საქმე №ბს-1112(კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
კასატორი (მოპასუხე) – სს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 31 იანვარს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ...-ში, საკადასტრო კოდით: №... ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა სს „...ი“. ზემოაღნიშნული გარემოება დასტურდება 2019 წლის 14 იანვრის მოხსენებითი ბარათით, სს „...ის“ 2019 წლის 12 ივნისის, 12 ნოემბრის, 4 დეკემბრის და 16 დეკემბრის წერილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ოქტომბრის №007425619 ექსპერტის დაკვნითა და ფოტომასალით. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2019 წლის 22 ოქტომბრის №007425619 დასკვნის თანახმად, ქ.ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 23.76 კვ.მ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №...) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 610 ლარს, 2016 წლის მდგომარეობით - 630 ლარს, 2017 წლის მდგომარეობით - 670 ლარს, 2018 წლის მდგომარეობით - 680 ლარს, 2019 წლის მდგომარეობით - 740 ლარს. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილები (2019 წლის 15 მაისის №12/28645, 1 ნოემბრის №12/64147 და ამავე წლის 9 დეკემბრის №12/71723), რომლებითაც განესაზღვრა ვადა საიჯარო ქირის გადახდისა და ფართის გამოთავისუფლებისთვის, თუმცა უშედეგოდ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის - სს „...ისათვის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის 39 546.80 ლარის ოდენობით, ხოლო 2020 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 740 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სს "...ი"-ს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის მდებარე - ზუგდიდი, ...ის ქ. ... (ს/კ:...) გამოთხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სს ,,...ს'' სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების გამო 2015 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 01 იანვრამდე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 39 546,80 ლარის გადახდა. სს ,,...ს'' სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების გამო, 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად - 740 ლარის გადახდა. მოპასუხე სს ,,...ის'' უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ზუგდიდი, ...ის ...; საკადასტრო კოდი ... და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
პალატამ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.13 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე, 163-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ხსენებულ ნორმათა დანაწესები სს ,,...ის“ მიმართ ვერ გავრცელდებოდა, რადგან სადავო უძრავი ქონება (ს/კ №..., ახალი ს/კ №...), რომელიც სს "...ის" მიერ გამოიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, მდებარეობდა ერთიან ფართში, სადაც ასევე რეგისტრირებულია ორი ერთეული უძრავი ქონება: ს/კ №... და ს/კ №.... №... საკადასტრო კოდით არასაცხოვრებელი ფართი 87,35 კვ.მ. დ. ქ-ას, ი. ქ-ას საკუთრებაა და რეგისტრირებულია შპს ,,...ის“ იჯარით სარგებლობის უფლება, ხოლო №... საკადასტრო კოდის მქონე არასაცხოვრებელი ფართი 23 კვ.მ. რ. ა-ას საკუთრებაა და რეგისტრირებულია შპს ,,...ის“ იჯარით სარგებლობის უფლება. ი/მ „რ. კ-ასა“ და შპს ,,...ს“ (შემდგომში სს) შორის 2015 წლის 22 იანვარს დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ი/მ ,,რ. კ-ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ... (ამჟამად ...ის ქ. ...), პირველი სართული, 21.5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი.ხელშეკრულებაში უძრავი ქონების საკადასტრო კოდი მითითებული არ არის, ასევე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა სარგებლობის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის უტყუარობიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა სცოდნოდა, რომ უძრავი ქონება ს/კ №... (ახალი ს/კ №...), არ წარმოადგენდა მეიჯარე ი/მ „რ. კ-ას“ საკუთრებას და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ს/კ №... და ს/კ №... უძრავ ქონებებთან დაკავშირებით, რამდენიმეწლიანი სამეწარმეო საქმიანობით მეწარმემ, ს/კ ... (ახალი ს/კ №...) უძრავ ქონებისაგან განსხვავებით, გამოიჩინა წინახედულობა და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შევიდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებთან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სს „...ს“ არ ჰქონდა საფუძველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მფლობელად ი/მ რ. კ-ას მიჩნევისათვის. მოიჯარემ ისე მოაწერა იჯარის ხელშეკრულებას ხელი, რომ მასში მითითებული მეიჯარის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ გადაამოწმა. ნიშანდობლივია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლიდან მიმართული ჰქონდა სს „...ისთვის“ მის მიერ დაშვებული დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე, თუმცა კომპანია კვლავ განაგრძობს სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერ სარგებლობას.
სააპელაციო პალატამ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ოქტომბრის №007427619 დასკვნის მხვედველობაში მიღებით, მართებულად მიიჩნია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად ფლობის და სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენების გამო სს „...ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 39 546.80 ლარის და 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ყოველთვიურად 740 ლარის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 183-ე, 311-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება დღემდე მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაშია. დასახელებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია რა, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში, რის გამოც იგი უფლებამოსილი იყო მოპასუხის მფლობელობიდან გამოეთხოვა კუთვნილი ნივთი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ 2010 წლიდან არ გამოიჩინა გულისხმიერების ვალდებულება და 2019 წლის 1 ნოემბრამდე არ მიმართა ქონებით მოსარგებლეს საფასურის გადახდის, საფასურის გაზრდის ან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების მარტოოდენ იმ მიზნით გამოყენება, რომ ზიანი მიადგეს სხვას. კასატორი აღნიშნავს, რომ ქონების მესაკუთრე ვალდებული იყო ქონებით მოსარგებლისთვის ეცნობებინა სარგებლობის საფასურის ცვლილების შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იურიდიული პირი არ ჩათვალა არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელად, რადგან სს „...სა“ და რ. კ-ას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული არ იყო საკადასტრო კოდი და ამასთან ზემოაღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა რატომ შეიძლებოდა გადაეხადა მოპასუხეს საიჯარო ქირა რ. კ-ასთვის, თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ ზემოაღნიშნული პირი არ იყო უძრავი ქონების მესაკუთრე. სს „...ისათვის“ საიჯარო ქონების რ. კ-ას საკუთრებაში არყოფნის თაობაზე ცნობილი გახდა მოსარჩელის 1.11.2019წ. კორესპოდენციით. კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ სს „...ს“ საფუძველი არ ჰქონდა რ. კ-ა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მფლობელად მიეჩნია, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს 2010 წლიდან სადავო ქონება ფაქტობრივი მფლობელისაგან-რ. კ-ასგან არ გამოუთხოვია. კასატორი მიიჩნევს, რომ 22.01.2015წ. იჯარის ხელშეკრულებაში საკადასტრო კოდის მიუთითებლობა და აღნიშნული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობა არ ადასტურებს სს “...ის“ არამართლზომიერ მოსარგებლედ ყოფნას. კასატორი აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების გამოთხოვა ზიანს მიაყენებს მეწარმე სუბიექტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინებით სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში სადავოა სს „...ისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის ყოველთვიური საიჯარო ქირის, 2015 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის 39 546.80 ლარის, ხოლო 2020 წლის იანვრიდან ყოველთვიურად 740 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სს „...ის“ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე- ზუგდიდი, ...ის ქ. ... (ს/კ ...)) გამოთხოვა.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 1879 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 12 შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებულია თანასაკუთრების უფლება, მათ შორის 23,76 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი 2010 წლის 5 მარტიდან აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად: ს/კ №... (წინა კოდი: №...).
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 9 მარტის №2-20/35 წერილით, ი/მ „რ. კ-ას“ ეცნობა, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, 2008 წლის 14 ოქტომბრიდან თვითნებურად სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ... (არასაცხოვრებელი ფართი: 23.76 კვ.მ.) და მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით გადაეხადა შპს ,,ა...ას" მიერ 2010 წლის 1 მარტის №6/04-1 აუდიტორული დასკვნით დადგენილი საფასური, საიჯარო ქირა თვეში - 190 ლარი. ჯამში უნდა გადაეხადა 3 040 ლარი.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 14 იანვრის №2783 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მოქალაქე ნ. ე-ას განცხადებასთან დაკავშირებით უძრავი ქონების (ს/კ №...) მონაცემების მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული ქონება "...ას" მიერ გამოიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობდა ერთიან ფართში, სადაც ასევე რეგისტრირებული იყო ორი ერთეული უძრავი ქონება: 1. ს/კ №... და 2. ს/კ №.... შედგენილი იქნა შიდა აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმად ,,...ის" მიერ ჯამში დაკავებულია 128,77 კვ.მ. ფართი. ს/კ №... არასაცხოვრებელი ფართი 87,35 კვ.მ. დ. ქ-ას, ი. ქ-ას საკუთრებაა და რეგისტრირებულია შპს ,,...ის“ იჯარით სარგებლობის უფლება (მეიჯარე - დ. ქ-ა, ი. ქ-ა, მოიჯარე შპს ,,...ი“, ამჟამად სს), ხოლო ს/კ №... არასაცხოვრებელი ფართი 23 კვ.მ. რ. ა-ას საკუთრებაა და რეგისტრირებულია შპს ,,...ის“ იჯარით სარგებლობის უფლება (მეიჯარე - რ. ა-ა, მოიჯარე შპს ,,...ი“, ამჟამად სს).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მიერ 2019 წლის 15 მაისის №12/28645 მიმართვით სს ,,...ს“ ეცნობა, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართებზე ს/კ №... და ს/კ №..., რეგისტრირებულია იჯარის ხელშეკრულება. ამასთან, ადგილზე დათვალიერებითა და რეგისტრირებული მონაცემების მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათ შორის მოქცეულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართი: ს/კ №.... აღნიშნული ფართები წარმოადგენს ერთიან სივრცეს, რომლებსაც სს ,,...ი" იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. მითითებული მიმართვით, სს "...ს" ეთხოვა 10 დღის ვადაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართის - ს/კ №..., მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
დადგენილია, რომ სს ,,...მა“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს, 2019 წლის 15 მაისის №12/28645 მიმართვის საფუძველზე, 2019 წლის 10 ივნისს გადაუგზავნა ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ... (ყოფილი ...ის ქ. ...) სს ,,...ის" მიერ დაკავებული ფართის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი, მეიჯარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები. კერძოდ: ი/მ „რ. ა-ასთან“, ი/მ „რ. კ-ასთან“ და ფ/პ „ნ. ა-ასთან“ (მათ შორის მესაკუთრის ცვლილების დოკუმენტი) დადებული საიჯარო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
დადგენილია, რომ ი/მ „რ. კ-ასა“ და შპს ,,...ს" (შემდგომში სს) შორის 2015 წლის 22 იანვარს დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ი/მ „რ. კ-ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ..., პირველი სართული, 21,5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულებაში უძრავი ქონების საკადასტრო კოდი მითითებული არ არის, ასევე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა სარგებლობის უფლება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მიერ 2019 წლის 1 ნოემბრის №12/64147 მიმართვით სს ,,...ს“ ეცნობა, რომ 2015 წლის 22 იანვრიდან არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო მიზნებისთვის იყენებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართს (ს/კ №...) და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით გადაეხადა არამართლზომიერად სარგებლობის საფასური.
სს ,,...მა" 2019 წლის 11 ნოემბრის №01/19-860 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს სთხოვა 2019 წლის 1 ნოემბრის №12/64147 მიმართვაში დასმული საკითხის გადასაწყვეტად უძრავი ქონების გამოთავისუფლებისათვის დამატებითი ვადის მიცემა, კერძოდ, 2019 წლის 1 დეკემბრამდე გადაწევა.
სს ,,...მა“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს 2019 წლის 29 ნოემბრის №01/19-881 მიმართვით აცნობა, რომ სადავო უძრავი ქონებით 2010 წლის 26 თებერვლიდან სარგებლობდა ი/მ „რ. კ-ა“, მას სარგებლობის საფასური სახელმწიფოს მიერ განესაზღვრა აუდიტორული დასკვნით. სახელმწიფო ქონების ქვეიჯარით გაცემა არ წარმოადგენდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შესაბამისად, სს ,,...ი“ ი/მ „რ. კ-ასთან“ დადებული ხელშეკრულებით (ქვეიჯარა) მართლზომიერად სარგებლობდა სადავო ქონებით, იხდიდა ქვეიჯარით აღებული ქონების სარგებლობის საფასურს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მიერ 2019 წლის 9 დეკემბრის №12/71723 მიმართვით სს ,,...ს" ეცნობა, რომ ი/მ „რ. კ-ა“ არამართლზომიერად სარგებლობდა ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (ს/კ №...) მდებარე სახელმწიფო ქონებით. 2015 წლის 22 იანვარს სს ,,...სა“ და ი/მ „რ. კ-ას“ შორის ისე გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომ ი/მ „რ. კ-ა“ არ წარმოადგენდა იჯარის საგნის მესაკუთრეს, რის გამოც სს ,,...ი“ წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების არამართლზომიერ მოსარგებლეს და ეთხოვა შესაბამისი თანხის გადახდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სს “...ი” სადავოდ არ ხდის 2015 წლის 22 იანვრიდან დღემდე სადავო ფართის (ს/კ №...) დაკავებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ფართის მართლზომიერი მფლობელია.
დადგენილია, რომ ზუგდიდში, ...ის ქუჩა ... მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (23,76 კვ.მ.) ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა - 610 ლარს, 2016 წლის მდგომარეობით - 630 ლარს, 2017 წლის მდგომარეობით - 670 ლარს, 2018 წლის მდგომარეობით - 680 ლარს, ხოლო 2019 წლის მდგომარეობით - 740 ლარს.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. სახელდობრ, მოცემული კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება, ხოლო 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლს, რომლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მისი სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად მიჩნევასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ სს „...მა“ მეწარმისთვის დამახასიათებელი წინდახედულობის ნორმების დარღვევით არ შეამოწმა სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის - მეიჯარე ი/მ „რ. კ-ას“ კეთილსინდისიერება, რამეთუ არ გადაამოწმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ჩანაწერი მის საკუთრებასთან დაკავშირებით. სს „...ის“ კეთილსინდისიერება ასევე გამოირიცხება, რადგან მიუხედავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის მიერ 2019 წლის 15 მაისის №12/28645, 2019 წლის 1 ნოემბრის №12/64147, 2019 წლის 9 დეკემბრის №12/71723 მიმართვებით მისთვის ცნობილი იყო, რომ არამართლზომიერად სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა საიჯარო ქირის გადახდის და ფართის გამოთავისუფლების თაობაზე არ შეასრულა. საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ფართი მოქცეულია ერთიან საზღვრებში სხვა უძრავ ნივთებთან (ს/კ №... და ს/კ №...), რომელთა მესაკუთრეებთან დადებულ იჯარის ხელშეკრულებებში მთითებულია უძრავი ნივთების საკადასტრო კოდები და იჯარის ხელშეკრულებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მოცემული დავის გადაწყვეტისას ი/მ რ. კ-ასთან არსებული საიჯარო ურთიერთობის გაუთვალისწინებლობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ სწორედ ის არის ვალდებული მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან, მტკიცებულებებს სასამართლოს სწორედ მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დაედასტურებებინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი/მ რ. კ-ასთან დადებული იჯარის ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სახელმწიფომ დაარღვია გულისხმიერების ვალდებულება და ქმედითი ღონისძიებები არ გაატარა მის სააკუთრებაში არსებულ ქონების ფაქტობრივი მოსარგებლეებისთვის სადავო ქონების არამართლზომიერად ფლობასთან დაკავშირებით შეტყობინების კუთხით, რამეთუ საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ სს "...ისთვის" 2019 წლიდან ცნობილი იყო მის მიერ დაკავებული ფართის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვა და მისი მიერ არამართლზომიერად სარგებლობა. საქმეში დაცული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2010 წლის 9 მარტის №2-20/35 წერილით ი/მ „რ. კ-ას“ ასევე ეცნობა, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, 2008 წლის 14 ოქტომბრიდან თვითნებურად სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სს „...ისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის გამო, თანხის გადახდის დაკისრების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განახილველი დავის გადაწყვეტისთვის უნდა შეფასდეს ხანდაზმულობის საკითხი. ხანდაზმულობა წარმოადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია საკუთარი უფლების რეალიზება მოახდინოს. ხანდაზმულობის საკითხის თავისებურება სწორად იმაშია, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნის უფლება ქარწყლდება და მისი შესრულება დამოკიდებული ხდება მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის №ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ვადებით ზღუდავს და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით უფლების დაცვის ხანდაზმულობის შესაბამის ვადებს განსაზღვრავს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რის შედეგადაც განსახილველი უფლების ჭრილში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ინარჩუნებს.“
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-312-308(კ-14)), სადაც განიმარტა, რომ „…საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სს „...ის“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელი წარდგენილია 2020 წლის 31 იანვარს, შესაბამისად მოპასუხეზე დასაკისრებელი თანხის მოცულობა უნდა დაანგარიშდეს 2017 წლის 31 იანვრიდან. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონების არამართლზომიერი მფლობელობისთვის საიჯარო ქონების გადახდასთან დაკავშირებით 2015-2016 წლებთან და 2017 წლის 31 იანვრამდე პერიოდთან მიმართებაში ხანდაზმულია.
დადგენილია, რომ ზუგდიდში, ...ის ქუჩა ... მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (23,76 კვ.მ.) ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა - 610 ლარს, 2016 წლის მდგომარეობით - 630 ლარს, 2017 წლის მდგომარეობით - 670 ლარს, 2018 წლის მდგომარეობით - 680 ლარს, ხოლო 2019 წლის მდგომარეობით - 740 ლარს. 2017, 2018 და 2019 წლების საიჯარო ქირის ოდენობის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 24 410 (670*11+680*12+740*12=24 410 ლარი) ლარი. ამასთან ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხე კვლავ იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფართს, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 2020 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ყოველთვიურად 740 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172.1 მუხლის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმების შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობისთვის სახეზე კუმულაციურად უნდა იყოს იყოს ორი წინაპირობა: მოსარჩელე ქონების მესაკუთრეს უნდა წარმოადგენდეს, ამასთან, მოპასუხეს, რომელიც ფაქტობრივად ფლობს ნივთს, ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა გააჩნდეს.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზუგდიდში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად. საგულისხმოა, რომ სს „...ის“ არამართლზომიერ მფლობელობაშია ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ვინაიდან მოსარჩელე (მესაკუთრე) არ იმყოფება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. შესამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სს ,,...ის'' უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ზუგდიდი, ...ის ... (საკადასტრო კოდი ...) გამოთხოვის და აღნიშნული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის გადაცემის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელის მოთხოვნაზე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი გამოყენებისთვის, მოპასუხეზე 2015-2016 წლებში და 2017 წლის 31 იანვრამდე საიჯარო ქირის გადახდის დაკისრებასთან დაკავშირებით არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სს „...ისათვის", სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების გამო, 2015 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის 39 546.80 ლარის ოდენობით, თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; ახალი გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხე სს ,,...ს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2017 წლის 31 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის, 24 410 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების საკითხსაც.
აღსანიშნავია, რომ სს "...მა" სააპელაციო საჩივარზე გადაიხადა 1581.87 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე 1977.34 ლარი, ჯამში 3559.21 ლარი. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.04.2023წ. გადაწყვეტილებით სს ,,...ს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელწიფო ბაჟის 1 452,80 ლარის გადახდა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სს "...ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის ((3559.21-(24410*4/100+24410*5/100)=1362.31) 1362.31 ლარის ანაზღაურება. ხოლო სს "...ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 1452.80 ლარის ნაცვლად 732.3 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სს „...ისათვის", სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის, 2015 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის 39 546.80 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხე სს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის, 2017 წლის 31 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის 24 410 ლარის გადახდა;
4. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება;
5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სს "...ის" სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო და სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 1362.31 ლარის ანაზღაურება; სს "...ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 1452.8 ლარის ნაცვლად 732.3 ლარის გადახდა.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა