საქმე №ბს-1100(კ-23) 06 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ. შ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. შ-ამ წარმომადგენლის მეშვეობით 2022 წლის 22 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-335/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ზ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, ზ. შ-ა არის აფხაზეთიდან დევნილი. დევნილობის პერიოდიდან დღემდე რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია. დღესდღეობით ის და მისი ოჯახი ცხოვრობენ სხვის სახლში. ვინაიდან ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში და სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლის 2022 წლის 28 იანვრის №03-335/ო ბრძანებით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განსახლების გადაუდებელი აუცილებლობა, რადგან მის დედას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, თუმცა მოსარჩელის განმარტებით, მას და მის დედას მრავალი წელია ერთ ოჯახად არ უცხოვრიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-335/ო ბრძანება და მოპასუხეს ზ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, ზ. შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, სოხუმი, ...ს ქ. №..., ბინა ..., ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, საბურთალო, ...ს ... №... „ვ“, ბინა .... ზ. შ-ას ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თავად, მეუღლე ლ. გ-ა და შვილი ა. შ-ა, 2021 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით დევნილი ოჯახი შეფასებულია 4.5 ქულით.
სააპელაციო პალატამ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.08.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, მოსარჩელის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის თაობაზე ეფუძნებოდა მშობლის საკუთრებას უძრავ ქონებაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობა, თავისთავად არ გამორიცხავდა დევნილი ოჯახის უფლებას, მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს იქ ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ზ. შ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერებასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ფორმალურადაა ნახსენები გადაწყვეტილებაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია და შეაფასა. კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ფორმალურად, საფუძვლად დაუდო მოსარჩელე მხარის ურთიერთგამომრიცხავი ახსნა-განმარტებანი, რომლებიც მტკიცებულებებით გამყარებული არ ყოფილა.
კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა მთავარი გარემოება - დედის ქონება, რომელიც მხარემ სწორედ დედას გადაუფორმა იმისათვის, რომ სახელმწიფოსგან სარგებელი იმაზე ადრე მიეღო, ვიდრე მას ეკუთვნოდა. ოჯახს გააჩნია არაერთი უძრავი ქონება და მხარეს სხვა დევნილი ოჯახებისგან განსხვავებით აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მისივე გასხვისებული ფართით. საქმეში, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებული ქონებები სხვისი საკუთრებაა და მათ შეზღუდული აქვთ სარგებლობა.
კასატორის განმარტებით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლო მხოლოდ იმასთან დაკავშირებით მსჯელობს, რომ მხარეს აქვს დევნილის სტატუსი, შესაბამისი ქულა და ეს უნდა გაეთვალისწინებინა სააგენტოს და გადაუდებლად უნდა დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ფართით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე იქნა მიღებული და არა ფაქტებისა და გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ფაქტია, რომ სასამართლოს არსებული კანონმდებლობის დანაწესი არ გაუთვალისწინებია. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვა არის უპირატესი და უზენაესი. იმ პირობებში, როდესაც არსებობენ ოჯახები, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ საცხოვრებელი ფართი და სააგენტო პრიორიტეტს მათ ანიჭებს, სასამართლო ფაქტობრივად მეორე საცხოვრებელი ფართით აკმაყოფილებს დევნილ ოჯახს, რაც მისი მოსაზრებით, არამართებულია და ეწინააღმდეგება კანონს. ამასთან, სააგენტოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებები ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების მიღმა დატოვეს.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად გამოკვლევას, მათ შორის, კი დევნილი ოჯახის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ადგილის გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას. შესაბამისად, არ იზიარებს სასამართლოთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა და არ გამოკვლეულა სადავო საკითხი. ამ შემთხვევაშიც კი, სასამართლო ვალდებული იყო შესაბამის საკითხებზე მითითებით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაევალებინა სადავო საკითხის ხელახალი გამოკვლევა, თუმცა ნაცვლად აღნიშნულისა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელი უპირობოდ დააკმაყოფილეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-335/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით ზ. შ-ას ოჯახს ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მოტივით, უარი თქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - აფხაზეთი, სოხუმი, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, საბურთალო. ზ. შ-ას ოჯახი მასთან ერთად შედგება მისი მეუღლისაგან - ლ. გ-ასა და შვილი - ა. შ-ასაგან. ასევე დადგენილია, რომ ოჯახი 2021 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, მოსარჩელის ოჯახი შეფასებულია 4.5 ქულით. მიუხედავად ქულათა საკმარისი ოდენობისა, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ზ. შ-ას ოჯახს უარი ეთქვა ამ ეტაპზე გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, ვინაიდან დედას გააჩნდა ალტერნატიული საკუთრება, რის საფუძველზეც გამოიცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-335/ო სადავო ბრძანება, რომლითაც ზ. შ-ას ოჯახს ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მოტივით უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა ოჯახის ცნებასთან დაკავშირებით მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ პირები, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მიჩნეულ იქნენ ოჯახის წევრებად საჭიროა ისინი ცხოვრობდნენ განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე და ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ. შ-ას (განაცხადში რეგისტრირებული პირების) დედასთან ერთად განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად ცხოვრებასა და ერთობლივი შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელებას, რასაც აგრეთვე ადასტურებს საქმეში დაცული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმაც, სადაც აღნიშნულია, რომ მის მშობლებს ი. შ-ასა და ნ. ტ-ას (კერძო ...) დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ქ. ფოთში. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობა, თავისთავად არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (შდრ. იხ. სუსგ 18.03.2020 წ. საქმეზე №ბს-156(კ-20)).
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ზ. შ-ა (განაცხადში რეგისტრირებული პირები) და ნ. ტ-ა (ზ. შ-ას დედა) არ არიან ოჯახის წევრები, ისინი არ ცხოვრობენ ერთად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა გარემოებაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო პირობაა დევნილი ოჯახის წევრად მიჩნევისათვის.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოთა მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების უპირატესობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები) სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, რაც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრას. მხარე ვერ უთითებს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტის სხვაგვარად დადგენის შესაძლებლობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაზე სრულფასოვანი სასამართლო კონტროლისა და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპის დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ „თითოეული საქმე უნდა შეფასდეს სამართალწარმოებაში არსებული კონკრეტული გარემოებების შუქზე და სასამართლოები, პროცედურული ნორმების გამოყენებისას უნდა ეცადონ, თავიდან აიცილონ, როგორც გადაჭარბებული ფორმალობა/ექსცესიური ფორმალიზმი, რაც სამართალწარმოების სამართლიანობას მიაყენებდა ზიანს, ასევე გადაჭარბებული მოქნილობა, რაც საკანონმდებლო ნორმებით დადგენილ პროცედურულ მოთხოვნებს უსარგებლოდ და მბოჭავი ძალის არ მქონედ აქცევდა“ (Hasan Tunç and Others v. Turkey, N 19074/05, § 33, 31 იანვარი 2017).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ხოლო კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა