიდუალური მეწარმე „ა. რ-ს“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი) სარეგისტრაციო განცხადებებზე თანდართული დოკუმენტაციები.

მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (17.03.2016) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო №... სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც სარეგისტრაციო სამსახურს მიღებული ჰქონდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები. ამასთან განუმარტა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს.

დადგენილია, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (17.03.2016) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო №... სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები. ამასთან მიეთითა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს.

დადგენილია, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 17 მარტის №... და №... გადაწყვეტილებები მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს 2016 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ფაქტობრივი გარემოებების შეჯამების მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაინტერესებული პირის - ლ. ს-ის მიერ მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის შემდეგ ნაკვეთებზე - მცხეთის რაიონი, სოფელი ...ი, პირველი მიწის ნაკვეთის ფართობი: 900 კვ.მ. (მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით), ხოლო მეორე მიწის ნაკვეთის ფართობი: 1000 კვ.მ. დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით, სხვა მასალებთან ერთად, ასევე წარდგენილი იყო ლ. ს-ის სახელზე გაცემული მიღება - ჩაბარების აქტის (№25, 12.10.1996) ასლი, რომლის თანახმად, მას გადაეცა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,19 ჰა მიწის ნაკვეთი (2 ნაკვეთად). დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ახალი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები, ხოლო, წინა სარეგისტრაციო წარმოებებზე უკვე იყო მიღებული გადაწყვეტილებები, იდენტური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის პირობებში სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რადგან არ არსებობდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები.

როგორც საქმეზე დადგინდა, წინა ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში, იმავე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა დაინტერესებულ პირს 2015 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით განუმარტა, რომ წარსადგენი იყო კანონით დადგენილი წესით გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ნივთი მდებარეობდა ...ის ტერიტორიულ ერთეულში, თუმცა სოფელი ...ი, რომელიც მითითებული იყო აზომვით ნახაზზე, მდებარეობდა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში. შესაბამისად, წარსადგენი იყო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი ან ურთიერთშესაბამისი დოკუმენტაცია. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის საფუძვლით, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 4 დეკემბრის №... გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული წარმოების დროს ასევე დადგინდა, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (17.12.2015) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ დამატებით წარსადგენი იყო შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის №086060212001 საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ასევე, საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობის ელექტრონული ვერსია იყო დაზიანებული. შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა სრულყოფილი აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (18.01.2016) გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, საკადასტრო აზომვით ნახაზთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის უზუსტობების გარდა, საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ლ. ს-ის სახელზე გაცემულ მიღება - ჩაბარების აქტთან (№25, 12.10.1996) დაკავშირებით, რომლითაც გადაეცა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,19 ჰა მიწის ნაკვეთი (2 ნაკვეთად), მიმდინარეობდა სისხლის სამართლის №086060212001 საქმე. მოცემული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა და დაერეგისტრირებინა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, განცხადებაზე წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით არ დგინდებოდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება შესაბამის მიწის ნაკვეთებზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასება, უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ლ. ს-ის სახელზე გაცემული მიღება - ჩაბარების აქტის (№25, 12.10.1996) გარდა, საქმეზე არ არის წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, ხოლო მიღება - ჩაბარების აქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიმდინარეობა გამორიცხავს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას. კასატორის პოზიციის მიხედვით კი, არ არსებობდა უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები, რამდენადაც, ერთის მხრივ, საქმეზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მიღება - ჩაბარების აქტის გარეშეც, ქმნიდა მისი განცხადების დაკმაყოფილებისათვის საკმარის საფუძვლებს. იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები, კასატორის მსჯელობით, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქმეზე წარდგენილი მიღება - ჩაბარების აქტით, რამდენადაც, გამოძიება დიდი ხნის წინ იყო დაწყებული და ბრალდებული ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი.

საკასაციო სასამართლო სწორედ ამ მიმართულებით შეაფასებს როგორც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებების მართებულობას და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას.

დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, კერძოდ, პირველი მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ - სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობებს. მე-8 მუხლის პირველ პუნქტში კანონმდებელმა მიუთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე, ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინოს მხოლოდ შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე. შესაბამისად, კასატორის პოზიცია, 1996 წლის 12 ოქტომბრის №25 მიღება - ჩაბარების აქტის გარეშე, მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლიანობის თაობაზე, დასაბუთებული იქნებოდა იმ პირობებში, თუკი საქმეში დაცული სხვა დოკუმენტ(ებ)ი შექმნიდა უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საკმარის საფუძვლებს.

საკასაციო პალატა ქრონოლოგიურად და დეტალურად მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საარქივო მასალებში დაცულ ინფორმაციაზე, რაც კიდევ უფრო ნათელს გახდის საკასაციო სასამართლოს შედეგს მითითებულ კონტექსტში და განმარტავს შემდეგს: ...ის არქივის №AA2015036816-03 (05.06.2015) ცნობიდან ირკვეოდა, რომ ...ის არქივში დაცულ ...ის საკრებულოს სოფელ ...ის 1997 - 2000 და 2001 - 2005 წლების საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო ლ. ს-ი (ჩაეწერა საკუთარ სახლში 27.02.1998 წ.). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა: 1997-2000 წლებში - 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი - 60, მათ შორის საცხოვრებელი - 30. მიწა არ ეწერა. 2001 - 2005 წლებში - 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი - 60, მათ შორის საცხოვრებელი - 30, მიწა არ ეწერა. წერილის თანახმად, სოფელ ...ის 1986 - 1996 წლების საკომლო წიგნებში ლ. ს-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.

...ის არქივის №AA2015066423-08 (30.09.2015) ცნობიდან ირკვეოდა, რომ ...ის რეგიონულ არქივში დაცულ მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო - საკრებულოს 1973 - 1975, 1976 - 1978 (რეკვიზიტები შეტანილი იყო 1979 წელს), 1980 -1982 და 1983 - 1985 წლების წასული მოსახლეობის საკომლო წიგნებში სოფელ ...ში ირიცხებოდა ლ. ს-ი. 1973 - 1975 წლებში კომლს ერიცხებოდა: 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. 1973 წ. 1/I მდგომარეობით, სულ - 0,02 ჰა მიწა, მათ შორის შენობების ქვეშ - 0,01.1974 წ. 1/VI მდგომარეობით, სულ - 0,02 ჰა მიწა, მათ შორის შენობების ქვეშ - 0,01.1976 - 1978 წლებში (რეკვიზიტები შეტანილი იყო 1979 წელს):1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. 1976 წ. 1/I მდგომარეობით, სულ - 0,02 ჰა მიწა, მათ შორის შენობების ქვეშ - 0,01. 1980 - 1982 წლებში 1980 წ. - 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. მიწა არ ეწერა. 1983 - 1985 წლებში 1983 წ. - 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. საარქივო ცნობის თანახმად, აღნიშნულ წასული მოსახლეობის საკომლო წიგნებში კომლის შემადგენლობის შესახებ ჩანაწერი არ იყო, რადგან წიგნში აღრიცხული იყვნენ მხოლოდ ოჯახის უფროსები; სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის №31/15250 (16.05.2016) წერილიდან (დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერი - ..., თარიღი - 16.05.2016 წ.) ირკვეოდა, რომ ...ის რეგიონულ არქივში დაცულ მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს 1996 - 2000 წლების საკომლო წიგნში სოფელ ...ში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო ლ. ს-ი (დაბ. ... წ., ჩაეწერა საკუთარ სახლში 27/II - 1998 წ.). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა: 1998 წ. - 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი - 60 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი - 30 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი მითითებული არ იყო. ...ის საკრებულოს 2001 - 2005 წლების საკომლო წიგნში სოფელ ...ში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო ლ. ს-ი (დაბ. ... წ.). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა: 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი - 60 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი - 30 კვ. მ. მიწის ნაკვეთის ფართობი მითითებული არ იყო. წერილის თანახმად, სოფელ ...ის 1986 - 1996 წლების საკომლო წიგნში ლ. (შ.) ს-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო 2006 - 2007 წლების საკომლო წიგნები არქივში დაცული არ იყო.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2016 წლის 28 აპრილს №104782, №105194 და №104781 წერილებით სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ლ. ს-ის საკუთრების/ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02/39953 (06.05.2016) წერილის (დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერი - ..., თარიღი - 06.05.2016 წ.) თანახმად, საარქივო სამმართველოში დაცული იყო მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ის 2002 და 2007 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიების დედანი, სადაც ლ. (შ.) ს-ი გადამხდელად არ ფიქსირდებოდა; მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის №3808 (10.05.2016) წერილის (დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერი - ..., თარიღი - 13.05.2016 წ.) თანახმად, საგადასახადო სამსახურის მიერ, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემულ სოფელ ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში (2007 წლის მონაცემებით) მოქალაქე ლ. (შ.) ს-ი აღრიცხული არ იყო; ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების ფარგლებში აგრეთვე დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა, მისამართით - მცხეთა, სოფელი ...ი, ლ. (შ./ლ.) ს-ის მითითებით არ იძებნებოდა.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას და მართებულად მიიჩნევს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ განმარტებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, 1996 წლის 12 ოქტომბრის №25 მიღება - ჩაბარების აქტის გათვალისწინების გარეშე, არ ქმნიდა მოსარჩელის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... და №... განცხადებების საფუძველზე, 900 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლსა და ასევე 1000 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლოს მსჯელობით, საარქივო დოკუმენტაცია მიუთითებდა განმცხადებლის კომლის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლსა და მის ქვემოთ არსებულ მიწაზე, თუმცა ცალკე არ მიუთითებდა საკუთრებაში მყოფ 0.20/0.19 ჰა ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეის მდგომარეობით მოქმედ რედაქციაზე, რომელიც ითვალისწინებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს. მოცემული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ 1992−2007 წლების საარქივო ჩანაწერებით დგინდება მხოლოდ კომლის შემადგენლობა და მათში მიწაზე ქონებრივი მდგომარეობა მითითებული არ არის, ან საარქივო ჩანაწერებით კომლზე აღრიცხულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლი და მიწაზე შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება, კომლის მიერ 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (ჯამში არაუმეტეს 0,75 ჰა-სა) საკუთრების უფლება რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის მიერ კომლის წევრთა მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დადასტურების შემთხვევაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სახით მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი ჩამოყალიბდა 2019 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე (11 დეკემბერი 2019 წ. №5500-Iს), ხოლო თავად „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (11.12.2019 წ. საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ - „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“) საქართველოს კანონი მიღებულ იქნა განსახილველ საქმეში მიღებული სადავო აქტების გამოცემის შემდგომ 2016 წლის 3 ივნისს, რის გამოც როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ასევე სასამართლო მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას ეხელმძღვანელათ მითითებული კანონით. მითითებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოპასუხისათვის, მოსარჩელის განცხადების ხელახლა განხილვის შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს იმ პოზიციას, რომ 1996 წლის 12 ოქტომბრის №25 მიღება - ჩაბარების აქტის გათვალისწინების გარეშე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ ქმნიდა მოსარჩელის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... და №... განცხადებების საფუძველზე, 900 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლსა და 1000 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს, ხოლო დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების კასატორის (მოსარჩელის) მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის საფუძვლით საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, წარდგენილი განცხადებების ხელახლა შეფასების შემთხვევაში.

რაც შეეხება კასატორის იმ არგუმენტს, რომ საქმეზე წარდგენილი ლ. ს-ის სახელზე გაცემული 1996 წლის 12 ოქტომბრის N25 მიღება - ჩაბარების აქტი ქმნიდა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს და რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქმეზე წარდგენილი მიღება - ჩაბარების აქტით, რამდენადაც, გამოძიება დიდი ხნის წინ იყო დაწყებული და ბრალდებული პირი ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი, აღნიშნულზე მსჯელობის ფარგლებში საკასაციო სასამართლო დეტალურად შეაფასებს თუ რამდენად ქმნიდა საქმეში წარმოდგენილი მიღება - ჩაბარების აქტი, ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

უპირველესად პალატა მიუთითებს სწორედ 1996 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებულ №25 მიღება - ჩაბარების აქტზე, რომლის თანახმად, ლ. ს-მა მიიღო - 0.19 ჰა მიწის ნაკვეთი, 2 ნაკვეთად. მათ შორის, სახლი, ეზო - ბაღით - 0.09 ჰა (0.07 ჰა; 0.02 ჰა ეზო) და სოფლის მიმდებარე - 0.10 ჰა.

აქვე, სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ, მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის ფორმაზე, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის მიღება - ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება - მშენებლობის ერთადერთ საფუძველს. „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება ადგენდა, რომ მიწის მიღება - ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. ამდენად, „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების საფუძველზე გაცემული მიღება - ჩაბარების აქტი წარმოადგენს საკუთრების უფლების დადგენისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს.

ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის №... წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა 1996 წლის 12 ოქტომბრის №25 მიღება - ჩაბარების აქტის ნამდვილობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის №086060212001 საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. წერილიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №086060212001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდებოდა საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ. ანალოგიური შინაარსის წერილი ასევე წარმოდგენილი იქნა საქმეში მოსარჩელის მიერ 2018 წლის 18 მაისს მცხეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის მეშვეობით, სადაც განმარტებული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №086060212001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

საჯარო რეესტრის, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებით, ვინაიდან ლ. ს-ის სახელზე გაცემული მიღება - ჩაბარების აქტის (№25, 12.10.1996) ასლთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, მარეგისტრირებელი ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე, ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას უფლების რეგისტრაციის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ხოლო შემდგომში მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 22-ე მუხლები. ამავე კანონის მეხუთე თავით რეგულირდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი და პირობები, 21-ე მუხლის (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია) „თ1“ და „ი“ ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები.

განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოების საფუძვლით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას საფუძვლად შესაძლოა დასდებოდა 21-ე მუხლის თ1 ქვეპუნქტი - იმ შემთხვევაში, თუკი მარეგისტრირებელი ორგანო თავად გადაგზავნიდა სამართალდამცავ ორგანოში სარეგისტრაციო დოკუმენტაციას ან/და „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სხვა, ზოგად საფუძვლებზე მიუთითებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმის მასალების მიხედვით, არ აქვს გამოკვეთილი თუ კონკრეტულად რომელი საფუძველი დაედო წარმოების შეჩერებას, მაგრამ არსებითი მნიშვნელობის მქონეა ის გარემოება, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი მითითებული ორივე პირობით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების 30 დღიან ვადას ითვალისწინებდა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (17.12.2015) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სხვა შესაბამისი ტექნიკური საკითხების გარდა, დამატებით წარსადგენი იყო შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის №086060212001 საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (18.01.2016) გადაწყვეტილება. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის გარეშე, ვერ მოხდებოდა ლ. ს-ის სახელზე გაცემული მიღება - ჩაბარების აქტის (№25, 12.10.1996) საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული პოზიცია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმაც გაიზიარეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, მხარეებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შესახებ განახლებული ინფორმაცია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თაობაზე გამოძიების, სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა ქმნის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლებს. თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და შემდგომ შეწყვეტა, თავისი არსით წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთი ჩარევა კი გამართლებულია მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნებისა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. ზემოაღნიშნულ საქმეში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პროკურატურისგან, სარეგისტრაციო პროცედურების დაწყებამდე, ჰქონდა ინფორმაცია მიღებული კონკრეტული საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მიმართ მიმდინარე გამოძიების შესახებ. დაინტერესებული პირის მიერ ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის შემდგომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა პროკურატურას და აცნობა, რომ უძრავ ნივთზე წარდგენილი იყო სარეგისტრაციო განცხადება, შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მოითხოვა ინფორმაცია კვლავ მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება და რა შედეგი დადგა სისხლის სამართლის საქმეზე. ამავდროულად, შეჩერდა დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ლ. ს-ის განცხადების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება არის ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, რასაც შეიძლება გამოძიება მოიცავდეს, არის კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. მართალია, დაწყებული გამოძიება ხანდაზმულობის ვადის გასვლამდეც შეიძლება შეწყდეს შესაბამისი საფუძვლების არსებობის პირობებში, თუმცა საკასაციო სასამართლო განსახილველი საქმის კონტექსტში, საკუთრების უფლებაში ჩარევის ინტენსივობის განსაზღვრის მიზნით, მიუთითებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამოძიების მიმდინარეობის ყველაზე ხანგრძლივ - დევნის ხანდაზმულობის ვადაზე.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას 2016 წლის 31 მაისს წარდგენილ №MIA01601323801 წერილზე, საიდანაც ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №086060212001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდებოდა საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ. ანალოგიური შინაარსის წერილი ასევე წარდგენილი იქნა საქმეში მოსარჩელის მიერ 2018 წლის 18 მაისს მცხეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის მეშვეობით, სადაც განმარტებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №086060212001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი - ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. მითითებული კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამდენად, განსახილველი საქმის მსგავს შემთხვევებში, შესაძლოა გამოძიების დაწყების პირობებში, ხანდაზმულობის ვადით - 10 (ათი) წლის განმავლობაში, გამოძიების შეწყვეტამდე, დაინტერესებულმა პირმა ვერ მოახდინოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუკი გამოძიება არ შეწყდება რაიმე საფუძვლით.

ლ. ს-ის განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოება ჩერდებოდა და შემდგომ წყდებოდა, რადგან განმცხადებელი ვერ წარადგენდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრისათვის საჭირო დოკუმენტაციას, ანუ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტაციას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-23-ე მუხლები საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამომრიცხავ გარემოებად არ ასახელებენ უძრავი ქონების ან უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. აღნიშნული მუხლები მიუთითებენ, რომ რეგისტრაციაზე შესაძლოა წარმოება შეწყდეს ან პირს ეთქვას უარი, თუკი არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. კანონმდებლობა არ აკონკრეტებს სხვა საფუძვლების შინაარსს. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს დისკრეციის, გონივრული განსჯის შედეგად მისაღებ გადაწყვეტილებას. თუმცა, კანონმდებლობის მოთხოვნაა, რომ მითითებული - სხვა საფუძველი აუცილებლად უნდა გამორიცხავდეს უფლების რეგისტრაციას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერ მიიღებს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით“ რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, მხოლოდ საკუთარი შეხედულებით, მიზანშეწონილობის ფარგლებში. აუცილებელია, რომ არსებობდეს უტყუარად დადგენილი გარემოება, რაც საქართველოს კანონმდებლობისა და მისი პრინციპების შესაბამისად, გამორიცხვას საკუთრების უფლების რეგისტრაციას. საკასაციო სასამართლო აქვე, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი ამკრძალავი, იძულებითი ღონისძიების გამოუყენებლობის გარეშე, მხოლოდ გამოძიების მიმდინარეობა ვერ გახდება რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, რამდენადაც ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და წარმოადგენს საკუთრების უფლებაში არათანაზომიერ, გაუმართლებელ ჩარევას.

განსახილველ შემთხვევაში, ლ. ს-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოსათვის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე შეტყობინებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ, ერთი მხრივ გამოითხოვა დამატებითი, სარეგისტრაციო მიზნებისთვის საჭირო ინფორმაცია, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამის ორგანოს მიაწოდა რეგისტრაციის შესახებ მიმდინარე წარმოების თაობაზე ინფორმაცია. საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა, განსახილველ დავის ფარგლებში არ აფასებს გამოძიების მიმდინარეობის სპეციფიკასა და ტაქტიკას, თუმცა მიუთითებს იმ ობიექტურ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო ორგანოსათვის უკვე ცნობილი იყო დაინტერესებული პირის - ლ. ს-ის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურის დაწყების შესახებ, რამდენადაც, წარსულში, წლების განმავლობაში, უკვე არსებობდა ამ ორგანოთა შორის აღნიშნულ საკითხზე კორესპონდენცია. ამდენად, თუკი არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, უძრავი ქონების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიმართ შესაძლო ჩადენილი დანაშაულის თაობაზე, შესაბამის ორგანოს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა მიემართა სასამართლოსათვის შესაბამისი იძულების ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რაც შემდგომში გამორიცხავდა ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქვედა ინსტანციების სასამართლოთა პოზიციის გაზიარების პირობებში, იქმნება მდგომარეობა, როდესაც დასაშვებია, რომ უძრავ ქონებასთან, უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაძლო დანაშაულის ფაქტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღებისა და გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გამოძიება გაგრძელდეს - სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადით, ამ ვადებში კი დაინტერესებულმა პირმა ვერ მოახდინოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელის საკუთრების უფლება, რაც გამოიხატება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და მისით თავისუფლად სარგებლობის, განკარგვის უფლებაში და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რაც გამოიხატება - შესაძლო დანაშაულის ეფექტური გამოძიებაში, სამომავლო დანაშაულის პრევენციასა და შესაძლო უკანონოდ მიღებული უძრავი ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლი) განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა მოპოვების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი უშუალოდ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მონაწილე ორგანოს, თუმცა იგი ვალდებულია, ერთი მხრივ, არ შეზღუდოს და არ დააბრკოლოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვა, ამავდროულად, მოქმედი კანონმდებლობა სააგენტოს აკისრებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების გამოაშკარავება, გამოძიებისა და პრევენციის მიზნებისთვის, მათ შორის, პროაქტიულად, საკუთარი ინიციატივით, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სამართალდამცავი ორგანოსათვის გადაგზავნის გზით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი, როდესაც სარეგისტრაციო სამსახური საეჭვოდ მიიჩნევს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს და აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას, რათა სარეგისტრაციო წარმოება წარიმართოს სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმის, რომ მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში მიმართვის დროს, უფლების დამდგენ დოკუმენტზე უკვე მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით, რათა არათანაზომიერად არ შეიზღუდოს მოსარჩელის საკუთრების უფლება და ამასთანავე, ეჭვის ქვეშ არ დადგეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულება, რაც გამოიხატება შესაძლო დანაშაულის ეფექტურ გამოძიებასა და სამომავლო დანაშაულის პრევენციაში. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-22 პუნქტით განსაზღვრულია დათქმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადასთან დაკავშირებით, რომელიც 60 კალენდარულ დღეს შეადგენს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. კანონის აღნიშნული დათქმით კანონმდებელმა უზრუნველყო სარეგისტრაციო განცხადებაზე გონივრულ ვადაში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და დაიცვა დაინტერესებული მხარე საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებისაგან, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოძიების დასრულების კონკრეტულ ვადას არ აწესებს და კონკრეტულ ფაქტზე გამოძიების დაწყებისას, იგი შესაძლოა გაგრძელდეს კონკრეტული კატეგორიის დანაშაულისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული ორგანო, არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია გამოიჩინოს გონივრული წინდახედულობა და მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ ყველა საჭირო საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, მოქმედო კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, შესაბამისი ეჭვისა და ინფორმაციის არსებობის პირობებში თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები ან/და აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს მოსალოდნელი, შესაძლო სამართლებრივი მოქმედებების განხორციელების თაობაზე, კონკრეტულ უძრავ ნივთსა თუ დაინტერესებულ მხარესთან დაკავშირებით. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, საკუთარი მიხედულების ფარგლებით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, დაინტერესებულ მხარეს შეუზღუდოს საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტზე მიმდინარე გამოძიებას დღემდე არ მოჰყოლია რაიმე სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმეზე არ დადგენილა არა თუ მსჯავრდებული, არამედ ბრალიც კი არ წარდგენია არავის. შესაბამისად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გამოძიება მიმდინარეობს უშედეგოდ, ხოლო მოსარჩელეს არ ეძლევა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების საშუალება და ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში, რა დროსაც უნდა დადგინდეს კანონმდებლის ნება. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით, რისი საშუალებითაც ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსახორციელებელი მოქმედებებისა და კასატორის (მოსარჩელე მხარის) განცხადებაზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზნიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, საქმე, საკასაციო სასამართლოს განმარტებისა და მითითებების გათვალისწინებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უნდა დაუბრუნდეს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს როგორც სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებით, ასევე სამართლებრივი შეფასებებით და მათ შორის დაინტერესებული პირის ჩართულობითა და პოზიციის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ 2016 წლის 17 მარტის №... და №... გადაწყვეტილებები. სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა.

რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა სადავო აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (მოსარჩელის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... და №... განცხადებების საფუძველზე, 900 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლსა და 1000 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში, რამდენადაც აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა სწორედ საკასაციო სასამართლო მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ახალი ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას უნდა შემოწმდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ე. ს-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ე. ს-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 550 ლარის) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ე. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 17 მარტის №... და №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილება;

6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ე. ს-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე