Facebook Twitter

№ბს-1155(კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ნ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; მესამე პირი (სასკ 16.2) - შპს „ს...ი“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 24 ივნისს შპს „ნ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სატენდერო კომისიის 2020 წლის 11 მაისის №10 სხდომის ოქმის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 მაისის DET..._03 (NAT) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურების სახით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის ... ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სატენდერო კომისიის სხდომის 2020 წლის 11 მაისის №10 ოქმით მოხდა შპს „ნ...ის“ დისკვალიფიკაცია ელექტრონული ტენდერიდან. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველომ დამატებით ჩაატარა შპს „ნ...ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე (NAT...) წარმოდგენილი ... სერტიფიკატის (№...) ავთენტურობის შესწავლა. შესწავლის საფუძველზე, სატენდერო კომისიამ დაასკვნა, რომ შპს „ნ...ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში NAT... ელექტრონულ ტენდერში (აუქციონის გარეშე) წარდგენილი ... სერტიფიკატი, ნომრით,..., არ იყო ავთენტური და იყო გაყალბებული.

2020 წლის 18 მაისს შპს „ნ...მა“ დავების განხილვის საბჭოს წარუდგინა DET..._03 (NAT) საჩივარი. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 მაისის DET..._03 (NAT) გადაწყვეტილებით შპს „ნ...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის შეფასებით ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არასათანადოდ მოხდა საქმის მასალების გამოკვლევა და სამართლებრივი შეფასება.

მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ შპს „ნ...ის“ მიერ ტენდერში მონაწილეობისთვის წარდგენილი იქნა საბანკო გარანტია. შპს „ნ...ის“ ტენდერიდან დისკვალიფიკაციის გამო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სს „სადაზღვევო კომპანია ...ს“ მოსთხოვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე საგარანტიო თანხის - ... ლარის ჩარიცხვა. სადაზღვევო კომპანიის მიერ მოხდა აღნიშნული თანხის სააგენტოს ანგარიშზე გადარიცხვა, რის შემდეგაც მოთხოვნა წარმოდგენილი იქნა შპს „ნ...თან“. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს აღნიშნული თანხა. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ არამართლზომიერად მოხდა თანხის მიღება, რითაც ზიანი მიადგა შპს „ნ...ს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ნ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ...მა“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს „ნ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სატენდერო კომისიის სხდომის 2020 წლის 16 მარტის №7 ოქმით დადგინდა, რომ შპს „ნ...ს“უნდა წარედგინა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. და 2.7.1 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია, აღნიშნული ინფორმაციის წარდგენისათვის პრეტენდენტს განესაზღვრა ვადა. შპს „ნ...ის“ მიერ დოკუმენტაციის დაზუსტების მიზნით წარდგენილ იქნა სერტიფიკატები და ...ის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის მწარმოებელი კომპანიის H..., LTD- ის სახელზე გაცემული ... სერტიფიკატი, ნომრით ....

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პრეტენდენტის მიერ ატვირთული დოკუმენტი, სერტიფიკატი, გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ იყო ავთენტური, ამასთან, მისი მოგვიანებით განახლება არ ცვლიდა დასახელებულ ფაქტობრივ მოცემულობას, იმ პირობებში, როდესაც მისივე გამომცემმა ორგანომ ის შეაფასა როგორც ფალსიფიცირებული დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს. კანონმდებლობა იმპერატიულად ავალდებულებდა პრეტენდენტს მომეტებული ყურადღებით წარედგინა სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ძირითად სატენდერო პირობებს და რომელიც განმსაზღვრელი იყო ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოსავლენად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ინფორმაციის ხასიათის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ დასაბუთებულად ვერ იქნა არგუმენტირებული აღნიშნული შეუსაბამო დოკუმენტების წარდგენის საპატიო მიზეზი.

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, არ არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ...მა“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის პოზიციის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დისკვალიფიკაციას პრეტენდენტი შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ განზრახი ქმედების ჩადენის შემთხვევაში. ამას მოწმობს სწორედ ნორმის შინაარსი, რომელიც მიუთითებს, რომ ეს არაკეთილსინდისიერი ქმედება ჩადენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა ობიექტურად შეეძლო თუ არა შპს „ნ...ს“ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება და ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ინტერესში ვერ იქნებოდა რაიმე ყალბი დოკუმენტის წარდგენა, რადგან, სერტიფიკატი, რომლის სიყალბეც არის სადავო, რეალურად არსებობდა და მისი გაყალბების საჭიროება დღის წესრიგში ვერ დადგებოდა და პრეტენდენტს ვერ ექნებოდა ამის ინტერესი.

დავების განხილვის საბჭომ და სატენდერო კომისიამ არ გამოიკვლიეს არსებული ვითარება და ისე მიიღეს სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და მოახდინეს შპს „ნ...ის“ დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, მაშინ როდესაც არ გამოიკვლიეს ამ უკანასკნელის ბრალეულობის საკითხი. ასეთი სახის გადაწყვეტილება კი შპს „ნ...ისთვის“ არის რეპუტაციის შემლახველი. შპს „ნ...ის“ წარდგინა კომპანია ,,H..., Ltd“-ს (...ი) სახელზე გაცემული ... სერტიფიკატი №... (ლაბორატორიული კვლევის ანგარიში ...). სერტიფიკატი გაცემულია 2020 წლის 4 თებერვალს და ძალაშია 2021 წლის 30 მარტამდე. წარმოდგენილი სერტიფიკატი შედგენილია ინგლისურ ენაზე, ნათარგმნია ქართულ ენაზე და თარგმანი დამოწმებულია ნოტარიულად. ... სერტიფიკატის, ნომრით ..., რომლის სიყალბის გამო მოხდა შპს „ნ...ის“ დისკვალიფიკაცია, ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია საიტზე - .... წარდგენილი სერტიფიკატი შპს „ნ...მა“ მიიღო მისი აგენტისგან, რომელსაც სერტიფიკატი გადაუგზავნა „H..., Ltd-მ“. აღნიშნული ინფორმაცია შპს „ნ...ს“ გადამოწმებული ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მაგრამ მაშინ, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სადავო სერტიფიკატის ნამდვილობის საკითხი შპს „ნ...ის“ წარმომადგენელი წერილობით დაუკავშირდა აგენტს ...ში და მიიღო დასტური, რომ სერტიფიკატი ნამდვილი და გადამოწმებული იყო.

კასატორის პოზიციის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ H..., Ltd-ს არ გააჩნდა ...ის სერტიფიკატი (თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით საწინააღმდეგო ფაქტი დგინდება), სასამართლოს უნდა გამოეკვლია განზრახ არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა თუ არა შპს „ნ...ი“. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2020 წლის 11 მაისს, როდესაც მიღებულ იქნა შპს „ნ...ის“ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება, სატენდერო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტებიდან უკვე ნათელი, იყო, რომ შპს „ნ...ს“ სადავო სერტიფიკატი მიწოდებული ჰქონდა თავად მწარმოებელი კომპანიისგან და თავად პრეტენდენტის მხრიდან რაიმე მანიპულაციას და ფალსიფიკაციას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ნ...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ნ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს მოსარჩელის ელექტრონული ტენდერიდან დისკვალიფიკაციის კანონიერება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს (მუხლი 1.1).

მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერი არის 5 000 ლარის ან მეტი ღირებულების (გარდა ამ პუნქტის „ს​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს. მე-11 მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით.

მითითებული კანონის 151 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების მიხედვით, სატენდერო წინადადების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ელექტრონული ტენდერის, კონკურსის ან შერჩევის პროცესის ჩატარებისას წარმოშობილი დავის სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტის მიზნით ამ კანონის საფუძველზე იქმნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – დავების განხილვის საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. 231 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/ საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველსა და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი (მუხლი1).

მითითებული წესის მე-4 მუხლით დადგენილია, რომ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია; გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა; დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა; ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის II თავით რეგლამენტირებულია ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, სატენდერო პირობები, მათ შორის, სატენდერო პირობების დამტკიცების, სატენდერო განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის და პრეტენდენტისადმი მოთხოვნები.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლებს ადგენს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ ... წლის ... ...ს გამოცხადებულ იქნა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, განცხადების ნომერი NAT...; შესყიდვა გამოცხადებულ იქნა სპეციალური ...ისა და ...ის შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ფასი - ...00.00 ლარი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სატენდერო კომისიის სხდომის 2020 წლის 16 მარტის №7 ოქმით დადგინდა, რომ შპს „ნ...ს“ შეტყობინების გაგზავნის დღიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში უნდა წარედგინა ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისი დაზუსტებული ფასების ცხრილი. შპს „ნ...ს“ ასევე უნდა წარედგინა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 და 2.7.1 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია, აღნიშნული ინფორმაციის წარდგენისათვის პრეტენდენტს განესაზღვრა ვადა შეტყობინების გაგზავნის დღიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.

შპს „ნ...ის“ მიერ დოკუმენტაციის დაზუსტების მიზნით წარდგენილ იქნა სერტიფიკატები და ...ის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის მწარმოებელი კომპანიის H..., LTD-ს სახელზე გაცემული ... სერტიფიკატი, ნომრით ..., გაცემის თარიღი 4.02.2020წ. მოქმედების ვადა - 30.03.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სატენდერო კომისიის სხდომის 2020 წლის 23 მარტის №8 ოქმის თანახმად, რომ შპს „ნ...ის“ მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დაზუსტებული დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1 პუნქტის საფუძველზე, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში პრეტენდენტს შემსყიდველ ორგანიზაციაში უნდა წარედგინა შეთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს S..., E... ან სხვა აკრედიტებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარდგენილი უნდა ყოფილიყო დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნის დედანი.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 14 აპრილის DET..._02(NAT) გადაწყვეტილებით შპს „ს...ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა გადაესინჯა სატენდერო კომისიის სხდომის 2020 წლის 23 მარტის №8 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „ნ...ის“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

საბჭომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებაში მოხსენიებული დოკუმენტებიდან, ისევე როგორც მხარეთა მიერ DET..._02 (NAT) საჩივართან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტებიდან ცალსახად არ იკვეთებოდა, რომ შპს „ნ...ის“ მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ...-ის მიერ კომპანია H..., LTD-ს სახელზე გაცემული 2020 წლის 4 თებერვლის სერტიფიკატი ..., რომლის მიხედვითაც ის ძალაში იყო 2021 წლის 30 მარტამდე, არ იყო ნამდვილი და არც ის გარემოება, რომ ხსენებული დოკუმენტი ნამდვილი იყო. საბჭომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სატენდერო კომისია უფლებამოსილი იყო, რომ შპს „ნ...ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, მიემართა თავად აღნიშნული დოკუმენტების გამცემი პირ(ებ)ისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სატენდერო კომისიის სხდომის 2020 წლის 21 აპრილის №9 ოქმით შეჩერდა ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე (NAT...) სატენდერო პროცედურები შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ 2020 წლის 20 აპრილს ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილი გაეგზავნა შპს „ჰ...ას“. ადრესატს ეცნობა, რომ შპს „ნ...მა“ (...ო), რომელიც ტენდერში მონაწილეობდა, წარადგინა ...-ის მოქმედი სერტიფიკატი, ნომრით ..., გაცემული ...ის ინსტიტუტის მიერ 2020 წლის 4 თებერვალს. სერტიფიკატი გაცემულია შპს „ჰ...ას“ სახელზე (...ი). წერილის ავტორი განმარტავდა, რომ ხსენებულმა დოკუმენტმა ეჭვი აღძრა ... №..., რომელიც გაცემული იყო „HO...“-ს მიერ 2018 წლის 5 თებერვალს. სერტიფიკატი გაცემულია H..., Ltd (...)-ს სახელზე და ძალაში იყო 2019 წლის 31 მარტამდე. წერილის ავტორი ადრესატისაგან ითხოვდა, რომ დაედასტურებინა გაიცა თუ არა ...-ის სერტიფიკატი, ნომრით ..., 2020 წლის 4 თებერვალს აღნიშნული კომპანიის სახელზე და არის თუ არა იგი ავთენტური/ნამდვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ 2020 წლის 20 აპრილს ელექტრონული წერილის პასუხად, წარმოების მენეჯერის - მ. რ. ე-ის მიერ 24.04.2020წ. წერილით განიმარტა, რომ ... სერტიფიკატი, ნომრით ..., გაცემული არ არის მათ მიერ. იგი გაიცა Ho...-ს მიერ ...აში. დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო, აღნიშნული სერტიფიკატის ფალსიფიცირებული ვერსია იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 2020 წლის 20 აპრილს ელექტრონული წერილის პასუხად, ...ის 2020 წლის 21 აპრილის წერილით ეცნობა, რომ სერტიფიკატი მათი გაცემული არ იყო, დოკუმენტი იყო ყალბი. წერილის ავტორი ასევე მიუთითებდა, რომ ისინი დაეკონტაქტნენ ჰო... ინსტიტუტს, ვისი კლიენტიც იყო ჰ. ჰ. მ-ა. დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სერტიფიკატის შინაარსის შემოწმება შეიძლებოდა ვებ-გვერდზე ....

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სატენდერო კომისიის სხდომის 2020 წლის 11 მაისის №10 ოქმით მოხდა შპს „ნ...ის“ დისკვალიფიკაცია. გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველომ დამატებით ჩაატარა შპს „ნ...ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე (NAT...) წარმოდგენილი ... სერტიფიკატის (№...) ავთენტურობის შესწავლა. კერძოდ: სერტიფიკატის ავთენტურობის დადგენის მიზნით ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილი გაეგზავნა კომპანია „H..., Ltd“-ს წარმომადგენლებს ელექტრონულ ფოსტაზე ... და .... კომპანიის სხვა საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართის მოძიება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მათი ინტერნეტ ვებგვერდი ... და ... მიმდინარე ეტაპზე არ ფუნქციონირებდა. წერილს დანართის სახით ახლდა შპს „ნ...ის“ მიერ წარმოდგენილი ... სერტიფიკატი (№...).

ამავე წერილის ასლი გადაეგზავნა წარდგენილი სერტიფიკატის გამცემ ორგანიზაციას „T...“-ს (...ა) ... ელექტრონული ფოსტის მისამართზე. „H..., Ltd“-ს წარმომადგენლებისგან (... და ...) პასუხი არ იყო მიღებული, ხოლო კომპანია „T...”-ს კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურის და ხარისხის კონტროლის ოფიცრისგან ა. შ-ესგან ... ელექტრონული ფოსტიდან მიღებული პასუხის თანახმად აღნიშნული სერტიფიკატი №... მათ მიერ არ გაცემულა და დოკუმენტი იყო ყალბი.

წერილი ასევე გაიგზავნა უშუალოდ კომპანია „T...“-ს ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ... და ... წერილს დანართის სახით ახლდა მათი სახელით გაცემული, შპს „ნ...ი“-ს მიერ წარმოდგენილი ... სერტიფიკატი. „T...”-ს მენეჯერისგან მ. რ. ე-ისგან ... ელექტრონული ფოსტიდან მიღებული პასუხის თანახმად აღნიშნული სერტიფიკატი №... მათ მიერ არ გაცემულა და იყო ფალსიფიცირებული ვერსია. მ. რ. ე-ის ხელმოწერით არის დადასტურებული შპს „ნ...ის“ მიერ წარმოდგენილი სერტიფიკატი. ასევე, შპს „ნ...ის“ მიერ წარმოდგენილი სერტიფიკატის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული იყო, რომ დოკუმენტის გამცემი ორგანიზაცია იყო „T...“ (...ა), ხოლო დოკუმენტის ლოგოტიპიან სპეციალურ გრაფაში მითითებული იყო „Ho...“ (...ა), რაც შეუსაბამო იყო ერთმანეთთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ დაასკვნა, რომ შპს „ნ...ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში NAT... ელექტრონულ ტენდერში (აუქციონის გარეშე) წარდგენილი ... სერტიფიკატი, ნომრით ..., არ იყო ავთენტური და იყო გაყალბებული.

2020 წლის 18 მაისს შპს „ნ...ის“ მიერ დავების განხილვის საბჭოს წარედგინა DET..._03 (NAT) საჩივარი. ამავე წლის 19 მაისს წარედგინა დამატებითი პოზიცია, რომელსაც თან ერთოდა ელექტრონული კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტი. ასევე 2020 წლის 25 მაისს დამატებით წარდგენილ განცხადებას თან ერთოდა ელექტრონული ფოსტის, მათ შორის ... ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერის ამსახველი დოკუმენტური ვერსია.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 მაისის DET..._03 (NAT) გადაწყვეტილებით შპს „ნ...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლებს ადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას თუ: ა) იგი უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე; ბ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს; გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას; დ) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-19 პუნქტითა და 41-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ე) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით, ასევე 41-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; თ) ამ წესის მე-40 მუხლის მე-15 და მე-19 პუნქტების ან 41-ე მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტების შესაბამისად, იგი არ წარადგენს ხარჯთაღრიცხვას დადგენილი წესით, არ დააზუსტებს მას დადგენილ ვადაში, დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის წინადადების ფასს, ან/და არ წარადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „ნ...ის“ დისკვალიფიკაციის საფუძვლები გახდა ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. კომისიამ მიიჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სატენდერო კომისიის და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სატენდერო კომისიის 2020 წლის 11 მაისის №10 სხდომის ოქმი და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 მაისის DET..._03 (NAT) გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის ელექტრონულ ტენდერში განცხადების წარდგენის ეტაპზე ცნობილი იყო სატენდერო პირობები, ტექნიკური დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების დასადებად. შესაბამისად, პრეტენდენტი ვალდებული იყო, კომისიის მოთხოვნის საპასუხოდ უზრუნველეყო ვალიდური და ტენდერის მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპისთვის, ძალაში მყოფი დოკუმენტაციის წარდგენა.

საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ სატენდერო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოქმედი კანონმდებლობისა და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საფუძვლიანად მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და დადგინდა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სერტიფიკატი არ იყო ვალიდური. უფლებამოსილი პირების მიერ, წერილობითი ფორმით წარდგენილი პოზიციის მიხედვით სერტიფიკატი იყო არანამდვილი, ყალბი. საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ შპს „ნ...ი“ ვალდებული იყო გამოეჩინა გულისხმიერება და გადაემოწმებინა წარდგენილი/წარსადგენი სერტიფიკატის ნამდვილობა. მესამე პირის, სერტიფიკატის მიმწოდებლის ბრალეულობაზე მითითება, ვერ გაათავისუფლებს პრეტენდენტს პასუხისმგებლობისგან, წარდგენილი დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობისა და ხელშეკრულების დადების მიზნით, არავალიდური დოკუმენტაციის წარდგენის ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს ასევე დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სერტიფიკატის შემდგომი განახლება, გავლენას ვერ იქონიებს სადავო გადაწყვეტილებაზე. სადავო პერიოდში, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე არსებულ მდგომარეობით (11.05.2020წ.), ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ შეისწავლეს წარდგენილი დოკუმენტაცია, საქმის გარემოებები და მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ. ხ-ეს შპს „ნ...ის“ საკასაციო საჩივარზე 15.12.2023 წ. №9582 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ნ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება;

3. თ. ხ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს "ნ...ის" საკასაციო საჩივარზე 15.12.2023წ. №9582 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა